აგრარული სექტორის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში - გზაპრესი

აგრარული სექტორის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში

სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია. მთელი მსოფლიო ზრუნავს ამ დარგის წინსვლასა და განვითარებაზე. რა პერსპექტივები აქვს აგრარულ სექტორს საქართველოში? _ ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსს, თენგიზ კალანდაძეს ვესაუბრეთ:

- ბატონო თენგიზ, საქართველოში ძალიან ბევრს კამათობენ საკითხზე - უნდა მივყიდოთ უცხოელებს მიწა, თუ არა. თქვენ რას ფიქრობთ?

- ამ საკითხს საგანგებოდ შეისწავლის უწყებათშორისი კომისია, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ სხვა სამინისტროებიც. არის მოსაზრება, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ქართული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება მიწის უცხოელებზე გაყიდვას, ეს კომისია მუშაობს, ცდილობს შეიმუშაოს გარკვეული მოსაზრებები და თავისი მოსაზრებები მთავრობას წარუდგინოს დასამტკიცებლად.

- რით შეიძლება აიხსნას, რომ ბევრმა უცხოელმა შეიძინა მიწა საქართველოში, მაგრამ რამდენიმე წელიწადში უკან, თავის სამშობლოში დაბრუნდა? მათ შორის არიან ინდოელები და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც...

- ინდოელებს, რომლებმაც აქ ნაკვეთები შეიძინეს, მეც შევხვედრივარ. მათ მცენარეული კულტურების დიდ მასივებზე მოყვანა უყვართ, რადგან მათი მიზანი დიდი რაოდენობის პროდუქციის ექსპორტზე გატანაა. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, მათმა სტრატეგიამ აქ ვერ გაამართლა, ამიტომ უარი თქვეს მუშაობის გაგრძელებაზე.

- როგორი მეთოდები უნდა გამოიყენოს ჩვენში ფერმერმა, მაქსიმალური მოგება რომ მიიღოს?

- ჩვენი მიზანია, ისეთი კულტურები მოვიყვანოთ, რომლებიც მცირე მოცულობისაა, მაგრამ ძვირად ღირებული. ასეთია მაგალითად, კენკროვანი კულტურები - თუნდაც, მოცვი, რომელმაც საქართველოში კარგი მოსავალი მოგვცა და ევროკავშირშიც წარმატებით გავიდა. საქმე ის არის, რომ მოცვი, ისევე, როგორც ჟოლო, მაყვალი და კენკროვანები, არ მოითხოვს განსაკუთრებით დიდ მასივებს, როგორც მაგალითად, ხორბალი. იგივე უნდა ვთქვათ კაკლოვან კულტურებზე - ნიგოზსა და ნუშზე, რომლებიც მაღალი ღირებულების პროდუქციას იძლევიან. ასევე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ვაწარმოოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. ასევე უნდა ვაწარმოოთ ტრადიციული პროდუქტები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით სარგებლობს. მოგეხსენებათ, არაბულ ქვეყნებში - ირანში, ერაყში, საუდის არაბეთში - საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ექსპორტზე ჩვენი ცხვარი, რომელიც მთაში, იალაღებზე იზრდება და ძალიან მოსწონთ როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ბაზრებზე. რადგან მცირემიწიან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი ორიენტაცია ასეთი უნდა იყოს: უნდა მოვიყვანოთ მცირე მოცულობის, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ღირებულების პროდუქცია, რომელიც სწორედ ხარისხით იქნება კონკურენტუნარიანი.

- ცნობილია, რომ ქართველი ბიზნესმენები იშვიათად დებენ ინვესტიციებს აგრარულ სექტორში. როგორ შეიძლება ამის გამოსწორება? რა უნდა გაკეთდეს საამისოდ?

- მე მიჭირს დავეთანხმო ამ მოსაზრებას, რადგან ქართველი ინვესტორები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტი დაიწყეს. ეს პროექტებია: `აწარმოე საქართველოში~, `იაფი კრედიტი~, `დანერგე მომავალი~ და ა.შ... ათეულობით ჰექტარი ინტენსიური ბაღი გაშენდა, ასევე გავაშენეთ ვაშლის ახალი ჯიშები, კაკლოვანი კულტურები, მათ შორის, ჩანდლერის ჯიშის კაკალი. ქვემო ქართლში გავაშენეთ ახალი ჯიშის ქლიავის, ვაშლის, ალუბლის, ბლის ჯიშები და ამ საქმის სათავეში სწორედ ქართველი ინვესტორები დგანან. შეიძლება შედეგი მალე არ გამოჩნდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობაში სიტუაცია ერთ-ორ დღეში ვერ შეიცვლება. ასე რომ, საბოლოო შედეგებს მომავალ წლებში მოვიმკით. ამ ყველაფრის მოთავეები ქართველი ინვესტორები არიან, რომლებმაც ძველი ბაღები ამოძირკვეს და მათ ნაცვლად ახალ, ინტენსიურ ბაღებს აშენებენ. ეს ბაღები საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. იმედია, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება.

- ჩვენი გლეხების ერთი ნაწილი მიწა-წყალს ტოვებს და უცხოეთში მიდის სამუშაოდ. მათი აზრით, საქართველოში მიწაზე მუშაობა მომგებიანი არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ამ პრობლემის დაძლევა?

- 21-ე საუკუნეში მიგრაცია ყველა ქვეყნისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველოში თურქები და აზერბაიჯანელებიც არიან ჩამოსული, აქ ცხოვრობენ და ბიზნესს ეწევიან, ისინი სოფლის მეურნეობაშიც არიან ჩართულნი. ჩვენი მოსახლეობაც გადის უცხო ქვეყნებში. ეს ადამიანები უკეთესის ძიებაში არიან. ჩვენ ვიცით, რომ მრავალ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა სახელმწიფო სუბსიდირების ქვეშაა, რადგან ეს დარგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - მათ შორის ადამიანურ რესურსებზე, ტექნიკაზე, გარემოსა და სტიქიურ მოვლენებზე. ამიტომ, სოფლის მეურნეობა ყოველთვის სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია. მათ შორის, ჩვენთან - საქართველოშიც. იმისათვის, რომ ადგილობრივ პროდუქციას სტიმული მიეცეს, სამინისტროში იმპორტის ჩანაცვლების აქტიურ პოლიტიკას ვატარებთ, ამ პოლიტიკის შედეგი სულ მალე გამოჩნდება და თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ ირანიდან იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება დაიწყება ადგილობრივი, ქართული პროდუქციით. ეს იქნება კონკურენტუნარიანი, ხელსაყრელი ფასის და მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც თანდათან ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტს. თუმცა, ამას დრო დასჭირდება, რადგან მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ, ძალიან მძიმე იყო. მიტოვებული იყო მიწები, სავარგულები და მათ სრულყოფილ ათვისებას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ჩვენს მეზობელ თურქეთს აგრარული სექტორის განვითარებისთვის დაახლოებით 20-25 წელი დასჭირდა. ჩვენ ამ დარგში ძალიან დიდი უკუსვლა გვქონდა და მხოლოდ ბოლო წლებში დავიწყეთ აგრარული სექტორის ინტენსიური ხელშეწყობა და დახმარება. ეს პროცესი აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს.

- ყველამ ვიცით, რომ მთავრობა წელს აღარ აპირებს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოები დააფინანსოს. რით არის გამოწვეული ამ პროგრამის შეჩერება?

ხათუნა ჩიგოგიძე