ვახტანგ VI-ის სტამბა და პირველი წიგნები - გზაპრესი

ვახტანგ VI-ის სტამბა და პირველი წიგნები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ქუჩისა და საპატრიაქოს შენობის მახლობლად, ერთი პატარა მოედანია, რომელიც ერეკლე II-ის სახელს ატარებს. თუმცა, სხვადასხვა დროს მას მეფის, ბატონის, ეგზარქოსის, თავრიზის, ავგუსტ ბებელის მოედანს, სალაყბოს, ზემო ბაზრისა და ქვემო მოედანს ეძახდნენ. მოედნის ირგვლივ არაერთ ისტორიულ შენობას შორის, პირველ რიგში როსტომ მეფის სასახლე უნდა აღინიშნოს, რომელიც 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევამ შეიწირა. იქვე XVIII საუკუნის დამდეგს აგებულ სახლში ვახტანგ VI-ის ძმა სვიმონ ბატონიშვილი ცხოვრობდა. ერეკლე II-ის უმცროსმა დამ, თეკლამ, აქ, სვეტებიან ორსართულიან შენობაში აღზარდა შემდგომში ცნობილი მწერლები: ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები.

მოედნის გარშემო სახლებს შორის სავაჭრო დუქნები იდგა და თავის დროზე მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სწორედ აქ იკრიბებოდნენ "სასახლის კაცნი", სამხედროები და სხვა მოხელენი. აქვე წყდებოდა არაერთი საჭირბოროტო საკითხი. სანამ საქართველოში პერიოდული პრესა გამოჩნდებოდა, სწორედ ამ მოედანზე მოისმენდით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უახლეს ინფორმაციას. "სალაყბო" _ ცოცხალი გაზეთი იყო, საიდანაც ყველა ახალი ამბავი, განკარგულებები და სხვა დანარჩენი ცნობები ვრცელდებოდა.

ერეკლეს მოედანზე მდებარეობდა საქართველოში პირველი _ ვახტანგ VI-ის სტამბა, რომელმაც ფუნქციონირება 1707-1708 წლებიდან დაიწყო, თუმცა, გაცილებით ადრე ქართული წიგნები საქართველოს საზღვრებს გარეთ, იტალიაში, ქალაქ რომში დაიბეჭდა (1626 წ.). ეს იყო პირველი წიგნები, ქართული ნაბეჭდი ტექსტები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი ლოცვებითურთ.

ვახტანგმა თბილისის კეთილმოწყობა და ეკლესია-მონასტრების სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაიხადა. მასვე ეკუთვნოდა თბილისში სტამბის მოწყობის იდეა, რომელიც მან თავისი გამგებლობის პირველივე წლებიდან წამოჭრა. ამით ვახტანგი შეეცადა, პირველ რიგში, ხელი შეეწყო რელიგიური მრწამსის განმტკიცებისათვის, რომელსაც საეკლესიო საქმეების მოწესრიგების პარალელურად აწარმოებდა. საეკლესიო წიგნებისა და ლიტერატურის გამრავლების მიზნით სტამბის მოწყობის აუცილებლობა ასახულია პირველივე ნაბეჭდი წიგნების ანდერძებში. იქვე ვახტანგი ამბობს, რომ მას სტამბის მოწყობა "სულის საცხონებელ" საქმედ მიაჩნია.A ამავე ანდერძის მიხედვით ვიგებთ, სტამბის პირდაპირი დანიშნულება საეკლესიო წიგნების სწორად და შეუცდომლად ბეჭდვა-გავრცელება იყო, რითაც ბოლო უნდა მოღებოდა სასულიერო ტექსტებისა და მღვდელმსახურების წესების დამახინჯებას, უნდა აღკვეთილიყო ყოველგვარი თვითნებობა, რომელიც სხვადასხვა ადამიანის მიერ, საკუთარი ინტერპრეტაციით გადაწერილ ტექსტებს ახასიათებდა.GzaPress

მიუხედავად იმისა, რომ სტამბის პროდუქციის უდიდესი ნაწილი საეკლესიო ცხოვრების გაჯანსაღება-მოწესრიგებას ისახავდა მიზნად, ამ საქმეს არა მარტო სასულიერო პირები, არამედ საერო ხელისუფლება უძღვებოდა, რომელსაც თავად ვახტანგი ხელმძღვანელობდა. მისი დამსახურება კი შესაბამისად "აღინიშნებოდა", ვახტანგ VI-ის პორტრეტები ყველა იმ დროის გამოცემულ წიგნებში თავსდებოდა. ამავდროულად ახლდა წარწერა: "გამგებელი ქართლისა, ბატონიშვილი ვახტანგ არის მომღები ბეჭდისა ამის".

სტამბის გამართვაში ვახტანგ VI-ს დახმარება რუმინეთში მოღვაწე ანთიმოზ ქართველმა (ივერიელი) გაუწია. მისი რეკომენდაციით, ვახტანგმა მოიწვია მიხაილ იშტვანოვიჩი (უნგროვლახელი) და მესტამბის საქართველოში გამოგზავნა იერუსალიმის პატრიარქის ხრისანტეს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. უცხო ქვეყანაში მუშაობა მიხაილ უნგროვლახელისთვის ორმაგად რთული გამოდგა, მან ქართული ენა არ იცოდა და ამავე დროს უწევდა სასტამბო საქმეში გამოუცდელი ქართველების გაწვრთნა. "რომელნი ჩემი მოწაფენი იყვნენ, ეგრეთვე გამოუცდელნი საქმისა ამის ჩემისა, _ წერდა მოგვიანებით იგი, _ ვითარცა მე ვიყავი ქართლისა უნახავი, ეგრეთვე ჩვენი მოწაფენი სტამბისა".

