ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი? -"პრეზიდენტს დაპირებების შესრულების არც ვალდებულება გააჩნია და არც უფლებამოსილება" - გზაპრესი

ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი? -"პრეზიდენტს დაპირებების შესრულების არც ვალდებულება გააჩნია და არც უფლებამოსილება"

კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატები და აზრთა სხვადასხვაობა, პრეზიდენტისა და მაჟორიტარების ბედ-იღბალი მომდევნო არჩევნებში, მათი ამჟამინდელი როლი და არჩევის წესი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც საზოგადოების წარმომადგენლები თავ-თავიანთ აზრს გამოთქვამენ.

"მას აქვს რეიტინგი გარკვეულ ელექტორატში"

შალვა თოიძე, იურისტი:

- გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის როლი, რთულად შესაფასებელია მმართველობის ისეთ სისტემაში, რომელიც სრულიად ახალია საქართველოსთვის. მას აქვს რეიტინგი გარკვეულ ელექტორატში. ჯერჯერობით, ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ის ან დადებითი, ან უარყოფითი ფიგურაა დამოუკიდებელი საქართველოს ახალ ისტორიაში. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირი წესით, არამედ პარლამენტის ან კოლეგიების საშუალებით. ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ვერ ერკვევიან კონსტიტუციონალიზმის ძალიან რთულ იურიდიულ ლაბირინთებში, რა თქმა უნდა, ბევრად მომხიბვლელია ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ვისაც ჰგონია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, ერთ მარტივ მაგალითს მოვუყვან და ბევრად ცხადი გახდება, თუ რატომ არის დაუშვებელი საპარლამენტო მმართველობის პირობებში ასეთი რამ: ვთქვათ, წინასაარჩევნოდ თქვენთან მოდის საპრეზიდენტო კანდიდატი და საუბრობს პროგრამაზე, რომელიც გაპრეზიდენტების შემთხვევაში უნდა შეასრულოს და ამავდროულად, გეკითხებათ, თუ რა შეიძლება გააკეთოს თქვენთვის პრეზიდენტობის შემთხვევაში? არადა, საინტერესოა, რას უნდა დაგპირდეთ, როდესაც 2013 წლიდან პრეზიდენტი აღარ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას და შესაბამისად, არც მთავრობის საქმიანობაზე აგებს პასუხს.

თუმცა, ჩვენი პოლიტიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიცით, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები უხვად გასცემენ დაპირებას, კომუნალური, სოციალური, მუნიციპალური თემებით დაწყებული, საგარეო, რეგიონული თუ გალაკტიკათშორისი საკითხებით დამთავრებული. გამოდის, ჩვენ პირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელსაც ამ დაპირებების შესრულების არც ვალდებულება გააჩნია და რაც მთავარია, არც უფლებამოსილება, რადგან ის ვერ და არ ერევა მინისტრთა კაბინეტის მუშაობაში. ესე იგი, ჩვენ ვქმნით ერთგვარ მითურ ინსტიტუციას და მას ვანიჭებთ მაღალ ლეგიტიმაციას, რაც მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ნონსენსია. სწორედ ამიტომ, ვერც ერთ საპარლამენტო მმართველობის, დემოკრატიულ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი არჩევნების წესით ირჩევს... ჩემთვის სრულებით მისაღებია პრეზიდენტი იმ კოლეგიამ აირჩიოს, რომელიც პოლიტიკური კრიზისების შემთხვევაში სიტუაციის დარეგულირების გარანტი იქნება.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, საქართველოს პოლიტიკურმა სისტემამ და ტრადიციებმა გვიჩვენა, რომ ის ბევრი ბიზნესმენ-ოლიგარქისთვის ქმნის საფუძველს, საკუთარ ოლქებში ფეოდალებად იქცნენ და საპარლამენტო მანდატები გარანტირებულად მოიპოვონ. ეს კი სხვა პოლიტიკურ ძალებს არასამართლიან გარემოში ამყოფებს. ამიტომ, ქართული პოლიტიკური სისტემისთვის ბევრად მისაღებია მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

"ცალკე დგას ხელისუფლება და ცალკე - დანარჩენი საქართველო"

გია ბუღაძე, მხატვარი:

- შეწუხებული და დამწუხრებული ვარ იმის გამო, საითაც ჩვენი ქვეყანა მიექანება და ვფიქრობ, ეს ყველაზე უარესია, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ცალკე დგას ხელისუფლება და ცალკე - დანარჩენი საქართველო. ყველა ნიშანია, რომ გაიტანენ იმას, რასაც ფიქრობენ და გააკეთებენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ამ თვალსაზრისით, არანაირი ოპტიმიზმი არ მაქვს, ეს იქნება ავტორიტარიზმისა და თითქმის მონური მორჩილების წლები, რაც სამწუხაროა.

