"შესაძლებელია, თბილისი მალე მოდის დედაქალაქი გახდეს" - გზაპრესი

"შესაძლებელია, თბილისი მალე მოდის დედაქალაქი გახდეს"

დამეთანხმებით, თბილისის მოდის კვირეულზე ბევრმა ახალმა დიზაინერმა გამოავლინა თავისი ნიჭი და საკმაოდ წარმატებული სეზონი შედგა. სხვადასხვა უცხოურ ჟურნალსა და გამოცემაში მოდელებისა და საპატიო სტუმრების გვერდით, მოდის ბლოგერის - ანანო დოლაბერიძის რამდენიმე ფოტო მოხვდა...

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ანანოს ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში რომ დაბრუნდნენ, გოგონა ფრანგულ კოლეჯში მიიყვანეს... ამბობს, რომ როგორც ყველა ქალს, მასაც ყოველთვის უყვარდა ლამაზად ჩაცმა, მოდის ჟურნალების დათვალიერება...

- დაახლოებით 16 წლის ვიყავი, თბილისში მოდის კვირეულები რომ დაიწყო. დამეზარა "ჩალიჩი" მოსაწვევის მისაღებად და გადავწყვიტე, მოდაზე ბლოგი გამეკეთებინა. სახელი სპონტანურად დავარქვი - "ანო-ბანო". ამის შემდეგ აკრედიტაცია მივიღე და სიხარულით დავფრინავდი. თავიდან მოდის კვირეულზე გასართობად დავდიოდი, შემდეგ მივხვდი, რადგან აკრედიტაცია მქონდა, ყველაფერს სერიოზულად უნდა მივდგომოდი. წერა მოდის სფეროში სამოყვარულო დონეზე დავიწყე და იმდენად ჩავერთე, რომ ამ სამყაროდან გამოსვლა აღარც მსურს. საქმიანობა ბლოგერობით დავიწყე, მაგრამ ამჟამად ვმუშაობ თბილისის მოდის კვირეულზე საერთაშორისო პრესისა და ბაიერების მიმართულებით. ასევე, ვარ მოდის ჟურნალის რედაქტორი, "გაუში" ვკითხულობ ლექციებს მოდის მენეჯმენტის კურსზე და ა.შ. ყოფილა შემთხვევა, როცა გადაბმულად რამდენიმე დღე, მხოლოდ ორი საათი მეძინა, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდი. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ! მოდის სამყარო ძალიან ლამაზად გამოიყურება გარედან, მაგრამ კულისებს მიღმა გაუთავებელი შრომა, თეთრად გათენებული ღამეებია.

- საზღვარგარეთაც ესწრებით მოდის კვირეულებს?

- დიახ, ვიმყოფებოდი მილანში, პარიზში... ჩვენთან შეჩვეული ვართ, რომ ღონისძიება საღამოს იწყება, მოსამზადებლად დრო გაქვს, იქ კი ჩვენება დილის ცხრა საათზე იწყება და ყველა შოუ სხვადასხვა ადგილზეა. თუ ქალაქს ძალიან კარგად არ იცნობ, აუცილებლად დაგაგვიანდება... შეიძლება, ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე ჩვენება იყოს და რთულია არჩევანის გაკეთებაც.

- ალბათ, ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდით, არა?

- მახსოვს, როგორი წივილ-კივილი ატყდა, როცა ცნობილი ბლოგერი - კიარა ფერანი გამოჩნდა. ფოტოგრაფები წარმოუდგენელი სიჩქარით მიქროდნენ, ამ გოგონასთვის ფოტოები რომ გადაეღოთ... შემდეგ განსაკუთრებული განწყობა ანა დელო რუსოს დანახვამ შემიქმნა. მარიამ გვასალიას ფეხსაცმელი მეცვა, გამჭვირვალე ქუსლით და მკვეთრი მალინისფერი კაბა. როდესაც ანას მივესალმე და ვთხოვე, ჩემთან ერთად გადაეღო ფოტო, მითხრა, ძალიან კარგად გამოიყურებიო. რასაკვირველია, გამახარა ამ კომპლიმენტმა. შემდეგ თვალი მოვკარი ანა ვინტურის. იგი უკანა გასასვლელიდან გადიოდა. ფოტოს გადაღებაც ვცადე, მაგრამ ცუდი ხარისხის გამომივიდა. ზოგადად, საზღვარგარეთ მოდის კვირეულები ძალიან დიდი ზეიმია. ფოტოგრაფები თავგანწირვით იბრძვიან კარგი კადრის მოსაპოვებლად. ჩვენებებზე სასიამოვნო სურნელი ტრიალებს...

