"ევროპაში ყველაზე უნიკალური ყველის" ქართველი მეწარმე - გზაპრესი

"ევროპაში ყველაზე უნიკალური ყველის" ქართველი მეწარმე

20 წლის ჯემალ ხატიაშვილი მსოფლიოში უნიკალურ, საფერავში დავარგებულ ყველს აწარმოებს. სპეციალისტების ვარაუდით, ქართული წარმოების რძის ნაწარმი კიდევ ათეული წლები ვერ გავა ევროპის ბაზარზე. მიუხედავად ამ პროგნოზისა, ჯემალი ამტკიცებს, რომ მის წარმოებულ ყველს ევრობაზარზე აუცილებლად და ძალიან მალე გაიტანს... შემოთავაზება ღვინის გატანაზე უკვე რამდენჯერმე მიიღო, მაგრამ სურს ღვინო და ყველი ცალ-ცალკე კი არა, ერთად გაიტანოს და ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. ჯემალს ღვინის, ყველის, ამ ორის "დაძმობილებასა" და სამომავალო გეგმებზე ვესაუბრეთ...

- პირველად ღვინო 14 წლისამ დავწურე. სამ წელიწადში გავხსენი და ახლობლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ ინტერესი გამიჩნდა და ამ საქმეს უფრო სერიოზულად მივუდექი. რაც შეეხება ყველის დაძველებას, უკვე ნახევარი წელია ამ მეთოდს წარმატებით ვიყენებ.

- როგორც ვიცი, ღვინოში ყველის დაძველების პრეცედენტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც არ არსებობს...

- დიახ, ეს ტექნოლოგია ჩემმა მშობლებმა მოიგონეს. ეს ყველი დაახლოებულია ფრანგულ კამერბერის ყველთან. საფერავში დაძველებულს კამერბერის კეთილშობილ ობს ვუმატებთ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ქართულ-ფრანგული პროდუქტი, მსოფლიოში უნიკალური ყველი მივიღეთ. მიახლოებულ ვარიანტად, შეგვიძლია, იტალიაში ახალდაწურულ ჭაჭაში დავარგებული ყველი დავასახელოთ. ღვინოში ჩადება კი ჩვენი საავტორო მეთოდია. ჩემი ოჯახის წევრების მიერ წარმოებულმა ყველმა ინგლისში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ევროპაში ყველაზე უნიკალური ყველის ტიტული მოიპოვა.

სოფელ ტიბაანში, ბუტრანას გამორჩეულად ნაყოფიერი მიწა გვაქვს. იქ მოწეული ყურძენი გაცილებით უფრო შაქრიანია და ალკოჰოლის შემცველობაც ბევრად მეტი აქვს. როგორც ამბობენ, ეს 14 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფელ ტიბაანში არსებულ უძველეს ხირსის მონასტერს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, მონასტერმა მიწა ადგილობრივებს დაუნაწილა. ამბობენ, ეს მიწა ასეთი ნაყოფიერი ხირსის მონასტერში მლოცველი ბერების მადლითააო. აქ საფერავისა და რქაწითელის ძველი ვენახები გვაქვს. სხვა ტერიტორიაზე კი 53 სახეობის სუფრის ყურძენი გვაქვს გაშენებული. ყურძნის მურაბის წარმოებას ვაპირებ, რომელიც დღეს მხოლოდ სახლის პირობებში, ისიც იშვიათად კეთდება, ბაზარზე კი საერთოდ არ არის წარმოდგენილი.

- თქვენი ინტერესის სფეროს განათლებით თუ უკავშირდებით?

- ბიზნესადმინისტრირებას ვსწავლობ. საერთოდ, მეწარმეობასთან დაკავშირებული იდეები ბავშვობიდან მქონდა. განათლება რომ მივიღე, იდეებიც დავხვეწე და რამდენიმე მათგანი რეალობადაც ვაქციე.

- წარმოების გაზრდას როგორ აპირებთ?

- ამჟამად სამი სახეობის ყველს ვაწარმოებთ - თაფლში დავარგებულს, საფერავში დავარგებულს ობის გარეშე და საფერავში ობით დავარგებულს. ტექნოლოგია უკვე შევიმუშავეთ და საავტორო უფლებების დაცვის შემდეგ გამოვაჩენთ კიდევ სამი სახეობის ყველს.

- ყველისა და ღვინის ევრობაზარზე გატანას აპირებთ... იმედი გაქვთ, რომ შენი წარმოებული ყველი ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს?

- სწორედ გაზაფხულზე ვაპირებ ევროკავშირის სტანდარტის დანერგვას, რაშიც უკვე სერტიფიცირებული ვარ. იმედი მაქვს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით ევროპაში ეს ორი პროდუქტი ერთად გავა... არ მინდა ისინი ერთმანეთს "დავაშორო" და მხოლოდ ღვინო ან მხოლოდO ყველი გავიტანო. ცალკე ღვინის ექსპორტზე შემოთავაზება შვედეთიდან და ამერიკიდან გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით, უარი ვუთხარით. ერთი მხრივ, არ მინდა ცალკე გავიდეს და მეორე მხრივ, მინდა ქართული პროდუქტი ჯერ საქართველოში გაიცნონ და შემდეგ გავიტანო საზღვარგარეთ.

- აგროტურიზმის განვითარებაც გსურთ. ამჟამად რა ეტაპზე ხართ?

- ღვინისთვის ოჯახური მარანი, სადეგუსტაციო შენობა და საკმაოდ სერიოზული ყველის საწარმო გვაქვს. ტურისტმა რომ თავი კომფორტულად იგრძნოს, ამ ეტაპზე სასტუმროს ტიპის სახლს ვაკეთებთ. სტუმარს საშუალება ექნება ყველის გაკეთებას, ყურძნის დაკრეფასა და დაწურვას უშუალოდ დაესწროს. გვაქვს, ასევე, ტბა, სადაც სათევზაო ტურებს ვაწყობთ. ტურისტს საშუალება აქვს ტბაზე თევზი თავად დაიჭიროს, გრილზე შეწვას და მიირთვას.

- სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით ხომ არ აპირებთ?

- ბაკალავრიის დასრულების შემდეგ მინდა განათლება აგროსფეროში მივიღო. აგრომიმართულებით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ჰოლანდიაშია. სწავლის გაგრძელება სწორედ იქ მინდა.

შორენა ლაბაძე