სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბი - გზაპრესი

სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბი

საქართველოს ტერიტორიის 16%-ს მღვიმეები იკავებს, რომელთაგან ნახევარი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და აღმომჩენს ელის... ბოლო დროს რამდენიმე მათგანი მოგზაურთა და მთამსვლელთა ქუთაისური კლუბის, `თეთნულდის~ წევრებმა აღმოაჩინეს. მღვიმეების რაოდენობიდან და მათი უნიკალურობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას სერიოზული პოტენციალი აქვს ისეთი თანამედროვე, ტურისტულად მიმზიდველი მიმართულებების განვითარებისათვის, როგორიცაა ექსტრემალური ტურიზმი, სპორტული სპელეოლოგია თუ სპელეოდაივინგი. კლუბის წევრების თქმით, მათი საზღვარგარეთ გასვლის დროს გაცნობილი არაერთი უცხოელი მოგზაური თუ ექსტრემალი დაინტერესდა და ესტუმრა საქართველოს. კლუბი სამთამსვლელო და საექსპედიციო გასვლებს მხოლოდ საკუთარი ხარჯითა და ადგილობრივი, ქუთაისური კომპანიების დაფინანსებით ახორციელებს. ამჟამად მათ გეგმაში მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე 70-მდე ლოკაციაა მონიშნული, რომელიც ჯერ არავის მოუნახულებია. კლუბის წევრების თქმით, ათი გადამოწმებული ინფორმაციიდან სამი ვარგისი, ორი რესპუბლიკური, ერთი კი საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენაა ხოლმე.

საქართველოში არ არსებობს სოფელიც კი, რომელსაც ღირებული ბუნებრივი ძეგლი, ლეგენდა ან თქმულება არ უკავშირდება. `თეთნულდის~ წევრები კი მსგავს ადგილებს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დაეძებენ... მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე გოდოგანის მღვიმის, ტეხურას, ძრუისისა და ოკაცეს კანიონების, მარტვილის წყალქვეშა კანიონის, მურადის მღვიმის უცნობი ნაწილისა და სხვა ისტორიული თუ ტურისტული მნიშვნელობის ძეგლების აღმოჩენა.

ახლახან კლუბის წევრები ფერეიდნიდან დაბრუნდნენ, სადაც ადგილობრივ მთამსვლელებთან ერთად, ზღვის დონიდან 4040 მეტრზე მდებარე შაჰან კუჰის მწვერვალი დაიპყრეს და თან უამრავი საინტერესო მასალა ჩამოიტანეს, რომელსაც მალე საზოგადოებას ფილმად შესთავაზებენ. ფერეიდნული შთაბეჭდილებების, იქ არსებული ღრმა ქართული კვალისა და ქართულ-ფერეიდნული ალპინისტური გეგმების შესახებ კლუბის ორ წევრს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფიზიოლოგ ირაკლი ჯულაყიძესა და ფოტოგრაფ არჩილ გეგენავას ვესაუბრეთ.

არჩილი:

- ფერეიდნელ მთამსვლელს, შაჰრამ ონიკაძეს ირაკლი დაუმეგობრდა და პირველად ირანში რამდენიმე წლის წინ, სწორედ ის იყო წასული. ამ ზაფხულს იქაური მთამსვლელები თავად გვესტუმრნენ და გასვლა მყინვარწვერზე მოვაწყვეთ, ახლახან კი ჩვენი კლუბის ხუთი წევრი ფერეიდანში ვიყავით. ადგილობრივი კულტურისა და ქართული კვალის ნახვის გარდა, შაჰან კუჰის მწვერვალის დაპყრობა გვქონდა განზრახული. შაჰრამმა თან ხუთი მთამსვლელი გაგვაყოლა. გზაში ამინდი გაუარესდა, წელამდე თოვლის გაკვალვა გვიხდებოდა, რის გამოც ნაწილმა ფიზიკურად ვერ შეძლო გზის გაგრძელება და მწვერვალზე ჯგუფის მხოლოდ სამი წევრი ავიდა - შაჰრამ ონიკაძე, ჰამიდ რაჰინი და გიორგი ენუქიძე.

