ერთი დღე ჯარში - ძალიან მაგარია, იწვრთნები, ძლიერდები, სწავლობ და წინ მიდიხარ... - გზაპრესი

ერთი დღე ჯარში - ძალიან მაგარია, იწვრთნები, ძლიერდები, სწავლობ და წინ მიდიხარ...

აქ ჯარისკაცებმა 10 კვირის განმავლობაში სხვადასხვა სამხედრო უნარ-ჩვევა შეისწავლეს... ჯარისკაცის დღე 6 საათზე იწყება. პირადი ჰიგიენისთვის 30 წუთი აქვთ დათმობილი: ლოგინის გასწორება, ჩაცმა, წვერის გაპარსვა და სხვა... 7 საათისთვის საუზმობენ. მენიუში შედის ძეხვი ან სოსისი, ჩაი, კაკაო, პური, კარაქი... შემდეგ, საერთო ღონისძიებებისთვის ემზადებიან: მოწყობა, სახელმწიფო ჰიმნის შესრულება. ზუსტად 9 საათისთვის, მეცადინეობებზე ნაწილდებიან. ზოგი ლექციაზე მიდის, ზოგიც პრაქტიკაში მეცადინეობს...

სამხედრო რეჟიმზე "გადაწყობიდან" გარკვეული დრო გავიდა, მაგრამ დილით ადრე გაღვიძება ისევ სახალისო თემაა... ყველა ჯარისკაცის ლოგინი სტანდარტულად სწორდება. თავიდან, ახალწვეულებს ეს საქმე რთულად მიაჩნიათ, თუმცა, სერჟანტი მათ ამას იმდენჯერ აკეთებინებს, ვიდრე "ლოგინი სტანდარტულად არ დალაგდება". ეს პირველ კვირებში ხდება, შემდეგ ეჩვევიან...

"რა იყო, ბიჭო, რა სახე გაქვს, ჯერ კიდევ გძინავს?!" - გაეხუმრა მაღალი, ქერა ბიჭი გვერდით მდგომს, რომელიც საკმაოდ მკვირცხლად იყო - "რა დაძინებული, ვერ ნახე, ლამის ერთი ხარი შეჭამა", - ჩაერია მესამე...

ლექციების ოთახისკენ მივდივართ... კითხვაზე, - რა იყო ყველაზე რთული? ლამის ყველამ ერთად მიპასუხა, - ადრე გაღვიძებაო... 6 საათზე გაღვიძება ჩემთვის (და არა მარტო) იმდენად რთულია, მზად ვარ, ეს ერთნაირად თმაშეკრეჭილი ბიჭები ახლავე გმირებად ვაღიარო...

9-დან 13 საათამდე, 4 საათი მეცადინეობისთვის არის განკუთვნილი. ლექცია 50-წუთიანია. თეორიულ სწავლებებს შორის 10 წუთს ისვენებენ. ახალწვეულები ეტაპობრივად გადიან საცეცხლე, სამწყობრო და საყარაულო მომზადებას. ამას ემატება ყოველდღიური ფიზიკური მომზადება და მთლიანობაში, ახალწვეული საწყისი მომზადების დონეზე ითვისებს ამ ყველაფერს. შემდეგ, ქვედანაყოფში ცოდნას ავითარებს, უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავს.

ჩემი იქ ყოფნის დროს ახალწვეულები საცეცხლე მომზადებას გადიოდნენ, რაც თეორიულ მომზადებას, იარაღის გაცნობას, მის დაშლა-აწყობასა და მასთან მოპყრობას გულისხმობს... სერჟანტის თქმით, ამის კარგად ცოდნა უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, რათა ჯარისკაცმა იცოდეს, თუ როგორ მოექცეს იარაღს, მისი გამოყენებისას, შემთხვევით, თავად არ დაშავდეს ან მის გვერდით მყოფი არ დააზიანოს.

პრაქტიკაზე სასროლეთში გავდივართ, - ქარია, ცივა, მაგრამ აზარტში შესული ბიჭები ვერაფერს გრძნობენ, ამაზე ფიქრისთვის არ სცალიათ...

