"მიშა მოვიდა და, - ლილიპუტინიო, თუ ლილიპუტინია, გიჩვენებს სეირს..." - სჭირდება თუ არა საქართველოს მეზობელი რუსეთი - გზაპრესი

"მიშა მოვიდა და, - ლილიპუტინიო, თუ ლილიპუტინია, გიჩვენებს სეირს..." - სჭირდება თუ არა საქართველოს მეზობელი რუსეთი

ბატონმა ელგუჯამ ვინაობის გამხელა არ ისურვა, - ახლობლები მეტყვიან, ინტერვიუების მიცემა და პოლიტიკაზე ლაპარაკი როდიდან დაიწყეო? ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ამერიკისა თუ ევროპისკენ სწრაფვა და მეზობელთან ურთიერთობის გაწყვეტა.

- ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებთან მეგობრობას მირჩევნია, რუსეთთან ვიყოთ კარგად, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს დიდი სახელმწიფო საქართველოს ესაზღვრება. პენსიონერი კაცი ვარ და გული მწყდება, ახალგაზრდებს არაფერი რუსული რომ აღარ უნდათ. ბოლოს და ბოლოს, მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომლის მმართველი სულ პუტინი ვერ იქნება. ხვალ-ზეგ შეიძლება ისეთი ადამიანი გახდეს პრეზიდენტი, ვინც საქართველოს დააფასებს.

- დამპყრობელ რუსეთთან მეგობრობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- საუბრისას ერთმა კაცმა მითხრა, - რა, ბაბაია უნდა დავუძახოთო? არადა, ჯერ კიდევ ვინ თქვა, - შიში შეიქმს სიყვარულსაო? ახლა აპროტესტებენ: ბავშვს არ სიამოვნებს, მასწავლებელი ყურს რომ აუწევს და მან საკუთარ თავს ამის უფლება არ უნდა მისცესო. პლეხანოვზე, მეთორმეტე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი. გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა, რომელიც თან დაატარებდა ჯოხს რუკაზე სამუშაოდ და ვინ იცის, ეს ჯოხი რამდენჯერ მომხვედრია. სულაც არ მახსენდება ეს ამბავი უსიამოვნოდ.

- ახლა არა, მაგრამ თავის დროზე ხომ გწყინდათ და გტკიოდათ?

- არ იყო მწარე და თან, ახლა რომ ვიგონებ სიამოვნებით, ხომ კარგია?

- ვფიქრობ, ბავშვობის წლებს იხსენებთ სიამოვნებით და არა იმას, რომ ვიღაცამ რაღაც გატკინათ. ასე არ არის?

- თქვენ მოგწონთ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, შვილს შეუძლია, მშობელს უჩივლოს? თურმე, არ შეიძლება, დედამ ბავშვს ყური რომ აუწიოს. არა, ბატონებო, ევროპა-ამერიკიდან ზედმეტი თავისუფლება და სრული უკომპლექსობა კი არა, მხოლოდ ღირებული რაღაცები უნდა წამოვიღოთ, ცუდზე კი თვალი დავხუჭოთ. ჩემი შვილი ლიტვის მოქალაქეა. იქ ჯარში მსახურობდა, მერე შეუყვარდა გოგო, რომელიც სამშობლოში ჩამოიყვანა და ქორწილიც გადავუხადეთ. 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში სიტუაცია აირია, ლიტვაში წავიდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იქიდანაც აიბარგნენ და ახლა ლონდონში ცხოვრობენ. პირველად ვილნიუსში რომ ჩავედი, იცით, რა მომეწონა? დავინახე, ქუჩაში კაცი ძაღლს ასეირნებდა. ცხოველმა მოისაქმა. ამ კაცმა ქაღალდი აიღო, აწმინდა, მეორე ცელოფანის პარკში ჩადო და ურნაში ჩააგდო. ამას საქართველოში გააკეთებს ვინმე?

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ვისწავლეთ ნაგვის ურნამდე მიტანა?

- აბა, რა გითხრათ? ხანდახან მრცხვენია, რომ ქართველი ვარ. კერძო სახლში ვცხოვრობ. ეზოდან რომ გამოვდივარ, პატარა ჩიხი უნდა გამოვიარო და იქ ხშირად ვაწყდები ნაგვით სავსე ცელოფანის პარკებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაყრილი არ არის, ბუნკერამდე მიმაქვს. აი, ვინც ნაგავს იქ ტოვებს, ასეთი ადამიანის წინააღმდეგ რაღაც ზომები ხომ უნდა მიიღონ? კანონი არსებობს, მაგრამ რად გინდა? ეშმაკები ვართ ქართველები, გაიხედ-გამოიხედავენ და თუ არავინ უყურებს, ყველაფერს ძირს ყრიან. ზოგი ურნასთან დგას და ნამწვს მაინც ქუჩაში აგდებს, არადა, უცხოელები ცდილობენ, ფერფლიც კი არ დაყარონ...

- თქვენს ახალგაზრდობაში ხომ იყო იგივე პრობლემა?

