სტი­ქია, უმუ­შევ­რო­ბა და გაძ­ვი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა - გზაპრესი

სტი­ქია, უმუ­შევ­რო­ბა და გაძ­ვი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა

ბოლო დღეებში სტიქია საქართველოს ხან ერთ რეგიონს უტევს, ხან - მეორეს... ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები... უხვი ნალექის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა არაერთ რეგიონში ჩაკეტა ან დააზიანა ცენტრალური გზები... რამდენიმე სოფელში დაზიანდა სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი, ზიანი მიადგა ნაკვეთებს, განადგურდა მოსავლის დიდი ნაწილი... უამინდობამ არც კახეთს აუარა გვერდი - დასეტყვილია ვენახები და ბაღჩეული...

ეკონომისტების აზრით, გასული წლების მწარე გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, სტიქიისგან მიყენებული ზარალი ისევ და ისევ მოსახლეობის საშუალო ფენის ჯიბეზე აისახება...

თავის მხრივ, საქართველოს მთავარი სტატისტიკური უწყებაც ვერ ავრცელებს დამაიმედებელ ინფორმაციას: 2017 წლის მაისში, ინფლაციამ ბოლო ორი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. მაისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6,6 პროცენტით გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თითქმის 7%-იანი ინფლაციაა.

2017 წლის დასაწყისიდან, განსაკუთრებით საწვავზე ფასის ნახტომისებრმა ზრდამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და პირველადი მოხმარების საქონლის გაძვირების პროცესი დაიწყო.

საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებაზე უარყოფითად აისახა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ნავთობპროდუქტებზე, ავტომობილებსა და თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადი გაიზარდა.

"საქსტატის" კვლევის თანახმად, 2017 წლის მაისის თვის ინფლაციის ფორმირებაზე ფასების ცვლილება მოხდა შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ფასები გაიზარდა 1,7%-ით);

ბოსტნეული და ბაღჩეული;

ხორცი და ხორცის პროდუქტები;

ხილი და ყურძენი;

ზეთი და ცხიმი;

ყავა, ჩაი და კაკაო.

ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,5%-ით. ფასის მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე, სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,1%-ით.

"კავკასიისა" და "საქართველოს" უნივერსიტეტების პროფესორი, ეკონომისტი აკაკი ცომაია ინფლაციის გამომწვევ ძირითად მიზეზს ასახელებს:

- ინფლაცია რომ გაიზრდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან 2016 წლის ბოლოს მთავრობამ გაზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე, რის გამოც ცხოვრება გაძვირდა... მაისის თვეში აღნიშნული ინფლაციის მაჩვენებელი - 6.6 პროცენტი გაცილებით მეტია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინფლაცია, რომლის მაქსიმუმს 4 პროცენტი შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ბოლო რამდენიმე თვეა აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და ამჟამად მისი დონე 7 პროცენტს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება კი სესხების გალარების სამთავრობო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან ლარში გაცემული კრედიტების პროცენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდასთან ერთად მატულობს. შესაბამისად, მოქალაქეები მოტყუებულნი რჩებიან.

- რის საფუძველზე საუბრობს მთავრობა ეკონომიკური ზრდის საიმედო მაჩვენებელზე?

- საერთოდ, ბოლო დროს, თავის მოტყუების ტენდენცია დამკვიდრდა, არადა, ამ პრობლემის თავიდათავი არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ახალ რეალობაში გადადის, - ეკონომიკა მცირდება, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მთავარი აქ არის წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების მოცულობა, რომელიც, სამწუხაროდ, მცირდება. ამის მაჩვენებელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ცვლილება. შესაბამისად, შემცირდა ეკონომიკა, რასაც შედეგიც მოჰყვა... ეს დარტყმა რაღაცით უნდა მიენიშნებინა ეკონომიკას, - უმუშევრობა გაიზარდა. ლარის გაუფასურებას უკვე შევეჩვიეთ, რაც დიდი დარტყმაა იმპორტიორებზე, რომლებმაც უკვე იზარალეს. მეორე მხრივ, ეს გამოიწვევს იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდას. გამომდინარე იქიდან, რომ მთელ სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი იმპორტირებული პროდუქციაა, რადგან შიდა პროდუქტი, ბევრი მიზეზის, მათ შორის, ყოველწლიური სტიქიური უბედურებების გამო, ძალზე ცოტაა... ეს ყველაფერი კი, ფასებზე გავლენას ახდენს, როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი პროდუქციის ფასებზე... ბოლო დროს დამკვიდრებული სამწუხარო ტენდენციით, ადამიანები კრედიტს რაღაც პროექტების გასახორციელებლად არ იღებენ, იპოთეკით ტვირთავენ და ყიდულობენ ისეთ პროდუქტს, როგორიც არის ავტომობილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. ეს კი ქმნის მოჩვენებით სიტუაციას, თითქოს ეკონომიკა კი არ მცირდება, ვითარდება... საბოლოოდ მივიღეთ გაზრდილი ფასები და მეტი უმუშევრობა... არის კიდევ ერთი ფაქტორი: ბიუჯეტი, რომელიც სოციალური ვალდებულებებით ისეა დატვირთული, როგორც არასდროს. ეს ძალიან დიდი რისკია.

- რა რისკებს გულისხმობთ?

- ის, რასაც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" მოსახლეობას ჰპირდებოდა, ცდილობს, რეალობად აქციოს, თუმცა, ამის გაკეთება თავიდანვე უტოპიური იყო, მაგრამ მაინც ცდილობენ, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით ფასგაზრდილ პროდუქციაში. საბოლოოდ, ეს ხელისუფლებას უფრო მძიმე არჩევანის წინაშე დააყენებს. მომავალში მათ უფრო მეტი ვალის აღება მოუწევთ. ეს არ დასრულდება მანამ, სანამ ხელისუფლება უარს არ იტყვის გარკვეული ტიპის სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე. ან მივალთ ისევ სეკვესტრთან, რაც ხდებოდა შევარდნაძის დროს, - ხელფასები და პენსიები ვერ გაიცემოდა. თუ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდა, აუცილებლად დადგება ეს რეალობა.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

- ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ის სოციალური ვალდებულებები, რომლის გატარებაც დაგეგმა, მცდარი იყო. შესაძლოა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს, მაგრამ ამ მოცემულობაში, უბრალოდ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური აქტივობის საკითხებს. უნდა გამონახოს რესურსი საიმისოდ, რომ შეამციროს გადასახადები. შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა შეამციროს სახელმწიფო ხარჯები. მათ შორის ადმინისტრაციული. მათ კი პირიქით, გაზარდეს ხელფასები და ა.შ... რეალურად სახელმწიფოს არ შეუძლია ეკონომიკის განვითარება, საზოგადოების წევრები, მას თავიანთი პროექტებით, აქტივობებით, წარმოებებით და ა.შ. ავითარებენ და ქმნიან სისტემას, რომელიც, რაღაც პერიოდულ ზრდას უზრუნველყოფს... რაც მთავარია, ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა აგრძნობინოს უცხოელ ინვესტორებს, რომ ინვესტიციების ჩასადებად, საქართველოში უსაფრთხო გარემოა. ეს არის ერთადერთი გზა, რაც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

ლალი პაპასკირი