კოლხურმა ოდამ შესაძლოა, ლევილის მამულში დაიმკვიდროს ადგილი - გზაპრესი

კოლხურმა ოდამ შესაძლოა, ლევილის მამულში დაიმკვიდროს ადგილი

არაერთი ეროვნული საგანძურით შეგვიძლია ვიამაყოთ ქართველებმა და ერთ-ერთი ასეთია ქართველი გლეხკაცის საცხოვრისი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მკითხველის ყურადღებას კოლხურ ოდაზე შევაჩერებთ. სამეგრელოს მკვიდრი, ბატონი პაატა ქურდოვანიძე წლების წინ დაინტერესდა კოლხური ოდების მოძიებით და უკვე არაერთი საოცარი ფოტოპეიზაჟი აქვს შექმნილი. ამბობს, რომ სურს, ეს ყველაფერი მომავალ თაობას დაუტოვოს რელიკვიად.

- რამდენი ხნის წინ დაინტერესდით კოლხური ოდებით?

- პროფესიით პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი ვარ და წლების წინ, აბაშის მთავარი ექიმის, ბატონ მიხეილ ბოკუჩავას დამსახურებით, ამ რაიონში დაივწყე მუშაობა. მას შემდეგ, აბაშის ყველა სოფელი მოვიარე, რათა ადგილზე გავცნობოდი ვითარებას და ეს "გაცნობა" აგერ სამ ათეულ წელზე მეტია, გრძელდება. საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ მეგრელი კაცის ეზო-კარი ძალზე ლამაზია. განსაკუთრებულად გამაოცა აბაშაში შემორჩენილმა საუკუნოვანმა ხის არქიტექტურამ. ძველებური ოდები ბევრგანაა, მაგრამ ამ რაოდენობით - იშვიათია! ასეთი ღირებული არქიტექტურა ეროვნული სიმდიდრეა. ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა წინაპრების მიერ დანატოვარი მსგავსი მშვენიერებით. ხშირ შემთხვევაში, შენარჩუნებულია გლეხური კარ-მიდამოს მთლიანობა, მისი აუცილებელი ატრიბუტიკა: ჯარგვალი, სამზადი, სასიმინდე, ხულა, საქათმე, საღორე...

ბავშვობიდან ფოტომოყვარული ვიყავი და დავიწყე ნიმუშის გადაღება, დაკვირვება... მეგრული ოდისთვის დამახასიათებელია რიკულებით შემკული აივანი, ზოგჯერ ოდას ორი აივანიც აქვს (ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად წელმაგარი გახლდათ ოჯახი). ყველაზე საინტერესო ამ აივნების დამამშვენებელი რიკულები და ხეში ნაკვეთი ჩუქურთმებია.

დავიწყე ოდებთან დაკავშირებული ნაშრომების მოძიებაც და აღმოვაჩინე, რომ თურმე, არც ერთი ჩუქურთმა არ არის შემთხვევითი. ეს არის ათასწლეულების განმავლობაში მეგრელი კაცის, კოლხის მიერ გამომჟღავნებული დამოკიდებულება სამყაროსთან. მაგალითად, ჩუქურთმად გამოსახული ბორჯღალი არის მზის სიმბოლო, ბოღაური - მთვარის და ა.შ.

- რატომ დაინტერესდით კოლხური ოდების მოძიებით?

