ვიზალიბერალიზაცია და შეზღუდვები ევროპაში გაფანტული არალეგალებისთვის - გზაპრესი

ვიზალიბერალიზაცია და შეზღუდვები ევროპაში გაფანტული არალეგალებისთვის

როგორც იქნა, არაერთი ბარიერის გადალახვის შემდეგ, დადგა ნანატრი დღე, როდესაც საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა... 28 მარტს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს. არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ამ დღეს, საქართველოდან ევროპაში რამდენიმე ასეული ადამიანი გაემგზავრა...

28 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ქუთაისის აეროპორტიდან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში, პირველი რეისი ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა და ყველა ბილეთი გაყიდული იყო. იგივე მდგომარეობა იყო სალონიკის, ლარნაკასა და ვარშავის მიმართულებითაც.

არსებული ინფორმაციით, მხოლოდ სალონიკში, დაახლოებით 160-მდე მგზავრი ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის გადაკვეთისას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ არც პოლონეთში... პირიქით, იყო შემთხვევები, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - გერმანიაში, მესაზღვრეები მათ განსაკუთრებული ყურადღებით შეხვდნენ და მნიშვნელოვანი თარიღი პირადად მიულოცეს.

მგზავრთა პირველ ნაკადს, დანიშნულების ადგილას საქართველოს საკონსულოების წარმომადგენლებიც დახვდნენ...

მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ამოქმედდა, ევროსაბჭოს წინ ქართული დროშის აფრიალებით გამოწვეულმა სენტიმენტებმა და პირველმა ეიფორიამ ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების წევრებმა, ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს ევროპული ღირებულებები და ყველაზე მთავარი, რომ გზა ევროპული შეგნებისკენ, კანონის შესრულებაზე გადის. ასევე, თითოეული მათგანი იქ, თავის თავს კი არა, საქართველოს წარმოადგენს... იმედია, ევროპულ სიკეთეებს თანდათან ჩვენი ცხოვრების წესად ვაქცევთ. სხვა შემთხვევაში, არსებობს სპეცმექანიზმი - უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

არსებობს კიდევ ერთი საკითხი: რა ბედი ეწევა იმ არალეგალ ქართველებს, რომლებმაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით ჩააღწიეს და წლებია, იქ ცხოვრობენ... შეეხებათ თუ არა მათ საერთაშორისო კანონით გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც ვიზის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს თუ ამ კატეგორიისთვის სხვა, რაიმე სპეციალური მექანიზმები არსებობს? ამ კითხვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო საკონსულოს დეპარტამენტს მივმართეთ:

- არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე, როდესაც დატოვებს ევროკავშირის - შენგენის წევრი ქვეყნების საზღვარს, მას შეიძლება დაუწესდეს გარკვეული ტიპის სანქცია, რაც გულისხმობს ჯარიმას ან შეზღუდვას. ჯარიმის ოდენობა და შეზღუდვის ვადა განისაზღვრება ევროკავშირის - შენგენის წევრი ქვეყნების შიდა კანონმდებლობით და ინდივიდუალურად, მოქალაქის კონკრეტული დარღვევიდან გამომდინარე....

მოქალაქეს აეკრძალება ევროკავშირის - შენგენის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით, ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით. განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოქალაქეს შეიძლება აეკრძალოს ქვეყანაში უვადოდ შესვლა.

ლალი პაპასკირი