აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ ენგურის ხიდი აკავშირებს - გზაპრესი

აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან მხოლოდ ენგურის ხიდი აკავშირებს

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. გალის მოსახლეობას ორსანტია-ოტობაიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტილი დახვდათ. გამონაკლისის სახით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა რამდენიმე მგზავრი დილაადრიან ზუგდიდიდან გალში გაატარეს და გააფრთხილეს, რომ ამ გზით ისინი ბოლოჯერ სარგებლობდნენ და შემდეგ მიმოსვლა შეწყდებოდა...

ადგილობრივების თქმით, იმ სოფლების მცხოვრებლები, რომლებიც ენგურის ხიდიდან მოშორებით მდებარეობს, ფაქტობრივად იზოლაციაში ექცევიან, რადგან ხიდამდე ტრანსპორტი იშვიათად დადის, გზები ცუდია და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა გადასასვლელით მოსარგებლე ადამიანები ენგურის ხიდს მოაწყდებიან, რამდენიმესაათიანი რიგი გარდაუვალია...

პუნქტების შესაძლო დახურვა გალის მოსახლეობამ ჯერ კიდევ თებერვალში გააპროტესტა. მაშინ გალელები სოფელ ნაბაკევსა და ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ. ამასთან, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფიც და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიუხედავად პროტესტისა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა, არ დაარღვიონ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვარზე გადაადგილების წესი და 5 მარტიდან ისარგებლონ მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით, რომელიც გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლებიდან 20-40 კილომეტრით არის დაშორებულ. ე.წ. ცენტრალურ გამშვებ პუნქტამდე, "ენგურამდე", მისვლა დამატებით დროს და ხარჯებს საჭიროებს.

დოდო თორია, ნაბაკევის მკვიდრი:

- იზოლაციაში მოგვაქციეს. რამდენიმე დღეა გასული და სოფელს უკვე დაეტყო, რომ ცუდ დღეში ჩავცვივდებით. უკვე ვიცით, რა მოხდება - სოფელი დარჩება ერთი ავტობუსის ამარა, რომელიც კვირაში რამდენჯერმე ივლის ენგურის ხიდის მიმართულებით... ამდენი "მარშრუტკისა" და ტაქსის მძღოლი, რომელიც მთელი დღე მიმოდიოდა ამ გზაზე, უმუშევარი რჩება... თუმცა, ეს პრობლემების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. სინამდვილეში მოვწყდებით დანარჩენ საქართველოს, მაგრამ ვერასდროს ვიქნებით დანარჩენ აფხაზეთთან ისეთი ინტეგრირებული, როგორც მათ უნდათ...

მარინა, გალის მკვიდრი:

- განსაკუთრებით ისინი დავზარალდით, ვინც ამ გადასასვლელებთან ახლოს ვცხოვრობდით Gდა ყოველდღიურად ზუგდიდში გადმოვდიოდით. ზოგი მკურნალობდა, ზოგი ვაჭრობდა, რძის პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული გადმოგვქონდა და ლუკმაპურს ვშოულობდით. იქ ნათესავებთან ერთად გვქონდა მაღაზიები, ზოგი გარევაჭრობით ირჩენდა თავს... რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, როგორც ქართველები, ისე აფხაზები... სანამ ჩვენ ამ პროდუქტს სოხუმში წავიღებთ და გავყიდით, კი გაფუჭდება გზაში და იქაც, ან გაიყიდება, ან არა... მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვართ... ეს შეზღუდვა აფხაზებსაც ეხებათ, რადგან ძალიან ბევრი "ლილოს ბაზრობაზე" დადიოდა და იქიდან მოჰქონდა საქონელი, რაღაც შემოსავალი ჰქონდათ, ახლა რა უნდა ქნან?.. ან იმათ რა ეშველება, ვინც კვირაში ერთხელ ქუთაისსა და თბილისში დადიოდა სამკურნალოდ, ძვირად ღირებულ მედიკამენტებს უფასოდ იღებდნენ... სანამ მათ რიგი მოუწევთ, კაცმა არ იცის, რამდენი ხანი გავა და შემდეგაც, კაცმა არ იცის, რა მიზეზს უპოვიან რუსი "მესაზღვრეები". რამდენჯერმე ურჩიეს, - "თავის დროზე მიგეღოთ რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთში ივლიდით სამკურნალოდო... არადა, იქ წასვლა იმ აფხაზებსაც არ უნდათ, ვისაც მოქალაქეობა აქვს, რადგან სამედიცინო დაწესებულებებში კატასტროფული მდგომარეობაა. ქრთამი, კორუფცია, ანტისანიტარია და განუკითხაობა, აფხაზებს ზედაც არ გვიყურებენო... არადა, ასობით ჩ ჰეპატიტიანი და შიდსის ვირუსით დაავადებული ჰყავთ... საშველი ქართულ მხარეს იპოვეს და ახლა ამ გადარჩენის გზა მოუსპო მათივე ხელისუფლებამ... რუსი სამხედროები კი, თვითონ ჭრიან და თვითონ კერავენ, თუ ბევრი ხელმოწერა აქვთ, შეიძლება არც გაგიშვან და მიზეზსაც არ გიხსნიან, - მერე მოდიო, გეტყვიან. ან რაღაც შარს მოგდებენ და სოხუმის იზოლატორში გადაგიყვანენ, სადაც თანხის გადახდა მოგიწევს... თავიანთი კანონები აქვთ, რომელსაც ვერაფერს გაუგებ...

