ცხოვ­რე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნა­ში - "მრცხვე­ნია, რომ აქ ვი­ყა­ვი" - გზაპრესი

ცხოვ­რე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნა­ში - "მრცხვე­ნია, რომ აქ ვი­ყა­ვი"

ცხინვალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში სოფელი ნიქოზია - დაბომბილი და გაძარცული. სახლები დღესაც ისევე გამოიყურება, როგორც 2008 წლის აგვისტოში, მათი უმეტესობა დაკეტილია... როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, სახლების ნაწილი აღდგენას აღარ ექვემდებარება. სოფლის შესასვლელში ქართველი ძალოვანები დგანან, მაგრამ გორი-ნიქოზის რეისის მიკროავტობუსის მძღოლს ცნობენ და არ გვაჩერებენ. თუმცა, მგზავრები მაინც გვაფრთხილებენ, პირადობის მოწმობები მოვამზადოთ... ხანდახან მაინც აჩერებენ, ეს თქვენივე უსაფრთხოებისთვის არის საჭიროო, - გვიხსნის ასაკოვანი მამაკაცი...

ნიქოზში საეპისკოპოსო რეზიდენცია, ჯერ კიდევ XI საუკუნეში იყო განთავსებული. 2008 წლის აგვისტოშიც, აქ, ჩვეულებისამებრ სამონასტრო ცხოვრება მიდიოდა... იმ დღესაც ეკლესიის 14 მსახური ერთად ტრაპეზობდა, ეპისკოპოსის რეზიდენციას კასეტური ბომბები რომ მოხვდა და გარშემო ყველაფერი დაიწვა... დროთა განმავლობაში, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა, საერთო ძალისხმევით, უცხოელი დიპლომატებისა და ადგილობრივების დახმარებით, საეპისკოპოსო რეზიდენცია აღადგინეს... თუმცა, ნიქოზსა და გარშემო სოფლებში, პრობლემებია.

ერთადერთი ნათელი წერტილი, მიტროპოლიტ, მეუფე ისაიას მიერ დაფუძნებული ხელოვნების ცენტრია, სადაც ბავშვები, რამდენიმე მიმართულებით, სრულიად უფასოდ იღებენ განათლებას. ეს არის ანიმაცია, ჩრდილების თეატრი, ხატვა, ქარგვა, ქსოვა, ქართული ცეკვა, ინგლისური...

ზამთარია და ისედაც თითქმის დაცლილ კონფლიქტის ზონაში, თოვლიან ქუჩებში, ადამიანის ჭაჭანება არაა.

- აქ ბავშვის ხმის გაგონება ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რადგან ზემო და ქვემო ნიქოზში, ფხვინისსა და შინდისში, სულ რამდენიმე ოჯახია, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. მე და ჩემი შვილიშვილებიც იქ ვცხოვრობთ. ძნელია, მაგრამ ვერ მოვწყდი საკუთარ სახლ-კარს. კვირა დილას, მე და ჩემი მოუსვენარი ლიზიკო, თბილად ვიცვამთ და ნიქოზის ღვთაებაში ამოვდივართ... ხანდახან წყალიც იყინება და ხელით გვიწევს მისი ზიდვა, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა გავუძლოთ, ამიტომაც ვამბობთ, რომ გმირები ვართ, - მეუბნება ელისაბედ საძაგლიშვილი და მიხსნის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველი კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ საძაგლიშვილის შთამომავალია...

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ყველაზე ცუდი არასტაბილური შემოსავალია, ამიტომ არ კიცხავენ მათ, ვინც წნეხს ვერ გაუძლო და გორს ან თბილისს შეაფარა თავი.

ზაირა, ნიქოზის მკვიდრი:

