"ვაჟიშვილი" გოჭები და ენამოსაჭრელი დედამთილები თბილისის ბაზარში - გზაპრესი

"ვაჟიშვილი" გოჭები და ენამოსაჭრელი დედამთილები თბილისის ბაზარში

შესაძლოა, მომეჩვენა, მაგრამ თბილისის ბაზარში ახალი წლის სამზადისი წელს საკმაოდ მდორედ მიედინება. ასეთი ცარიელი ბაზარი არასოდეს მინახავს. ადრე თუ გოჭისა და ინდაურის სექციებში რიგები იდგა, ახლა იქ კანტიკუნტად თუ მიმოდიოდნენ კლიენტები. არც ხილ-ბოსტნეულის სექცია იყო ხალხმრავალი. ამ თემას გამყიდველებიც აქტიურად განიხილავდნენ და ყველაფერს ლარის გაუფასურებას აბრალებდნენ.

პირველად სწორედ ხილ-ბოსტნეულის სექციებს ვეწვიე, სადაც ყველაზე თვალში მოსახვედრი ნიგვზის უხვი რაოდენობა იყო. აბსოლუტურად ყველა მათგანს რაჭული ნიგოზი ეწერა და მათი ფასი 26-დან 30 ლარამდე გახლდათ. მხოლოდ ერთ ქალბატონს ჰქონდა თიანეთის ნიგოზი და 20-22 ლარს აფასებდა. ნეტავ შესაძლებელია, რომ რაჭაში ამდენი ნიგოზი მოდიოდეს? ან საქართველოს სხვა კუთხეებში ნიგოზი არ მოდის, თუ გლეხს ფული არ სჭირდება და საკუთარ მოსავალს არ ყიდის? შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, იმის გამო, რომ რაჭის ნიგოზი საუკეთესო ხარისხისაა, ყველა თავის ნიგოზს "რაჭულს" აწერს, რათა უკეთეს ფასად გაყიდოს. ზუსტად იგივე სიტუაციაა მანდარინზეც. ყველა მათგანს ხეთის მანდარინი აწერია და ფასი 1 ლარიდან 1,50 ლარამდე მერყეობს.

ბავშვთა სამყაროს კიბეზე ერთი კაცი იდგა და ხმამაღლა ყვიროდა, ძალიან კარგი დანები მაქვს, ბასრი, ერთ ლარადო. გვერდით რომ ჩავუარე, დაიძახა, - იყიდე, გოგო დანა, ძალიან ბასრია, წამში ჭრის დედამთილის ენას, ლარში დედამთილს მოიშორებო. ჩემ უკან მომავალ მამაკაცს კი უთხრა, - სიდედრის მწარე ენას ჭრისო. არც მე და არც იმ მამაკაცს მისი ხუმრობა არ მოგვეწონა და დანებით არც კი დავინტერესებულვართ. საინტერესოა, ასეთი უკბილო ხუმრობა სხვა კლიენტებზე თუ ჭრის და მისგან დანას ვინმე თუ ყიდულობს?

ბავშვთა სამყაროს წინ მსხდომ ყველის გამყიდველებთან კარგი აღნაგობის, გაპრანჭული ქალები მივიდნენ და ყველი დააფასებინეს, გასინჯეს კიდეც და ორი კილოც იყიდეს. რომ წავიდნენ, პუტკუნა გამყიდველმა ქალმა ხმამაღლა თქვა, - რა გამხდრები არიანო. გვერდით მდგომმა გამყიდველმა მამაკაცმა უპასუხა: - ეგენი მთელი დღე ყავასა და სიგარეტზე არიან, განა შენსავით სულ ხაჭაპური უჭირავთ ხელშიო. - მე რომ ხაჭაპური მიჭირავს და ცოტა მსუქანი ვარ, ნეტავ, რითი მჯობიან ეგენი? - ბუზღუნით ჩაილაპარაკა პუტკუნა ქალბატონმა.