- რატომ გადაწყვიტეთ მწვერვალზე მაინცდამაინც ზამთარში ასვლა?

- ზამთარში ექსტრემი მეტია. გარდა ამისა, შაჰან კუჰის მწვერვალზე ზამთრის გასვლა ჯერ არავის გაურისკავს და გვინდოდა პირველი ჩვენ ვყოფილიყავით.

- როგორც ცნობილია, ალპინიზმი ირანში საკმაოდ განვითარებულია...

- დიახ და ქართველები, განსაკუთრებით კი, ფერეიდნელი ქართველები, ერთ-ერთი მოწინავე მთამსვლელები არიან. გასაკვირი არცაა, რადგან ფერეიდანში მთები, ფაქტობრივად, საცხოვრებელი სახლის ეზოში აქვთ.

ირაკლი:

- აღსანიშნავია, რომ ირანში უამრავი ქალი მთამსვლელია. ვნახეთ 80 წლის ქალბატონი, რომელმაც შაჰან კუჰი 70 წლის ასაკში დალაშქრა. მთამსვლელობას სქესი არ გააჩნია, რელიგიასავით, იდეოლოგიასავითაა. ფიზიოლოგი ვარ და ამ თვალსაზრისითაც შემიძლია გითხრათ, რომ სტრესის, ტკივილისა და ახალი გარემოს მიმართ ამტანობა, ფსიქიკური გამძლეობა ქალს უფრო მეტი აქვს, ვიდრე მამაკაცს. ალპინიზმის მხრივ გოგონებისა და ვაჟების შესაძლებლობებს შორის პროცენტულ განსხვავებაზე ვერ ვისაუბრებთ.

- რამდენად ღრმა აღმოჩნდა ფერეიდანში ქართული კვალი?

არჩილი:

- ნანახმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. ირანში ქართველი, როგორც სოციალური სტატუსი, ძალიან ძლიერია. როგორც ადგილობრივების, ისე სხვა ტომის მცხოვრებთათვის ქართველთან ურთიერთობა საამაყოა. ნებისმიერი გამყიდველი უვადოდ, ყოველგვარი ზედმეტი კითხვისა და ყოყმანის გარეშე გასცემს საქონელს საფასურის გარეშე, თუკი მყიდველი ეტყვის, რომ ქართველია. წარმოიდგინეთ, ბანკში სესხის აღებისას თუ ქართველი ქართველს ჩაუდგება თავდებში, არანაირ საბუთს აღარ სთხოვენ - ორი ქართველის სიტყვა უკვე უდავოდ სარწმუნოა. თუ მოხდა ისე, რომ ვინმემ თანხის დაფარვა ვერ მოახერხა, მას სოფელი კრებს და ისტუმრებს, რომ ქართველის სახელი არ შეიბღალოს. ბავშვი რომ ტირის, უფროსი ეუბნება, ნუ ტირი, თორემ ქართველი გაიგონებს და ეწყინებაო. სანამ ბავშვები სკოლაში, შვიდი წლის ასაკში სპარსულის სწავლას დაიწყებენ, მანამდე სახლში ქართულს სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ 400 წლის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, ქართველს მოწყალება ეთხოვოს... ერთ-ერთ ქართველს უსახსრობის გამო, თურმე, შვილი უკვდებოდა, მაგრამ სამათხოვროდ მაინც არ გასულა. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ქართველს ქართველი მოეკლას ან ქართველისთვის სასამართლოში ეჩივლოს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის სტუმრები ვიყავით, მთელი სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ჩვენ მიმართ პატივისცემა ერთნაირად გამოეხატა. GzaPress

ირაკლი:

- სანამ გაიგებდნენ, ვინ ვიყავით, გაგვაფრთხილეს, რომ მეჩეთში ფოტო-ვიდეოგადაღება არ შეიძლებოდა. როცა შეიტყვეს, რომ გურჯისტანიდან ვიყავით, გადაღების უფლებაც მოგვცეს და თბილი ემოციებიც არ დაიშურეს. სტუმარი და მისი მასპინძლობა არ გვიკვირს ქართველებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს იქ უფრო მეტად ვიგრძენით. ისინი მეტად გულღია, ალალი და თავისუფალი აღმოჩნდნენ.

