ვინ აქ­რობ­და ხან­ძარს, სა­ხან­ძ­რო სამ­სა­ხუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე? - გზაპრესი

ვინ აქ­რობ­და ხან­ძარს, სა­ხან­ძ­რო სამ­სა­ხუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე?

რატომ შეიქმნა მუზეუმი, ვინ სტუმრობს მას, ამ და სხვა კითხვებზე პასუხებისთვის მუზეუმს ვეწვიეთ:

ლაურა ოზაშვილი, მუზეუმის თანამშრომელი:

- მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 1977 წელს და გაიხსნა 1981 წლის 25 დეკემბერს. სხვათა შორის, ამ დღეს, საქართველოში მეხანძრის პროფესიული დღე აღინიშნება. მუზეუმის შექმნის მიზანი იყო სახანძროს პროპაგანდა და უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად გავრცელება. მუზეუმში დღემდე არის კინო-დარბაზი, სადაც დამთვალიერებლებს უჩვენებდნენ კინოფილმებს. ფილმები, ბუნებრივია, იყო თემატური - ბავშვებისა და დიდებისთვისაც. თავდაპირველად ამას არ ერქვა მუზეუმი, იყო სახანძრო ტექნიკური გამოფენა. მუზეუმი ბოლო წლებში დაერქვა. აქ არის სახანძროს ევოლუცია: როგორ შეიქმნა სახანძრო (სხვათა შორის, ვიდრე შეიქმნებოდა, თუ ქალაქში ჩნდებოდა ხანძარი, მას აქრობდნენ თვითონ მოქალაქეები, ძირითადად - ყარაჩოხელები) და შემდგომში როგორ განვითარდა სახანძროს ცხოვრება. მუზეუმში დღემდე გვაქვს მოქმედი მაკეტები, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებლებს ვუხსნით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ არ გაჩნდეს ხანძარი და თუ მაინც გაჩნდა, როგორ იმოქმედონ.

- დამთვალიერებლები თუ გყავთ?

- კი, საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი გვყავს. ხშირად დღეში ორი ვიზიტი გვაქვს ჩანიშნული. მოდიან სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც. სხვათა შორის, ამ პატარებმა სახანძროზე იმდენი რამ იციან, გაკვირვებული ვრჩები. საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში, როცა უცხოელი სტუმრები ჩამოდიან, მოჰყავთ ხოლმე და ათვალიერებინებენ ჩვენს მუზეუმს. გახსნის დღიდან, მუზეუმში სტუმრობა უფასოა. ხშირად გვყოლია სტუმრად მხატვარი გია ბუღაძე. თითქმის ყოველთვის მოდიან ამერიკის ელჩები, საფრანგეთის ელჩი გვესტუმრა რამდენჯერმე. საბჭოთა პერიოდში ხშირად მოდიოდნენ სამხედრო მაღალჩინოსნებიც.

- როგორც ვიცი, მუზეუმში ინახება უნიკალური ექსპონატი, რომლის მსგავსი მხოლოდ იაპონიაშია.

- დიახ, იყო ასეთი მხატვარი, გვარად - ჭანკოტაძე. ამ ადამიანმა გამოფენა გააკეთა იაპონიაში, სადაც შექმნა მოზაიკური კედელი. მერე ვთხოვეთ, რომ ჩვენთან გაეფორმებინა გამოფენა და გააკეთა ანალოგიური. ესაა უნიკალური, მოზაიკური კედელი, რომელიც შედგება ხის კუბებისგან.

- კიდევ სხვა რა ექსპონატების ნახვა შეუძლია დამთვალიერებელს?

- გვაქვს სხვადასხვა მოზაიკა და ვიტრაჟები სახანძრო თემაზე, რომლის ნახვაც მხოლოდ ჩვენს დამთვალიერებელს შეუძლია. სამწუხაროდ, 1981 წლის მერე ექსპონატები აღარ დაგვიმატებია. გვაქვს სურვილი, რომ სიახლეებით გავამდიდროთ, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ ხერხდება. გვაქვს უნიკალური ექსპონატები - ჩაის ფაბრიკა და ნავთობბაზა, სადაც ხდება ხანძარი და აღწერილია ჩაქრობის პროცესი, თუმცა ორივე გაფუჭებულია და ვერ ხერხდება მათი შეკეთება. გვაქვს ძალიან საინტერესო ბინა - ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ. სპეციალური აპლიკაციაა და ჩანს ბინა ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ, რომელიც დაუდევრობის გამო დაიწვა. ეს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ჩვენთან იყო სახელოსნო, რომელიც აღჭურვილი იყო ყველანაირი ინვენტარით და აქვე კეთდებოდა მაკეტები. 1973 წელს, როცა დაიწვა თბილისის ოპერა, ჩვენმა ოსტატებმა - ავაქოვმა, ლომთათიძემ და დონკინმა გააკეთეს ოპერის მაკეტი, რომელიც იხსნება და მნახველს შეუძლია, შიგნიდან დაათვალიეროს ოპერა და ნახოს, როგორ მძვინვარებდა ოპერაში ხანძარი. ასევე აღწერილია, როგორ ხდებოდა შენობაში ხანძრის ჩაქრობა. ეს მაკეტი ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

- ძალიან შთამბეჭდავია სახანძრო მანქანების მაკეტები. როგორ მოხდა მათი დამზადება?

- ესაა თბილისის სახანძრო მანქანების ევოლუცია, პირველი მანქანიდან 1981 წლამდე არსებული მანქანებისა. ისინი ჩვენი თანამშრომლის, ნიკოლოზ თოფაძის მიერაა დამზადებული. ყველა მაკეტი ხელნაკეთია.

- მუზეუმში, ერთ-ერთი პირველი ექსპონატი, რომელიც შემოსვლისთანავე გვხვდება, არის 2015 წლის 13 ივნისს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის აღჭურვილობა...

- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულებისთვის ცალკე კუთხე გვაქვს, თუმცა ზურას აღჭურვილობა კიდევ ცალკე ექსპონატად გვიდევს. მისმა გარდაცვალებამ ყველაზე იმოქმედა. დღესაც, პატარა ბავშვები რომ მოდიან და ვუხსნით, უმეტესობა ამბობს, რომ სმენია ზურას შესახებ.

ლადო გოგოლაძე