გადავწყვიტე, გოჭებისა და ინდაურების სექციას ვწვეოდი და იქაური ფასები და სიტუაცია გამერკვია. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს სექცია ხალხმრავალი არ იყო. ინდაურის გამყიდველები დანახვისთანავე გარს შემომეხვივნენ და სხვადასხვა ზომისა თუ ფასის ინდაურს მაწონებდნენ. როგორც გავარკვიე, მათი ფასი 70-დან 100 ლარამდეა. ერთ-ერთ გამყიდველს ვთხოვე, თქვენს ინდაურებს ფოტოს გადავუღებ-მეთქი. სიამოვნებით დამთანხმდა, ოღონდ, იმ პირობით, რომ კადრში მას არ გამოვაჩენდი. ფოტოს გადაღებისას ჩავილაპარაკე, - რას ჰგავს-მეთქი (ინდაური ვიგულისხმე). - როგორ გეკადრება, გენაცვალე. რას ჰგავს და ინდაურს, თანაც საკმაოდ მსუქანი და ხორციანი ინდაურია. ამის ფასი 90 ლარია და ამაზე "რას ჰგავს" უნდა თქვა? - გამყიდველს ინდაურის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოვუხადე და ვკითხე, მის ოჯახში საცივს თუ ამზადებდნენ: - რასაკვირველია, საცივისა და გოჭის გარეშე, მაშ, რა ახალი წელია? საცივიც აუცილებლად მაქვს, გოჭიც და გოზინაყიც, კიდევ სხვა რაღაცებიც. რასაც ახალი წლის წინა დღეებში ბაზარში ვაჭრობით ვშოულობ, ის ფული მერე საახალწლო სუფრის სამზადისში მიდის. მე რა მიჭირს, შვილო, - მოლბა გამყიდველი, - პენსიონერებმა იკითხონ. პენსიის კაპიკები რომ გამოაქვთ და გოჭისა და ინდაურის თითო ნაჭერს რომ ყიდულობენ. ზოგს ამ თითო ნაჭრის ყიდვის საშუალებაც არა აქვს. წლებია, გოჭი გაუსინჯავთ კი არა, მისთვის თითიც არ დაუკარებიათ და სუნიც არ უგრძნიათ. არ იცი, რა დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ? - გამენდო ინდაურების "პატრონი".

"უპასპორტოდ" დარჩენილი გოჭებისკენ გადავინაცვლე. შესაძლოა, ადრეც იყო, მაგრამ წელს პირველად შევნიშნე, რომ გოჭის გამყიდველები კლიენტებს სთავაზობენ, სურვილის შემთხვევაში, შემწვარ გოჭს პირდაპირ სახლში მიართმევენ. ერთ-ერთ დახლთან გავჩერდი და გოჭი დავაფასებინე.

- ახლა შენ ნამდვილად გოჭი გინდაო? - ეჭვით შემათვალიერა გამყიდველმა. გამოვუტყდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და გოჭის მხოლოდ ფასი მაინტერესებდა. - ამათი ფასი 90 ლარიდან არისო, - გულწრფელად მიპასუხა გამყიდველმა, 30-31-ში 150 ლარიდან დაიწყებაო. - ასე რატომ ძვირდება, ესეც დოლარის გაძვირებას ხომ არ უკავშირდება-მეთქი? - არ ყოფილხარ შენ კარგი ჟურნალისტიო, - დამიწუნა კვალიფიკაცია "მეგოჭემ". - მე ამ გოჭებს გლეხისგან ვყიდულობ. ფასებსაც იმის მიხედვით ვადებ, გლეხი რა ფასში მომყიდის. თუ ის ძვირად მომცემს, მეც ხომ ძვირად უნდა გავყიდო? რა გგონია, თითო გოჭში 5-10 ლარი მრჩება, მეტი კი არა. თანაც, დოლარის გაძვირებაა მთავარი, აბა, რა არის. გოჭს არ ვყიდულობთ დოლარზე, მაგრამ იმ გლეხს ათასი რამის ყიდვა უნდა, რომლებიც დოლარის გამო გაძვირებულია, შესაბამისად, თავის საქონელსაც აძვირებს. ის აძვირებს და მეც ვაძვირებ. ყველაფერი ასე ერთმანეთზეა დამოკიდებული. შენ რამდენი დიპლომი გაქვს? - შეკითხვა უკან დამიბრუნა.

- მხოლოდ ერთი, - დარცხვენით ვუპასუხე: - სამაგიეროდ, სამი შვილი მყავს, - მოვნახე გამოსავალი.

- უფ, ე.ი. 4 დიპლომი გქონია. მაგაზე კარგი და მნიშვნელოვანი დიპლომები რაღა უნდა გქონდეს. მოდი, შეარჩიე გოჭები, შენი შვილებისთვის უნდა გაგატანო. - ალალად მითხრა. მადლობა გადავუხადე, რასაკვირველია, გოჭზე უარი ვთქვი და ფოტოს გადაღება ვთხოვე. - მარტო გოჭებს რატომ, მეც გადამიღეო, მითხრა და თავისი გოჭების ფონზე ბედნიერი სახით დადგა.

