"მე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ვარ!" ანუ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა კარ­გია, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სოა - გზაპრესი

"მე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ვარ!" ანუ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა კარ­გია, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სოა

ქართველ მოგზაურებს რა დალევს, რომლებიც უცხო ქვეყნების მონახულების წყურვილით, თანდათან ზრდიან ახალ-ახალი ქვეყნების დაპყრობის რიცხვს. პირადად მე ასეთი ადამიანებიდან ორს კარგად ვიცნობ, - მსოფლიო მოქალაქე ნიქსს, იმავე ნიკოლოზ ბარტყულაშვილს, რომელმაც რეკორდულად ბევრი ქვეყანა მოიარა (128) და მოგზაურობას ისევ განაგრძობს და ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს (110 ქვეყანა).

ამჯერად საკითხი ასე დავსვით, მართლია, მსოფლიოს ყოველი კუთხე, კონტინენტი თავისი ღირსშესანიშნაობებით გაოცებს, მაგრამ საქართველოს რა აქვს ისეთი, რასაც სხვაგან ვერ შეხვდები, ან საზღვრებს მიღმა იშვიათად ნახავ. ამ თემაზე ეს ორი ადამიანი გვესაუბრება.

ნიქსი:

- საქართველოში გამორჩეული ბუნება, ჩვენი კულტურა და სახელმწიფო სტრუქტურები მხიბლავს... დავიწყოთ ბუნებით, შეიძლება ის სხვაგანაც განსაკუთრებულია, მაგრამ ასეთი მრავალფეროვნება (ამინდთან ერთად) აქ რომაა, იშვიათია და ამ მონაცემებით, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ხუთეულშია. მაგალითისთვის, ნორვეგიაშიც კარგი ბუნებაა, მაგრამ 8 თვე ზამთარი იცის, მხოლოდ 3 თვეს ხედავს ადამიანი იქ ზაფხულს და ლამაზ ბუნებას... მოკლედ, კლიმატთან ერთად, ჩვენი გარემო მიმაჩნია, რომ მსოფლიო ხუთეულშია.

რაც შეეხება კულტურას, მართლაც უძველესი ქვეყანა ვართ, სხვათა შორის, იმაზე ძველიც, ვიდრე გვგონია... სანამ საქართველოს კოლხეთი და იბერია ეწოდებოდა, ამ ტერიტორიაზე შუმერები ცხოვრობდნენ. აქ ოდითგანვე ისეთი ხალხი ბინადრობდა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი აქაურებს ბრძენებს უწოდებდა და ყოველთვის რაღაცას სწავლობდა. სად იყო ევროპა, აქ რომ კულტურა ქუხდა. ცივილიზაცია აქედან იქით წაიღეს.

საქართველოში რომ იუსტიციის სახლია, მსგავსი მსოფლიოში არსად მინახავს, მართლა უნიკალური რამ არის. ასე სწრაფად ხდებოდეს დოკუმენტაციის მოგვარება, მართლა იშვიათია. ამასთან მიახლოებული სისტემა ერთი კიდევ ესტონეთში შეიძლება იყოს, სადაც დოკუმენტაციის მოგვარება ტელეფონით ხდება. თუმცა ჩვენსას არ სჯობია. ასევე კარგად არის ჩამოყალიბებული პოლიციის სტრუქტურაც, ეს სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ეს ყველაფერი ქვეყნის პრესტიჟს წინ ძალიან სწევს...

- ქვეყანა რომ ნაგავს მიაქვს...

- ასეთი სიტუაცია ბევრგან არის. მაგალითად, რომს, მილანს კარგი კუთხით რომ აჩვენებენ ყოველთვის, არც ასეა საქმე. ნაგავი აბა, იქ უნდა ნახოთ, ამაზე არავინ ლაპარაკობს. ნეაპოლი ნაგავს მიაქვს...

მაგალითად, ტორინოში ღამე გამუდმებულად სროლის ხმა ისმის, ასევეა, ლოს-ანჯელესის გარეუბნებშიც, სადაც პოლიცია ფიზიკურად ვერც აღწევს. როცა ასეთი სიტუაციაა, ეს უკვე საფრთხის შემცველ ქვეყნებად მიიჩნევა. რიო-დე-ჟანეიროზე ფილმი გადავიღე, მაგრამ მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ტურისტები სტუმრობენ. ამიტომ ჩვენი კარგი რაც არის, ის უნდა დავაფასოთ და ყოველთვის წინ წამოვწიოთ.

