ვინ ლობირებს თამბაქოს ბიზნესს ახლანდელ მთავრობაში? - გზაპრესი

ვინ ლობირებს თამბაქოს ბიზნესს ახლანდელ მთავრობაში?

თამბაქოს მავნებლობის შესახებაც არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები მაინც ეწევიან, უფრო მეტიც, როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი - გიორგი ბახტურიძე ამბობს, ამ მხრივ, ევროპის მასშტაბით პირველები ვართ, რადგან ჩვენი მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი მწეველია.

- წლების განმავლობაში ასე გრძელდება და შედეგიც შესაბამისი გვაქვს: 8-10 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების გამო წელიწადში 8 ათასი ადამიანი იღუპებოდა, დღეისათვის ეს ციფრი უკვე 11 ათასამდეა ასული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2025 წელს ეს რიცხვი საქართველოში 18 ათასი იქნება. ჩვენი მოსახლეობის ღარიბი ნაწილის შემოსავლის ნახევარი თამბაქოს შესაძენად იხარჯება, ხოლო ჩვენი მწეველები თამბაქოს ინდუსტრიას ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარს ჩუქნიან, თანაც ამ სფეროში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილიც საკმაოდ მაღალია. იმის მიუხედავად, რომ ამ უსამართლობას წლების განმავლობაში ვებრძოდით, შედეგი მაინც სავალალოა. ასე მაგალითად, 2003 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, დიდი ბრძოლის შემდეგ მიიღეს კანონი "თამბაქოს კონტროლის შესახებ", მაგრამ ეს საკმაოდ სუსტი კანონი აღმოჩნდა: თუ ერთ მუხლში იკრძალებოდა სკოლებსა და სხვა ორგანიზაციებში სიგარეტის მოწევა, მეორე მუხლში ეწერა, რომ უნდა გამოეყოთ ცალკე ადგილი მწეველებისათვის. ეს იყო ნონსენსი. კიდევ უფრო გართულდა სიტუაცია წინა მთავრობის პერიოდში, რადგან კახა ბენდუქიძემ მოახერხა ამ დარგის აბსოლუტური დერეგულაცია და გატარდა რეფორმები, რომლის გამოც თამბაქოს ნედლეულზე კონტროლი სავსებით მოიშალა. შედეგად, თამბაქოს ინდუსტრია სრულიად უკონტროლოდ დარჩა.

- ამ უკონტროლობას ქვეყანაში უხარისხო თამბაქოს შემოტანა ხომ არ მოჰყვა?

GzaPress- პირველ რიგში გეტყვით, რომ უხარისხო და ხარისხიანი თამბაქო არ არსებობს, რადგან ყველა სიკვდილს იწვევს, თუმცა გააჩნია, რა სახის ქიმიური დანამატებია მასში შერეული. როდესაც ქვეყანაში შემოდის გენმოდიფიცირებული და სტანდარტებს შეუსაბამო ნედლეულისაგან დამზადებული თამბაქო, რომელიც დაბინძურებულია რადიოაქტიური ნივთიერებებით, ბუნებრივია, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. როგორ შეიძლება, იმპორტირებული ან ადგილობრივი წარმოების თამბაქო არ კონტროლდებოდეს? ე.წ. უხარისხო თამბაქომ შეიძლება უფრო მალე გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ფილტვისა და ხორხის კიბო, ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.

- ვინ ქმნიდა ბარიერს, რომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლი არ განხორციელებულიყო?