- ახლა კიდევ არა გვიშავს, იმ წლებში, როდესაც კოკოითის ხელისუფლებამ წყალი გადაგვიკეტა, ბაღებში ხეხილი და ნარგავები გაგვიხმა... უამრავ ადამიანს ხეხილის ბაღები და საძოვრები მავთულხლართებს მიღმა დარჩა. საქონელს მშიერს ხომ არ დავხოცავდით, ამიტომ ბევრმა გაყიდა... როდესაც სოფელში ცხოვრობ და სოფლის მეურნეობა არა გაქვს, მშიერი მოკვდები, ამიტომ უნდა ადგე და ქალაქში წახვიდე... ადრე, ომამდე, ოსებიც გადმოდიოდნენ და ჩვენც ვახერხებდით იქით გადასვლას, - ხან სოფლის ნობათს ვყიდდით, ხანაც ჩვენი ქალები "ლილოს საქონელს" ეზიდებოდნენ და როგორღაც ვუძლებდით გაჭირვებას. ახლა მავთულხლართებით გაგვყვეს და ერთმანეთს ტელეფონითაც კი ვერ ვუკავშირდებით... თუმცა, ვიცით, რომ ძალიან უჭირთ... ჩვენთან ბოლო წლებში რაღაცები გაკეთდა, სოფელში ამბულატორია გვაქვს, 4-ადგილიანი სტაციონარით, კარგი ექიმი გვყავს, ნიკო, რამდენიმე სოფლის მოსახლეობის იმედია... ყველაფრისთვის გორსა და თბილისში არ გვიწევს გამოქცევა, მათ კი, მართლა ყველაფრისთვის აქეთ უწევდათ გადმოსვლა და ომის შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა.

- ომის დროს აქ იყავით?

- კი, მაგრამ დაბომბვები რომ დაიწყო, ჩემმა ქმარმა მითხრა, - მოჰკიდე ბალღებს ხელი და სადმე, მოყვრებში წადი, მე დავრჩები და სახლსაც მივხედავო... სულ ათი კაციღა იყო დარჩენილი, მათ შორის - მეუფე ისაია, რომელიც მაშინ ჩვენი ერთადერთი იმედი იყო... შემდეგ, სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, შემოვიპარეთ. მართალია, აქ რუსები იყვნენ, მაგრამ რა გული გაგვიძლებდა? მაინც შემოვედით.

- რუს სამხედროებთან გქონდათ ურთიერთობა?

- დიახ, ზოგი ძალიან თავხედი და აგრესიული იყო, წარამარა ავტომატს ატკაცუნებდა და სასმელს ითხოვდა. შემდეგ, თვრებოდნენ და ვაშლის ბაღებში ეძინათ. იყვნენ ნორმალურებიც, რომელთანაც საუბარი შეიძლებოდა, ისინი აგრესიულების დამშვიდებას ცდილობდნენ და გვაფრთხილებდნენ, პირისპირ არ შევხვედროდით მათ... იყვნენ, ისეთებიც, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობდა. თუმცა, ყველა მათგანს, უმეტესად შიოდა და სახლში რომ შემოდიოდნენ, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ... ერთი მათგანი კონტრაქტორი ყოფილა. ჩვენს მეზობელს გასაუბრებია და უთქვამს, - გგონიათ, მიხარია უდანაშაულო ხალხის შეშინება და იარაღის ჩხაკუნი? მაგრამ ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო, ამიტომ წავედი კონტრაქტულ სამსახუშიო... ერთმა ბიჭმა, რომელიც ერთ-ერთ ოჯახს ლამის ჩაუსახლდა და მუდმივად იქ იკვებებოდა, წასვლისას მათ ღობეზე დაწერა, - მრცხვენია, რომ აქ ვიყავიო... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც ოკუპანტები იყვნენ ჩვენთვის და ისე ვექცეოდით, როგორც დამპყრობელს და ამას ხვდებოდნენ...

ადგილობრივები უკვე ხუმრობით იხსენებენ ისეთ ფაქტებს, როდესაც საკუთარ სახლში, საჭირო ნივთის წამოსაღებად, ქურდულად გადადიოდნენ: - ასე მოიპარა ერთმა ჩვენიანმა ყურძენი საკუთარი ვენახიდან. მერე ჰყვებოდა, - თავს რომ ვევლებოდი, მაშინ არ გამოუსხამს ამდენი ნაყოფი, ახლა კი ისე გადარეულა და ბარაქიანად ესხა, სანამ ვკრეფდი, ლამის თავზე დამათენდაო... - მიყვება მოხუცი.