"დროზე!" "ყურადღებით!" "ცოცხლად!", "წავიდაა!.." სროლების ხმა ყველაფერს ფარავს... საცეცხლე პოზიციებზე გადანაწილება, იარაღის დაჭერა, ხოხვით, ფორთხვით ტალახიან გუბეებში გადაადგილება და დანიშნულების ადგილამდე მიღწევა, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ასჯერ და თუ საჭიროა, უფრო მეტჯერ გასაკეთებელია, შედეგი სრულყოფილი რომ იყოს... რეკრუტების თქმით, - გამოწვევაა, იმის გაკეთება, რაც არასდროს გაგიკეთებია, ტანსაცმლიანად ტალახში შევარდნა, სირბილი, დენთის სუნი... აქ შენს მოთმინებასა და ამტანობას, შენ კი არა, ინსტრუქტორი ზომავს...

"და მაინც ძალიან მაგარია, იწვრთნები, ძლიერდები, სწავლობ და წინ მიდიხარ... რაც გუშინ და გუშინწინ გვიძნელდებოდა, შემდეგ სასაცილოდ არ გვყოფნის და ეს ძალიან მაგარია..." - მეუბნება აქოშინებული ბიჭი...

ვცდილობ, სამხედროები არ დავძაბო და პრაქტიკულ პროცესში დისტანციას ვიჭერ, თუმცა, პროცესი ძალიან მაინტერესებს... სერჟანტი ხვდება ჩემს დამოკიდებულებას და ცდილობს, ყველაფერი დეტალურად ამიხსნას - ახალწვეულები წინასწარ მითითებულ ადგილებზე განთავსდნენ და ძალზე საინტერესო, საცეცხლე მომზადების პრაქტიკული ნაწილი იწყება. ეს არის იარაღის დამიზნების წესები, მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელი, მონაცემები, ვაზნის ეფექტური დაზიანებისა და სასიკვდილო მანძილი. ასევე, სხვა ტექნიკური მახასიათებლები.

წლებია, სამხედრო თემაზე ვმუ-შაობ, მაგრამ ვაღიარებ, იარაღის მოდელებსა და კალიბრებში დიდად ვერ ვერკვევი. თუმცა, სუფთა ქალური, ესთეტიკაგარეული ლოგიკითა და ვიზუალური მეხსიერებით, რუსულ და ამერიკულ იარაღს ფილმებშიც კი ვარჩევ.

ინსტრუქტორებმა გამარკვიეს, ამერიკული "ემ 4" შაშხანა 5,56 კალიბრის არის, ხოლო რუსული კალაშნიკოვის ტიპის "აკა 74"-ს 5,45-იანი ვაზნა აქვსო...

არაერთხელ მომისმენია, როგორ გაცხარებული კამათობენ ბიჭები ამ ორი იარაღის მინუს-პლუსებზე, მაგრამ ამ ბიჭებს, ახლა ამის განსახილველად არ სცალიათ, ყველა მათგანი გაფაციცებული უსმენს ინსტრუქტორის მითითებას და ცდილობს, ზუსტად შეასრულოს. ამ ორი წარმოების იარაღით ხდება გასწორება, ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანა, ალტერნატიულით შესაცვლელი და ჩასათვლელი სავარჯიშოები... არავის უნდა, საღამოს, მისი მიზანს აცდენილი ვაზნების გამო თანატოლებმა მასზე იხალისონ, თუ ასეთი დამქანცველი დღის შემდეგ, ამის თავი ექნებათ...

ოდესღაც, როდესაც ცოტა მეტი დრო მქონდა, ტირში დავდიოდი. ჩემი მასწავლებელი, პნევმატური იარაღიდან ჩემი ცაციათი ნასროლს რომ ნახავდა, იმავე დარბაზში, სავარჯიშოდ მოსულ, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების სპეცრაზმელებზე მეტყოდა, - ამათაც თქვენსავით მახვილი თვალი რომ ჰქონდეთ, ნერვებს დავზოგავდიო. შესაძლოა, ასე ჯენტლმენობის გამო მეუბნებოდა, მაგრამ ყველა სამიზნე ფირფიტას სასოებით ვინახავ... ახლაც ვფიქრობდი, ნეტავ ყველაზე ახლო დისტანციაზე რა შედეგს დავდებ-მეთქი? მაგრამ აქ ყველა წუთი და ეტაპი სამხედრო სიმკაცრით იყო განსაზღვრული და სურვილს როგორღაც მოვერიე...

შუადღეს, ახალწვეულები ისვენებენ. ეს დრო სადილისთვის არის განკუთვნილი.

