"შალალას გაუმართლა, რადგან მას ოჯახში გათხოვებას არ აძალებენ" - გზაპრესი

"შალალას გაუმართლა, რადგან მას ოჯახში გათხოვებას არ აძალებენ"

დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრი ტრადიცია, რომელსაც ჩვენი წინაპარი ცხოვრების წესად მიიჩნევდა, მოძველდა. თუმცა, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ამას არ აღიარებენ და ძველი წესები უცვლელად სრულდება. რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ გოგონების წინადაცვეთის შესახებ, მთელი საქართველო შეძრა. ხალხი ყვარლის რაიონში ქალთა გენიტალიების დასახიჩრებაზე რომ ალაპარაკდა, ადგილობრივებმა განაცხადეს, - ეს ტრადიცია მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობაშია შემორჩენილი და ეროვნებით ქართველები მას უკვე აღარ მიმართავენო. ბევრი ასეთი ტრადიციის ამოსაძირკვად, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატება გახდა საჭირო და კანონის მიხედვით, ახლა ქალთა გენიტალიების დასახიჩრებაც სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

თამარ თავთანიძე, ყვარლის მკვიდრი:

- ყველამ იცის რაიონში, რომ ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ იქნებოდა სიკვდილიანობაც. თუმცა, ეს მათი ტრადიციაა და ფიქრობენ, თუ სახელმწიფო მოსახლეობას ამას აუკრძალავს, თვითმყოფადობას დაკარგავენ. არ არის გამორიცხული, თავიანთი გოგონები ამისთვის დაღესტანში გადაიყვანონ ან საერთოდაც, ჩუმად გააგრძელონ თავიანთი საქმე. ერთი მოხუცი ქალი იყო, რომელიც ამ საქმის ოსტატად ითვლებოდა. მას აუკრძალეს საქმიანობა, მაგრამ ასე მგონია, ჩუმად მაინც შეასრულებს "თავის მოვალეობას" და თუ აქამდე, დღისით მიჰყავდათ მასთან გოგონები, ახლა ღამით მიუყვანენ...

არაერთი ასეთი და არანაკლებ შემზარავი ტრადიცია ჰქონდათ სხვა კუთხეებში. მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, მთიან საქართველოში ქალი თავლაში ან ბოსელში მშობიარობდა მარტო, სადაც 40 დღეს ატარებდა და ოჯახში მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდა...

ცნობისთვის, საქართველოს არაერთ კუთხეში ისევ არსებობს ნაადრევი ქორწინების ტრადიცია და მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანზე ქორწინება კანონით ისჯება, მაინც რისკავენ.

სვეტა გლუხინა-ავესიანი, ახალქალაქის მკვიდრი:

- 40 წელზე მეტია, აქ ვცხოვრობ. მეუღლის გვარზე ვარ. თავიდან ძალიან გამაკვირვა აქაურმა ტრადიციებმა და გამიჭირდა კიდეც მათთან შეგუება. არ მინდოდა, ჩემი შვილები აქ აღზრდილიყვნენ და სკოლა მოსკოვში დავამთავრებინეთ, იქვე მოეწყვნენ. ახლა ორივეს თავისი ცხოვრება აქვს, კარიერა აიწყვეს, მაგრამ ოჯახი არ შეუქმნიათ. ქალიშვილი 32 წლის არის, ვაჟი - 29-ის. ისინი წელიწადში ერთხელ ჩამოდიან და უნდა ნახოთ, აქაურები რომ შემოესევიან ხოლმე. მეუღლის ნათესავები ქალიშვილს პირდაპირ ეუბნებიან, - რას ელოდები, დაბერდიო... მისი ასაკის გოგონებს აქ შვილიშვილები ჰყავთ და ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას"... კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე აქაურებისგან განსხვავებულად აზროვნებს... აქ ერთი წესი აქვთ: გოგონა საქმრომ აუცილებლად უნდა მოიტაცოს. მერე რა, რომ უყვართ ერთმანეთი, გოგონა თანახმაა გაჰყვეს, ოჯახებიც არ არიან წინააღმდეგი - აქაურების აზრით, მოტაცებულს "სხვა ფასი" აქვს, მე კი ეს "ფენომენი" ჯერ ვერ ამოვხსენი...

