მთელ რე­გი­ონ­ში გა­ზი ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ძვი­რია - გზაპრესი

მთელ რე­გი­ონ­ში გა­ზი ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ძვი­რია

გაზის ტარიფის გაზრდაზე საქართველოში კარგა ხანია მსჯელობენ: პოლიტიკოსები მოსალოდნელ გაძვირებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან, გაზის გამანაწილებელი კომპანიები - აუცილებლობით, მოსახლეობა კი, იმაზე წუხს, თუ როგორ გადაიხადოს მომატებული გადასახადი. "საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია" ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს. მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებენ. გაზის ტარიფის შეცვლაზე აზრთა სხვადასხვაობაა ამ დარგის სპეციალისტებს შორისაც: მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის საფასური უნდა შეიცვალოს, ნაწილი კი - ამას ხელოვნურ მოვლენას უწოდებს.

ანზორ ჭითანავა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:

- ჩემი აზრით, ენერგეტიკის დარგში ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, საიდუმლოებები უნდა გამოირიცხოს, რათა მოსახლეობამ იცოდეს - რა თანხას იხდის და რატომ. რაც შეეხება გაზის ტარიფს, მის შეცვლაზე განაცხადი გაზის გამანაწილებელმა კომპანიებმა შეიტანეს. მოსახლეობისთვის გაძვირება ყოველთვის მტკივნეული მოვლენაა. განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როცა ადამიანის ხელფასი მის ხარჯებს ვერ სწვდება და როცა შემოსავლის ნაცვლად ფასები იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, პროტესტს იწვევს, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ეკონომიკის ამ დარგს განვითარება სჭირდება, განვითარების მთავარი სტიმული კი, ობიექტური და სამართლიანი ტარიფების დადგენაა. მოწინავე ქვეყნებში ადამიანები თავიანთი შემოსავლის 49-51%-ს კომუნალურ გადასახადებში იხდიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ღირსეული ცხოვრებისთვის თანხა არ რჩებათ. ხომ გვინდა, რომ ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მოგვეწოდებოდეს? ამას თანხა სჭირდება. მე ციფრებიც შემიძლია დაგისახელოთ, რა დონის სამუშაოებია ჩატარებული ამ დარგში, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში ტარიფი არ გაზრდილა.

ია საყვარელიძე, ფილოლოგი:

- არ ვიცი, რას ფიქრობს "სემეკი", "ყაზტრანსგაზი" ან "სოკარი", მაგრამ მიმაჩნია, რომ გაზის ტარიფი ჩვენს ქვეყანაში ისედაც მაღალია. მაგალითად, ჩემი ოჯახი ზამთარში მარტო ბუნებრივ აირში 120-130 ლარს ხარჯავს, სხვა გადასახადებსაც ხომ ვიხდით? ნებისმიერი ოჯახისთვის ეს მძიმე ტვირთია. მარტო სოციალურად დაუცველებზე რომ ზრუნავენ, საშუალო ოჯახების პრობლემებზეც გაამახვილონ ყურადღება, თუმცა, სად არის ჩვენთან საშუალო ფენა? უმეტესობა ღატაკია, ხოლო უმცირესობა ჩვენს ხარჯზე ნაშოვნ პრემიებს და დანამატებს იჯიბავს.

ვახტანგ ლომჯარია, ეკონომისტი, "საქართველოს მომავლის პროექტის" პრეზიდენტი:

- ტარიფის შეცვლის მოთხოვნა კომპანიებმა შეიტანეს და ეს ბუნებრივიცაა: დოლარი მთელ მსოფლიოში გაძვირდა და რადგან გაზს დოლარში ვყიდულობთ, ამის გამო მათ პრობლემები შეექმნათ. ტარიფის გაზრდა არავის ინტერესებში არ შედის, გარდა იმ კომპანიებისა, რომლებმაც ვალუტის კურსის ცვლილების გამო ზარალი განიცადეს - ლარის კურსის ლამის 40%-იანი ცვლილება ბუნებრივი აირის ფასზეც აისახა. ამიტომ, ტარიფის გაზრდა სავსებით ლოგიკურია. ეს არც "სემეკის" და არც მთავრობის ინტერესებში არ შედის, მაგრამ ამ კომპანიებს თავიანთი არგუმენტები აქვთ. მთავრობა სუბსიდირების თემას განიხილავს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მხოლოდ სოციალურად დაუცველ ფენაზე გავრცელდება. სუბსიდირება ზაფხულში არ იქნება საჭირო, რადგან ზაფხულის თვეებში გაზის გადასახადი ისედაც მიზერულია, ზამთარში კი, გაზზე სერიოზული თანხა იხარჯება.

თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტიკოსი, საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული აკადემიის წევრი:

- ამ ეტაპზე ტარიფის გაზრდა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ტარიფები უნდა იცვლებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის საჭიროება არ არის. ავიღოთ თუნდაც "ყაზტრანსგაზის" მოთხოვნა ტარიფის მომატებაზე: ის დღეს ქართული მხარის მფლობელობაშია, ენერგეტიკაში სერიოზული ინვესტიციები ამ კომპანიის მიერ არ განხორციელებულა, ამიტომ, ინვესტიციების განხორციელების მოტივით ტარიფის გაზრდა მიზანშეწონილი არ არის. ჯერ ერთი, გასაიდუმლოებულია თემა, თუ რა თანხას იხდიან ეს კომპანიები ბუნებრივ აირში ან რა მოგება რჩებათ. ისიც არავინ იცის, რა უჯდება სახელმწიფოს გაზის შესყიდვა საზღვარზე. ეს დახურული ინფორმაციაა, რაზეც ჩვენ მხოლოდ ვარაუდით ვსაუბრობთ. კიდევ ერთი - მთელ რეგიონში გაზი ჩვენთან ყველაზე ძვირია. რატომ? ეს საკითხიც გამოსაკვლევია. წესით, ბუნებრივი აირი ჩვენთან არ უნდა იყოს იმაზე ძვირი, ვიდრე სომხეთსა და უკრაინაშია. ამ სფეროში ბევრი საშუამავლო კომპანიაა ჩართული და ტარიფის ზრდას ესეც იწვევს. გარდა ამისა, ამ ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლიაა და ფასზე ეს ფაქტორიც მოქმედებს. როდესაც კომპანიას კონკურენტი არა ჰყავს, ის ყველას თავის პირობებს კარნახობს. ჩვენ კარგა ხანია გვაჩვევენ აზრს, რომ ბუნებრივი აირი უნდა გაძვირდეს, მაგრამ იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც დღეს ამ სფეროში ხდება, გაძვირება აუცილებელი არ არის. არც იმას გვეუბნებიან, რამდენად გვაწვდის აზერბაიჯანი გაზს, ამიტომ, ვარაუდის და მკითხაობის დონეზე ვართ დასული. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევადაროთ რამდენია ბუნებრივი აირის ფასი სხვა ქვეყნებში და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ. ფაქტია, რომ საქართველოში გაზი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ტარიფი გაიზრდება და ეს ხელოვნური მატება იქნება, უფრო მეტიც, ეს - პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავს. "დაე, გაძვირდეს, ხალხი მაინც გადაიხდის" - ეს არის მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც საქართველოში გაზის ტარიფი იცვლება.

ბექა კემულარია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი:

- გაზის ტარიფი ვალუტის კურსზე და შესასყიდი ბუნებრივი აირის ფასზეა დამოკიდებული, თუმცა, ამ დარგში მოქმედი ვერც ერთი კომპანია თვითნებურად ვერ გაზრდის ბუნებრივი აირის ფასს. სწორედ ამიტომ მიმართეს გაზის გამანაწილებელმა კომპანიებმა მარეგულირებელ კომისიას. "სემეკი" ამ საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის და სპეციალური ფორმულის მეშვეობით დაადგენს, რა დანახარჯები აქვთ ამ კომპანიებს და რა უნდა ღირდეს გაზის ტარიფი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანია ცდილობს მაქსიმალური მოგება მიიღოს, მაგრამ "სემეკის" გადაწყვეტილებებს ვერც ერთი კომპანია ვერ გასცდება. ახლა ყველაფერი მარეგულირებელი კომისიის დასკვნაზეა დამოკიდებული.

გიორგი ნ.-ძე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი:

- ყველაფრიდან ჩანს, რომ ბუნებრივი აირის გაძვირება გარდაუვალია. ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ და მთავრობის წევრებიც. გაზის ტარიფის გაზრდა თავისთავად გამოიწვევს ელექტროენერგიის და წყლის გაძვირებას, პურიც გაძვირდება და სხვა პროდუქტებიც, რადგან ყველაფერი გაზზეა დამოკიდებული. შე დალოცვილო, როცა ყველაფერი ძვირდება და ჩემი პირობები უკან-უკან მიდის, კომუნალურ გადასახადებს რაღას მიმატებ?! თუ გადასახადების გაზრდა უნდათ, ჯერ მოსახლეობის შემოსავალი გაზარდონ. ამ ხნის კაცი ვარ, ამდენი მთავრობა გამოვიცვალე და ხალხზე არც ერთი არ ფიქრობდა. სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს ტრადიცია "ღირსეულად" გააგრძელა!

ხათუნა ჩიგოგიძე