პირველი ცნობები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქალი დეპუტატების შესახებ - გზაპრესი

პირველი ცნობები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქალი დეპუტატების შესახებ

ახლახან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა, საზოგადოებას პირველმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ხუთი დეპუტატი ქალის შესახებ. მინადორა ტოროშელიძე, ჩიტო შარაშიძე, ოლა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ელისაბედ ბოლქვაძე. მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა. დამფუძნებელი კრების (საყოველთაო თავისუფალი არჩევნებით არჩეული საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუცია შეიმუშავა) წევრად ხუთი ქალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით იმ დროის პოლიტიკურ კულტურაში საგულისხმო ფაქტია არა მხოლოდ საქართველოს, კავკასიის ან ყოფილი რუსეთის იმპერიის ფარგლების, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, რადგან საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობა მაშინ მეტად დაბალი იყო. ქალი წარმომადგენლები იმ დროისთვის ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაში იყვნენ. ამ ხუთი ქალის, იდეის, უფლებებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის პროცესში მათი სტრესული პირადი და პოლიტიკური ცხოვრებისა და მათი თავგანწირვის მნიშვნელობის შესახებ ირაკლი ხვადაგიანს ვესაუბრეთ...

- ეს ქალბატონები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არჩევნების პირველსავე ეტაპზე გახდნენ დეპუტატები. ყველა მათგანს დიდი პარტიულ-საზოგადოებრივი მუშაობის სტაჟი ჰქონდა. მათი უმრავლესობა 1905 წლის რევოლუციის მონაწილე, ქალთა საზოგადოებების თავმჯდომარე, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი და 1921 წლიდან გაჩენილი ჰუმანიტარული იატაკქვეშა ორგანიზაციების აქტიური ლიდერი იყო. ეხმარებოდნენ პოლიტიკურ პატიმრებს, მათ ოჯახებსა და საბჭოთა ტერორის მსხვერპლებს. თითქმის ყველა ეს ქალი ამ ორგანიზაციების აქტიური ლიდერი და მამოძრავებელი ძალა იყო. მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს.

- რაზე მიუთითებს თავად ფაქტი, რომ დამფუძნებელი კრების წარმომადგენლებს შორის ხუთი ღირსეული წარსულის, პოლიტიკურად მეტად აქტიური ქალი იყო?

- გარდა ამ თემის გენდერული მნიშვნელობისა, ეს ფაქტი, ასევე, გახლავთ ილუსტრაცია, თუ რა ტიპის საზოგადოება არსებობდა მაშინ და როგორ შეძლო მან დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება. ფაქტია, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი კულტურის თვალსაზრისით, იმაზე ბევრად უფრო მოწინავე, დემოკრატიული და პროგრესული მდგომარეობა და დემოკრატიის ხარისხი გახლდათ, ვიდრე დღეს გვაქვს.

- რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

- ჩრდილო და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ფინეთში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში ქალი დეპუტატები 1910-იან წლებში იყვნენ არჩეულნი. უკვე 1919 წელს ეს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა. გარდა დამფუძნებელი კრებისა, ქალი დეპუტატები იყვნენ ქალაქების, მხარეებისა და სოფლების თვითმმართველობებში. ეს თემა ჯერ შესწავლილი არ არის. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. დამფუძნებელი კრების არჩევამდე ბევრად ადრე არსებობდა საკმაოდ ძლიერი ჯგუფები, სადაც ქალებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მისია ჰქონდათ დაკისრებული. მაშინ, როცა მაშინდელი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების დიდ ნაწილში ამ მხრივ სრული სიჩუმე იყო, დღევანდელი გადასახედიდან ეს მართლაც დიდი მიღწევაა.

- რამდენად ინტერესდებიან ამ საკითხით საერთაშორისო გენდერული ორგანიზაციები?

- ამ ქალების ისტორიებით ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა. მათ შესახებ გამოფენა მოეწყო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

- რა იყო მუშაობის პროცესის მთავარი სირთულე?

