"შე­მო­დი­ო­და ჩი­ჩი­ლა­კე­ბით ჩვენ­ში კა­ლან­და..." - გზაპრესი

"შე­მო­დი­ო­და ჩი­ჩი­ლა­კე­ბით ჩვენ­ში კა­ლან­და..."

- ახალი სტილით - 1-ელ იანვარს, ხოლო ძველი სტილით - 14 იანვარს. თანამედროვე ქართველები 14 იანვარს "ძველით ახალ წელს" უწოდებენ, ძველად კი, კალანდას ეძახდნენ. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ხალხი ადრეც დიდი სიყვარულით აღნიშნავდა და დღესაც აღნიშნავს. კალანდა ჩიჩილაკის გარეშე წარმოუდგენელი იყო და დღესაც ასეა. ჩიჩილაკს დღემდე "ქართულ ნაძვის ხეს" უწოდებენ, რადგან ის ახალი წლის თავისებურ სიმბოლოს წარმოადგენს. ჩიჩილაკის გამოთლისა და მორთვის ტრადიცია იმერეთშიც ჰქონდათ, ზოგჯერ მას ენდროთიც ღებავდნენ და ათასნაირად რთავდნენ. როგორც უმეტესობა ქართული ტრადიციებისა, ჩიჩილაკიც ქრისტიანულ სიმბოლიკას უკავშირდება, კერძოდ, წმინდა ბასილი დიდის სახელს. გურიაში ჩიჩილაკს "ბასილის ფაფუკ წვერებსაც" ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი - "ბასილის პურს".

გურული კალანდა

გურიაში კალანდის შესახვედრად ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ. სულხან-საბა წერს, რომ კალანდა წლის თავია, ამიტომ ამ დღეს შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდო ღორი და ფრინველები, იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები, ხაჭაპურები და უტკბილესი ნაზუქები, კეთდებოდა საცივი... ამას თან ემატებოდა ტკბილეული, ღვინო და ეწყობოდა ნაირ-ნაირი ნუგბარით სავსე საკალანდო ტაბლა. დღესასწაულს ოჯახი ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. შემოვიდოდა კალანდა და პირველი სადღეგრძელო ოჯახში მშვიდობისა უნდა ყოფილიყო. გასულ საუკუნეებში გურიასა და სამეგრელოში ჩამოყალიბდა ტრადიცია - საახალწლოდ ოჯახში აუცილებლად დაედგათ ჩიჩილაკი, რომელიც ახალი წლის სიმბოლოდ მიაჩნდათ. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. XXI საუკუნის საქართველოში ჩიჩილაკი სულ უფრო პოპულარული ხდება და შობა-ახალი წლის დღეებში თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკი გახლდათ.

ჩიჩილაკის თანამედროვე ოსტატები

ჩიჩილაკის ოსტატები საქართველოში დღესაც ცხოვრობენ. ოზურგეთის რაიონში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ოჯახით არის ჩართული ამ საქმეში. მათ შორის უნდა დასახელდეს სოფელ მაკვანეთის მკვიდრი გიზო თოიძე, რომელიც უკვე 80 წლისაა. ბატონი გიზო ამბობს, რომ ჩიჩილაკის გამოთლა მამამ ასწავლა: მამამისი, გერმანე თოიძე ჩიჩილაკებს ჯერ თავისი ოჯახისთვის გამოთლიდა, მერე მთელ სოფელს შემოუვლიდა და მეზობლებს ამარაგებდა. მამის ტრადიცია შვილმა განაგრძო, ახლა კი ჯერი მის შვილიშვილებზეა, რომლებიც დიდი სიყვარულით ამზადებენ საახალწლო ჩიჩილაკებს. თოიძეები ამბობენ, რომ ჩიჩილაკის გამოთლა და მორთვა-მოკაზმვა ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

როგორ მზადდებოდა ჩიჩილაკი ძველად

ჩიჩილაკს თხილის მსხვილი ჯოხისგან ამზადებდნენ. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ, კანს გააცლიდნენ და ბასრი დანით ბოლოდან წვერისკენ თხელი ბურბუშელების ათლას იწყებდნენ, მერე კი ამ ბურბუშელებს აკეცავდნენ. აკეცილ ბურბუშელებს ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და ძირზე სადგარს უმაგრებდნენ. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის ფორმით ჩასვამდნენ წამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს, ან ორ ვაშლს. ადრე ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, სამკაულებს, ფერად ძაფებს, მძივებს, ფოჩიან კანფეტებს და სხვ... კალპი ჩიჩილაკის განუყოფელი ატრიბუტი იყო - ეს გახლავთ მარადმწვანე სუროსა და წითელმარცვლიანი კურკანტელის ლერწებისგან მოწნული რგოლი, რომელსაც ჩიჩილაკის ზემოთ, ბურბუშელის შეკრების ადგილას დგამდნენ. კალპზე დებდნენ ყველითა და კვერცხით შეზავებულ გულამოჭრილ კვერცხს, ხოლო ზემოდან ადგამდნენ ყვინჩილებიან ჯვარს. ეს საყოველთაო წესები გახლდათ, თუმცა, დღევანდელი ოსტატები, მათ შორის გიზო თოიძეც, ჩიჩილაკს უფრო მარტივი წესით ამზადებენ. ბატონი გიზოს ხელი ისე აქვს გაწაფული, რომ ჩიჩილაკს ნედლი თხილის ჯოხისგანაც კარგად თლის.

საუკუნეების სიღრმიდან წამოსული ტრადიცია

გიზო თოიძე ჩიჩილაკისთვის საჭირო მასალას ტყეში ეძებს. ველური თხილის ჯოხებს ჭრის და ოჯახში მიაქვს. ჯერ კანს აცლის და მერე თლის. ამისთვის სპეციალური, მოკაუჭებული დანაა საჭირო. ახალმოჭრილი, ნედლი ტოტი უნდა გათალო იმიტომ, რომ ხმელი არ ითლება. ჩიჩილაკს სპეციალური ფეხებიც უნდა ჰქონდეს. გიზო თოიძე ჯერ იმ ფეხებს ამზადებს, ბოლოს კი ჩიჩილაკს თავზე ჯვარს ადგამს. მერე მას ისე რთავენ, როგორც სურთ, მაგრამ ჩიჩილაკს ყოველთვის უნდა ამშვენებდეს კურკანტელის მარცვლები, ასევე, სუროს ლამაზი ფოთლები. ზოგიერთ ოჯახში მასზე კანფეტებს, ვაშლს და მანდარინსაც ჰკიდებენ. ყველა ნივთსა და მცენარეს, რომლებითაც ჩიჩილაკი ირთვება, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და უმთავრესად ოჯახის სიმრავლეს, სიძლიერეს გამოხატავს. ახალი წლის დღეებში ჩიჩილაკი ისევე აუცილებელია, როგორც ნაძვის ხე. ამიტომ, გურიასა და მთელ საქართველოში ნაძვის ხეს ხშირად უმშვენებს გვერდს თოვლივით თეთრი, ლამაზად მორთული ჩიჩილაკი. ნათლისღების წინაღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავენ და სჯერათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი თან წაიღებს. ეს საუკუნეების სიღრმიდან წამოსული ტრადიციაა, რომელიც ხალხს მართლა სჯერა.

ხათუნა ჩიგოგიძე