- ძირძველი ოდების სახით, აბაშაში აღმოვაჩინე იშვიათი მუზეუმი ღია ცის ქვეშ. საერთოდ, მიყვარს ყველაფერი ძველი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ისტორიასთან. თანაც, კოლხური ეზო საოცარი პეწით გამოირჩევა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. წინათ საქონელს წინა ეზოდან არაფრით შემოიყვანდა გლეხი კაცი, ამისთვის სპეციალური შუკა არსებობდა, საიდანაც სადგომში შეჰყავდათ ნახირი. თქვენ წარმოიდგინეთ, თავმოყვარე დიასახლისი ქათამსაც კი არ გაუშვებდა ეზოს წინა მხარეს. ჰიგიენური პირობები ჰქონდათ დაცული. მეგრული ოდები ისეა აგებული, რომ შესაბამისობაშია დასავლეთ საქართველოში არსებულ კლიმატურ პირობებთან. ეს კუთხე ნესტით გამოირჩევა, ხშირად იცის ქარიც. იცოდნენ, ამა თუ იმ ტერიტორიაზე ქარი საიდან "ურტყამდა" და ყოველთვის ცდილობდნენ, ოდა ისე ყოფილიყო აგებული, რომ ბუნების ამ მოვლენისგან საცხოვრებელი დაეცვათ.

ხის სახლები სასიამოვნო საცხოვრებელიცაა. განსაკუთრებით ისეთ ნესტიან გარემოში, როგორიც შავიზღვისპირეთია. ნესტმა და ქარმა რომ არ შეაწუხოს, მეგრელ კაცს ისეთი მიგნებები აქვს მშენებლობისას, რომ გაგიკვირდებათ. ჩვენს წინაპრებს შესაშური საინჟინრო ალღო და ესთეტიკური გემოვნება ჰქონდათ.

დღეს სოფლები ფაქტობრივად დაცლილი და შესაბამისად, ოდა-სახლები გამოკეტილია. მოგეხსენებათ, 90-იანი წლების ტრაგიკულმა მოვლენებმა რა აუნაზღაურებელი დაღი დაასვა ქვეყნის ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოფლებში, რადგან სოციალური მდგომარეობა ისეთია, რომ მოსახლეობის მიგრაციამ საშიშ ზღვარს მიაღწია. გამოკეტილ სახლებში თვეობით არ ჩამოდიან მეპატრონეები. ძველი თაობა ნელ-ნელა მიდის, ახალგაზრდობას სოფელში ცხოვრების სურვილი ნაკლებად აქვს. მიტოვებული სახლი კი თანდათან ბერდება, იშლება...

სხვათა შორის, XIX საუკუნეში კაპიტალიზმის შემოსვლამ, ფულადმა მოძრაობამ და მთელმა რიგმა ფაქტორებმა ცოტა სხვაგვარი გახადა მეგრული ოდა, მაგრამ ოდა-სამოსახლოს ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები არ შეცვლილა. თავიდან ეს სახლები ისლითა და ყავრით იყო დახურული, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან კი მასობრივად იწყება კრამიტის წარმოება და ამ მასალით სახლების გადახურვაც. მეგრული ოდა-საცხოვრისი არის კულტურული ფენომენი, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი, არქიტექტურული და საინჟინრო საგანძური.

- თბილისშიც გვაქვს მუზეუმი ღია ცის ქვეშ...

- დიახ და ვფიქრობ, საშვილიშვილო საქმე გააკეთეს ქართველმა ეთნოგრაფებმა, ბატონი გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით, როდესაც თბილისში, კუს ტბაზე შეიქმნა ასეთი მუზეუმი. იქ დღეს მთელი საქართველოს სამშენებლო-საინჟინრო საგანძურია თავმოყრილი.

- როგორც ვიცით, თქვენი შეთავაზებით, მხატვარმა რეზო ადამიამ აბაშური საუკუნოვანი ოდების ტილოზე გადატანა დაიწყო და უკვე არაერთი ულამაზესი ნახატი შექმნა. მხატვარი "კოლხური ოდების" გამოფენისთვის ემზადება. რას ისახავს მიზნად გამოფენაზე ძირძველი ოდების უნიკალური ნიმუშების წარდგენა?