1709 წელს სამი წიგნი გამოიცა: "სახარება", "დავითნი" და "სამოციქულო". 1710-1711 წლებში უნგროვლახელი ბეჭდავს "კონდაკს", ანუ ლიტურგიის შესრულების წესს, ასევე "ჟამნს", "ლოცვანს", "დავითნს", ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოს და სხვა წიგნებს.

1712 წლის "ვეფხისტყაოსნის" გამოცემიდან 5 ცალი დღესდღეობით ეროვნული ბიბლიოთეკის საცავშია დაცული და არც ერთს ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია. როგორც ამ გამოცემის თავფურცლის ტექსტი და წიგნში დაბეჭდილი ლექსი მოწმობს, ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქაელ მესტამბის ნაღვაწია. იმავე წელს მისივე ხელითაა დაბეჭდილი აგრეთვე "დავითნი" და "კურთხევანი". სასულიერო ლიტერატურის გამოსვლა და რამდენიმე ასეულ ცალად მისი გავრცელება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, ამ წიგნებს პოლიტიკურად დაქსაქსულობისა და სპარსეთ-თურქეთის გარემოცვის პირობებში დიდი გამაერთიანებელი მისია ეკისრებოდა.

სტამბაში ჰყავდათ რედაქტორებიც, რომლებსაც ტექსტის გამართვა და გასწორება ევალებოდათ. ანდერძის მიხედვით ირკვევა, რომ ვახტანგ VI-ის სტამბაში სარედაქციო სამუშაოებს ატარებდნენ ნიკოლოზ ორბელიანი (სულხან-საბა ორბელიანის ძმა) და გერმანე მღვდელ-მონაზონი. ეს ორი რედაქტორი ვახტანგს არა მხოლოდ კულტურულ საქმიანობაში ედგნენ მხარში, არამედ მისი პოლიტიკური გეზის დამცველებიც გახდნენ.

თავდაპირველად სტამბაში ნუსხური (ხუცური) შრიფტი გამოიყენებოდა, მოგ_ვიანებით კი ის მხედრულმა (საერო) დამწერლობამ შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1709 წლის პირველი ორი გამოცემა _ "სახარება" და "დავითნი" მხოლოდ შავი საღებავით დაიბეჭდა, მაგრამ იმავე წელს გამოსულ "სამოციქულოს" თავფურცელზე და სხვა ადგილებში წითელი საღებავი გამოიყენეს, ისევე როგორც 1712 წლის "ვეფხისტყაოსანში". ვახტანგის სტამბის გამოცემის ქაღალდი მაღალხარისხიანი იყო, რაც იმას მოწმობს, რომ ის ევროპიდან ჩამოჰქონდათ.

ვახტანგის სტამბის წარმატებასა და საქართველოში ბეჭდვითი ტექნიკის დანერგვას ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ, მაგრამ 1722 წელს სტამბის საქმიანობა შეწყდა. მომდევნო წლებში მტრის შემოსევებმა და მათ უღელქვეშ ყოფნამ (რომელიც ოსმალთა ბატონობით დაიწყო, შემდეგ კი ყიზილბაშობით გაგრძელდა), 1749 წლამდე გასტანა. ამის შემდეგ ერეკლე II-სა და ანტონ I-ის მცდელობით სტამბის ფუნქციონირება კვლავ განახლდა. თბილისში ერეკლე II-ის სტამბა 1749-1802 წლებში ფუნქციონირებდა. თავდაპირველად, განახლებული სტამბა საპატრიარქო სასახლეში განათავსეს, ხოლო შემდეგ სამეფო პალატაში, ანუ, როგორც ზოგჯერ მას უწოდებდნენ _ სამეფო ეზოში. ერეკლემ ახალი შრიფტი ჩამოასხმევინა და სტამბის მოსაწყობად კონსტანტინეპოლიდან პოღოს ოჰანისიანი დაიბარა. სტამბაში ძირითადად საეკლესიო წიგნები იბეჭდებოდა. 1800 წელს ერეკლეს სტამბაში დაიბეჭდა დავით ბატონიშვილის ნარკვევი ანუ მსოფლიო ისტორია. ამ პერიოდის გამოცემებზე ხანდახან დართული იყო ცნობები მისი ტირაჟის შესახებ, როგორც ირკვევა, წიგნების ტირაჟი 400-1000 ეგზემპლარი იყო.

1795 წელს თბილისში შემოჭრილმა აღა-მაჰმად ხანმა ისევე როგორც ბევრი სხვა შენობა-ნაგებობა, ეს სტამბაც მიწასთან გაასწორა... თითქმის საუკუნე დასჭირდა თბილისში წიგნის გამოცემის საქმიანობის გამოცოცხლებას. მოგვიანებით კი ბეჭდვითი საქმის განვითარებაში განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. სტამბები დაარსდა და ამოქმედდა საქართველოს რეგიონებშიც: ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, სენაკში, ხონში, თელავში, სიღნაღში და ა.შ. თბილისში XIX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან, სასტამბო საქმიანობა მკვეთრად განვითარდა და მას შემდეგ დღემდე, ქართული წიგნის ბეჭდვითი საქმიანობა არ შეფერხებულა.

ანა კალანდაძე