"გულიანი ბაღნები" გურიიდან - გზაპრესი

"გულიანი ბაღნები" გურიიდან

ტაძრების სიმრავლე რწმენის სიძლიერეზე რომ არ მეტყველებს, ცნობილი ფაქტია. თუმცა, ამ წერილს სხვა მიზანი აქვს: მინდა გაგაცნოთ რეგიონში მცხოვრები მოზარდებიდან ერთ-ერთი, რომლის ცხოვრება საინტერესო ბევრი რამით არის, მაგრამ ერთ-ერთი პასაჟი ისიცაა, რომ თანატოლებთან ერთად, თითქმის მიტოვებული ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობს.

სამტრედიას რომ გასცდები, სოფელ შუხუთში ამოჰყოფ თავს. იქ, მხარმარცხნივ თუ აუყვები გურიის გორებს, მიადგები მამათს, რომლის სახელი აუცილებლად გაგახსენებთ არაორდინარულ პოლიტიკოსს, ედუარდ შევარდნაძეს. თუ სწორად დავთვალე, მამათამდე 103 მოსახვევიანი აღმართი უნდა დაფარო. ვიდრე სოფელში შეხვალ, გორაკზე თეთრ ეკლესიას დაინახავ, რომლის აშენებაც ედუარდის სახელს უკავშირდება. ერთი ადგილობრივის თქმით: რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, ტაძარი აშენებულიყო მამათ-ძიმითის საზღვარზე. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდი იყო. მაშინ ბატონ ედუარდს 70 წელი უსრულდებოდა და ამ იუბილესთან დაკავშირებით მოხდა ამ ტაძრის გახსნა. თავდაპირველად, როდესაც სატაძრე ადგილს არჩევდნენ, ერთმა იქაურმა სოფლის მკვიდრმა ამშენებელს ურჩია, ის ტაძარი აღედგინათ, რომელიც კომუნისტებმა დაწვეს. განადგურებული ტაძარი წმინდა კვირიკეს სახელზე იყო აგებული. ის კაცი ამბობდა, - ჯერ ეს უნდა აღადგინოთ და თუ შეძლებთ, მერე სხვა ააშენოთ, თორემ წმინდა გიორგის სახელზე ტაძრის აშენებას ვერ შეძლებთო (შევარდნაძის ნათლობის სახელი მოგეხსენებათ, გიორგი იყო)... კვირიკეს ტაძრის აღდგენა უფრო მეტ ხარჯებთან გახლდათ დაკავშირებული და თან, მიუვალ ადგილას იყო ნატაძრალი. თუმცა, იქ რომ აშენებულიყო, ულამაზესი დასანახი იქნებოდა რამდენიმე სოფლიდანაც კი. ყველაზე ადვილად მისადგომი და მარტივად ასაშენებელი გამოდგა ადგილი, სადაც ადრე მოედანი გახლდათ. მაშინ არკადი მელიავა, ამ ტაძრის მშენებელი რუსეთში იმყოფებოდა, მოიწვიეს და ტაძრის აშენება მიაბარეს. ეკლესია დიდი ხნის მანძილზე შენდებოდა. რთული პერიოდი იყო. დაფინანსება შევარდნაძის გვარს "დააკისრეს", თუმცა, არავინ იცის, სინამდვილეში ვის ეკუთვნის მთავარი წვლილი ამ ტაძრის მშენებლობაში. ადგილი ჰქონდა ბევრ გაურკვევლობას, ამიტომაც დღემდე არ აშენებულა სამრეკლო და სხვა მრავალი პრობლემა ისევ მოსაგვარებელია. აქამდე არ იყო ტაძარში წყალი, შუქი კი ჯერაც არ არის. 2016 წელს ახალგაზრდებმა მოინდომეს და დაიწყეს ეკლესიის გალამაზება, ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო: ეკლესიის იატაკი ძალიან მოუვლელი იყო, 20 ლარით მივადექი ეკლესიის მრევლს და გამოვთქვი აზრი, რომ გვეყიდა ხალიჩა, რომელიც მცირედით მაინც დაფარავდა გასაცოდავებულ იატაკს. მერე რამდენიმე კეთილმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და აგროვდა პირველი 200 ლარი, რითაც შევიძინეთ ხალიჩა და საყვავილეები. დავიწყეთ ბაღის გაშენება. ყველა რესურსი მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მონდომებით გაჩნდა. ჩამოიარეს სოფელი ძიმითი და არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა, რომელსაც ლარი მაინც არ შეეწიროს - ამას დიდი სიხარულით აკეთებდნენ. მეთორმეტეკლასელები გაკვეთილების შემდეგ ამოდიოდნენ და იწყებდნენ მშენებლობას.

მამათის გვერდით სოფელი ძიმითია. ძიმითელი ოთო კიკვაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. ის ძალიან ჰგავს თანატოლებს, თუმცა, ბუნებაში ორი სრულიად ერთნაირი გურული წარმოუდგენელია!

ოთოს მამა სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული. ზამთრობით ბაკურიანში, ძმასთან მიდის და ოჯახურ ბიზნესში ერთვება. დედა დიასახლისია და მაინცდამაინც არ აწუხებენ ბიჭები თავისი საქციელით, უბრალოდ, არ მოსწონს დედას, სიგარეტის მოწევის ორწლიანი სტაჟი რომ აქვს მის ვაჟს, მაგრამ კედელზე ცერცვის შეყრას აზრი რომ არა აქვს, ესეც იცის და აღარც უშლის!

