ცხოვრება სამომხმარებლო კალათასა და საარსებო მინიმუმს შორის - გზაპრესი

ცხოვრება სამომხმარებლო კალათასა და საარსებო მინიმუმს შორის

სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს, რომ შემოსავალი თვიდან თვემდე არ ჰყოფნის, - ხელფასით მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს იხდის და ხშირად, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტების შეძენასაც ვერ ახერხებს.

ჩვენი რესპონდენტი, 57 წლის ნანული გუგავა პედაგოგია. მისი თქმით, ოჯახის მთავარი საზრუნავი საკვებია და თანაც მხოლოდ იმ პროდუქტებს ყიდულობენ, რაც აუცილებელია, - "პური, შაქარი, ზეთი, ბოსტნეული და მხოლოდ კვირაში ერთხელ რძისა და ხორცის ნაწარმი. მეტს მართლა ვეღარაფერს ვწვდებით, ყველაფერი ძალზე ძვირია. საკვები და გადასახადები - სხვა რამეზე ფიქრიც ზედმეტია ჩვენი შემოსავლით. ყოველდღიურად გვიწევს იმაზე ფიქრი, თავი როგორ გავიტანოთ".

პრობლემა, რომელზეც ჩვენი რესპონდენტი საუბრობს, სულ უფრო მეტი ადამიანის სატკივარი გახდა და მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი უარესდება. მოსახლეობა იძულებულია, თავისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი საკვებზე დახარჯოს. საკვებ პროდუქტებზე გაწეული ხარჯი სულ უფრო და უფრო იზრდება...

რისგან შედგება მინიმალური სამომხმარებლო კალათა?

მინიმალური სამომხმარებლო კალათა იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც ადამიანს არსებობისთვის ესაჭიროება. ჩამონათვალი 288 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, რაც თავის მხრივ, დაყოფილია ჯგუფებად, რომელთაც სხვადასხვა წონა აქვს მინიჭებული. ასე მაგალითად, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს სამომხმარებლო კალათაში 30,3% უჭირავს, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5,5%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2,6%, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი - 8,2%, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა-შეკეთება - 5,1%, ჯანმრთელობის დაცვა - 7,5%, ტრანსპორტი - 12,8%, კავშირგაბმულობა - 5,6%, დასვენება, გართობა და კულტურა - 6,8%, განათლება - 6,1%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 4,4%, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5%.

სასურსათო ჯგუფში 90-მდე დასახელების პროდუქტი შედის, რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება. სია და მოხმარების დღიური რაოდენობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2003 წლის 8 მაისის ბრძანებით დაამტკიცა.

რამდენია საარსებო მინიმუმი?

შესაძლებელია თუ არა ამ მინიმუმით ცხოვრება და რამდენად ემთხვევა ის მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებს?

საარსებო მინიმუმის დასადგენად, მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულებას საქართველოს ხუთი ქალაქის ფასების საფუძველზე ითვლიან, - ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. საქმე ის არის, რომ საარსებო მინიმუმი არც კომუნალურ ხარჯებს მოიცავს და არც აუცილებელი მოხმარების საგნების ღირებულებას.

2016 წლის დასაწყისში, სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტების მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 164,2 ლარს შეადგენდა. სავარაუდოდ, ეს თანხა საკმარისია ნორმალური კვებისა და ყოველდღიურად 2 300 კალორიის მისაღებად, ასევე პირველადი მოხმარების - ჰიგიენის, ტრანსპორტის, კომუნალური გადასახადებისა და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სპეციალისტები საარსებო მინიმუმს ორ ნაწილად ყოფენ: სამომხმარებლო კალათაში, რომელშიც გამოთვლილია, თუ რამდენი გრამი საკვები უნდა მივიღოთ, რომ ვიარსებოთ, 40 დასახელების პროდუქტი შედის და მასზე საარსებო მინიმუმის 70%-ია გათვალისწინებული. უფრო კონკრეტულად, ყოველთვიურად კვებისთვის 114,9 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად - 49,3 ლარია გათვალისწინებული. საშუალო მომხმარებლისთვის - საარსებო მინიმუმმა წლის დასაწყისში 145,5 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისთვის კი 275,5 ლარი.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გალარების შემდეგ ვითარება თანდათან გამოსწორდება, რასაც ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი არ ეთანხმება. ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ, ლადო პაპავას თქმით, - მთავრობა ფუჭ დაპირებებს იძლევა და როგორც თავად ამბობს, - "ლარიზაციის გეგმის რეალიზაციით დოლარიზაციის კოეფიციენტი საქართველოში დაიკლებს ანუ დოლარებში ტრანზაქციების წილი შემცირდება, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სარგებელს მოუტანს ლარის კურსით შეწუხებულ მოსახლეობას... მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვა, რომ გალარების გეგმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არანაირ სარგებელს არ მოუტანს".

ნოდარ ჭიჭინაძე, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი:

- მოსახლეობის დიდი ნაწილი 80-90% თავისი შემოსავლების ძირითად ნაწილს, დაახლოებით 75%-ს მთლიანად სასურსათო პროდუქტზე ხარჯავს. ფასების ზრდის პირობებში, მოსახლეობას სასურსათო პროდუქტებზე ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა. გარდა ამისა, მონოპოლიური სექტორების ფაქტორი გადამწყვეტია, ხელოვნურად არის გაბერილი მთელ რიგ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ, დაიჭირონ მაღალი ფასი და ესეც ინფლაციის ერთ-ერთი მასტიმულირებელია.

ლალი პაპასკირი