- ეთანხმებით გამოთქმას, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა?

- დიახ, ეს აბსოლუტური სიმართლეა! დღეს მოდა უფრო ბიზნესია, ვიდრე ხელოვნება! აღარავინ ქმნის ისეთ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებსაც შემდეგ საგამოფენო დარბაზებში დაკიდებენ. ყველაფერი გათვლილია გარდერობში მოსახვედრად და ეს არ მომწონს! აქტუალურია დიდი ზომის სამოსი, სადაც აღარ არსებობს ქალური სილუეტი. ისეთი სტილი და ტენდენციაა, ადამიანმა თუ სახე არ გამოაჩინა, ვერ გაარჩევ, ქალია თუ მამაკაცი! ვფიქრობ, სამოსი ყოველთვის მორგებული უნდა იყოს ქალის ლამაზ სხეულსა და ფორმებზე. თბილისის მოდის კვირეულზეც იგრძნობოდა მსოფლიოში გავრცელებული ეს ტენდენცია. თუმცა, ვიხილეთ ისეთი კოლექციები, სადაც დიზაინერებს ნაზი ქსოვილისგან ჰქონდათ შექმნილი ქალური სამოსი და ამან ძალიან გამახარა. სასიამოვნოა, რომ ყველა ქართველ დიზაინერს აქვს თავის ნიშა, სტილი და კარგი იქნება, თუ ასე გააგრძელებენ. არ არის აუცილებელი, მსოფლიო მოდაში რაც აქტუალურია, ჩვენც იგივე შევქმნათ.

- არსებობს მოსაზრება, რომ თბილისში წლების წინ უფრო გემოვნებით იცვამდნენ, ვიდრე ახლა...

- როდესაც ბებიას ფოტოებს ვათვალიერებ, ნამდვილად იგრძნობა დახვეწილი გემოვნება. ბებია ახლა 75 წლისაა და მაღაზიაში ისე არ წავა, თუ არ გამოიპრანჭა. როდესაც წვეულებაზე მივდივარ, ჩემთვის მისი აზრი უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, მისმა გემოვნებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა! იგივე შემიძლია ვთქვა მისი თაობის ქალბატონებსა და მამაკაცებზეც. ბაბუას ახალგაზრდობის ფოტოებს რომ ვნახულობ, აცვია: ფერადი შლაქსის შარვლები, ჯინსები და დიდი ზომის ტყავის ლაბადა. მისი თაობის მამაკაცები მოდურად იცვამდნენ, ახლა კი ასეთ რაღაცებს თითქოს, ყურადღებას არც აქცევენ და ქუჩაში თითქმის ყველას ერთ სტილში აცვია.

- პლასტიკური ოპერაციების მომხრე ხარ?

- ეს მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია. თუ აუცილებლობაა, უნდა გაიკეთონ, მაგრამ არ ვარ მომხრე იმ კუთხით, რომ ყველა ერთმანეთს ემსგავსება. კეხიან ცხვირსა და სახასიათო გარეგნობას თავისებური ხიბლი აქვს...

- ქართველ დიზაინერებზე მსოფლიო გამოცემებიც წერენ, არა?

- კი და იმასაც წერენ, რომ შესაძლებელია, თბილისი მალე მოდის დედაქალაქი გახდეს. ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ ქართველი დიზაინერების მიმართ... მოგეხსენებათ, დემნა გვასალია მნიშვნელოვანი ფიგურაა მოდის სფეროში და მის გამოც მოხდა ქართული მოდით დაინტერესება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგალითად, ცნობილი ჟურნალისტი რომ ჩამოდის საქართველოში, მხოლოდ მოდაზე კი არა, ქვეყანაზეც აღფრთოვანებით წერს... არასოდეს დამავიწყდება, როდესაც პირველად ცნობილი ფოტოგრაფი მოვიწვიე, მკითხა, თბილისი სად არისო? როდესაც ჩამოვიდა, მცხეთაში და ყაზბეგში წავიყვანეთ, ქართული კერძებით გავუმასპინძლდით და აღფრთოვანებული გავისტუმრეთ. მომდევნო მოდის კვირეულებზე სხვა სტუმრებს რომ ვიწვევდით, გვეუბნებოდნენ: კი, ვიცით ეგ ქვეყანა, ამა და ამ ფოტოგრაფმა საქართველოზე ბევრი რამ გვიამბოო... სულ ვფიქრობდი, ევროპელებსა და ამერიკელებს იმდენი რამ აქვთ ნანახი, როგორ შევძლებთ მათ გაკვირვებას-მეთქი? მაგრამ ქართველები ამასაც ვახერხებთ, წამდაუწუმ ფოტოს უღებენ ყველაფერს.

