ადამიანები აქ გაჭირვებამ და შიმშილმა მოიყვანა - საზოგადოების რეაქცია მერიის ინიციატივაზე - გზაპრესი

ადამიანები აქ გაჭირვებამ და შიმშილმა მოიყვანა - საზოგადოების რეაქცია მერიის ინიციატივაზე

ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, უმუშევრობის მოგვარება ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მოსახლეობამ გამოსავალი თავად იპოვა და ცოტა ხანში მთელი თბილისი და საქართველოს დანარჩენი ქალაქები ერთ დიდ ბაზრობად გადაიქცა...

დროდადრო გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იყიდება როგორც სამოსი, ასევე - სურსათი, ტექნიკა, პარფიუმერია და რა გინდა, სულო და გულო...

რამდენიმე დღის წინ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით. გიორგი უკლებას თქმით, მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიის შემდეგ გარევაჭრობისგან გათავისუფლდება კოლმეურნეობის მოედანი. შემდეგ კი, ეტაპობრივად, მთელი თბილისის ტერიტორია. ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, დაგეგმილი ღონისძიებები ქალაქში სანიტარიული ნორმების დაცვისკენ არის მიმართული. აღნიშნულმა უწყებამ რამდენიმე ადგილიდან უნებართვო კონსტრუქციებიც აიღო. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქის მთავარ ტურისტულ და ხალხმრავალ ზონებში გარევაჭრობა აიკრძალება. განცხადების თანახმად, უახლოეს მომავალში, ასევე ეტაპობრივად, გარემოვაჭრეთა დახლებს დედაქალაქის სხვა ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებშიც აიღებენ.

როგორც მერიაში ამბობენ, მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას გაითვალისწინებენ და საქმიანობის გაგრძელებას მათ სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში შესთავაზებენ.

ამ ინიციატივას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, ამ საყოველთაო გაძვირების დროს, ხელისუფლებამ ჯერ მოსახლეობის დასაქმებაზე უნდა იზრუნოს... დანარჩენი მიიჩნევს, რომ ქალაქი ერთ დიდ ბაზრობად იქცა და ასე გაგრძელება შეუძლებელია.

დათო ორაგველიძე, მძღოლი:

- მესმის, რომ ვიღაცებს ეს ქაოსი ნერვებს უშლის, მაგრამ ადამიანები იქ გაჭირვებამ და შიმშილმა მოიყვანა. არაერთხელ შევსწრებივარ მათ საუბარს, როგორ საცოდავად აკოწიწებდნენ დღის ბოლოს 5-10 ლარს და ამით ბედნიერები არიან, რადგან დღის ბოლოს სახლში პურსა და შაქარს მიიტანდნენ... ცოტა ახლოს მიდით მათთან და მოისმინეთ მათი საუბრები, როგორ უჭირთ, როგორ სტკივათ და განიცდიან... ვის ეხალისება დილიდან-საღამომდე იქ დგომა? დიახ, ულამაზოა, როდესაც ქალაქის ცენტრში შუაცეცხლს შემომსხდარ, მოუწესრიგებელ ადამიანებს უყურებთ. ყოფილა დღეები, როდესაც დილიდან-საღამომდე, მხოლოდ პურსა და წყალზე გადასულან, ეს თეთრები აქ თუ დავხარჯე, სახლში რა მივიტანოო... მათ უკან ოჯახები დგას, რომლებიც მათ ხელებში შესცქერიან. გაოცებული ვარ ჩვენი საზოგადოების ხისტი მიდგომით, არ ვიცით, სად ვცხოვრობთ? რამდენია ჩვენი საშუალო შემოსავალი?.. ამ უმწეო ადამიანების წინააღმდეგ გაერთიანებას, ხომ არ სჯობია, ხელისუფლება ვაიძულოთ, გამოსავალი იპოვონ?

თამთა კაკაურიძე, ჟურნალისტი:

- ჩემი აზრით, გარევაჭრობა არ უნდა იყოს დაშვებული და საქონელი სპეციალურად განთავსებულ ადგილებში უნდა იყიდებოდეს. ეს მომხმარებლისა და მოვაჭრისთვის შედარებით კომფორტულ გარემოს შექმნის. გარდა ამისა, გარევაჭრობისას ვერ კონტროლდება მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობები, დახლზე ხვდება გაურკვეველი წარმოების პროდუქცია, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

თუმცა, სპეციალური ადგილების გამოყოფის შემთხვევაშიც, სადაც მოვაჭრეებს შეეძლებათ პროდუქტის გაყიდვა, ახალ პრობლემას გადააწყდებიან - მათ ისედაც მიზერულ შემოსავალს, სპეციალური ადგილისთვის გადასახდელი თანხა აკლდება. თუ თბილისის მერია იზრუნებს და შეღავათიანი პირობებით მოხდება ამ ადამიანებისთვის ადგილების გამოყოფა, ეს შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას... ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აკრძალვა ბუკინისტებსა და მშრალ ხიდზე მოვაჭრეებს არ შეეხებათ, რაც გამართლებული მგონია...