ოთოს თოხნა არ მოსწონს, მაგრამ რა ქნას? გურულებს მჭადი უყვართ და უთოხოდ სიმინდი არ მოდის. ნახევარ ჰექტარ სავარგულზე თესავენ სიმინდს კიკვაძეები. წელს მოსავალსაც არა უშავდა და თითქმის ყოველდღე შეეძლებათ საკუთარი სიმინდის ფქვილით მომზადებული მჭადის მირთმევა! განა, მარტო თავად, სტუმრებსაც შესთავაზებენ და გემრიელი სუფრის მერე იმ წყალსაც გიჩვენებენ, ცეცხლი რომ ეკიდება (გურია აქაც განსხვავებულია - "წყალს სხვაგან სა წეეკიდება ცეცხლი დუნიაზე, თუ არა გურიაში?!").

გურიაში ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა თხილი, მაგრამ წელს თხილმაც, კივის პლანტაციამაც და ციტრუსებმაც "ერთად მეიჭრენ თავი". ტონაზე მეტი თხილის მოსავალი ჰქონდათ ადრე, ახლა კი 300 კილოგრამი ძლივს შეაგროვეს. "დაქირავებულ შრომას" არ იყენებენ, რადგან ოთოს თქმით, სამი კაცია სახლში და საქმეს ადვილად უმკლავდებიან!

გურიაში, კლდეებზე ბევრი ინგრეხა იზრდება, ძროხებს ამ მცენარით არ კვებავენ, - რძეს აფუჭებსო, სამაგიეროდ, თივასა და ჩალას იმარაგებენ კიკვაძეები, რათა სამი ძროხა მაძღრად ჰყავდეთ და მჭადზე მისაყოლებელი რძეგამდინარე ყველი არ მოაკლდეთ. აი, ღორებს აღარ ამრავლებენ: გასულ წელს 12 ღორი ტყუილ-უბრალოდ კვებეს, მერე აფრიკულმა ცხელებამ თათრის ლაშქარივით ჩამოუარა და დახოცა ყველა.

სკოლასთან დაკავშირებით ბევრი კარგი მოგონება აქვს, მაგრამ ნაგომარის ეკლესიაში რომ გაიპარნენ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მეათეკლასელებმა გადაწყვიტეს "შატალოზე" წასვლა, დირექტორი სკოლაში არ იყო და ფაცხაფუცხით გაიპარნენ. ერთი თანაკლასელი გზაში შეშინდა და უკან დაბრუნდა. ჯერ სახლში წავალო, - უთქვამს, მერე ესეც დანაშაულად მიუჩნევია და სკოლაში მიბრუნებულა. კლასის ხელმძღვანელს გაუგია ბავშვების გაპარვა და "მარშრუტკით" დაადგა თავზე გაპარულებს, მაგრამ "აბრაგები" ვერ დაუბრუნებია სკოლაში! მეორე დღეს დირექტორს თავის კაბინეტში დაუბარებია ბავშვები და შვიდი გაკვეთილი ფეხზე დგომა მიუსჯია. როგორც კი თვალს მიეფარებოდნენ მასწავლებლები, მაშინვე სხდებოდნენ (სავარაუდოდ, მასწავლებლებიც იმიტომ ეფარებოდნენ თვალს, რომ "ფეხებზე არ ჩამომწყდარიყვნენ ყაძახები"). ის "მობრუნებული" თანაკლასელი მის მერე სკოლაში აღარ დაბრუნებულა...

ოთოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს. მისი თანატოლი ზაზა ანდღულაძე მისთვის მისაბაძი ადამიანია, რადგან "ყოჩაღია და ოჯახს პატრონობს!" აი, იმერეთიდან ჩამოსახლებული ტაბატაძეების ნიკაც კარგი ბიჭია, მაგრამ "ბაღნობიდან არ სწავლობდა, აბდალი და გულიანი ბაღანაა", გიორგი ქათამიძე ზარმაცია, ძალიან ზარმაციც. ოჯახში საქმის გამკეთებლები ჰყავს და თავად არ ეკვლევინება საქმეებს, მაგრამ ნიკას მსგავსად, ეკლესიის მშენებლობა-გაკეთილშობილებაში თავს არ იზოგავს. გიგა ღვინიანიძეც კარგი ბაღანაა, გვარსაც ამართლებს, - სიცივეში არაყს წრუპავს, ზაფხულში - ლუდს! რა ქნან ბიჭებმა, "თხმელის, აკაციის და წიფლის შეშის ჭრის მერე შუბლის გახურება ასწორებს". აი, მერაბ სამსონია გაგურულებული მეგრელია, მაგრამ მეგრელის არაფერი სცხია (მეგრული არ იცის!) და ძალიან ყოჩაღია, რადგან მამით ობოლს, მეურნეობა აქვს მისახედი! დედა საზღვარგარეთ მუშაობს და მერაბს "სახლი დუუტია" საპატრონოდ! ჯერ მხოლოდ მეათეკლასელია, მაგრამ პასუხისმგებლობა არ აკლია. ეკლესიის მშენებლობაზე სკოლის მოსწავლეები "წვლილშემტანები" არიან. აი, თუნდაც, მამათელი გიორგი ბენდელიანიც ბევრს აკეთებს და სხვებიც ასე იქცევიან!

ოთოს ახსოვს, ბავშვობაში უმკაცრესად რომ დატუქსეს ტელეფონის დამტენის გაფუჭების გამო, მაგრამ დრო მიდის და წარსულზე მეტად, მომავალზე უნდა იფიქროს. ყმაწვილი გურულის ცხოვრებისეული გეგმის მოკლე მონახაზი ასეთია: ჯერ საატესტატო გამოცდები უნდა ჩააბაროს, მერე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს დაიწყებს, შემდეგ კი ბათუმში უნდა მუშაობა და სოფელსაც არ დაანებებს თავს, რადგან "სადაც გაიზარდე, მისი დავიწყება არ შეიძლება".

როლანდ ხოჯანაშვილი