სოფლის სტადიონი ზაფხულში, ახალგაზრდობის გასართობად ერთადერთი ადგილი იყო. ახლა მისგან რამდენიმე მეტრში მავთულხლართებია გავლებული. იქ მოთამაშე ახალგაზრდები დაუკავებიათ კიდეც. ისინი, როგორც წესი, პირდაპირ ცხინვალის იზოლატორში ხვდებიან. ადგილობრივები კიდევ ერთ მსგავს ამბავს იუმორით ჰყვებიან: - ამას წინათ, მეზობელი კაცი წაიყვანეს. საქონელს მწყემსავდა. ძალიან თავაზიანად დასდგომიან თავზე რუსი სამხედროები და უთქვამთ, გამოგვყევითო, თან სულ ბოდიშების მოხდით დაუდვიათ ხელზე ბორკილები... ცხინვალში უნდა წაგიყვანოთ, იმედია, ძროხები სახლს თავისით მიაგნებენო... იქ, ცხინვალის იზოლატორში რომ მიიყვანეს, ცხელი ყავა დაალევინეს, თან, სანამ მოუდუღებდნენ, ჰკითხეს, შაქარი რამდენი გინდათო?.. 2 ათასი რუბლი, ჩვენი ვალუტით, დაახლოებით, 90 ლარი გადაახდევინეს და გამოუშვეს. - ამ თანხად კი მიღირდა ცხინვალის დათვალიერება, მენატრებოდა, თანაც ორჯერ ლობიოს ცხელი შეჭამანდითაც გამიმასპინძლდნენო, - უთქვამს დაკავებულს... რუსებს მოუყოლიათ, - რამდენიმე დამოურჩილებელი ქართველი გვყავს, ლამის კვირაში ერთხელ მიგვყავს ციხეში და მაინც გადმოდიან. როდესაც ვეკითხებით, - რატომ აკეთებთ ამას, ხომ იცით, რომ დაგიჭერთო? - მამითა და პაპით ქართველი ვარ, ჩემს მიწაზე როგორ არ გავიარო, დამიჭირეთ და რაც გინდათ, ის მიქენით, მაინც გადმოვალო...

ხშირი ყინვებისგან გზებიც გაფუჭებულია. ატალახებულ შარაზე მანქანები საათში ერთხელ გამოჩნდებიან... სოფელში გაზი გაიყვანეს, რაც ადგილობრივებისთვის ძალზე დიდი შვებაა. ეტყობა, გაზაფხულისთვის სარწყავი არხების თემაც უნდა მოგვარდეს. როგორც ამბობენ, - მოსახლეობის უმეტესობას ყოველთვიური შემოსავალი არა აქვს და ამიტომაც გარბის ხალხი აქედან...

ციცინო ელიკაშვილი, მერეთის მკვიდრი:

- ნიქოზში სტუმრად ვარ, მაგრამ ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს, რაც ამათ. ძალიან უჭირს ხალხს, რთულია, მთავრობის დახმარების გარეშე აქ რამის მიღწევა. სოფელში სამსახური საერთოდ არავის აქვს, თუმცა, მადლობა ღმერთს, დავბრუნდით და სახლებში გაჩერება საშიში აღარაა. 13-14 წლის ქალ-ვაჟი მყავს, ამ წლის დასაწყისში გორიდან ჩვენთან გადმოვიყვანეთ, მერეთის საჯარო სკოლაში დადიან, მაგრამ აქაც პრობლემაა - ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც ბავშვებს 4 კილომეტრის გავლა - წინ და უკან ფეხით უწევთ. ახლა კიდევ არა უშავს, მაგრამ დიდთოვლობისას?! მავთულხლართებს რომ აბამენ, ზოგჯერ მეშინია კიდეც, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავების იმედი მაქვს; არადა, ჩვენ, ქართველებსა და ოსებს ნათესაობა გვაკავშირებს. უბრალო ხალხს გასაყოფი არაფერი გვაქვს.

სოფლიდან მოვდივართ. ყველა გაჩერებაზე "ბირჟაა". ეს სოფელში ყველაზე საინტერესო ადგილია, - სამწყემსურიდან წამოსული მამაკაცები ერთმანეთს აზრებს უცვლიან, ზოგი ქალაქიდან მომავალ ცოლ-შვილს უნდა დახვდეს. კაცები ცოტას საუბრობენ, - რად უნდა ლაპარაკი, ნახეთ, რამდენი ცარიელი სახლია გარშემო და ყველაფერს თვითონ მიხვდებითო. ნიქოზიდან გორისკენ მომავალი, გზადაგზა ცარიელი სახლების დათვლას ვცდილობ, რომელიც საკმაოდ ბევრია...

ლალი პაპასკირი