მსგავსი შეხედულებებით ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს რეგიონებში...

19 წლის მარნეულელ გოგონას, შალალა ამირჯანოვას თურმე, ახლობლები ხშირად ეკითხებიან, რატომ არ თხოვდებიო?!

- ჩვენთან გოგონები ძირითადად, მშობლების გავლენის ქვეშ არიან. უფროსები კი ფიქრობენ, ქალს რაც უფრო მალე ჩააბარებენ "პატრონს", მით უკეთესია მისთვის. ჰგონიათ, ქალიშვილს ამით საფრთხეს აარიდებენ და შვილს მომავალს საოცარ ფერებში უხატავენ: ქმარს ექნება სიმდიდრე, დიდი სახლი, არ მოგაკლდება არაფერი, მშობლებიც მხარში ამოგიდგებით და არასდროს არაფერი გაგიჭირდებაო. ისიც უნდა ითქვას, რომ შვილის გათხოვება მშობლებისთვის უდიდესი ტვირთია: 15.000 ან მეტი დოლარის ოდენობის სესხს იღებენ ბანკიდან, რომ სიძის სახლი მოაწყონ და მერე მთელი ცხოვრება ამ ვალს იხდიან (საუბარია მზითევზე. - ავტ.) მახსოვს, ერთმა ჩემმა დაქალმა დამირეკა და ნიშნობაზე დამპატიჟა. ლამის გავგიჟდი, რადგან ვიცოდი, ეს გოგო გათხოვებას ჯერ არ აპირებდა. მითხრა, - აზრი არ აქვს არაფერს, ტკბილი ჩაი უკვე დალიესო. ჩვენს თემში არის ტრადიცია: როდესაც გოგოსა და ბიჭის მშობლები გარიგდებიან, გოგოს მშობლები ბიჭისას ოჯახში პატიჟებენ. თუ ჩაის დროს შაქარი მიაწოდეს, ე.ი. საქმე გადაწყვეტილია. გოგო ამ საქმეში არ მონაწილეობს...

რატომ არიან ჩუმად გოგონები? მათი ცხოვრება ისედაც ერთფეროვანია. სულ ვამბობ, რომ მარნეულში სამი გასართობია: შაურმა, ავეჯის სალონი და "ზაპჩასტი". კიდევ კარგი, ახლა სავაჭრო ცენტრი გახსნეს, სადაც კაფეც არის. სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა. თინეიჯერებისთვის ერთადერთი გასართობი ქორწილებია. ზიხარ ქორწილში და ფიქრობ, ნეტა მე ვიყო პატარძლის ადგილასო... დანიშნული თუ ხარ, იმით ერთობი, რომ საქმროსთან ერთად, კვირაში ერთხელ, თბილისში მოდიხარ - ესეც სატყუარაა.

19 წლის ვარ და უკვირთ, რომ არ ვარ გათხოვილი. ჩემთან სტუმრად მოსულ ნათესავებს არასდროს უკითხავთ, - როგორ სწავლობ შალალა? სამაგიეროდ მეკითხებიან, - აბა, შალალა, სკოლა დაამთავრე, ინსტიტუტში მოეწყვე და როდის თხოვდები?!

შალალას გაუმართლა, რადგან მას ოჯახში გათხოვებას არ აძალებენ და შანსს, რომელიც ცხოვრებამ მისცა, აუცილებლად გამოიყენებს წარმატებული კარიერისთვის, მაგრამ ყველას როდის უმართლებს ან უბრალოდ, იმდენად ბრმად მიჰყვებიან ტრადიციას, რომ ასეთი "გამართლება" სულაც არ სჭირდებათ.

არც ისე დიდი ხნის წინ, ასეთი დამოკიდებულება იყო საქართველოს მთიან რაიონებშიც. თუმცა, დროთა განმავლობაში, ცალკეული შემთხვევების გარდა, ასეთი მიდგომა შეიცვალა.

