პირველი ცნობები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქალი დეპუტატის შესახებ
font-large font-small
პირველი ცნობები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქალი დეპუტატის შესახებ
გადასახლების ვადა კვლავ სამი წლით გაუგრძელეს. თბილისში მხო­ლოდ 1950 წელს დაბრუნდა

მინადორა ტოროშელიძე მარქსისტული წრეების მუშაობაში წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ჩაერთო. ჟენევის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლისას აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში "ისკრის" დამხმარე ჯგუფში.

(იხ. დასაწყისი)

მარქსიზმის თეორიას გიორგი პლეხანოვის ხელმძღვანელობით გადიოდა. ჟენევაშივე დაქორწინდა მალაქია ტოროშელიძეზე. 1905 წელს მინადორა თბილისში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. ამიერკავკასიაში დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ თავად აქტიური მენშევიკი, მისი მეუღლე კი ბოლშევიკი იყო. 1906 წლის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობისა და რეაქციის გამძაფრების გამო პარტიულ სამუშაოზე ბაქოში გაგზავნეს. იმავე წელს ორსულობის გამო ბაქოდან ჟენევაში დაბრუნდა, სადაც სასწავლო კურსი დაასრულა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რუსეთის იმპერიაში გამოემგზავრა. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, რის გამოც 1924 წლის დასაწყისში იძულების წესით გაასახლეს მოსკოვში. მალე თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს. თბილისში დაბრუნების უფლება 1925 წელს, მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარის თქმის შემდეგ მისცეს.
1936 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სსრ შინსახკომმა მალაქია ტოროშელიძე დააპატიმრა, 13 ოქტომბერს _ მინადორა, 26 ოქტომბერს კი მისი უფროსი ვაჟი _ გიორგი. მინადორამ ყველანაირი ბრალდება უარყო, თუმცა, იგი 5 წლით გადაასახლეს ყაზახეთის სსრ-ში, სადაც პოლიკლინიკაში მუშაობდა. დააპატიმრეს 1937 წელს. მალაქიას ამავე წელს დახვრეტა მიუსაჯეს. დააპატიმრეს, ასევე, უმცროსი ვაჟი, ლევანი. თავად მინადორას 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ვოლოგდის ციხეში დახვრიტეს. ლევანსაც დახვრეტა მიუსაჯეს. მინადორას გადასახლების ვადა 1945 წელს დასრულდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მისცეს და გადასახლების ვადა კვლავ სამი წლით გაუგრძელეს. თბილისში მხო­ლოდ 1950 წელს დაბრუნდა.

შორენა ლაბაძე
ბეჭდვა