ქარის ენერგია, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები - გზაპრესი

ქარის ენერგია, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

21-ე საუკუნეში ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისებაზე თითქმის ყველა ქვეყანა ზრუნავს. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. გორთან ახლოს უკვე მოქმედებს ქარის ელექტროსადგური `ქართლი~, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთში, ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდება. რა პოტენციალი აქვს საქართველოში ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროების, კერძოდ კი, ქარის ენერგიის გამოყენებას? ამ შეკითხვაზე ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანზორ ჭითანავა გვიპასუხებს:

- ქარის ენერგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის და მომხმარებელიც ჰყავს. მისი უმთავრესი თვისება ის არის, რომ სეზონური ხასიათი აქვს. ქარის ელსადგური რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება იძლეოდეს სიმძლავრეს, მერე კი - ქარი შეწყდეს და ენერგიის გამომუშავება შეჩერდეს. ამ დროს აუცილებელია სხვა წყარო, რომელიც ამ დანაკლისს დააბალანსებს. არასტაბილურობა ქარის ენერგიის მთავარი ნაკლია, ისევე, როგორც მზის ენერგიისა - სეზონურობის გამო 24-საათიან გამომუშავებას ვერც ერთი ეს წყარო ვერ უზრუნველყოფს.

- თუმცა, ენერგიის ამ წყაროებს მთელ მსოფლიოში წარმატებით იყენებენ.

- განახლებადი ენერგიით გატაცება გასაგებია, მაგრამ ეს ენერგია ლოკალური ამოცანების გადასაწყვეტად შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად: თუ რომელიმე წარმოებას ელექტროენერგია სჭირდება, შეიძლება იქვე ააშენონ ქარის ელექტროსადგური და მისი გამომუშავებული ენერგია კომპანიამ წარმატებით გამოიყენოს, მაგრამ ისეთი ენერგიის წყაროსთან უნდა დაწყვილდეს, რომლითაც დანაკლისს შეავსებს. არის საწარმოები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ, ასეთი საწარმოს მომარაგება ქარის ელსადგურიდან ძალიან კარგია, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ქარის ელსადგურის ღირებულება საკმაოდ მაღალია, ამიტომ, ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც წაახალისებს მეწარმეებს, თვითონ ააგონ და უზრუნველყონ თავიანთი კომპანია განახლებადი ენერგიის წყაროებით. ჩვენთან როგორ ხდება? - ვინც ქარის ელექტროსადგურის აშენებას გადაწყვეტს, სახელმწიფოსაგან გარანტირებულ ანაზღაურებას ითხოვს და ეს ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. თუ სახელმწიფო ასეთ გარანტიებს გასცემს, ეს ცუდი მაგალითი იქნება სხვებისთვის. ამიტომ, ჩვენს პირობებში ქარის ენერგიით ზედმეტად გატაცება გამართლებულად არ მიმაჩნია.

- საქართველოს რომელ რეგიონებში შეიძლება ამ ენერგიის წარმატებით გამოყენება?

- ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ამ მხრივ იმერეთს, ქვემო ქართლს და სხვა ქარიან ადგილებს, რომლებიც ბლომად არის საქართველოში. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ზამთრის კურორტები, სადაც ზამთარში ხშირად არის ძლიერი ქარი და ტურისტების ელექტროენერგიით და სითბოთი მომარაგება ამ გზითაც შეიძლება. ჩვენს ქვეყანას შეუძლია 400 მეგავატის ფარგლებში ქარის ენერგია გამოიყენოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ენერგიის ძირითად წყაროსთან ერთად და ამ საქმეს საფუძვლიანი გათვლები, დასაბუთება და ყველა ნიუანსის გათვალისწინება სჭირდება.

- უცხოეთის რომელ ქვეყნებში იყენებენ ყველაზე მეტად ამ ენერგიას?

- თურქეთში, დანიაში, ბელგიაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში... - ქარის ენერგიას ყველგან ინტენსიურად იყენებენ, მაგრამ ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს თავის ენერგეტიკულ ამოცანებს. მაგალითად, ქუვეითი - ეს ძალიან მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ნავთობის გარდა არაფერი გააჩნია. ქუვეითი თავის მოსახლეობას და ეკონომიკას ორი ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით სრულყოფილად ამარაგებს. ამ ქვეყანას სხვა გზა არ ჰქონდა და ასეთი გზა აირჩია. ასეთივე მდგომარეობაა საფრანგეთშიც, რომელიც ძირითადად ატომური ელსადგურებით მარაგდება. ენერგიის შერეულ წყაროებს იყენებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, იაპონია, ამერიკა, ჩინეთი და ა.შ...