- არ იყო ამდენად. ასეა თუ ისე, შიში გვქონდა. ახლა არავისი ეშინიათ. ამბობენ, თავისუფალი ვარ, რასაც მინდა, იმას ვიტყვი და გავაკეთებო. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. ერთხელ შევცდი და ერთ-ერთ პარტიაში გავწევრდი. არჩევნები რომ მოახლოვდა, დამირეკეს და დამკვირვებლად მიმიწვიეს. დავთანხმდი. მეორე ტურის ჩატარებაც გახდა საჭირო და დღეც დანიშნეს. მანამდე დამიბარეს, გადამიხადეს ფული და ჯერ ერთ ფურცელზე მომაწერინეს ხელი, მერე მეორე ფურცელიც დამიდეს წინ. გამიკვირდა, ორზე რატომ უნდა მოვაწერო ხელი-მეთქი? - ერთი "ცეესკოში" უნდა ჩავაბაროთო. ტყუილია ყველაფერი! თუ იქ უნდა მიეტანათ დოკუმენტი, შეეძლოთ, ასლი გადაეღოთ. თუმცა, ცხადია, არაფერი მითქვამს და ხელი მაინც მოვაწერე. გვიან მივხვდი, რაც გააკეთეს: არჩევნების მეორე ტურამდე გამომიცხადეს, თქვენი მუშაობა საჭირო არ არისო. ამის შემდეგ გავაცნობიერე, რისთვისაც მომაწერინეს ხელი ორ უწყისზე. გააფორმეს, რომ მეორე ტურშიც ვიმუშავე და ამისთვის გადამიხადეს, სინამდვილეში, ის თანხა ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდო...

არ ვარ უგუნური ადამიანი. დაწყებული ტრანსპორტის მუშიდან, დირექტორობით დამთავრებული, ბევრ ადგილას მიმუშავია, მაგრამ რად გინდა? ახლა პენსია 180 ლარი მაქვს. გეკითხებით, რამდენი აქვს ხელფასი დეპუტატს? ბევრი, ხომ? მე რომ ვიმუშავე ბევრი წელი და ვემსახურე სახელმწიფოს, შედარებით უკეთესი პენსია არ მეკუთვნის? გული მწყდება,  ყველა თავის ჯიბეზე რომ ფიქრობს. თქვენი ნებართვით, ერთ ამბავს გავიხსენებ: დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი წაროების დარგში, ქარხანაში. ერთ დღეს რაიკომის მდივანმა დამიძახა, - უნდა დაგნიშნოთ დირექტორად და ჩაგაბარებთ ქიმწმენდა-რეცხვა-ღებვის საქმეს მთელი თბილისის მასშტაბითო. ვიცოდი, რომ ეს სახიფათო თანამდებობა იყო, რადგან ამ სამსახურიდან 15-მდე კაცი დაჭერილი გახლდათ, რადგან ფულს "ტეხავდნენ". ჰოდა, რაიკომის მდივანს ვუთხარი, - არ მინდა-მეთქი. - უარი როგორ გეკადრება? იცოდე, არ გაგახარებო. მოკლედ, დამითანხმა. ცოტა ხანში მეძახის ცხონებული ნინო ჟვანია, ზოდელავას დედა. შევედი ოთახში, სადაც ჩამწკრივებული არიან თანამდებობის პირები. ქალბატონმა ნინომ ჩემი ანკეტა წაიკითხა, სადაც წერია: ტრანსპორტის მუშა, ოსტატი, უფროსი ოსტატი, საამქროს უფროსი და ა.შ. გამომხედა: სად მიდიხარ, რომ მიდიხარ? იმ სამსახურში, რომლის დირექტორობასაც დათანხმდი, დაწყებული მინისტრიდან, დამთავრებული დამლაგებლით, ყველა ქურდია, შენ კი პატიოსანი კაცი ჩანხარო. - იძულებით მივდივარ-მეთქი. გამოცდილი ქალი იყო და ყველაფერი იცოდა. მითხრა, - თუ შენ იქ ერთი წელი მაინც გაძლებ, მოდი და თუ გინდა, "დეიდა" დამიძახე, გინდა - "ბიცოლა", მე კი გეტყვი, რომ ძალიან გამბედავი და ყოჩაღი ყოფილხარო. წელიწადი და ორი თვე გავძელი.

- მერე სამსახურიდან გაგათავისუფლეს?

