ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა" - გზაპრესი

ყველაზე სახიფათო გზები საქართველოში - "თბილისის ეს ქუჩა სასიკვდილო ხეივანივითაა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე, ავარიების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იმატებს და შესაბამისად, იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც. მარტო 2016 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 9951 დაშავდა (581 ადამიანი გარდაიცვალა). ერთ-ერთი შემზარავი ავარია ორიოდე კვირის წინ, ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა და მან 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით სახიფათო გზები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

- ამ საკითხზე მხოლოდ ვარაუდით შეგვიძლია ლაპარაკი, რადგან ჩვენთან სახიფათო გზების დეფინიცია არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ასეთი გზები ანუ "შავი წერტილები" არ არის. როდესაც ერთსა და იმავე ადგილას ავარიები ხდება, იქ უნდა გადიოდნენ სხვადასხვა სახის ექსპერტები და ადგენდნენ, რას უნდა დავაბრალოთ ეს? სამწუხაროდ, ასეთი ტიპის კვლევები ჩვენთან არ მიმდინარეობს. უცხოეთში ე.წ. შავი წერტილის არსებობის შემთხვევაში, მძღოლს ატყობინებენ, რომ ის საშიშ ზონაში შედის, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება და ადამიანები იღუპებიან. ასეთმა გაფრთხილებამ ძალიან ბევრ ადგილას გამოიღო ნაყოფი, რადგან ემოციური ფაქტორი დიდ როლს ასრულებს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მძღოლების მთავარი პრობლემა მაღალი სიჩქარით მოძრაობაა. ყველაზე ტრაგიკული შემთხვევები სწორედ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ხდება, გაუმართავი გზები და ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამატებითი ფაქტორებია. როდესაც მძღოლი 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, ის უფრო ადვილად აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ ჩვენი მძღოლების უმრავლესობა დადგენილ ნორმებსა და ლიმიტს არ იცავს. თანაც, ჩვენს გზებზე არც ერთი მონაკვეთი არ არის ისე განვითარებული, რომ იქ დიდი სიჩქარით მოძრაობა შეიძლებოდეს. ამიტომ, ასეთ მონაკვეთებზე უნდა იყოს რადარები, ჩამწერი მოწყობილობები, კამერები და ა.შ... მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ მას აკონტროლებენ.

ბევრი ქართველი ყველა საშუალებას იყენებს, ოღონდ წესები დაარღვიოს, ამიტომ, ყველა სარისკო მონაკვეთზე უნდა იყოს რადარი და სპეციალური კონტროლი. სახიფათო ადგილები კი საქართველოში მართლაც არის. მაგალითად: ბათუმში ასეთი საშიში ადგილია ტბელ აბუსერიძის ქუჩა. დღე არ გავა, რომ იქ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს. ე.ი. იქ რაღაც ხდება. ჩვენ მივუთითეთ ბათუმის მერიას, რომ ყურადღება მიექცია ამ ქუჩისთვის და იქ მართლაც გაუშვეს სპეციალისტები, მაგრამ სხვა არაფერი გაუკეთებიათ. არადა, ასეთ სახიფათო მონაკვეთებში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სიჩქარის კონტროლი და ბევრი სხვა რამ. არანაკლებ სახიფათო ადგილია ბელიაშვილის ქუჩა თბილისში - შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი სასიკვდილო ხეივანივითაა. ყველა მძღოლი იქ თავს უფლებას აძლევს, მაღალი სიჩქარით გადაადგილდეს. რატომ? - იმიტომ, რომ სიჩქარის მკაცრი კონტროლი არ ხდება. შეზღუდვების მთელი კომპლექტი უნდა არსებობდეს, რომ მძღოლს საგზაო წესების დარღვევის სურვილი ნაკლებად გაუჩნდეს.

ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია ქუთაისის შემოვლით გზაზეც. საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა იქ კამერებისა და რადარების დაყენება ავარიების რისკის შესამცირებლად? ასევე, სარისკო ადგილია თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. უმძიმესი სიტუაციაა დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც შუქნიშნები მოუწესრიგებელია. ასე რომ, სახიფათო გზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩვენ უკვე ვსწავლობთ ასეთ მონაკვეთებს და უახლოეს პერიოდში დაწვრილებით შედეგებსაც გამოვაქვეყნებთ.

ავარიები და ავტოსაგზაო შემთხვევები ყველა მონაკვეთზე ხდება, ასეთი "შავი წერტილები" ყველა ქვეყანაშია. არის თუ არა ეს შემთხვევები ინფრასტრუქტურის ბრალი, ეს ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: როდესაც 160-180 კილომეტრის სიჩქარით მიდიხარ, ყველაზე გამართულ, თანამედროვე გზაზეც კი შეიძლება, ავარია მოგიხდეს.