- ყველაზე რთული არქივებში მუშაობაა. პირობები გაურკვეველი მიზეზებით უარესობისკენ მიდის. ოფიციალურად ყველაფერი ღიაა, რეალურად კი იმდენად ძვირი ღირს, მუშაობა შეუძლებელი ხდება. კონკრეტული მასალები ჯერ კიდევ ჩაკეტილი, მიუწვდომელია. 50-იანი წლების მასალებზე მუშაობის საშუალებას ეროვნული არქივი იმ მოტივით არ გვაძლევს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა. კეტავენ წვდომას ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელსაც 75-წლიანი ვადა არა აქვს გასული. ამ ლოგიკით, ჩვენ მხოლოდ XIX საუკუნე უნდა ვიკვლიოთ. XX საუკუნის საკვლევად კი 22-ე საუკუნეს უნდა დაველოდოთ. მოტივი არანაირ ლიგიკას არ ექვემდებარება. ამიტომაა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს ამ სფეროში და თანდათან კიდევ უფრო ცოტა რჩება.

GzaPress

ელისაბედ ბოლქვაძე

ელისაბედ ბოლქვაძე პროფესიით კოოპერატორი გახლდათ. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების შემდეგ "მენშევიკებს" მიემხრო. მალე პარტიის გურიის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ ელისაბედი ამიერკავკასიიდან გაასახლეს. დაბრუნება მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შეძლო. მალე აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩართვის გამო დააპატიმრეს და მენშევიკური პარტიის 78-კაციანი ჯგუფი, მათ შორის, ლიზა, ურალის მხარეში გადაასახლეს. ამავე პერიოდში ბათუმში მისი მამა დააპატიმრეს. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე გარდაიცვალა.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ტაქტიკის შეცვლისა და რეპრესიების შერბილების კამპანიის ფარგლებში გადასახლებულთა ნაწილს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა. საქართველოში დაბრუნებული ლიზა თავდაპირველად გურიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში ცეკას შემადგენლობაში შევიდა. ცეკას მდივნის, ელეონორა მახვილაძის დაპატიმრების შემდეგ ლიზა ცეკასა და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად. მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან, გააუმჯობესა პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი. 1926 წელს კვლავ დააპატიმრეს. უარი თქვა დაკითხვაზე ინფორმაცია გაეცა პარტიული კავშირებისა და პარტიის მდგომარეობის შესახებ. მართალია, აღიარა არალეგალური ანტისაბჭოთა საქმიანობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ ცნო. მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და კრასნოიარსკის მხარეში პოლიტიზოლატორში გაიგზავნა. მალე შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა გადასახლებით შეუცვალეს, მოგვიანებით კი, გადასახლების ვადა 3 წლით გაუგრძელეს. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, მხოლოდ ურალსკის მხარეში ცხოვრების უფლებით გაათავისუფლეს.

1936 წელს პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავეს. ძიების ვერსიით, გადასახლებაში მყოფთა ურთიერთდახმარების, მიმოწერისა და შეკრებების უკან კონტრრევოლუციური ორგანიზაცია ინიღბებოდა, რომლის მთავარი ორგანიზატორები ცნობილი სოციალ-დემოკრატები - ლიზა ბოლქვაძე და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყვნენ. დაკითხვაზე ლიზა კატეგორიულად უარყოფდა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის არსებობას და მენშევიკების საზღვარგარეთის ბიუროსთან კავშირს. უარს აცხადებდა, პირადი კავშირების დასახელებაზეც.Mმიუხედავად ამისა, ძიებამ შეძლო მოწმის სტატუსით დაკითხული ადგილობრივი მცხოვრებლებისა და რამდენიმე დაპატიმრებულისგან (სავარაუდოდ, ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით) სასურველი ინფორმაციის მიღება. ბრალდების ფაქტებით დადასტურება ვერ მოხდა, თუმცა, საკმარისად მიიჩნიეს ჩვენებაში აღნიშნული ინფორმაცია, რომ გადასახლების ადგილებში ორგანიზებული ჯგუფების მიზანი გადასახლებულთა შორის მენშევიკური პარტიის რიგების განმტკიცება და პარტიული ცხოვრების შენარჩუნება (რაც რეალურად ხდებოდა კიდეც) იყო; ლიზა ბოლქვაძეს 5 წლით კრასნოიარსკის მხარეში გადასახლება მიესაჯა. 1937 წელს ე.წ. ტროიკამ მას დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

შორენა ლაბაძე