გია კორკოტაშვილი, ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი:

- ყველა ქალაქს აქვს თავისი ეთიკა და ესთეტიკა, ორივე მნიშვნელოვანია ქალაქის არსებობისთვის და ორივე განსაზღვრული უნდა იყოს. ეს დედაქალაქია და თუ იმის ამბიცია გვაქვს, რომ ნორმალური ქვეყანა ვართ, ასე არ უნდა იყოს... მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ცდილობენ, როგორღაც ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდეთ და სადაც მოუხერხდებათ, იქ იმუშაონ, მაგრამ ასე ვერაფერს გავხდებით... ისინიც დიდხანს ვერ გაჩერდებიან იქ, რადგან არ შეიძლება, ყველგან დადგე და ყველაფერი გაყიდო... მათ მხარში უნდა ამოვუდგეთ და ქალაქის ხელმძღვანელობა ვაიძულოთ, რომ დაბალ ფასში ფართობი გამოუყონ, სადაც იმუშავებენ და შემოსავალიც ექნებათ. ეს კი, მერიისა და საკრებულოს მოსაგვარებელია და უნდა მოაგვარონ, - გამოუყონ ფართობები ამ ადამიანებს, დაუწესონ გადასახადი და შეუქმნან ადამიანური პირობები. ისე, რომ გადასახადის გარდა, თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვისაც მორჩეთ რაღაც თანხა. საიდანღაც უნდა დავიწყოთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, ევროპულ სტანდარტებს შევეჭიდოთ. რა მოცემულობაც აქვს ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას, იმის მიხედვით განვსაზღვროთ რეგულაციები... იმიტომ ცდილობენ ხალხმრავალ ადგილებში დგომას, მუშაობა რომ ჰქონდეთ. გვესმის მათი, მაგრამ არ შეიძლება, მთელი ქალაქი ბაზრობად გადავაქციოთ. მათთვის კონკრეტული ადგილები უნდა გამოყონ... რაც შეეხება ბუკინისტებს, გვესმის, რომ წიგნი ადამიანის სულიერების განმსაზღვრელია, მაგრამ მისი გაყიდვა თურქული საცვლის გვერდით არ შეიძლება. ყველამ ვიცით, რომ შუა ქუჩაში გამოფენილი წიგნებით ძალიან ცოტა ინტერესდება. ამისთვისაც ცალკე უნდა გამოყონ ადგილი, რომელსაც წიგნის მოყვარული როგორღაც მიაგნებს.

ნინო კანდელაკი, საზოგადოებათმცოდნე:

- მივესალმები მერიის ნაბიჯს, რომელიც გარემოვაჭრეებისგან "მარჯანიშვილის" ტერიტორიის გათავისუფლებას გეგმავს. მიხარია, რომ მთავრობამ არჩევნების შემდეგ ერთი ნორმალური ნაბიჯი მაინც გადადგა. მხოლოდ "მარჯანიშვილზე" კი არა, თბილისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება უბრალოდ, საშინელებაა... ამას წინათ, ვარკეთილში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვხვდი. ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ახლა გაცილებით მეტნი არიან. შეუძლებელი იყო, გავლა, - ქალის ბიუსტჰალტერები, ტრუსები, ოთახის ჩუსტები, თევზი, პური, მწნილი და ათასი რამ, ერთმანეთის გვერდით იყიდება. გასაგებია, რომ ეს არის იმ ხალხის შემოსავლის წყარო, მაგრამ მათ სთავაზობენ ალტერნატიულ ფართობს, სადაც არ გადიან იმ მოტივით, რომ იქ მყიდველი არ ეყოლებათ. მაშინ იმ ხალხმა რა თქვას, ვინც წლებია, ბაზრებში მუშაობენ და სწორედ გარემოვაჭრეების გამო არ ჰყავთ მყიდველი? მომხმარებელი გზად ყიდულობს ყველაფერს და ბაზარში შესვლა ეზარება.

ნუგზარ ბექოშვილი, პენსიონერი:

- არ შეიძლებოდა ამ ხალხის აყრა. თუ სანიტარიულ ნორმებს არღვევდნენ, მიეთითებინათ და გამოასწორებდნენ. რა ქნან ახლა, მშივრები დარჩნენ, ბანკის კრედიტებს ნარმანია გადაუხდით? თვითონ რა ენაღვლებათ, მთელი მთავრობა გრიალებს და ხალხს უკანასკნელ კაპიკს ართმევენ. ძალიან მეცოდებიან ის დედები და მოხუცები, ქუჩაში რომ აღმოჩნდნენ. იცით, რამდენისგან მომისმენია, ბედნიერი კაცი ხარ, ყოველთვე 180 ლარს რომ იღებო... სტაბილური პურის ფულის გამო დაბერება უხარია ხალხს, რადგან იციან, რომ ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში იმ თანხას მიიღებენ... ახალგაზრდებიც პენსიონერებს შემოგვნატრიან.

ლინდა გავაშელი, ბუღალტერი:

- მარჯანიშვილის ტერიტორიაზე რა ხდებოდა, არ ვიცი, კარგა ხანია არ ვყოფილვარ, მაგრამ აი, დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე საშინელება ხდება... პირდაპირ ქუჩაში, მიწაზე ყრია ყველი, სანელებლები, არაყი, მწნილი... ქუჩაში შეძენილი ძეხვით მოვიწამლეთ მთელი ოჯახი. ჩემს მეუღლეს უყიდია და გვიან აღიარა, შემეცოდა და თან იაფი იყოო... არ შეიძლება, ქუჩაში იყიდებოდეს ძეხვი, თევზი, ყველი და ქათამი. ძალიან კარგი, თუ ეყოთ გამბედაობა და ეს განუკითხაობა აკრძალეს... თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი დროებითია და გარემოვაჭრეები ისევ ქუჩაში გამოვლენ. ვერც იმას დავიჯერებ, რომ იმ ადგილას ველობილიკებს და სკვერებს გააკეთებენ, ცოტა ხნით მოასუფთავებენ და შემდეგ, თავიანთ ჯიხურებს ჩადგამენ, უფრო თანამედროვეს, მოწესრიგებულს და წილებსაც ჩადებენ.

ლალი პაპასკირი