ვასილ ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი:

- სახიფათო გზები ანუ მსოფლიოში ცნობილი ე.წ. შავი წერტილები საქართველოში იდენტიფიცირებული არ არის. ასეთი გზები ცხადია, არის, მაგრამ ამ პრობლემას საგანგებო შესწავლა და დაკვირვება სჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს საფუძვლიანად არ იკვლევს, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სრულყოფილი ინფორმაცია არა აქვთ "შავ წერტილებზე". თუმცა, ზოგიერთი ასეთი ადგილი მოსახლეობისთვისაც ცნობილია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ქუთაისის შემოვლითი მაგისტრალი, რომელიც ბოლო ორი წელია, ლამის სასიკვდილო ზონად გადაიქცა. ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ამ მონაკვეთზე საკმაოდ მაღალია, რაც ინფრასტრუქტურის გაუმართაობასა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას უნდა დავაბრალოთ. აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ჩქაროსნული მაგისტრალი ანუ ავტობანი წლების განმავლობაში შენდებოდა, რადგან ეს გზა უნდა ყოფილიყო ორმხრივი მოძრაობით, შესაბამისი ბარიერებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. რატომღაც, საქართველოს მთავრობამ ქუთაისი-სამტრედიის გზაზე დაუშვა მხოლოდ გამონაკლისი - იქ არის ერთი ზოლი, მაგრამ გზაზე ორმხრივი მოძრაობაა. ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა გაუმართავია, მოძრაობა - მოუწესრიგებელი. არც საგზაო ნიშნებია, არც ვიდეოკონტროლის კამერები და არც ღამის განათება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს პროექტი არ არის დასრულებული და არც უსაფრთხოების სტანდარტები - დაცული. ამ გზაზე უკვე რამდენიმე ავარია მოხდა, აპრილის ბოლოს კი, ქუთაისის შემოვლით გზაზე კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალი იყო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მხოლოდ ახლა აღიარა, რომ იქ მეორე ზოლი უნდა გაკეთდეს, ღამის განათება და საგზაო ნიშნების პრობლემაც უნდა მოგვარდეს. ქუთაისის შემოვლითი გზა არ არის ერთადერთი ასეთი ადგილი. ასეთი ადგილები საქართველოში ბევრია. საკმაოდ სარისკო ადგილია საქართველოს ცენტრალური გზის ლანჩხუთის მონაკვეთი, სადაც მკვეთრი მოსახვევებია და მანქანები ყოველთვის მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, თანაც, ეს გზა ხშირად გადის დასახლებულ პუნქტში და ქვეითებისთვის არ არის ცალკე გამოყოფილი ტროტუარი, საჭირო ინფრასტრუქტურა. ამიტომ, ხშირია ფეხით მოსიარულეებთან შეჯახების ფაქტი. აღნიშნულ მონაკვეთზე ერთ დღეს 6 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. თუ ავარიების სტატისტიკას გადავხედავთ, ამის მიზეზი და მაპროვოცირებელი ფაქტორი ბევრია, მაგრამ მთავარი მაინც ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა. იგივე ითქმის დედაქალაქში არსებულ სარისკო მონაკვეთებზე: დიღმის ხეივანზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც მოძრაობა მაღალი სიჩქარითაა დაშვებული და ძალიან არაორგანიზებულია. როდესაც მძღოლებს უწევთ ძალიან სახიფათო მანევრების გაკეთება, იქ პრობლემა არაორგანიზებული მოძრაობაა. შეიძლება, კიდევ ბევრი ასეთი ადგილი ჩამოვთვალოთ. ძირითადად, ეს ის მონაკვეთებია, სადაც გზა ვიწროა, ხოლო ავტომობილების სიჩქარე - მაღალი. ასეთ მონაკვეთზე უფრო იქმნება რისკი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. აუცილებელია ხელისუფლება ამას თვალყურს ადევნებდეს, აღრიცხავდეს და პრობლემის ანალიზს აკეთებდეს. ე.წ. შავ წერტილებს ქვეყანაში ხელისუფლება უნდა ადგენდეს. მსოფლიოს ყველა მოწინავე ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სტანდარტები დაცულია, ავტოსაგზაო შემთხვევები იშვიათად ხდება. სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომ ე.წ. შავი წერტილები ანუ მაღალი რისკის ზოლები უსაფრთხო გახდეს და ამ მეთოდებს წარმატებით იყენებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე