რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად - გზაპრესი

რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად

პანთეონი ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად "ყველა ღმერთის ტაძარს" აღნიშნავდა. ასეთი ტაძარი მდებარეობდა რომში და იქ წარმართული ღვთაებების კერპები იდგა. მოგვიანებით პანთეონი ეწოდა ასევე გამოჩენილ ადამიანთა სასაფლაოს ან აკლდამას. პანთეონებს, როგორც წესი, ტაძრებთან ახლოს, მის შემოგარენში აარსებდნენ. გამორიცხული არ არის, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონია, ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებამდე რომელიღაც წარმართული ღვთაების კერპი მდგარიყო.

VI საუკუნეში აქ დასახლდა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი - დავითი, რომელმაც სამლოცველო ააგო. მოგვიანებით, ის გარეჯის უდაბნოში გადავიდა და მას შემდეგ ასურელ მამას დავით გარეჯელად მოიხსენიებენ. იმ ადგილას, სადაც დავითის სამლოცველო იდგა, ჯერ ღვთისმშობლის ეკლესია ააგეს, შემდეგ ბერად შემდგარმა ძმებმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა "წმინდა დავითის" სახელზე ღვთისმშობლის სახელობის სავანე ააღორძინეს. XVI საუკუნის ბოლოს კი ეკლესია ხელახლა ააშენეს ათონის წმინდა მთის სახელით ათონიდან მოსულმა ბერებმა. ეს ეკლესია შემდგომში დიდხანს იყო დანგრეული და უმოქმედო, მისი ხელახალი აგება 1810 წელს კათოლიკოს ანტონ მეორის სახელს უკავშირდება. 1817 წელს კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ ალექსანდრე ერმილოვის ბრძანებით, მთაზე ამავალი პატარა ბილიკის ადგილას ფართო გზა გაიჭრა. ეკლესიის ეზო გალავნით შემოღობეს და იქვე მცირე ზომის სამრეკლოც ააგეს, რომლის ადგილი მოგვიანებით ფერისცვალების პატარა ეკლესიამ დაიკავა.

დღესდღეობით არსებული წმინდა დავითგარეჯის ანუ მამადავითის ეკლესიის მშენებლობას ფინანსურად დედაქალაქის მცხოვრებნი ეხმარებოდნენ და ამავდროულად ფერდობზე საშენი მასალის აზიდვაშიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, თანხა მაინც არ იყო საკმარისი, რომ მშენებლობა დროში არ გაწელილიყო და მალე დასრულებულიყო, ამიტომ მამადავითის ეკლესიის მშენებლობა 12 წელს გრძელდებოდა. დღესდღეობით არსებული წმინდა დავითგარეჯის ანუ მამადავითის ეკლესია 1859-1871 წლებში შენდებოდა, ხოლო გუმბათი რვა წლის შემდეგ დაადგეს. ინტერიერის მოწყობასაც გართულდა და ეტაპობრივად წარიმართა, მაგალითად კანკელი ანჩისხატის ეკლესიიდან წამოიღეს. კედლებიც მოგვიანებით მოიხატა, კერძოდ XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ს დასაწყისში.

არანაკლებ საინტერესოა, თუ როგორ მოხდა მამადავითის ეკლესიის შემოგარენში, მთაწმინდის პანთეონის დაარსება. ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ფაქტი იყო იმ დროის თბილისში. 34 წლის რუსი მწერლისა და დიპლომატის და პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის 16 წლის ქალიშვილის ჯვრისწერა სიონის ტაძარში 1828 წლის 22 აგვისტოს გაიმართა. ახალდაქორწინებულები ირანში გაემგზავრნენ. მათი მარშრუტი ასეთი იყო: კოდა, შულავერი, ერევანი, თავრიზი. აქედან გრიბოედოვს თეირანში გამგზავრება მოუხდა, საიდანაც ის ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. ქმარმა ნინო თავრიზში დატოვა, ქალი 5 თვის ფეხმძიმე იყო.

თეირანიდან მოსული ცნობა, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალებას იუწყებოდა, ნინოს დაუმალეს. ეუბნებოდნენ, რომ კაცი იმდენად დაკავებული იყო, რომ წერილების წერას ვერ ახერხებდა და თეირანში კიდევ დიდხანს მოუწევდა დარჩენა. ერთხელაც, "გადასცეს" რომ თითქოსდა გრიბოედოვი ცოლს თბილისში დედასთან გამგზავრებას სთხოვდა და მეუღლეს ჩასვლას იქ დალოდებოდა. ქალიშვილს ალექსანდრე ჭავჭავაძე ჯულფაში შეეგება და თბილისში ჩამოაცილა.