- 2014 წელს, როდესაც ქართველმა ლიტერატორმა, აბაშელმა მწერალმა ქალბატონმა - მილდა ჩაგანავამ ჩემი ფოტოები ნახა, მითხრა: თუკი სვანური კოშკები შეყვანილია იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში, რატომ არ შეიძლება, რომ იუნესკოს ჩვენც წარვუდგინოთ კოლხური ოდა-სახლები, მეგრელი კაცის საცხოვრისი, რათა ის აღიარებულ იქნას, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილიო?.. წლების მეგობრობა მაკავშირებს ბატონ რეზო ადამიასთან. ის წარმოშობით ძველი სენაკიდანაა. მას დღესაც უდგას თავის კარ-მიდამოში მამისეული ოდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, მან შექმნა ორი ციკლი: "თოვლიანი სამეგრელო" და "ნისლიანი სამეგრელო". რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა თბილისსა და უცხოეთში. ბატონი რეზო თერთმეტი წლის მანძილზე დადიოდა პარიზში და ამ ციკლიდან ტილოები იქაც გამოფინა. მისმა ნამუშევრებმა ევროპაშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. რეზო ადამიას მთელი სამეგრელო აქვს დახატული, მაგრამ არასოდეს უმუშავია აბაშაში. სურვილი მქონდა, აბაშური ოდების ციკლიც შექმნილიყო და როდესაც ეს იდეა შევთავაზე, სიამოვნებით დამთანხმდა. უკვე თექვსმეტი ტილოა დახატული. დაგეგმილია გამოფენის - "აბაშური ოდების" მოწყობა. ვფიქრობ, ბატონი რეზოს ეს მართლაც, შესანიშნავი ნამუშევრები ქართული ფერწერის შენაძენი გახდება.

აბაშის შემდეგ, ნახატები თბილისშიც გამოიფინება. ისტორიული ძეგლი მხოლოდ ტაძარი და ციხე ხომ არ არის?! ოდაც ჩვენი ისტორიაა, ესეც კულტურის ნიმუშია და თანაც, ტურისტების მოზიდვას ასე ძალიან რომ ვცდილობთ, მათ ხომ სწორედ ისტორია, სიძველე აინტერესებთ. კარგი იქნება, თუ კულტურის სამინისტროს დახმარებით, კუს ტბაზე არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალები რეგიონებშიც გაიხსნება. და კიდევ, სამინისტროსთან ერთი სათხოვარიც გვაქვს: დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ იუნესკომ მეგრულ ოდა-სახლს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში მიუჩინოს საკადრისი ადგილი და მას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

სხვათა შორის, ჩვენი დეპუტატის, ბატონი ოთარ დანელიას ინიციატივით, აბაშაში მოწვეული იქნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე, რომელსაც თან ახლდნენ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტიდან ბატონები: ნიკა ანთიძე და დავით ლომიტაშვილი. ბატონ დავითთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და ვაჩვენე კიდეც რამდენიმე ეზო-კარი, ჩვენს გეგმებზეც ვესაუბრე. ძალიან დაინტერესდა. მოგვიანებით, დამიკავშირდა და მითხრა: ლევილის მამულის აღდგენის პროექტით გათვალისწინებულია, რომ დაიდგას ტიპური ქართული სამოსახლო და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს იყოს მეგრული ოდაო. თან საუკეთესო ნიმუშების მოძიება მთხოვა. ჩემ მიერ შეთავაზებული ოდები შეისწავლეს სპეციალისტებმა და რამდენიმე აირჩიეს, როგორც ტიპური, შესანარჩუნებელი, ძალიან საჭირო და საინტერესო ნიმუში - ეს იყო არჩევნებამდე. ბატონმა დავითმა მითხრა, მთავრობა როგორც კი დამტკიცდება, ლევილის პროქტის განხილვის დროს, კომისია ალბათ, ოდას აირჩევსო. შემდეგ მეპატრონეს მოელაპარაკებიან ოდის შესყიდვის თაობაზე. სპეციალისტებიც ჩამოვლენ, სათანადო მეთოდიკით დაიშლება და მეგრული ოდის ერთ-ერთი ნიმუში ლევილში სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს.

შორენა მერკვილაძე