ელისო, საბერიოს მკვიდრი:

- სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არსებობს ძალიან მტკივნეული და ასევე მნიშვნელოვანი თემა, - განათლება. გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, განათლების მიღების უფლება ერთმევათ იმ მოზარდებს, რომლებიც ზუგდიდის სკოლებში სწავლობენ და განათლებას ქართულად იღებენ... მათ რამდენიმე სოფელი მიკროავტობუსით უნდა გაიარონ, რომ ენგურის ხიდამდე მიაღწიონ, იქიდან კი ან გაუშვებენ, ან არა ზუგდიდისკენ, შემდეგ ისევ შემოვლითი გზებით უნდა მივიდნენ სკოლაში... ეს ხომ შეუძლებელია?.. საინტერესოა, რა მოიგეს ამით აფხაზებმა, რომლებიც სასიცოცხლოდ იყვნენ დამოკიდებული ქართული მხარის მიერ მათთვის განკუთვნილ დახმარებებზე...

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მცირე პროტესტი მოჰყვა აფხაზ საზოგადოებაშიც. როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ადგილობრივ ხელისუფლებას "ქვეყანაში" არსებული მძიმე სოციალური და კრიმინალური ფონი უნდა აღმოეფხვრა და საზღვრის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები შემდეგ უნდა განეხორციელებინა...

ვალია ადლეიბა:

- ენგურის ხიდზე გადასასვლელების ჩაკეტვით, ქვეყანაში არსებული უმუშევრობა, ნარკომანია, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და ის სხვა პრობლემები, რომლებსაც 25 წელია თავი ვერ დავაღწიეთ, მოგვარდება? გამეცით ვინმემ პასუხი. რა ეშველებათ იმ დაავადებულ ბიჭებს, რომლებიც როგორღაც, გონს მშობლების ჩარევით ან თავად მოვიდნენ და გადაწყვიტეს, წამალდამოკიდებული არ ყოფილიყვნენ და ამისთვის მიდიოდნენ თბილისში? რა ეშველებათ იმ ბავშვებს, რომელთაც რუსეთში დაყრუება და დაბრმავება ემუქრებოდათ და მშობლებს თბილისში მიჰყავდათ გადასარჩენად? ვინმე მეტყვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან მოგვარდება? მე პატრიოტიზმს ვერავინ მასწავლის, ჩემი ქვეყანა უსაზღვროდ მიყვარს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, თუ ჩვენ ავადმყოფები ვიქნებით და ბრძოლის უნარი არ გვექნება, ვინ უნდა ააშენოს აფხაზეთი, რუსებმა, სომხებმა თუ თურქებმა?

ვერა დარჩია:

- რუსეთში იმკურნალეთო, გვეუბნებიან და ხომ ვიცით, რასაც ნიშნავს ეს? თუ სიკვდილი მინდა, რაღა რუსეთში წავიდე, ბარემ ჩემს მიწაზე მოვკვდები... რატომ გავხდით ასეთი ინერტულები ყველაფრის მიმართ? გვეშინია, ვიღაცამ მოღალატე არ გვიწოდოს, რადგან საქართველოს მხარეს საზღვრის ჩაკეტვა არ გვინდა? ყველამ ვიცით, რა აიძულებს იმ ადამიანებს ამ ნაბიჯის გადადგმას, ყველას უკან საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იდგა... სად წავიდა ის ერთსულოვნება, რომელმაც 90-იან წლებში გაგვაერთიანა? ყველანი დუმხართ. კარგი, ერთად ვნახოთ, რამდენი "სამკურნალოდ წასული" მიცვალებული დაბრუნდება აფხაზეთში წლის ბოლომდე... ვინ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა, ერთმანეთის მაბეზღარმა, განარკომანებულმა თაობამ, რომელსაც სამშობლოს სიყვარული იარაღის ტრიალი და თანამოძმის დაყაჩაღება ჰგონია? გასაგებია, მათ საქართველოდან კარგი ამბების შემომტანი ადამიანების ეშინიათ, მაგრამ ამისთვის საუკეთესო გამოსავალი ჭაობში ცხოვრება კი არა, განვითარებაა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მიუღებელი, უხეშად არღვევს და კიდევ უფრო ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. "მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციას, გააცნობიერონ ამ ქმედების სიმძიმე, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გადახედონ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ლალი პაპასკირი