- ყველაზე დიდი ბარიერი თამბაქოს კონტროლის განხორციელების გზაზე ყოველთვის იყო თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც თავისი ლობისტების საშუალებით აღწევდა მიზანს. ერთ-ერთი გამორჩეული ლობისტი წინა მთავრობაში იყო კახა ბენდუქიძე. შემდგომ უკვე ეკონომიკის სამინისტრო ქმნიდა ამ ბარიერს: მაშინდელ ჩინოვნიკებს შორის ამ "ასპარეზზე" ჩანდა მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი, ძმასთან ერთად. ამავე ჯგუფის წევრი გახლდათ მაშინდელი პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მელაძეც. ეს გუნდი იმ თამაშს თამაშობდა, რომელსაც არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირებოდა. თამბაქოს ადგილობრივი წარმოება "ნაციონალების" ხელში მოექცა და დაიწყო წილების გადანაწილება მათთვის სანდო ბიზნესჯგუფებში, ხოლო შემდეგ - ამ ბიზნესის მართვა და პარტიული ინტერესებისათვის გამოყენება. ამ სფეროს წარმომადგენლებს იბარებდნენ კაბინეტებში და წილებს ათმობინებდნენ, სანაცვლოდ კი, თამბაქოს ინდუსტრია იმდროინდელ მთავრობას მსხვილი "შესაწირებით" ამარაგებდა. "შემომწირველები" იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები. 2006 წელს სააქციზო გადასახადიც შეამცირეს, რასაც აქტიურად ლობირებდა ბენდუქიძე და მისი ჯგუფი. თამბაქოს კომპანიებს პრაქტიკულად, სასათბურე პირობები შეუქმნეს, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება ენახათ და არალეგალური შემოსავლები მაღალი რანგის ჩინოვნიკების ჯიბეებში დალექილიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ 2006 წელს გამოვაქვეყნეთ "სიკვდილის ლობისტების" სია, რომლის სათავეშიც იყვნენ კახა ბენდუქიძე, გია ხუროშვილი, გიორგი მელაძე და სხვა მაღალჩინოსნები. ეს - ვინც ჩანდა, თუმცა, მათ უკან იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის ძმა, გიგი უგულავა და მისი თანამოაზრენი, რომლებსაც თავიანთი ინტერესები ჰქონდა თამბაქოს ბიზნესში. ამ გუნდთან წლების მანძილზე დიდი ბრძოლა გვიხდებოდა. სხვათა შორის, ერთადერთი, ვინც მხარს გვიჭერდა, იყო გიგი წერეთელი. 2011 წლის მაისში ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომლის მოთხოვნები დღემდე არ შესრულებულა. ერთადერთი, რაც გაკეთდა, ეს გახლავთ გამაფრთხილებელი წარწერების დატანა კოლოფზე და ისიც მინიმალური მოცულობით.

- როგორც ამბობთ, თამბაქოს ბიზნესს დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკონტროლებენ...

- დიახ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება: თამბაქოს ინდუსტრიის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური წარმოება აბსოლუტურად მართვადია ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ეს ტენდენცია გაგრძელდა "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც. თანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს აზარალებს, მის წარმომადგენლებს კი ათმაგი მოგება რჩებათ. ახლავე აგიხნით, როგორ: შემოაქვთ განადგურებას დაქვემედებარებული ნედლეული ან საქონელი. აქ მიმდინარეობს მისი ხელახლა დამუშავება და ლამაზად შეფუთვა, რის გამოც თამბაქოს კომპანიების მოგება ორმაგი ან სამმაგი კი არა, ათმაგი და ოცმაგია. ბოლო წლებში თამბაქოს ადგილობრივი წარმოება იყენებდა თურქეთიდან შემოტანილ ნედლეულს, რომელიც ორი სახისა იყო: ის, რომელსაც შენახვის პირობები დაერღვა - დანესტიანდა, დალპა, ან დაობდა და უკვე განადგურებას იყო დაქვემდებარებული და მეორე - ნედლეული, რომლის ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობა, რადიაციული ფონი, მძიმე მეტალების შემცველობა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. ასეთი სახის განადგურებას დაქვემდებარებულ ნედლეულს ტონობით ყიდულობდნენ, თანაც მასში ცენტებს იხდიდნენ. რა ხდება დღეს? - ძირითადი ნედლეული შემოდის ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებიდან, ეს არის აბსოლუტურად გენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომელიც თამბაქოს ფოთლებისაგან კი არ არის დამზადებული, არამედ ნარჩენებისაგან, მერე ამ ნარჩენებს ემატება 180-მდე სხვადასხვა ქიმიური დანამატი, რომელიც სიგარეტს სასიამოვნო გემოს ანიჭებს და ადამიანს ჰგონია, რომ ეს არის ნამდვილი, სურნელოვანი, გემოთი გაჯერებული თამბაქო.