- საინტერესოა, რა გზა უნდა აირჩიოს საქართველომ, 1990-იანი წლების მდგომარეობა ჩვენთან კიდევ რომ არ განმეორდეს?

- ვფიქრობ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს, თუ იმ ბუნებრივ რესურსებს ჭკვიანურად არ გამოიყენებს, რომელიც აქვს. იმისათვის, რომ 24-საათიანი მომარაგება გვქონდეს, სტაბილური ენერგიის წყაროებია საჭირო, ამიტომ, უარს ვერ ვიტყვით დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე, თბოსადგურებზე და ატომურ ელექტროსადგურებზე. ელექტროენერგიის ყველა წყარო უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ძირითადი, საბაზისო სისტემა უნდა გვქონდეს და სხვა დანარჩენი ამ სისტემაზე უნდა იყოს დაშენებული. ტრადიციული და განახლებადი წყაროები, ყველა სახის ენერგია ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ. საქართველოს მცირე ენერგეტიკის განვითარების საუკეთესო პოტენციალი აქვს, რაც მცირე სამეურნეო ამოცანების გადაწყვეტას გულისხმობს. ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს მცირე ჰესების და ქარის ენერგიის შეთავსებაც და რაც უფრო მეტად განვითარდება ჩვენთან ელექტროფიკაცია, მით ნაკლები გაზის, ნავთობის და სხვა წყაროების შესყიდვა დაგვჭირდება უცხო ქვეყნებისგან.

- ბოლო წლებში საქართველოში ძალიან ბევრი მცირე ჰესი აშენდა. ამ მიმართულებამ რა ადგილი შეიძლება დაიკავოს ჩვენს ენერგეტიკაში?

- ჩვენი ქვეყნის ენერგიით მომარაგებას მარტო მცირე ჰესებისთაც ვერ გადავწყვეტთ. ბოლო ხანებში ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც სერიოზული ნაბიჯები გადადგა მცირე ჰესების ასაშენებლად, მცირე ენერგეტიკაში ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს, მაგრამ რა შედეგი მივიღეთ? - რადგან ეს წყაროც სეზონური ხასიათისაა, ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გვჭირდება. მცირე ჰესების საშუალებითაც ვერ ვახერხებთ მოსახლეობის სრულყოფილ მომარაგებას მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, გარდა მსხვილი ჰესების მშენებლობისა. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს ეკოლოგიური ნორმების დაცვით, დიდი შეზღუდვებისა და სიფრთხილის ფონზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სადაც მოგვესურვება, ყველგან დიდი ჰესები ავაშენოთ. თანამედროვე მსოფლიოში არსებობს რამდენიმე წყარო, რომელიც ყველა სახელმწიფოს მუდმივად და სტაბილურად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. ასეთი წყაროებია: ჰიდროელექტროსადგურები, იაფი ნახშირი, იაფი გაზი და ა.შ... მესმის, რომ მოდაში ახლა მზის პანელები და ქარის ელსადგურებია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საკმაოდ ძვირი ენერგიაა, რომელიც ძირითადი სისტემის დამხმარე უნდა იყოს.

- შეუძლია თუ არა საქართველოს თავისი მოსახლეობაც უზრუნველყოს და ქვეყანა გახდეს ენერგოდამოუკიდებელი?

- ჩვენი ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი ვერასოდეს გახდება, რადგან იმპორტირებულ გაზს და ნავთობს ვიყენებთ. ეს არასწორი ფორმულირებაა, გაცილებით სწორია, როდესაც ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. ენერგოუსაფრთხოება ნიშნავს, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების, ან პოლიტიკური არეულობის პერიოდში ენერგოსისტემამ გამართულად უნდა იმუშაოს და მოსახლეობა მინიმალურ დონეზე მაინც უზრუნველყოს. ასევე ზედმეტად მიმაჩნია ელექტროენერგიის ექსპორტზე ზედმეტი იმედის დამყარებაც: ჩვენი მიზანი ექსპორტი არ უნდა იყოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს საკუთარი, შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში სულ არ დაგვჭირდება ელექტროენერგიის გარეთ გატანა. საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა და ჰესების მშენებლობის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. ჩ ვენ ეს რესურსი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყალსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ჰიდრორესურსის გამოყენების ზუსტად გათვლილი გეგმა უნდა გვქონდეს, რადგან წყალი არის სიმდიდრე, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება და დაფასდება.

ხათუნა ჩიგოგიძე