დრო გადიოდა, მაგრამ ნინო ამაოდ ელოდა მეუღლისგან წერილს. სიმართლის დამალვა მისი ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფთ დღითი დღე უძნელდებოდათ. ერთ დღესაც პოეტის ქალიშვილს სტუმრად გრაფი პასკევიჩის მეუღლე ესტუმრა, რომელიც ალექსანდრეს ბიძაშვილი იყო. სწორედ მისგან შეიტყო ნინომ მეუღლის გარდაცვალების ამბავი. შოკის მომგვრელმა ინფორმაციამ, რომელმაც დიდი სტრესი გამოიწვია, ნინოს დედობრივი ბედნიერების შეცნობის ბედნიერება წაართვა - მას მუცელი მოეშალა.

... გრიბოედოვის ანდერძის თანახმად, ნინომ მეუღლის ნეშტი თბილისში ჩამოასვენებინა და მთაწმინდაზე საგანგებოდ მომზადებულ მღვიმეში დაკრძალა, რომლის ფრონტონზეც გაკეთდა წარწერა: "აქ დაკრძალულია გრიბოედოვის ნეშტი". შემდგომში კი საფლავზე დადგეს მარმარილოს ძეგლი ბრინჯაოს ჯვარცმითა და მის ქვეშ დამხობილი მტირალი ქალის ფიგურით. კვარცხლბეკის წინა მხარეზე მწერლის ბარელიეფია, სამარხის თავზე კი წარწერა: "აქ მდებარეობს გუამი გრიბოედოვისა, აღუშენა ძეგლი ესე მეუღლემან ნინა თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა 1832 წელსა".

ადრეულ ასაკში დაქვრივებული ნინო მეორედ აღარ გათხოვილა. 1857 წელს, როცა პოეტის ქალიშვილი გარდაიცვალა, მისმა დამ, სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ ის გრიბოედოვის გვერდით დაკრძალა. მოგვიანებით სწორედ აქ, არსებულ ტერასაზე გაშენდა გამოჩენილ ადამიანთა სასაფლაო, რომელიც 1929 წელს ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად, თუმცა, ამ ადგილას მისი დაარსების იდეა, კიდევ უფრო ადრე გაჩენილა, როცა იქ ჯერ ილია დაკრძალეს, 1915 წელს კი - აკაკი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანთეონის ოფიციალურ "კურთხევამდე", ეკლესიასა და მის გალავანში რამდენიმე ცნობილი და წარჩინებული გვარის წარმომადგენელი იყო დასაფლავებული. მათ შორის იყვნენ: დავით რექტორი (ალექსი-მესხიშვილი), რომან ბაგრატიონი, ონისე იოსელიანი - მეფე ერეკლე II-სა და გიორგი XII-ს კარის მოძღვარი და სხვები, რომელთა საფლავები დღეს უკვე აღარაა შემორჩენილი. ერთ-ერთი პირველი, რომლის ნეშტიც მთაწმინდას მიაბარეს, დიმიტრი ყიფიანი იყო.

მთაწმინდის პანთეონის მკვიდრთა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა, აქვე უნდა გავიხსენო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ჩიქოვანის სახელთან დაკავშირებული ერთი ემოციური ამბავი. მისმა მეუღლემ არ ისურვა ქმრისგან შორს დაემარხათ, დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული დაეწვათ და ფერფლი ქმრის საფლავზე მოეპნიათ. ანდერძი შეუსრულეს და კრემაციის შემდეგ, სიმონ ჩიქოვანის საფლავს მისი მეუღლის, მარიკა ელიავას ფერფლი მოაყარეს.

სიკვდილზე საუბარს ირონია არ უხდება, თუმცა, ვერ გავექცევით იმ რეალობას, რაც პანთეონის გახსნის დღიდან დღემდე არსებობს. მთაწმინდაზე დაკრძალვაზე არაერთი მოკვდავი თუ მისი ოჯახის წევრი "ოცნებობს", რომ სამუდამოდ დაიმკვიდროს "უკვდავის" სახელი. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მუდმივი განხილვის თემაა, ვინ იმსახურებდა და ვინ არა მთაწმინდაზე დაკრძალვას.

ვინაიდან საფლავების პროექტები და მასალა მრავალფეროვანია, ერთი სტილი არ არსებობს და ბუნებრივია მათ მოსაწყობად აქ სხვადასხვა თანხა იხარჯება. პროექტი გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან თანხმდება, ისინი არქიტექტორთან ერთად ერთობლივად წყვეტენ საფლავის ტექნიკურ და ვიზუალურ მხარეს.

მთაწმინდის პანთეონის ისტორიაში ბოლო წერტილის დასმა 2009 შემოდგომაზე იგეგმებოდა. ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, უადგილობის გამო მთაწმინდის პანთეონი დახურულად უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ასე არ მოხდა. გამონაკლისი დაუშვეს და 2010 წელს იქ მუხრან მაჭავარიანი დაკრძალეს, ხოლო 2016 წელს - ბაჩანა ბრეგვაძე.

ანა კალანდაძე