პა­ტა­რა სო­ფე­ლი, სა­დაც პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­იხ­ს­ნა - გზაპრესი

პა­ტა­რა სო­ფე­ლი, სა­დაც პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­იხ­ს­ნა

რამდენიმე დღის წინ თედო სახოკიას ჩანაწერებს - "მოგზაურობანი საქართველოში" გადავაწყდი. წიგნი იწყება ფრაზით: "როცა ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი ერთ მთლიან გახურებულ თონეს წარმოადგენს, როცა ადამიანი აქ სასუნთქავ ჰაერს ამაოდ დაეძებს, ამ დროს აქედან გასვლას ნეტავ, რამე თუ სჯობს!" - ამ ფრაზამ ფიქრებით გამიტაცა ქალაქიდან და ჩემი სოფლის ბაწარივით დაგრეხილ ბილიკებზე გამიყვანა. პატარაა ჩემი სოფელი, მაგრამ ძალიან მდიდარი თავისი წარსულით.

ისტორიის ლაბირინთებში ჩაკარგული, გურიის სოფელი აკეთი ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს. ის მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ამ სოფელში აშენდა პირველი სამკითხველო ბიბლიოთეკა, აქ არის თამარის დროინდელი მაცხოვრის სახელობის ტაძარი და პირველი თიხის ჭურჭელიც აკეთში დაუმზადებიათ. აქ დაწერილი თითოეული ძეგლის ისტორია იმდენად საინტერესოა, ძნელია, მოკლედ გადმოსცე სათქმელი.

აკეთის მაცხოვრის ეკლესია

აკეთის მაცხოვრის ეკლესია თამარ მეფის დროს აშენებულა (კონკრეტული თარიღი უცნობია). ტაძრის ასაშენებლად ბერძენი ოსტატები უშუალოდ თამარ მეფეს მოუწვევია.

გადმოცემის თანახმად, საბერძნეთიდან მოწვეული ოსტატებისთვის ორი ტაძრის აშენების ბრძანება მიუციათ, მათგან ერთი სოფელ აცანაში უნდა აეშენებინათ (ოქონის მონასტერი). მთავარი ოსტატი სოფელ აცანაში გადასულა ტაძრის ასაშენებლად, აკეთის მაცხოვრის ეკლესია კი შეგირდისთვის მიუნდვია.

მეფის დანიშნულ ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებია და მასვე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და მისი დავალებით, შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრიათ.

ეკლესია ჯვრის ფორმისაა და სამწახნაგოვანი საკურთხეველი აქვს. ჰქონდა რვაწახნაგოვანი გუმბათი, რომელშიც დატანებული იყო რვა ვიწრო სარკმელი. ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ეკვდერი და ნაგებია ტლანქად გათლილი ქვით. ამჟამად ტაძარს შემორჩენილი აქვს მხოლოდ კედლები, თავისი შესასვლელებით და სამრეკლო, რომელიც ეკლესიის კედელზეა დაშენებული, კიბე შიგნიდან ადის. ჩრდილოეთის შესასვლელ კარზე არის ჩუქურთმა, რომელზეც გამოსახულია ორი გველეშაპი.

ეკლესიის იატაკი ფილაქნის იყო, კანკელი კი ქვის, ჩუქურთმიანი. სამხრეთის კარიბჭესთან იატაკის ქვაზე ნაპოვნია წარწერა: "...აშენდა მეფობასა შინა... ბრძანებითა მისისა... ჩრ... წელს". ჩრდილოეთის კარიბჭესთან იატაკზე ნაპოვნია ბერძნული წარწერა.

ეკლესიაში შემორჩენილი იყო ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერა იხსენიებდა იესე მანველიშვილს და მის მეუღლეს, მარეხ მაჭუტაძეს. ასევე, შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში მოხსენიებული იყო მირზაბეგ თავდგირიძე.

გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა.

ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს. აკეთის მაცხოვრის ეკლესიის სიძველეებში იკითხება გურიის ისტორიისათვის მნიშვნელოვან პიროვნებათა გვარ-სახელები.