- გვითხარით, როგორ დალაშქრეთ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე კოპის ციხე და მასში განთავსებული ტაძარი, სადაც მანამდე 400 წლის მანძილზე არავინ ყოფილა...

- კოპის ციხე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ბუბა კუდავასთან ერთად მოვინახულეთ. მას, როგორც მეცნიერს, პირველს მიეცა საშუალება ციხის ფრესკების არაჩვეულებრივი ნიმუშები დაეთვალიერებინა, სადაც სამივე ტიპის დამწერლობა იყო წარმოდგენილი - სიტყვები და ფრაზები იკითხებოდა ასომთავრულად, მხედრულად და ნუსხურად. რამდენიმე ფრესკაზე ბიბლიური სცენები იყო გამოსახული. აქ კლდეზე ნაშენი ქვის კედელი და კლდის იატაკში განთავსებული ქვევრები ჯერ კიდევ შემორჩენილია. კოპის ციხის გარდა ბანაში ვნახეთ სასიგნალო კოშკი კახაბერი, სადაც მანამდე ასევე არავინ იყო ნამყოფი.

- რაც შეეხება რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე მდებარე მურადის მღვიმის უცნობი ნაწილის აღმოჩენას?

არჩილი:

- ამ მღვიმის შესახებ სოფლის ყველა მცხოვრებმა და ასევე, სპელეოლოგებმა იციან. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ მღვიმის უცნობი ტერიტორია აღმოვაჩინეთ, სადაც უნიკალური წარმონაქმნებია წარმოდგენილი.Aადგილზე მისულები ფოტოების გადასაღებად იმ ადგილას გავჩერდით, სადაც ვიცოდით, რომ მღვიმე სრულდებოდა. ფოტოგადაღებისთვის განათებას ვარეგულირებდით, როცა მღვიმის ერთ ნაწილში შავი ლაქა დავინახეთ. ერთ-ერთი წევრი ავიდა და ნახა, რომ იმ ადგილიდან მღვიმის სხვა ოთახები იწყებოდა. აღმოჩნდა, რომ მურადის მღვიმეში იყო ასევე მეორე ნაწილი რამდენიმე ოთახით, იარუსებითა და ჩაღრმავებებით. ერთ-ერთ კედელთან კი ვნახეთ ისეთი არაორდინარული ფორმის სტალაქტიდები და სტალაგმიტები, როგორიც ინტერნეტშიც კი არსად გვენახა. ამ ადგილს ბურთების დარბაზი დავარქვით. თავისი მნიშვნელობით ეს მღვიმე შეგვიძლია სათაფლიის კარსტულ მღვიმეებს შევადაროთ. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ ეს მღვიმე მსოფლიოში უნიკალურია.

- რა სახით ინახავთ მოპოვებულ ინფორმაციას? თუ თანამშრომლობთ დარგის სპეციალისტებთან?

ირაკლი:

- ვთანამშრომლობთ `ნეშენალ ჯეოგრაფიკის~ ფოტოგრაფთან, ვიქტორ ლიაგუშკინთან. მას ისეთი ადგილების ნახვა სურს, რომლებიც ჯერ არავის გადაუღია. რთული ამოცანაა, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი ადგილები გვაქვს და როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე მათგანი უკვე აღმოვაჩინეთ კიდეც. მან არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო სოფელ დუცხუნში. გარდა ამისა, ინფორმაციას ვაწვდით `დისქავერისა~ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებს.

შორენა ლაბაძე