როგორ შენდებოდა ფილარმონია და რამდენი ვარსკვლავია გახსნილი შენობის წინ - გზაპრესი

როგორ შენდებოდა ფილარმონია და რამდენი ვარსკვლავია გახსნილი შენობის წინ

უწინ, როცა დედაქალაქში სულ რამდენიმე ავტომანქანა მოძრაობდა, ხალხის დიდი ნაწილი ტრამვაით გადაადგილდებოდა, ლენინისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ერთი ქონგურებიანი, ძველი ქართული ციხესიმაგრის მსგავსი, სამსართულიანი სახლი იდგა. ახლა კი ამ ადგილას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი მდებარეობს. როცა მისი მშენებლობის საკითხი გადაწყდა, სახლი დაანგრიეს და მის გარშემო არსებული ტერიტორია გაწმინდეს. ახლა მხოლოდ ძველი ფოტოთი ძლივს თუ იცნობ იმ ადგილს, სადაც XX საუკუნის 60-იან წლების ბოლოს ფილარმონიის მშენებლობა დაიწყეს...

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრი და სპორტის სასახლის დარბაზები ვეღარ იტევდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს, არც სცენები გახლდათ კონცერტისათვის სათანადოდ მოწყობილი და გაფორმებული, ამიტომ დედაქალაქში დიდი დარბაზის მშენებლობის აუცილებლობის საკითხი დადგა. რასაკვირველია, შენობას არა მარტო ბევრი მაყურებელი უნდა დაეტია, ტექნიკურადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ადგილმდებარეობაც გასათვალისწინებელი იყო _ ქალაქის ცენტრალური ადგილი, მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი თბილისის ყველა უბნისთვის.

ქიმიკოსი და თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა ვაკისა და რუსთაველის მთავარ დამაკავშირებელ გზად ითვლება. მისი გაფართოება 1949 წელს დაიწყო. მოგვიანებით კი სწორედ აქ გადაწყდა მასშტაბური საკონცერტო დარბაზის აგებაც.

როგორც ყოველთვის, ადგილმდებარეობამ შენობის მოცულობასა და სივრცით კომპოზიციაზე თავისი გავლენა მოახდინა. შეიქმნა ასიმეტრიულად განლაგებული ფართო საზეიმო კიბე, რომლის ბოლოს ხელოვნების თემაზე შექმნილი 8-მეტრიანი ფიგურა "მუზა" დაიდგა. მისი ავტორი მერაბ ბერძენიშვილი გახლდათ, შენობის ვესტიბიულის ინტერიერიც მხატვრულად ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს.

პროექტის შენობაში გათვალისწინებული იყო ორი დარბაზი _ დიდი, რომელიც 2317 მაყურებელს დაიტევდა და მცირე _ 650-კაციანი სივრცე, რომელიც დიდი დარბაზის სცენის ქვემოთ მოეწყობოდა. მცირე დარბაზი ძირითადად, სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის და კინოფილმების საჩვენებლად იქნებოდა განკუთვნილი, ხოლო დიდს უნივერსალური დანიშნულება "დაეკისრა", სადაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც დიდი კონცერტებისა და თეატრალიზებული დადგმების, ასევე სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და 5 ენაზე სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფილი ყრილობების ჩატარება. პროექტის მიხედვით, დარბაზს აქვს მხოლოდ პარტერი და აივანი, რომლის სიმაღლეზეც განლაგებულია ოთხი გვერდითი ლოჟა. აქედან გამომდინარე, სცენა ნებისმიერი წერტილიდან კარგად მოჩანს.

დიდი დარბაზის ფოიეს თავზე, უკანასკნელ სართულზე უნდა განთავსებულიყო კაფე-ბარი, რომელიც ერთდროულად 350 კაცს მოემსახურებოდა. ლენინის ქუჩის (დღევანდელი კოსტავა) მხარეს კი გათვალისწინებული იყო სალაროების, ყვავილების მაღაზიებისა და სამხატვრო სალონის მოწყობა.

შემინული და ნახევრად მომრგვალებულ მთავარი ფასადის ფორმის, კინოსაკონცერტო დარბაზის პროექტის ავტორი საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ივანე ჩხენკელი გახლდათ. პროექტის მთავარი ინჟინერი ვილსონ იაკუბოვი, ხოლო პროექტის მთავარი კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი. სამშენებლო სამუშაოებს საბინაო და სამოქალაქო მშენებლობის მთავარი სამმართველოს _ "მთავართბილმშენის" მუშები და ინჟინერტექნიკოსები აწარმოებდნენ.

თავდაპირველად მშენებლობა სწრაფი ტემპით წარიმართა, რადგან კინოსაკონცერტო დარბაზის ექსპლუატაციაში გადაცემის თარიღად 1969 წელი იყო ჩანიშნული, მაგრამ თარიღმა გადაიწია და დაგვიანების მიზეზი იმავე პერიოდის პერიოდულ პრესაში ასე იყო ახსნილი: "საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ განიხილა საკითხი თბილისის კინოსაკონცერტო დარბაზის მშენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მშენებლობა უაღრესად არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. საქართველოს სსრ სამინისტრომ და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულმა სამონტაჟო და სპეციალურ სამუშაოთა სამმართველომ ვერ უზრუნველყვეს სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა გეგმის შესრულება. თბილისის სამოქალაქო მშენებლობის საპროექტო ინსტიტუტმა დროულად არ შეიმუშავა სამუშაო ნახაზები და ხარჯთაღრიცხვები. დამამზადებელმა ქარხნებმა დადგენილ ვადებში არ შეასრულეს არასტანდარტული მოწყობილობის შეკვეთები. ამის შედეგად ჩაიშალა კინოსაკონცერტო დარბაზის საექსპლუატაციოდ გადაცემის ვადა, რომელიც 1969 წელს იყო გათვალისწინებული. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ დანიშნა კინოსაკონცერტო დარბაზის საექსპლუატაციოდ გადაცემის ახალი ვადა _ 1970 წლის დეკემბერი"...

"მთავართბილმშენის" თანამშრომლებმა დიდი ძალისხმევის ფასად შეძლეს კინოსაკონცერტო დარბაზის დროულად დამთავრება, რის გამოც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 12 აპრილის ბრძანებულების მიხედვით, საპატიო სიგელები გადაეცა ფილარმონიის შენობაზე სხვადასხვა სამუშაოს შემსრულებელ 27 პირს. შენობის გახსნა კი საბჭოთა საქართველოს 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მოგვიანებით ფილარმონიის წინ იმ ხელოვანთა ვარსკვლავების გახსნის ტრადიცია დამკვიდრდა, რომლებიც სხვადასხვა წლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართული კულტურის ისტორიაში. დღესდღეობით იქ 45 ვარსკვლავია. უკანასკნელ ხანებში, კერძოდ, 2016 წლის 16 დეკემბერს, მათ რიცხვს თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი შეემატა.

ანა კალანდაძე