იუბი­ლა­რი, "ბე­ბე­რი" ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი - გზაპრესი

იუბი­ლა­რი, "ბე­ბე­რი" ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი

მართლაც 380 წელია, რაც მდინარე წავკისის წყლის ხეობაში, თაბორისა და სოლოლაკის ქედებს შორის გაშლილი საოცარი ლანდშაფტი, ბაღები და გამორჩეული ჰავა თბილისელებისთვის და არა მარტო მათთვის, მშვენიერ ბუნებასთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება და საყვარელი ადგილია. არაერთი მოგზაური, მკვლევარი და ბუნებისმოყვარული აღფრთოვანებულა ლეღვთახევის ჩანჩქერებით, საბაღე ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებითა და მის ირგვლივ გაშლილი ეგზოტიკური და ადგილობრივი მცენარეულობის მდიდარი კოლექციით...

მცირე ისტორია

ბოტანიკური ბაღის დაარსების თარიღად XVII საუკუნის I ნახევარი (1636 წელი) მიიჩნევა. ამ სავანემ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.

მდინარე წავკისის წყლის ხეობაში გაშენებული თბილისის ბოტანიკური ბაღი (ყოფილი სამეფო ბაღი) ადრე დასასვენებელი პარკი იყო, სადაც მოგვიანებით 3 პატარა ბაღი გაშენდა: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით...

1845 წელის 1-ლ მაისს, გრაფ ვორონცოვის ბრძანებით, ამ ტერიტორიას ბოტანიკური ბაღი ეწოდა. ბაღს, როგორც ვთქვით, წავკისის წყალი ორ ნაწილად ყოფს. მდინარეზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის, დიდ ყურადღებას იქცევს, ჩანჩქერზე გადებული თაღებიანი ხიდი, რომელიც 1914 წელს გაკეთდა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად, მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. შემდეგ წლებში, ბაღის ტერიტორიის გასაფართოებლად შეიძინეს მიწები და გააშენეს ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეები...GzaPress

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ფლორის 3 500-მდე სახეობაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურობას სძენს. იქვე შესაძლებელია იხილოთ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან (ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან) ჩამოტანილი ფლორა, ასევე უიშვიათესი მცენარეები, რომლებიც ბუნებაში აღარ გვხვდება. ბოტანიკურ ბაღში ხარობს ჯუჯა ფიჭვები, ცხრატყავა, უთხოვარი, რომელსაც "წითელ ხესაც" უწოდებენ. ადგილობრივი მცენარეების ასეთი მრავაფეროვნება განპირობებულია ბაღის რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით...

თბილისის ბოტანიკური ბაღი სტატუსით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია. XX საუკუნის 30-იან წლებში მან ფართო მასშტაბით გაშალა კვლევითი სამუშაოები ბოტანიკის, მცენარეთა ფიზიოლოგიის, მცენარეთა სელექციისა და დაცვის სახით, რამაც დასაბამი მისცა ბოტანიკური ბაღის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფორმირებას.

1986 წელს მასშტაბურად აღინიშნა ბოტანიკური ბაღის 350 წლისთავი და რამდენიმე წელიწადში ბაღს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, უმძიმესი პერიოდი დაუდგა. 90-იანი წლების განუკითხაობამ და უსახსრობამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა ეს უნიკალური ადგილი.

ბაღი დღეს

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ილუსტრირებული წიგნის გამოცემა იგეგმება, რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარსულის, მისი განვითარების ეტაპების, მცენარეთა კოლექციებისა და ამჟამინდელი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ. აღნიშნული წიგნის გამოცემაზე, ბოტანიკური ბაღის მეცნიერი თანამშრომლების გარდა, მუშაობენ მოხალისეებიც. ამასთან, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული მრავალფეროვანი საარქივო, ფოტო და დოკუმენტური მასალის შესწავლისა და დამუშავების მიზნით. ამ პროცესში ჩართულები არიან მკვლევრები, გრაფიკოს-დიზაინერები, ფოტოგრაფები და თარჯიმნები. GzaPress

საქართველო ეროვნული ბოტანიკური ბაღი კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლის უძველესი კერაა და საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება. ის ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვაა.

ბაღმა 2016 წელს აღიდგინა ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს წევრობის სტატუსი. ეს, არის ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ბოტანიკური ბაღებისა და მათი პარტნიორების ძალისხმევას ბოტანიკური ბაღების მხარდაჭერისა და მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშესაწყობად. ჩვენი ბოტანიკური ბაღი ჯერ კიდევ 1998 წელს გახდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩაერთო, კერძოდ, კავკასიის მცენარეთა შესწავლა და კონსერვაცია. საერთაშორისო საბჭო მონაწილეობს ბოტანიკური ბაღის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევაში და მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე უცხადებს.

იაპონური ბაღი

ცოტა ხნის წინ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური მინიატიურული ბაღი მოეწყო, რაც მსოფლიოში აღიარებული, პოპულარული და ცნობილი, ტრადიციული იაპონური საბაღე ხელოვნების ნიმუშია. ამგვარი ბაღები მსოფლიოს წამყვან ქალაქებსა და ბოტანიკურ ბაღებს ამშვენებს. ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე 240 კვმ ფართობზე განთავსდა იაპონური ხელოვნების ისეთი ნიმუშები, ტორის ჭიშკარი, რომელში გავლის წინ, იქ მისულმა ადამიანმა, უარყოფითი აურა გარეთ უნდა დატოვოს. იაპონური სილამაზის სიმბოლოებია - ალისფერი ჭიშკარი, ბედნიერებისა და იღბლის მომტანი სკულპტურა, ტასოტოს სტილი ქვის კოშკი, კასუგას ქვის ლამარი და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი.

ბაღის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის (ფუძიამას) მთის კონუსისებრი სკულპტურა და ჯუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ნამსხვრევები, რომლებიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენენ... იაპონურ ბაღში დაირგო 200 სახეობის სხვადასხვა მცენარე, მათ შორის, ნეკერჩხალი, ფიჭვი, კვიპაროსი, ნაძვი, იაპონური ჭანჭყატი, როდოდენდრონი და რა თქმა უნდა, იაპონური ალუბალი - საკურა, რომლებიც საოცარ კომპოზიციას ქმნის. პროექტი იაპონურ კომპანიას ეკუთვნის, რომლის წარმომადგენლებიც ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად მისი მოწყობის პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულები. ეს ბაღი ქართულ-იაპონურ მეგობრობას ეძღვნება.

საზღვრების გაზრდა

ბოტანიკური ბაღის განვითარების თვალსაზრისით, მის საზღვრებში მოექცა თაბორის ქედის ვაკე ტერიტორია, რომელიც უშუალოდ ბაღის ცენტრალურ ნაწილს ესაზღვრება და დაჰყურებს საბაღე ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს - პარტერს. როგორც ბოტანიკურ ბაღზე ამბობენ, 4 ჰა ფართობის ტერიტორია ბაღის შემადგენლობაში, მომიჯნავე ნაკვეთიდან საზღვრების კორექტირების შედეგად მოხვდა, რამაც შესაძლებელია, ბოტანიკური ბაღი მომავალში კრწანისი-შინდისის ახალ საავტომობილო გზას დაუკავშიროს. იმედოვნებენ, რომ ამით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწვევა ეროვნულ ბაღს. GzaPress

თაბორის საპარკე ტერიტორიაზე თავმოყრილია სხვადასხვა დეკორატიული და ხეხილოვანი მცენარე, ასევე მოწყობილია სარწყავი სისტემა, ნიადაგის დიდი ნაწილი გამდიდრებულია წლების განმავლობაში შემოტანილი მიწითა და სასუქით.

შეიფარე მცენარე

"შეიფარე მცენარე" - ასე ერქვა აქციას, რომელმაც თბილისელების ყურადღება გასულ შემოდგომაზე მიიქცია, რომლის მიზანი ბუნების სიყვარულის გაზიარება იყო. უბნებში ფარულად დაიდო ულამაზესი მცენარეები, რომელზეც მიმაგრებული იყო ეტიკეტი წარწერებით: "შეიფარე მცენარე", "ეს მცენარე არის 380 წლის", "შეიფარე და გააგარძელე ისტორია". გამვლელები მათ სიფრთხილითა და ინტერესით აკვირდებოდნენ. შემდეგ სახლში წაღებაც გადაწყვიტეს, რასაც გამოხმაურება სოციალურ ქსელში მოჰყვა, რადგანაც ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა "შეფარებული მცენარით" ხელში და ცხადია, ინტერესიც გაუჩნდათ, - თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. საბოლოოდ, როდესაც მცენარეები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეც "გამოჩნდა" უკვე ნათელი გახდა, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან. მოკლედ, როგორც ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები ამბობენ, "ვუზიარებთ ბუნების სიყვარულს 1636 წლიდან".

ლალი ფაცია