საჰაერო ტაქსები საქართველოში - მომავლის ტრანსპორტი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს - გზაპრესი

საჰაერო ტაქსები საქართველოში - მომავლის ტრანსპორტი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს

როგორც ჩანს, ზოგჯერ ოცნებებიც სრულდება: ახლო მომავალში საქართველოში საჰაერო ტაქსები იფრენენ, რომლებიც მგზავრებს ჩვენი ლამაზი ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში გადაიყვანენ. კომპანიის დამფუძნებელი, ლევან გურგენიძე ამბობს, რომ ეს მისი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც სულ უფრო რეალური ხდება, რადგან მფრინავ ტაქსებზე მოთხოვნა თანდათან იმატებს.

- თვითმფრინავები და საერთოდ, ავიაცია, ყოველთვის მომწონდა. ალბათ ნებისმიერ ბიჭს უოცნებია მფრინავობაზე და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ამ სფეროში 2001 წლიდან ვარ, ხშირად მიწევდა ფრენა, რეისებს მთელ მსოფლიოში ვასრულებდი და წლების განმავლობაში ამ ბიზნესში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, ჩემს ჩანაფიქრს ხორცი შევასხი: ჩამოვაყალიბე კომპანია, რომელიც საჰაერო ფრენებს ასრულებს. ჩვენი პარტნიორები არიან ევროპელები, რუსები, ყაზახები - ამ საქმით გატაცებული ადამიანები, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.

- საჰაერო ტაქსის იდეა სად და როგორ გაჩნდა?

- ეს ახალი იდეა არ არის. მფრინავი ტაქსი - ეს არის ვერტმფრენი ან მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც ხანმოკლე მგზავრობისთვისაა განკუთვნილი. ასეთი თვითმფრინავები, რომლებიც 4-8 მგზავრზე იყო გათვლილი, 40-50 წლის წინაც არსებობდა, ოღონდ მცირე რაოდენობით. ამჟამად საჰაერო ტაქსების მომრავლების იდეა უფრო რეალურია, რადგან საფრენი აპარატები უფრო დაიხვეწა, უსაფრთხოების ნორმებიც უფრო მეტად არის დაცული, მგზავრობის დრო კი - შემცირებულია. ყველაზე დიდი პოპულარობით ასეთი ტაქსები აშშ-ში სარგებლობს, რადგან იქ ხალხი დიდ ქალაქებში მუშაობს და შორი მანძილიდან დადის სამსახურში. ამიტომ, ამერიკაში ძალიან აქტუალური გახდა მცირე ზომის აეროპორტების აგება, საიდანაც ადამიანები ყოველ დილით საჰაერო ტაქსით მიფრინავენ სამსახურში და საღამოს უკან ბრუნდებიან. ასეთი მგზავრობა იაფიც არის და ათასჯერ უფრო კომფორტულია. მით უმეტეს, რომ საცობები დღეს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს გადაუჭრელი პრობლემაა. უამრავი დიდი ქალაქის ქუჩები ავტომობილებს ვეღარ იტევს. ამ პირობებში მფრინავი ტაქსით მგზავრობა ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია.

- ესე იგი, აშშ-ში ეს უკვე ჩვეულებრივი სერვისია?

- დიახ, ამერიკაში ყოველდღე ახალ-ახალ კომპანიებს აარსებენ, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან. ამიტომ, ყველა დაინტერესებულია, რომ ამ სფეროში ინვესტიცია ჩადოს. ვფიქრობ, საჰაერო ტაქსი მომავლის ტრანსპორტია და მათი მომრავლება გარდაუვალი პროცესია მთელ მსოფლიოში. ადამიანს შეუძლია მცირე დროის განმავლობაში გადაფრინდეს საჭირო ადგილას და ეს არ ხდება მხოლოდ მოგზაურობის ან შვებულების დროს. საჰაერო ტაქსი ფუფუნების საგანი კი არა, გადაადგილების საშუალებაა.

- რა უშლის ხელს ამგვარი ტაქსების რაოდენობის გაზრდას?

- მთავარი პრობლემა საწვავით მომარაგებაა, რაც ამ ტაქსების მომსახურებას ძალიან აძვირებს. თუმცა, მომავალში მზის ენერგიისა და ელექტროძრავების გამოყენება ამ სერვისს გაცილებით უფრო ხელმისაწვდომს გახდის. საჰაერო ტაქსის მეშვეობით ადამიანს შეუძლია კილომეტრები გადალახოს მცირე დროში. საჰაერო ტაქსად ნებისმიერი საფრენი აპარატის გამოყენება შეიძლება ისევე, როგორც ქუჩაში, ნებისმიერი მოდელის ავტომობილი შეიძლება იყოს ტაქსი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საჰაერო ტაქსი საქართველოში ნოემბრის ბოლოდან გამოჩნდება...

- დიახ, ნოემბრის ბოლოდან ასეთი საფრენი აპარატი მართლაც იფრენს და მგზავრებს სხვადასხვა მიმართულებით გადაიყვანს: იქნება ეს მესტია, ბათუმი, ყაზბეგი თუ სხვა ადგილები. საქართველოში უკვე არსებობს სხვა კომპანიები, რომლებსაც ასეთივე სერვისი აქვთ. ჩვენი სურვილია, მომავალში ამ ტაქსების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცირე აეროპორტების მშენებლობა უკვე დაგეგმილია: არსებობს აეროპორტის პროექტი ამბროლაურში, თელავსა და სხვა ქალაქებში.

- ბატონო ლევან, რა ღირს საჰაერო ტაქსით მგზავრობა ამჟამად და რა ეღირება ახლო მომავალში?

- ჯერჯერობით თავს შევიკავებ ფასების დასახელებისგან, რადგან ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სერვისი მისაწვდომი იყოს საშუალოშემოსავლიანი მოსახლეობისთვის. მომავალში, თუ საწვავი გაიაფდება და ხარჯები დაიკლებს, მგზავრობის ფასიც ნაკლები იქნება. არსებობს ისეთი საფრენი აპარატები, რომლითაც ერთი, ორი, ან სულაც 500-ზე მეტი ადამიანი მგზავრობს. დავუშვათ, ერთი რეისის ღირებულება 1.000 დოლარია და ბორტზე ასზე მეტი მგზავრია, კომპანიის დანახარჯი გადანაწილდება ამ მგზავრებზე და ბილეთის ფასიც ნაკლები იქნება.

- დღესდღეობით თუ არის მოთხოვნა ამ სერვისზე?

- დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე საჰაერო ტაქსები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას მოიცავს. თუ ადამიანს აქვს სურვილი, სხვა ქვეყანაში საჰაერო ტაქსით შედარებით იაფად გადაფრინდეს, მას ამის საშუალება უნდა მივცეთ. ჩვენს შემთხვევაშიც, ბევრი ქვეყნიდან არის დაინტერესება, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც. დღეს საჰაერო ტაქსებზე მოთხოვნა საქართველოშიც არის, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ მგზავრობა უფრო დაბალბიუჯეტიანი და ნაკლებად ხარჯიანი იყოს. მით უმეტეს, ასეთი პრაქტიკა უკვე მთელ მსოფლიოში არსებობს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ჩვენი ინვესტორებიც საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული. ჯერჯერობით ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ამ საქმეს ალტერნატივა არა აქვს: დღეს იქნება თუ ხვალ, საჰაერო ტაქსები ნებისმიერ ქვეყანაში მოთხოვნადი იქნება - ეს დროის საქმეა.

- დაბოლოს, ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ: თავიდან ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს წამოწყებას?

- ჩემი ოჯახი ყოველთვის ხელს მიწყობდა, რადგან ეს საქმე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იციან, რომ მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ და ამიტომ ყველა გვერდში მიდგას და მეხმარება - შვილებიც კი, რომლებიც ჯერ პატარები არიან - უფროსი 6 წლისაა, უმცროსი კი - ორის. სხვათა შორის, თვითმფრინავებით ორივე ხშირად თამაშობს, მაგრამ ჩემს გზას აირჩევენ თუ არა, არ ვიცი, ეს მათზეა დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე