დაბეჟილი ვაშლის გემო - გზაპრესი

დაბეჟილი ვაშლის გემო

ყოველი წლის ბოლოს, ფლორიდის შტატიდან ერთი ქალბატონი მეხმაურება, ქველმოქმედების მიზნით. გადმორიცხული თანხით სოციალურად შეჭირვებულებს საახალწლო "კალათა" უმზადდება და ის ზოგჯერ ძალიან "მძიმეა" (რადგან სასაჩუქრე პაკეტში ფქვილი, ზეთი, შაქარი, ტკბილეული და წამლებიც შედის), ზოგჯერ - ძალიან მსუბუქია და "მწვანე".

მანანა ფრუიძე იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს მადლობები და მიწამდე თავდახრილი, დათრგუნვილი ადამიანის საჩუქრებთან გადაღებული ფოტოკოლაჟი. მან ლეჩხუმის ერთი სოფლიდან - ალპანიდან ამერიკულ ცათამბჯენებამდე მიაღწია, თუმცა მის ხასიათსა და გულკეთილობაში არაფერი შეცვლილა. დედინაცვლის გაზრდილმა კარგად იცის, რომ ერთი კეთილი გაღიმება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ღიმილი ყოველთვის არ კმარა.

მახსენდება, როგორი სიხარულით წავიდა მამით ობოლი სტუდენტი ახალი წლის წინა დღეს სახლში, როცა მის ჯიბეში მანანას გამოგზავნილი ფული აღმოჩნდა (არადა, ავადმყოფ დედას წამლების შესაძენად საქორწინო ბეჭედი უნდა გაეყიდა. ეს ბეჭედი ერთადერთი ნივთი იყო ქმრისგან ნაჩუქარი, მეუღლე კი აფხაზეთის ომში დაიღუპა). არც ის მავიწყდება, როგორი ჟრიამულით შეჰქონდა ექვს ბავშვს ღატაკ, გამჭვარტლულკედლებიან სახლში სასაჩუქრე პაკეტი.

ყველა ფაქტის გახსენება ზედმეტია, ახლა უბრალოდ, მანანა მინდა გაგაცნოთ. ტრაგიკული შემთხვევის გამო, მამა-შვილის გარდა არავინ გადარჩენილა ოჯახიდან. ბიძა, ორი ბიძაშვილი, ბიცოლა, ბიძაშვილის ცოლი, მძღოლი (რომელიც ოჯახის ნათესავი იყო) ავტოკატასტროფას შეეწირნენ. მანანა ამ დროს მხოლოდ ცხრა წლის იყო. ამას თავად ემიგრანტი ასე იხსენებს:

"ჯერ იყო და, ყველა ერთად ატირდა და აკივლდა ირგვლივ, მერე ვიღაც ბრგე ვაჟკაცი მოვიდა, შიგ გულში, მთელი ძალით ატაკა ხელებში მოქცეული თავი მამას. მამა კი იყო თავისთვის, ჩუმად. სამძიმრის სათქმელად მოსული ლამაზი, ჭაღარა მოხუცი გააცილა თვალებით ჭიშკრამდე... მერე საშინელი დღეების თვლა დაიწყო. ჯერ ნელ-ნელა, ტანსაცმელი გაიტანეს სადღაც, მერე ავეჯი და ჭურჭელიც გაზიდეს. გულისწამღებად წიოდა სიჩუმე და უადამიანოდ დარჩენილ სიბნელეში იცრემლებოდა ოჯახის უკანასკნელი ჭირისუფალი - დედაბოძი!"

მერე იყო დედინაცვლის ცივი უბე, სკოლის მოსწავლეობა, ყმაწვილქალობა, სტუდენტობა და ქორწინება. მოხდა ისე, რომ შვილის გაზრდისთვის თითქმის მარტო იბრძოდა, მერე შვილიშვილზეც უნდა ეზრუნა და გასაჭირის სრულად დაძლევა მხოლოდ ემიგრანტის მძიმე შრომით შეიძლებოდა. ემიგრაციაში ადვილი არაა დამკვიდრება, სარჩევი არც სამსახურია და არც საკუთარი თავი უნდა გახსოვდეს. არ უნდა დაზოგო ძალა, რათა "რძეუხვ" ამერიკაში იშოვო ის, რის გამოც თითქმის ნახევარი საქართველო გახიზნულია.