- თქვენი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის გარკვეულ შენიშვნებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით?

- დარწმუნებული ვარ, არაფერს გაითვალისწინებს. ყველაფერი ხელეწიფებათ. გარდა იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მათ უკან დიდი ფულია, რომელიც მაგიურ მნიშვნელობას იძენს. ხალხი ცხვარია და ამაზე რეაქცია არ ექნება. ასე რომ, ჩვენი ოპოზიციონერების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარკვეულწილად, მოაზროვნე ადამიანების სიტყვას არ გაითვალისწინებენ... შემდეგ არჩევნებზე მაჟორიტარებსაც ვერ ავირჩევთ, "ხმოსნები" აირჩევენ პრეზიდენტს. საზღვარგარეთ მიცხოვრია, პოლიტიკოსი და მით უმეტეს, იურისტი არ ვარ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იტალიაში, საბერძნეთში დაბალია ბარიერი, რომელიც არჩევნებში ამა თუ იმ პარტიამ უნდა გადალახოს - 3%. აქ 5% დატოვეს, რომ პატარ-პატარა პარტიები ვერ გადავიდნენ და ეს ხომ ეშმაკობაა? მგონია, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხსაც ახლავე "მიახრჩობენ" და ხალხს ამ არჩევნებზევე არ ექნება ხმის უფლება.

- ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ როგორი განწყობა გაქვთ?

- ამ ადამიანმა, საკმაოდ კონსტრუქციული სვლები გააკეთა და ყოჩაღ მას! სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. დიდი ხანია, ვიცნობ და სკეპტიკურად ვარ განწყობილი მის მიმართ, მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩემთვის მოულოდნელი, სერიოზული ნაბიჯები გადადგა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიმართ პოლიტიკური სიმპათიები მაქვს. სხვებთან შედარებით, აქტიური და ქმედითი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. ასე რომ, მგონია, მას კვლავ ხალხი აირჩევს. ეს ბიძინამაც მშვენივრად იცის და მისმა მხარდამჭერებმაც. ამიტომ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2018 წლის არჩევნებზე მისი პირდაპირი წესით არჩევა აღარ მოხდეს. თითქმის ათი წელია, არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიმიღია, პოლიტიკური მიდრეკილებები არ მაქვს და არც რომელიმე პოლიტიკური ფიგურა მყავს გამოკვეთილი. ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე გამანადგურებელია სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. ქვეყანა, ფაქტობრივად, უპერსპექტივობაში ჩააგდეს. ერთი კლანური მმართველობაა, ელიტარული კორუფცია ყვავის, ყველაზე მძაფრი ფორმებით გამოვლენილი; ყველაფერი გაძვირებული, გაოხრებული, დანგრეული და კორუფციაშია ჩამხრჩვალი. მერზე საუბარი ხომ საერთოდ, არასერიოზულია. სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს და ვერც გამოსავალს ვხედავ. კიდევ კარგი, რომ ბებერი ვარ და დიდი ხანი არ დამრჩენია, ამით ვიმშვიდებ თავს.

"ორმაგ თამაშს თამაშობს, კარიერის გადარჩენის გამო"

ამირან ქადეიშვილი, მსახიობი:

- ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ეს თემები საერთოდ არ მაინტერესებს. ამჟამინდელ პრეზიდენტზე ვერაფერს გეტყვით. მგონია, რომ ამ პოსტისთვის მთლად შესაფერისი არ არის. შორიდან რომ ვუყურებ, ეჭვი მიჩნდება, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს კარიერის გადარჩენის გამო. ვფიქრობ, "ნაციონალებთანაა" შეკრული. ალბათ, სწორედ ეს განაპირობებს გარკვეულ დაპირისპირებას პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტს შორის.

- ახლა რომ იყოს არჩევნები, თუ მისცემდით მას ხმას და ვინ გესახებათ პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად?

- ხმას არ მივცემდი. თუმცა სხვა, გამოკვეთილ ფიგურასაც ვერ ვხედავ.

- თბილისის მერზე რა აზრის ხართ?

- მგონი, საერთოდ შემთხვევითაა ამ თანამდებობაზე მოხვედრილი. ყველაზე უსუსური მერია, თბილისის მერებს შორის.

თამთა დადეშელი