მენიუ ასეთია: ღორის, საქონლის ან ქათმის ხორცი, ყოველდღიურ მენიუში, საუზმესა და სადილზე აუცილებელია. საღამოს, ვახშამზე თევზი ან ხორციანი მაკარონი... როგორც ამიხსნეს, ხორცის რაოდენობა განსაზღვრულია და სულადობის მიხედვით იწონება. სხვა ყველაფერი ულიმიტოა, ჯარისკაცებს სხვა კერძების დამატებაც შეუძლიათ. ეს პროცესი ძალზე სახალისოა, ბიჭები ერთმანეთის მადაზე კარგად ერთობიან...

სასადილოში არის ბარდის ან ბოსტნეულის წვნიანი და ბორშჩი. ასევე, სალათები, კარტოფილის გარნირი. ლიმონათი, კომპოტი ან მინერალური წყალი... გააჩნია, კომპანიას რა შემოაქვს. დესერტად ხილიც აქვთ, სეზონურობის მიხედვით. იმ დღეს ვაშლი მივირთვით...

ამასობაში, დრო ვიხელთე და ალგეთის ცენტრის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვი:

- სწავლებების პარალელურად, მუდმივი პროცესია ფიზმომზადება. ორმა ასეულმა 30 აპრილს დაასრულა სწავლება. 26 მაისს, შემდეგი ორი ასეულის, 407 სამხედრო მოსამსახურის გამოშვება გვქონდა... მთავარი ცვლილება, რომელიც ბოლოს განხორციელდა, თავდაცვის მინისტრის ინიციატივაა, ახალწვეულის მომზადება საკონტრაქტო მოსამსახურის პროგრამით. ადრე მიიჩნევდნენ, რომ წინასწარი საბრძოლო მომზადების კურსისთვის სამი კვირა საკმარისი იყო, შემდეგ მათ იმ ერთი წლის განმავლობაში ქვედანაყოფი მოამზადებდა. ახალი პროგრამით, 3-კვირიანის ნაცვლად, 10-კვირიან მომზადებაზე გადავედით და საწყისი უნარ-ჩვევების ფარგლებში, იგივე ცოდნას ვაძლევთ, რასაც საკონტრაქტო მოსამსახურეებს. ამასთან, ახალწვეულები, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში მზადდებიან. ადრე მათ ათეულებისა და ოცეულის მეთაურები ქვედანაყოფებში ამზადებდნენ. ჩვენი ცენტრი კი, პროფესიონალი ინსტრუქტორებით არის დაკომპლექტებული, მათ ინსტრუქტორების კვალიფიკაცია აქვთ, სრულყოფილად აქვთ ათვისებული მეთოდი, თუ როგორ უნდა გადასცენ ცოდნა ახალწვეულებს. სწავლების დონე ამაღლდა, რადგან მათ მომზადებას კონკრეტული საქმის პროფესიონალები უძღვებიან.

- ინფრასტრუქტურაც შეიცვალა?

- დიახ, სასროლეთებიც შესაბამისად არის მოწყობილი. თანაც, საბრძოლო მომზადებას საბრძოლო ქვედანაყოფში, თუ ადრე ერთი ან ორი სერჟანტი ადევნებდა თვალყურს, ცენტრში, თითო რეკრუტს თითო ინსტრუქტორი ადგას თავზე. ასე უსაფრთხოება უფრო დაცულია და სწავლებაც შედეგიანია... ამ ცვლილების შემდეგ, პირველი, რაც თვალში მომხვდა, საკონტრაქტო სამსახურის მიმართ მეტი ინტერესის გაჩენაა. ბიჭები უფრო მოტივირებული არიან. ეს ეხება ანაზღაურებასაც და პროფესიულ კარიერას. ორივე მათგანი ძალზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სავალდებულოს, აქ გარკვეული კატეგორია კი მოდის თავისი სურვილით, მაგრამ ეს მაინც ვალდებულებაა და საკონტრაქტო მოსამსახურის მოტივაციას ვერ შეედრება. ამ ათ კვირაში კი, ისინი ისეთ უნარ-ჩვევებს იძენენ, რაც შესაძლოა, შემდეგ ცხოვრებაში, ჯარის მიღმაც გამოადგეთ, თუნდაც სამედიცინო მომზადება. ფიზიკურადაც საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. ამასთან, იარაღი ყველა მამაკაცს აინტერესებს და ამ დროის განმავლობაში, მის მიმართ სიყვარულიც უჩნდებათ... ეს კი, მოტივირებული სამხედროს ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინა პირობაა.

ლალი პაპასკირი