მანანა ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო: ტანადი, ლამაზი და გონიერი გოგონა ყველას თვალში ხვდებოდა. კარგად წერდა. ერთხელ, ანა კალანდაძის ლიტერატურულ საღამოზე მოხვდა. გაბედა და თავისი ლექსი მიუძღვნა გამოჩენილ პოეტს. ანა გულისყურით უსმენდა თურმე. დასრულდა ლექსის კითხვა და მოულოდნელობამ დარბაზი გააოგნა: პოეტმა თეთრი მიხაკების თაიგული ჩაბღუჯა და სახალხოდ გადასცა გაწითლებულ ქალიშვილს. რუსთაველის პროსპექტზე იოსებ ნონეშვილთან შეხვედრაც ამაღელვებელი იყო - წერწეტა ქალიშვილით მოიხიბლა თურმე პოეტი, გააჩერა და ხელზე ეამბორა...

მანანას ასიოდე ლექსიდან რამდენიმე სიმღერად აქციეს. ბევრმა არც იცის, ამ პოპულარული სიმღერების ტექსტის ავტორი ვინაა, მაგრამ ამაზე ნაკლებად დარდობს ავტორი. ცნობილი ფაქტია, რომ ლექსები შემოქმედის გარეშეც არსებობენ. "ისეთი სიკვდილით მოგიკვდები", "სადმე წამიყვანა ნეტავ" და სხვა არაერთი ამღერებული ლექსი მომისმენია სხვადასხვა თაობის ადამიანისგან. სულ ბოლოს, ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტთა შვილების მიერ შესრულებული "სამშობლო" იყო, რომელსაც ვერავინ უსმენს გულგრილად და ბევრი გემოვნებიანი ადამიანი ამბობს, რომ ეს ლექსი თანამედროვე პატრიოტული ლირიკის მარგალიტია.

ნოსტალგიას მანანა ქართველების თანადგომით ებრძვის. ძნელია, არ მოგენატროს ლეჩხუმური კაწალკუწალები (ყოჩივარდები), უსახელოურის ვენახი, ცხენისწყლის ვიწრო ხეობა, გადაბრუნებული, გაზაფხულის ნესტითა და სითბოთი აფუებული ყანის ბელტები, ნისლიანი ქედები და მიწამდე დახრილი, ნაყოფით დახუნძლული ვაშლები... სოფლის შუშაბანდიანი სახლიც ენატრება მანანას, ქუთაისის "ბაგრატიც" და თბილისის ლურჯი მონასტერიც, მაგრამ შორია ფლორიდიდან საქართველომდე!

ესეც მანანას გულწრფელი ნათქვამია: "ვიცი, ახლა იტყვით და თუ არ იტყვით, გაიფიქრებთ მაინც, რას შეგვჭამა თავისი მონატრებითა და კრუსუნით? თუ ასე ენატრება, ჩავიდეს იმ თავის ლეჩხუმში და ჩვენც დავისვენებთ და ისიცო... რაც გინდათ ის იფიქრეთ და თქვით, მე მაინც უნდა ვთქვა: ჩემს ახალგაზრდობაში (სკოლის დამთავრებამდე), როცა ნამცხვრის ცხობა ვისწავლე, "ომმა" შემოაბიჯა ჩვენს სახლში. "მედოკი" და "ჩიტის რძე" რომ შემოვიდა, დავიწყე თხიპვნა (ასე ამბობდა მამაჩემი, - დეიწყო ახლა თხიპვნაო). ჯერ ჩუმად მიყურებდა, გაივლ-გამოივლიდა, დამაკვირდებოდა... მერე, ვეღარ ითმენდა და მეკითხებოდა: რამდენი შაქარი და თაფლი სჭირდება ამ შენს ნამცხვარსო? პასუხს რომ მოისმენდა, აი, მაშინ იწყებოდა "მესამე მსოფლიო ომი" ჩვენს სამზარეულოში.

"დაგვაქცია ამ ბოშმა", - შესჩივლებდა ჩემს დედინაცვალს და ჩემდა გასაკვირად, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, ნუციკო რომ მიცავდა: "ოღონდ მაგან რაცხა გააკეთოს და მაგას ვჩივი, შე კაცო?!"