- დიახ, ერთი ადამიანი გამოვიჭირე თაღლითობაში და გავაფრთხილე! მერე მეორედაც გამოვიჭირე, მესამედაც... საბოლოოდ, გავუშვი სამსახურიდან და ამ ამბავს გადამაყოლეს. დამიძახეს სამინისტროში, სადაც ე.წ. ნეგატიური კომისია იყო და მითხრეს: ამდენი წელია, ეს კაცი ჩვენთან მუშაობს და რატომ გაუშვიაო? ყველაფერი ავუხსენი კომისიას, იმათმა კი მომახალეს, - მაინც არ უნდა გაგეშვაო. - თუ სიტყვა არ მეთქმის და უუფლებო გახლავართ, მაშინ როგორი დირექტორი ვარ? მირჩევნია, წავიდე-მეთქი და გამომიშვეს. მივედი ჟვანიასთან, - წელიწადი და ორი თვე გავძელი-მეთქი. ჩაიწერა ჩემი მისამართი, ტელეფონის ნომერიც, - დაგიკავშირდებიო, მაგრამ ერთხელაც არ მოვუკითხავვარ. აი, როგორ ვიქცევით: მთავარია, ფული ვიშოვოთ და ამას რა გზით გავაკეთებთ, თანხის გამო ვის გავწირავთ, სულერთია. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით: უცხოელებმა აქ საწარმო ააშენეს, რაც ქართველი გლეხისთვისაც კარგი იყო და მუშახელისთვისაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ უცხოელები, ვინც ამ საქმეში იყვნენ, დააყაჩაღეს და გააქციეს. აი, ასეთი ხალხი ვართ ჩვენ, მტაცებლები! შე კაი ადამიანო, იმყოფინე, რამდენიც გაქვს, რა!

- ე.ი. უცხოელები გვჯობნიან ბევრ რამეში. მაშინ რატომ არ გინდათ, რომ მათთან ვიმეგობროთ?

- ყველასთან უნდა ვიმეგობროთ, მაგრამ ამერიკისა და ევროპის გამო, რუსეთთან ურთიერთობაზე არ უნდა ვთქვათ უარი. ჩვენთან ომი რომ იყო, ამერიკელებმა იცი, რა გამოგვიგზავნეს? - წყალი! ეს ხომ მასხრად აგდებაა? შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ რა უნდოდა იმის გაგებას, რომ საქართველოში წყალი ისედაც ბლომად გვაქვს?

- რომელი პოლიტიკური პარტია მოგწონთ?

- არ მომწონს, ამდენი პარტია რომ არის საქართველოში. "ნაციონალები" არ მომწონს და იცით, რატომ? თუ ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება, ამაზე ისე ლაპარაკობენ, რომ ეტყობათ, უხარიათ. თუ ქვეყნისთვის კარგი გინდა, იმაზე იფიქრე, როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია! გამოდის ნათელაშვილი და გაჰყვირის, - ეს ქურდი, ბანდიტი ბიძინაო. მე რომ ბიძინა ვიყო, შეურაცხყოფისთვის სასამართლოში ვაგებინებდი პასუხს. არადა, ისიც ჩუმადაა. მას რომ ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული, ეს ვიცი. თუნდაც, მსახიობებს ხელფასს რომ აძლევს. ბოკერიას დედასაც უხდის გარკვეულ თანხას.

- მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბრაზობს: გაჭირვებულებს დაეხმაროს, რაღა იმათ აძლევს, ვისაც თავის გატანა ისედაც შეუძლიაო?

- ცნობილ ადამიანებს რომ ეხმარება, რატომ გვიკვირს? აბა, მე რომ დამეხმაროს, ამას ვერავინ გაიგებს. მას მხარდაჭერა სჭირდებოდა, ჩემი ხმა კი მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

- "ქართული ოცნება" მოგწონთ?

- დიდად არა, მაგრამ დანარჩენებზე უკეთესები მაინც არიან და რაღაცებს აკეთებენ.

- მაგალითად, რას აკეთებენ?

- პრესის თავისუფლება ხომ გვაქვს? აი, რაც გვინდა, იმას ვლაპარაკობთ და თქვენ - წერთ. გარდა ამისა, უაზროდ არ იჭერენ ხალხს.

- პირადად თქვენთვის რა შეიცვალა?

- როგორც პენსიონერს, 20 ლარი მომიმატეს (იღიმის). ქვეყანაში თუ არ შექმენი შენი პროდუქტი, რომელსაც გაიტანენ საზღვარგარეთ, არაფერი გამოვა. რუსეთთან რომ ვმეგობრობდით, ყველა მუშაობდა. ჩვენ ეს მეზობელი გვჭირდება, ფაქტია... ზვიად გამსახურდია ეროვნული კაცი იყო, მაგრამ სუსტი პრეზიდენტი გახლდათ. იცით, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი. თბილისის "დინამო" მოსკოვის "დინამოსთან" შესახვედრად ემზადებოდა, როცა ცხონებული გამსახურდია გამოვიდა და თქვა: ჩვენ არ ვეთამაშებით რუს ფეხბურთელებსო. არადა, მამამისს, კონსტანტინეს აქვს ნათქვამი: მე ის 11 ფეხბურთელი შევარცხვინე, რომელიც 12 რუსს ვერ მოუგებსო - მეთორმეტეში მსაჯი იგულისხმა. ეთამაშე და მოუგე, თუ მაგარი ხარ, თორემ, რას ჰქვია, - არ ეთამაშები? ამხელა სახელმწიფოს რას ეძიძგილავები?.. მიშა მოვიდა და - ლილიპუტინიო. თუ ლილიპუტინია, გიჩვენებს სეირს. ის დამპყრობელია, მაგრამ აგრესიას ჩვენც ხომ ვიჩენთ და ვაღიზიანებთ?