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:

- 110-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ის, რაც ჩვენ გვაქვს და უცხოეთში მსგავსი რამ არ შემხვედრია, უპირველესად ქართული დამწერლობის დასახელება შემიძლია. რაც თბილისს აქვს და ვერც ერთ ქალაქში ვერ ნახავთ, ეს გოგირდის აბანოებია, რომელიც ჩვენი უნიკალური სავიზიტო ბარათია, მაგრამ სამწუხაროდ, თბილისური აბანოების თემას არც ერთი ტურისტული კომპანია თავის შეთავაზებაში არ დებს (თუმცა უცხოელებს, ბალნეოლოგიურ კურორტებს კი სთავაზობენ), მაგრამ არამც და არამც გოგირდის აბანოების მონახულებას, არადა, ბევრი უცხოელი აღფრთოვანებულა ჩვენი აბანოებით. აღა-მაჰმად-ხანმა როცა თბილისი ააოხრა, შემდეგ გოგირდის აბანოში ჩაწვა და მაშინ მიხვდა, რომ თბილისი კი არ უნდა გაენადგურებინა, პირიქით, ეს ადგილი მის გამოსაჯანმრთელებლად მისწრება იყო (მოგეხსენებათ, საჭურისი იყო, სხვა ფიზიკური ნაკლიც ჰქონდა), აქ მეორედ მოხვედრაზე ოცნებობდა და როცა თბილისში სალაშქროდ მოემართებოდა, მოკლეს. კიდევ ერთი განსაკუთრებულობა, რომელიც საქართველოში არის და კლიმატური მრავალფეროვნებაა, - უდაბნოს გარდა აქ ყველანაირი კლიმატია, არ არსებობს ტროპიკული კლიმატი და შესაბამისად არ იზრდება ბანანი, თუმცა ეს ხილიც რაღაც დონემდე აღწევს... სულ 14 კლიმატური სარტყელი ვიცით და აქედან ჩვენთან ერთით ნაკლებია. ამასთან, მთაში საოცარი ჰაერია - ჟანგბადით მდიდარი, რომელსაც განსაკუთრებით დასავლეთში ზღვის კლიმატიც ავსებს. მთის ჰაერის შერწყმას რაც შეეხება, ამის საოცარი მაგალითია ბახმაროში. ეს განსაკუთრებული უპირატესობაა ადამიანებისთვის, ვინც იქ ისვენებს, ზაფხულს ატარებს, დიდხანს ცოცხლობს. როდესაც აჭარაში 100 წლის ადამიანებს ვიღებდი, ამბობდნენ, რომ ცხოვრების მანძილზე ყოველ ზაფხულს ბახმაროში დადიოდნენ (ბახმაროს გვერდით არის აჭარული დასახლებები და იქ გატარებულ დროს, მათი ცხოვრების გახანგრძლივების საიდუმლოდ მიიჩნევდნენ). კიდევ იმას დავამატებ, რომ საქართველოში 26.000 მდინარეა, რაც ამ პატარა ქვეყნისთვის სრულიად უნიკალურია. გარდა ამისა, საქართველოში არსებობს დედამიწის ყველაზე ღრმა გამოქვაბული - კუბერის მღვიმე (აფხაზეთი). ამ პატარა ქვეყანას ამდენი საოცარი რამ აქვს და ამასთან, 15.000 მოძრავი და უძრავი ძეგლი, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს და 1000-მდე კი ელოდება ძეგლის სტატუსს. აქედან ზოგი დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს. უნიკალურია ისიც, რომ ერთ პატარა სივრცეში სხვადასხვა არქიტექტურა გვხვდება...

- ახალ წელს თუ შეხვედრიხარ უცხო ქვეყანაში?

- ახალ წელს 15 ქვეყანაში მაინც შევხვედრივარ. მიყვარს ახალი წლის თბილ ქვეყნებში შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს, როდესაც არ მაქვს ახალი წლის მოსვლის განცდა, ანუ ერთი წლით დაბერების განცდა არ მიჩნდება. აღმოვაჩინე, რომ ეს ახალგაზრდობის ელექსირიც არის, ანუ არ გაბერებს, არ გიჩნება განცდა, რომ წელი გემატება (თუმცა მსგავსი ემოცია დაბადების დღეს არ მაქვს). ეს აღმოვაჩინე მაშინ, როცა ახალ წელს თბილ ქვეყნებში ვხვდები. ანუ იქ, თოვლი არ მოდის და თოვლის პაპა არ არის. მოკლედ, შეგრძნება მაქვს, რომ ზაფხულია და ზაფხულიდან ზაფხულამდე ვმოგზაურობ. ახალ წელს შევხვედრივარ მალაიზიაში, დომინიკის რესპუბლიკაში 2015 წელი რომ მოდიოდა, "ფეისბუკზეც" იქ დავრეგისტრირდი. 2016 წელი რომ დგებოდა, ბათუმში შევხვდი, მაგრამ ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, ჩემი საზაფხულო განწყობა გაქრა და საქმეში პროფესიულად ჩავერთე, ფოტოებს ვიღებდი და ამის გამო არც მაშინ მქონდა განცდა, რომ ახალი წელი იყო. როცა ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჩავედი, 2004 წლის 31 დეკემბერი იყო. ახალი წელი დგებოდა. სასტუმროში დავბინავდი თუ არა, მაშინვე საახალწლო ღონისძიებების გარკვევა დავიწყე. მისაღებში გოგონას ვკითხე, რამე საინტერესო თუ იგეგმებოდა და კი, ჩვენს ბარში წვეულება იმართებაო. საზეიმო განწყობით ბარის დახლთან ჩამოვჯექი. ახალ წლამდე ნახევარი საათი რჩებოდა. ჩემ გვერდით გოგონებს გამოველაპარაკე. მუმბაელი (ბომბეი) ტყუპი აღმოჩნდნენ - ანილა და ანიმა.

- მე საქართველოდან ვარ, - მივუგე დებს.

- საქართველოდან ხარ? დახვეწილი ინგლისურით მეკითხება ანიმა. ღმერთო ჩემო, - შეიცხადა. - თქვენს ქვეყანას მამისგან ვიცნობ, "სამედიცინოზე" სწავლობდა, სანამ გარდაიცვლებოდა, თქვენს ქვეყანაზე ბევრს გვიყვებოდა. მისგან ვიცი, რომ გემრიელი ღვინო და წყალი გაქვთ, კერძებითაც მდიდრები ხართ და კარგად მღერით.

- დიახ, ასეა, - ღიმილით და გაბადრულმა ვუთხარი დებს.

- საქართველოში ჩამოსვლაზე ვოცნებობ. მინდა, ის ადგილები მოვინახულო, სადაც მამა სწავლობდა და ცხოვრობდა. მისამართი კი წერილებს აწერია, - მეუბნება ანიმა. მას ჩემი გამჭვირვალე სადარბაზო ბარათი მივეცი და დახმარება აღვუთქვი. ბოლოს პატარა ხელჩანთიდან წიგნაკი ამოიღო, ბარმენს კალმისტარი გამოართვა და მომმართა: თქვენ ულამაზესი ანბანი გაქვთ, შეგიძლია, ჩემი და ჩემი დის სახელი ქართულად დამიწერო? დავუწერე.

ნიქსი:GzaPress

- ახალ წელს შევხვედრივარ - ეგვიპტეში, სინგაპურში, რუსეთში, უკრაინაში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში. ყველგან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ახალი წლის შეხვედრა რუსეთში მახსოვს. საერთოდ ბევრია დამოკიდებული იმაზე, რა გარემოსა და ხალხში ხვდები ამ დღესასწაულს. შარშან დუბაიში შევხვდი, სადაც გრანდიოზულად აღნიშნავენ ახალი წლის მოსვლას. 8 საათით ადრე იკავებენ პოზიციებს, რომ წინ აღმოჩნდნენ. უფრო წინ გისოსებით არის შემოღობილი და შესვლა ფასიანია. სინგაპურში 70 დოლარი გადავიხადეთ, რომ პირველ რიგებში არა, მაგრამ წინ ვმდგარიყავით. ყველზე სასიამოვნო იყო კონცერტი რიოში, ასევე უმაგრესი აღმოჩნდა, კოპაკაბანას სანაპირო: ზღვაში ხარ შესული, ბანაობ და საახალწლო ფეიერვერკებს უყურებ. თუმცა ჩემს ასოციაციაში ახალი წელი თოვლთან, ზამთართან, სიცივესთან ასოცირდება და ამიტომაც აღვნიშნე, რომ თოვლის, ზამთრისა და სიცივის გამო ყველაზე მაგარი აღმოჩნდა ახალი წლის შეხვედრა რუსეთში, კერძოდ სიბირსკში (ღრმა რუსეთია). მოკლედ, ამ დღესასწაულს თოვლის გარეშე ვერ აღვიქვამ, როგორი გრანდიოზულიც უნდა იყოს. პირველად ახალ წელს რიოში შევხვდი და მერე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად კარნავალზე ჩავედი. ერთხელ დუბაიში არასასიამოვნო მომენტსაც შევესწარი, სადაც მთავარი ფეიერვერკი იყო მოწყობილი, გვერდით შენობა დაიწვა, ხალხი 15 წუთში დაიცალა, ვიდეოც გადავიღე, მაგრამ მთავრობამ წაშალა, რომ არსად გავიდეს და ხალხს საახალწლო გუნება-განწყობა არ გაუფუჭდეს, არადა, უცნაური იყო, მთლიანი შენობა დაიწვა... მართალია, მსოფლიო უცნაური და ძალზე მრავალფეროვანია, მაგრამ საქართველო მაინც განუმეორებელია...

ლალი ფაცია