სად იყო მაშინ ამდენი სახეობის შოკოლადი? პავიდლოიანი, ფოჩიანი კანფეტები იყიდებოდა კაკოია ჭოხონელიძის სურსათის მაღაზიაში, ნაირნაირები კი იყო: ნუშის, ქლიავის, ვაშლის... ცოტა მეტი ფუფუნება "კიბოს კისერი", "ირისი" და "ნუგა" გახლდათ. ზედა საფეხურზე და ჩემთვის საოცნებო ფასით იყო "მერცხალი", "დათუნია ჩრდილოეთში" და კიდევ ერთი-ორი სხვა... ჩემი სახლი ორსართულიანი იყო. ზამთარში პირველ სართულზე გვეძინა და ზაფხულში ზემოთ, შუშაბანდში... ერთი მხრიდან უზარმაზარი თეთრი თუთა იდგა. ფანჯრის გაღებისთანავე, ცერა თითის სიმსხო, სიმწიფისგან სიყვითლეში და იასამნისფერში გადასული თუთით დახუნძლულ ტოტს მოვიწევდი და ადგომამდე კარგად გამოვიბესკნებოდი. მეორე მხარეზე "ბაღავაშლი" და "ყინულის ვაშლი" იდგა... ოჰ, როგორ მიყვარდა გათენება... საწოლიდან გადავწევდი ხელს, მოვზიდავდი ტოტს და ფანჯრის რაფაზე დავბეჟავდი მკვახე ვაშლს... კარგად რომ ჩამუქდებოდა, მერე მივირთმევდი, ნუციკოს წყევლა-კრულვის თანხლებით. რატომ გიყვებით ამ ამბავს, იცით? ერთადერთი ვაშლის ხე დგას ჩემს სამსახურთან ახლოს, გაზონში. ჯერ კიდევ მწვანე ვაშლები ასხია. ისეთი ტკბილი, რომ დაჩეჩქვა არც უნდა და ერთმანეთს ვასწრებთ მე და ფრინველები შეჭმას. ბევრი ისე მაღალზეა, ვერ ვწვდები და შევყურებ შაქარასავით.

წეღან დიდი ტოტი ვიპოვე და ჩამოვაგდე რამდენიმე ნაყოფი. ჰოდა, ბავშვობა გამახსენდა... რა ბედნიერები ვიყავით თურმე. ახალგაზრდებო, თქვენთვის დამითმია ყველა უძვირფასესი შოკოლადი და ნამცხვარი! მე დაბეჟილი, მკვახე ვაშლის ჭამა მირჩევნია ყველაფერს..."

მანანა იშვიათად ჩამოდის საქართველოში, მაგრამ როცა ამას ახერხებს, მეგობრებს გუნდ-გუნდად შეკრებს ხოლმე და მასპინძლობს. ყველას სიყვარულსა და სითბოს უწილადებს, მერე ქართული გარემოთი დაპურებული, ისევ შორეული, მზიანი ფლორიდისკენ გასწევს, რათა თავის ოჯახსაც წაადგეს და არაერთს გაულამაზოს ახალი წელი, შობა თუ აღდგომა... არც თავად ახსოვს, რამდენს გამოუგზავნა წამალი ან წამლის ფული ამერიკიდან. მტკივნეულად განიცდის, როცა საქართველოში ავადმყოფობას ვერ ამარცხებენ და "უჟამოდ მოსთვლილ" ქართველებს საკუთარი ახლობელივით გამოიგლოვს. თავისუფალ დროს სოციალური ქსელით საქართველოს ყოფას ადევნებს თვალს. კარგად ხედავს, რამდენჯერ მოატყუეს ქართველები, - აი, ახლა გეშველებათო... შორიდან ძალიან საბრალო ჩანს საქართველოც და ქართველებიც, ამიტომ იშვიათად იღიმის. არადა, თითქოს ყველაფერი აქვს მანანას ამერიკაში: კომფორტული სახლი, ავტომობილი, ღია აუზი, დაზღვევა, გარანტირებული ხვალინდელი დღე, მაგრამ ის გემოკეთილობა მაინც არ ჩანს არსად, ბალღობის დროს დაბეჟილი ვაშლის წვენს რომ მიჰყვებოდა ყელში.

როლანდ ხოჯანაშვილი