- გამოდის, რომ ეს ხალხი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე გამდიდრდა?

- დიახ, და ასე გრძელდება დღესაც. ამ საქმის ძირითადი ლობისტი კვლავაც არის ეკონომიკის სამინისტრო, სადაც ბენდუქიძისა და მათი პოლიტიკური გუნდის გავლენა დღემდე შენარჩუნებულია. ეს არის ორგანიზებული, ერთიანი ჯგუფი, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება. სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობის ერთი ნაწილიც მოექცა ძველი ჩინოვნიკების ზეგავლენის ქვეშ. ლობირების პროცესში აშკარად გამოჩნდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მატკავა. ახლა უკვე მის ფუნქციებს ითავსებს ჯანელიძე და დეპარტამენტის უფროსი, ლალი ღოღობერიძე, რომლებიც ამ ჯგუფის ინტერესების დამცველები გამოდიან. ისინი ერთობლივად ცდილობენ დროის გაწელვას, რომ პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი, უფრო სამართლიანი და ადვილად აღსრულებადი კანონი არ მიიღოს. ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ჩვენ მიერ მოწონებული საკანონმდებლო პაკეტი არ მოხვდეს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე და მისი განხილვა საშემოდგომოდ გადაიდოს. აშკარაა, რომ ეს იყო აბსოლუტურად კრიმინალიზებული ბიზნესი, რომელსაც მთავრობის მაშინდელი ჩინოვნიკები მართავდნენ და ეს ერთობა დღესაც გრძელდება.

- ბატონო გიორგი, ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა სააქციზო გადასახადის გაზრდას. რით ახსნით ამ ფაქტს?

- დიახ, ეს გადასახადი გაიზარდა 15 თეთრით, თუმცა საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით, სულ მცირე 40 თეთრით უნდა გაზრდილიყო. აქციზის ზრდა საჭიროა იმიტომ, რომ თამბაქოს მოხმარება შემცირდეს. თანაც, ეს მოხდა არჩევნების წინა დღეებში და ისეთი სურათი დახატეს, თითქოს ქვეყანა იქცეოდა, დაიწყო შავი პიარი, თუ რა ელოდათ მწეველებს. სინამდვილეში რა მოხდა? - 1-ელ სექტემბერს გაიზარდა გადასახადი და სიგარეტიც მაშინვე გააძვირეს 20-25 თეთრით, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში სრული ნონსენსია. ფასი ხელოვნურად გაზარდეს, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ იყო ძველი, იაფად შეძენილი პროდუქცია, ამიტომ, სიგარეტის ფასი უნდა გაზრდილიყო 2-3 თვის მერე, როცა ეს მარაგი ამოიწურებოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ სიტუაცია დაეძაბათ და მოსახლეობაში გაღიზიანება შეეტანათ. ამ პიარ-აქციას კი სათავეში მოექცა გიგი უგულავა. საერთოდ, სიგარეტი არ უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ბავშვებისა და მოზარდებისათვის და ამ მიზნით, მთავრობამ ყოველწლიურად უნდა გაზარდოს სააქციზო გადასახადი. ყველა ჩინოვნიკი, ვინც ლობირებს თამბაქოს ინდუსტრიას, უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას, მათ შორის - ჯანდაცვის სისტემაში. ყველა დახურული ტიპის შენობა, მათ შორის რესტორნები და ბარები, გათავისუფლდეს თამბაქოს კვამლისაგან, რაც მათი მომხმარებლების რიცხვს და შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის. აღდგეს თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტზე ლიცენზირების წესი. აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია. თამბაქოს ინდუსტრიას დეკისროს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია. სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა კონკრეტული, ჯერ კიდევ ლეგალური ნარკო-ბიზნესმენის ინტერესების ლობირება.

ხათუნა ჩიგოგიძე