ქვემო გურიის ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, დაახლოებით XVIII საუკუნის დასაწყისში, აკეთში დასახლდნენ თავდგირიძეები. მათ აქ სოფელ გვარადან გადმოიტანეს თეთროსნის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ.

ყველაზე მთავარი სიწმინდე, რაც ტაძარს გააჩნდა, ეს იყო მაცხოვრის ხატი (ღვთაების ხატად წოდებული), რომელიც ქვეყნიდან გაიტანეს და გაყიდეს. ამ ხატის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

აკეთის ეკლესია XVII საუკუნეში განაახლა მამუკა თავდგირიძემ, რომელიც თურქებთან დამარცხებულა და გურიაში გადმოსახლებულა. ის თავად ქაიხოსრო გურიელს შეუფარებია და მისთვის ადგილ-მამულები გადაუცია. სწორედ მან ააშენა ამ ტაძრის ტერიტორიაზე ხის მონასტერი, რომელიც დროთა განმავლობაში დანგრეულა და მისი არანაირი კვალი არ არის (მამუკა თავდგირიძე დასაფლავებულია აკეთის მაცხოვრის ტაძრის ეზოში).

1784 წელს, აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა. მოგვიანებით, მამუკა თავდგირიძის შთამომავალმა - გიორგიმ ადგილობრივებთან ერთად ააგო ქვითკირის ულამაზესი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ასე დაიწყო მონასტრული ცხოვრება სოფელ აკეთში, ტაძართან ახლოს.

თუმცა, ადგილობრივმა ათეისტებმა ტაძარი მაინც დაარბიეს. ჩამოანგრიეს გუმბათი.

მრავალ სასწაულთა შორის ტაძრის ნგრევას კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება: კომუნისტების დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტაძრიდან ზარი თოფის სროლით ჩამოეგდოთ და ვინც უფრო "მამაცი" იქნებოდა, თოფსაც მას უბოძებდნენ. ერთს გადაუდგამს ეს "ვაჟკაცური" ნაბიჯი და ზარი ჩამოუგდია. დიდი ზეიმით აღუნიშნავთ მისი საქციელი და დაპირებისამებრ, თოფიც უსახსოვრებიათ. სახლში დაბრუნებული "გმირი" ჭიშკართან წაქცეულა და გულის შეტევით გარდაცვლილა.

მაცხოვრის ეკლესია სამჯერ გაძარცვეს (1853, 1859 და1873 წლებში), მაგრამ მისი საგანძურის ნაწილი მაინც გადარჩა და მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის შესახებ ბავშვობაში დედამ (თავისი ბებიის, მარიამ მგელაძის გადმოცემული ამბავი) მიამბო:

ზემო აკეთში ცხოვრობდა ქვრივი, სახელად გაიანე. ეს ქალი თბილისიდან იყო ამ სოფელში გამოთხოვილი. გაიანეს ეზოში მეზობლის ხარები ჩასულან და ნარგავები, ვენახი გაუნადგურებიათ. გაიანეს ხარები მოუწამლავს, ცხოველების მეპატრონეს მაშინვე მიუტანია გაიანეზე ეჭვი, მაგრამ ის ამას სასტიკად უარყოფდა. მაშინ სოფლის მცხოვრებლებს გადაუწყვეტიათ, სიმართლის მთქმელს ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაეფიცა.

ადგილობრივები ეკლესიის ეზოში შეკრებილან. სათითაოდ მიდიოდნენ ხატთან და იფიცებდნენ. ხატის წინაშე უარყო ხარების მოწამვლა გაიანემაც. ეკლესიიდან სახლში მისულს შემზარავი სურათი დახვდა: მისი სამი წლის შვილი საწოლის ქვეშ იყო შემძვრალი და მგელივით ყმუოდა... გაოგნებული გაიანე ბავშვით ხელში უკან, ეკლესიისკენ გაქცეულა და თან, ყვიროდა: შემიჩერეთ წყევლა, შემიჩერეთ წყევლა! - ამ სურათის შემსწრე თანასოფლელები გაოგნდნენ, თითქმის სამი დღე შესთხოვდნენ ხატს, ეპატიებინა გაიანესთვის და მისი შვილი განკურნებულიყო, მაგრამ ბავშვი მესამე დღეს გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ გაიანეს ჩემი დიდი ბაბუისთვის, თომა თოხაძისთვის (ოქრომჭედელი იყო) ოქროს აკვნის მოჭედვა უთხოვია და მაცხოვრის ეკლესიაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირავს, თვითონ კი თბილისში წამოსულა. სამწუხაროდ, ვერავინ ვიპოვე, ვისაც ეცოდინებოდა, რა ბედი ეწია გაიანეს სოფლიდან წასვლის შემდეგ.

ტაძრის აღდგენა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ტაძრის აღდგენაში მამაჩემიც მონაწილეობდა. ნანგრევების კედლებზე დაკიდეს ხატები, გააკეთეს სასანთლეები და მეც სიხარულით ვეხმარებოდი მამას. ერთ დღესაც, ტაძარში მისულს, ხატები დამწვარი დამხვდა, კედელზე კი წითელი წიწაკები იყო ჩამოკიდებული - ამ ვანდალიზმის ჩამდენი დღემდე არ არის ცნობილი.

დღეს კი აკეთის თემის ერთიანობით, ტაძრის აღდგენით სამუშაოებში ბევრი ადამიანი გაერთიანდა.

აკეთის სკოლა

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი და საზოგადო მოღვაწე თედო სახოკიას ჩანაწერებში ვკითხულობთ: "ჩიტის ბუდესავით მაღალ მთაზეა შეფენილი ჩვენი სოფელი. აკეთს უფრო მომხიბვლელს ხდის მისი წიგნიერი, შრომისმოყვარე და ღვთისმოსავი ხალხი. სოფლის მცხოვრებნი ოდითგანვე უდიდეს პატივს სცემდნენ წიგნიერებას. აკეთელები თავს ვიწონებთ იმით, რომ პირველი ბიბლიოთეკა დასავლეთ საქართველოში სწორედ აკეთში გაიხსნა".

სკოლა აკეთში 1900 წელს, მღვდელ დიომიდე ჩხაიძის ხელმძღვანელობით დაარსებულა. თავისი სახსრებით შეუძენია სკოლისთვის საჭირო ინვენტარი. იმ პერიოდისთვის ოთხი კლასი არსებობდა. ისტორიამ შემოგვინახა პირველი შვიდწლედის კურსდამთავრებულთა ფოტო. მოსწავლეთა და პედაგოგთა ინიციატივით, სოფლის უხუცესთა გადმოცემით, შეიქმნა ალბომი, რომელიც მოგვითხრობს სკოლის საუკუნოვან ისტორიას.

აქვე შეიქმნა სკოლის ხელმძღვანელთა გენეოლოგიური ხე. თითოეულმა ხელმძღვანელმა უდიდესი წვლილი შეიტანა სკოლის წინსვლასა და შენებაში. სკოლამ განსაკუთრებულ წარმატებას დირექტორ ეთერ ბაზიარის დროს მიაღწია.

პირველი ბიბლიოთეკა

1892 წელს სოფელ აკეთში გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომელიც პირველი იყო არა მარტო გურიაში, არამედ - საქართველოში. 1997 წლის ბოლოსთვის ფონდი შეადგენდა 1200 წიგნს, 1348 მკითხველით. აკეთის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ: დიმიტრი ბაქრაძე, ივანე ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და სხვები. 1900 წელს გაიხსნა ქოხ-სამკითხველოები ლანჩხუთში და ლანჩხუთის სოფლებში: სუფსაში, აცანაში, მამათში, ნიგოითსა და ჩოჩხათში. 1976 წელს ლანჩხუთის რაიონულ ბიბლიოთეკას ეწოდა ცენტრალური ბიბლიოთეკა. ცალკე გამოეყო საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიც და ალბათ ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს გურულების პოლიტიკური განათლების მაღალი დონე. სხვადასხვა ჩანაწერში ხუმრობენ კიდეც, - "წიგნის კითხვამ გადარია გურულებიო.

ნანა ჩხაიძე