- ცნობილი ქართველებიდან ვისი ჩაცმულობა მოგწონთ?

- სამწუხაროდ, ტელევიზორს არ ვუყურებ და არც ვიცი, ვინ როგორ იცვამს... ერთ-ერთი ჟურნალისთვის გადავიღეთ მაკა ჩიჩუა და ეს ქალბატონი ძალიან მომწონს. მას საინტერესო შინაგანი სამყარო აქვს, რაც გარეგნობაზეც აისახება...

- მოდელების მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა, დაბლები და მსუქნები არიანო...

- მაღლებიც გვყავს, გამხდრებიც და ძალიან ლამაზებიც... ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია - სწორ კვებასა და ვარჯიშს ვგულისხმობ! ძალიან კარგია ფეხით სიარული. საზღვარგარეთ კილომეტრებს ფეხით გავდივარ, აქ კი ეს თითქმის შეუძლებელია: ქალაქში საშინელი გამონაბოლქვია, არ გვაქვს წესიერი ტროტუარები და პარკები; ხალხიც დაღოღავს, რაც ნერვებს მიშლის.

- და ქუჩაში მუქი ფერები ჭარბობს, არა?

- მე არ ვფიქრობ, რომ ქართველებს შავი გადამეტებულად გვიყვარს. ძალიან ფერადი თბილისიც მინახავს. პატარა ქალაქია და ამიტომ გვხვდება ხშირად თვალში, თორემ შავი კლასიკური ფერია და საფრანგეთშიც ძალიან უყვართ.

- როგორი მაკიაჟია დღეს აქტუალური?

- თუ განსაკუთრებულ ადგილზე არ მივდივართ, მსუბუქი მაკიაჟი საკმარისია... სამწუხაროდ, თბილისში ხშირად ვხედავ ძალიან მკვეთრად შეღებილ თვალებს, ტუჩებს, გამოკვეთილ ყვირიმალს - ამ დროს სახეზე ნამდვილი ფეირვერკია, რაც საჭირო არ არის! ძალიან გამაღიზიანებელია ხელოვნური წამწამები - ამას მგონი ჯობია, წამწამი სულ არ გქონდეს!

- რას გვეტყვი მოდურ ფეხსაცმელზე?

- ფეხსაცმელი ჩემი სუსტი წერტილია! ძალიან ბევრი ფეხსაცმელი მაქვს და მათ შორის, ქართველი დიზაინერების ნამუშევარი ჭარბობს. ჩემთვის მიუღებელია წუწუნი მაღალი ქუსლის არაკომფორტულობაზე. ქალს "მაღლები" უხდება... დღეს მოდაში სქელძირიანი ფეხსაცმელია, დაახლოებით ექვსსანტიმეტრიანი ქუსლით. ნაკლებად აქტუალურია წვეტიანი და წვრილქუსლიანი...

- ჩანთაც მნიშვნელოვანი ატრიბუტია ქალისთვის, არა?

- ყველაზე მეტად, ჩანთების ცვლა და ერთიდან მეორეში ნივთების გადატანა არ მიყვარს. დეკორატიული ჩანთა, სადაც მხოლოდ პომადა ეტევა, ჩემთვის მოუხერხებელია. თანაც, ახლა მოდაში დიდი ჩანთებია (იღიმის). იმასაც გეტყვით, რომ ამ სეზონზე ყველაზე აქტუალური ვარდისფერია, განსაკუთრებით - პასტელური ფერის! მოდაშია წითელი და ნაცრისფერიც, კუბოკრული პრინტი და ფერადი ქურთუკები... ვისურვებდი, რომ თბილისის ქუჩებში ძველებურად, გემოვნებით ჩაცმულმა, ადამიანებმა იარონ.

მანანა გაბრიჭიძე