შემდეგი სექციისკენ გადავინაცვლე, თუმცა იქ მისვლა ერთმა ქალბატონმა დამასწრო, დახლზე დადებულ გოჭს ხელი ალერსით გადაუსვა და იკითხა: - ეს გოჭი დედალია თუ მამალი?

- დედალია, ქალბატონო, აი, ამის "პასპორტი" - უთხრა გამყიდველმა და გოჭის სასქესო ორგანოზე თითით მიანიშნა. - ნახეთ, როგორი ხორცი აქვს, ამ გოჭს დაჭრილს ვყიდით და კილოს 9 ლარად მოგცემთ. ასეთ ხორცს ვერსად ნახავთ, სულ ახალია. - აქებდა გამყიდველი ქალბატონი. მის გვერდით ერთი კაცი იდგა, ალბათ მისი მეუღლე და ქალს მხოლოდ თავის დაქნევით ეთანხმებოდა. მას ჩუმად შევეკითხე, - დედალსა და მამალ გოჭის ხორცს შორის რა სხვაობაა, ეს ქალი ასე რატომ კითხულობს-მეთქი? - მამალი გოჭი "ქალებში" რომ დაიწყებს სიარულს, მერე იმის ხორცს ცუდი სუნი ასდისო, - გამანათლა მამაკაცმა. - მამალი გოჭი იყიდება? - დავინტერესი. - კი, ეს გოჭი მამალია, სულ პატარაა, ნახე, როგორი ხორცი აქვს, 90 ლარში მოგცემ. 31-ში ეს 120 ლარი მაინც ეღირება. - და გარანტიას როგორ მომცემთ, რომ ამ გოჭს "ქალებში" ჯერ არ უვლია?

- რას ამბობ, ეს ვაჟიშვილია, ძუძუს გოჭია. - აღშფოთდა გამყიდველი, - ორი კვირის არის, "ქალებში" სიარულის ამან რა იცის, ჯერ ისევ დედის ძუძუზე იყო, რომ დაკლეს. - საწყალი. - გულწრფელად შემეცოდა გოჭი და სასწრაფოდ ტკბილეულის დახლისკენ გადავინაცვლე.

ჩურჩხელა 1.5 ლარიდან სამ ლარამდე ღირს, თუმცა ამ სექციაში მყიდველი კანტიკუნტადაც კი არ იყო.

- გეყიდებათ ჩურჩხელა? - გულწრფელად დავინტერესდი.

- როგორ გითხრათ, აბა. ძირითადად, მაღაზიებზე ვმუშაობთ. ამ ჩურჩხელებს ჩემი ცოლი აკეთებს, შესაბამისად, საბითუმო ფასები გვაქვს. ამიტომ, ჩვენგან მაღაზიები ყიდულობენ და მერე ისინი ყიდიან. ჩვეულებრივი ადამიანები კი ორ-სამ ცალს თუ იყიდიან, ისიც იშვიათად, რადგან საშუალება არა აქვთ. ამბობენ, წინასწარ რომ ვიყიდოთ, ახალ წლამდე ბავშვები შეგვიჭამენო. - სინანულით გამენდო ჩურჩხელის გამყიდველი.

ტკბილეულიდან საჩუქრების სექციაში გადავინაცვლე, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ნაძვის ხეების გარშემო ტრიალებდა. როგორც გავარკვიე, ნაძვის ხეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 195 ლარამდეა. გამყიდველი აქაც ენაწყლიანი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თურმე შარშან ამ ჩინური ნაძვის ხის ასაღები ფასი საშუალოდ, 35 ლარი იყო. ახლა იმავე ზომის ნაძვის ხის ასაღები ფასი 55 ლარია და აქ 60-65 ლარად იყიდებაო. ამავე ხეების მოსართავების ფასებიც 50 თეთრიდან იწყება. ყველაზე მეტი მყიდველი კი სათამაშოების სექციაში ვნახე. როგორც ჩანს, თოვლის პაპის მომლოდინე პატარებს, სულ არ აღელვებთ დოლარის კურსის ცვალებადობა. ფანტაზიას არ უჩივიან და სანატრელ პაპას ათას რამეს აბარებენ, მიუხედავად მისი ფასისა თუ ხარისხისა. "თოვლის პაპა" მშობლები კი სექციიდან სექციაში გადადიან და ცდილობენ, სასურველი ნივთი შეიძინონ, რომ შვილებს ახალი წლის ღამეს ნაძვის ხის ქვეშ სანატრელი სათამაშო დახვდეთ და მათ ცნობიერებაში თოვლის პაპას ლამაზი ზღაპარი კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს...

ნათია ჟივიძე