უნდა ვაღიაროთ, ქართულ რეალობაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ტრადიციები, რომელსაც უკვე წლებია, ვაკრიტიკებთ, როგორც "დრომოჭმულს". თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ამ ტრადიციებს ინსტინქტურად თავადაც მივყვებით. მაგალითად, ქორწილები და ქელეხების ტრადიციები. გადმოცემის თანახმად, რამდენიმე ასეული ადამიანისთვის ჭირისა და ლხინის სუფრის გაშლა, რამდენიმე საუკუნის წინანდელი ტრადიცია და საქართველოს ისტორიის ნაწილია. მეფეები, თავადები და ბატონები, სტუმრების საამებლად ყოველთვის დიდ სუფრებს შლიდნენ, უხვი ხორაგით. ალბათ, აქედან მოდის გამოთქმა, "თავადური" ან "მეფური სუფრა" ჰქონდათ გაშლილიო.

დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად სამეგრელოს "სუსტი წერტილია" სასაფლაოები, რომელიც ზოგ შემთხვევაში, ძნელია სასახლისგან გაარჩიო და ეს ჩვეულება თუ ტრადიცია, ჯერ კიდევ საკმაოდ მყარად არის ფესვგამდგარი...

ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა აფხაზური ტრადიციები და წეს-ჩვეულება. მაგალითად, აფხაზურ ქორწილში სიძე-პატარძალი სტუმრებს ცალ-ცალკე შენობებში იღებენ და ამ ტრადიციას დღემდე ასრულებენ. სიძე-პატარძლის ერთად არგამოჩენა ერთი პერიოდი დავიწყებული იყო, მაგრამ ბოლო 20 წელია, ახალი თაობა ტრადიციის აღდგენას ცდილობს.

რამდენიმე წლის წინ გამოიცა წიგნი, რომელშიც ბარონ დე ბაის საქართველოში მოგზაურობაა ასახული და რომელიც XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისს მოიცავს. ბარონი დე ბაი აფხაზეთში იმყოფებოდა და ფოტოებიც გადაიღო. წიგნში, ბარონი დე ბაი ამბობს: სოფლებში არ არის სასაფლაოები, აფხაზები მიცვალებულებს ბაღში, ხის მესერით შემოვლებულ, გადახურულ ადგილას მარხავენ, სადაც ხშირად ნახავთ გარდაცვლილის ნაქონ ტანსაცმელს, რომელიც აფხაზებს გაჭირვებულისთვის აქვთ დატოვებულიო.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს არ შეუძლია დაიტიროს ქმარი, ახალგაზრდა კაცს კი - ცოლი და შვილები. ავტორის თქმით, აფხაზები ამგვარ საქციელს სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ. საქმე ის არის, მთიან აფხაზეთში ეს ტრადიცია ახლაც მიღებულია.

ნონა ხიდეშელი, ფსიქოლოგი:

- მოძველებული ოჯახური ტრადიციები, გაურკვეველი ჩვევები და სტერეოტიპები - ეს ქართველი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ამ ყველაფრის დანგრევა ძალიან ძნელია; თუმცა, ნელი ტემპით, მაგრამ საზოგადოება ცდილობს, წინ წავიდეს. უფრო ახალ თაობაში შეინიშნება სურვილი თვითშემეცნებისა და რაღაცის გაცნობიერების კუთხით. ახლა ჩვენში ფასეულობების ომი მიმდინარეობს: ჩვეულ ადათებსა და ტრადიციებს თითქოს ახალი, დასავლური ფასეულობები დაეჯახა. ასევე გაურკვეველია, ეს დასავლური ფასეულობები ვისთვის რას ნიშნავს. ერთი რამ კი ზუსტად უნდა ვიცოდეთ: განსხვავებული აზრის, რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებისა თუ ორიენტაციის გამო, ერთმა ადამიანმა მეორეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს.

ლალი პაპასკირი