მე­ბოც­ვ­რე­ო­ბა - გა­მორ­ჩე­უ­ლად სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გის მქო­ნე დარ­გი - გზაპრესი

მე­ბოც­ვ­რე­ო­ბა - გა­მორ­ჩე­უ­ლად სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გის მქო­ნე დარ­გი

მსოფლიოში 200-მდე კურდღლის ჯიშია გამოყვანილი, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვანი სამეურნეო თვისებებით, მათ შორის, წონით, შეფერილობით და ბეწვის ხარისხით განსხვავდებიან.

სხვა ცხოველების ხორცთან შედარებით, კურდღლის ხორცი ყველაზე დიეტურ, უვნებელ, ანტიალერგიულ და სასარგებლო ხორცპროდუქტად მიიჩნევა. თუკი ორგანიზმი საქონლის ხორცის 60%-ს ითვისებს, ბოცვრის შემთხვევაში მაჩვენებელი 90%-მდე იზრდება. ეს იშვიათი მახასიათებლების მქონე ხორცპროდუქტი ლეიკოზისა და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. მისი მიღება განსაკუთრებით სასურველია ჩვილი ბავშვების, ორსულების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის. პედიატრების გარკვეული ჯგუფის რეკომენდაციით, ბავშვმა პირველად სწორედ კურდღლის ხორცი უნდა გასინჯოს. გარდა ხორცისა, ბოცვრის ტვინი განსაკუთრებით კარგია მხედველობისთვის, გადამდნარ ქონს კი დამწვრობის, გამონაყარის, ალერგიის სამკურნალოდ, ჭრილობების შეხორცებისა და ანთებითი პროცესების შესაჩერებლად იყენებენ. მისი შემცველობით სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო საშუალება, მათ შორის, ონკოლოგიური წამლები მზადდება. კურდღლის ფეკალურ მასას ტბის მეპატრონეები თევზის გამოსაკვებად იყენებენ, თავისა და ფეხებისგან კი, ქარხნებში ძაღლის საკვები მზადდება.

ზაზა ბურნაძე 25 წელი აღმოსავლური ორთაბრძოლების მიმართულებით ვარჯიშობდა და არაერთი შეჯიბრების გამარჯვებული გახლავთ. მოგვიანებით, ვოკალურ ფაკულტეტზე საოპერო ხელოვნებას დაეუფლა. გალობდა სიონისა და ქაშუეთის ტაძრებში, 15 წელი მუსიკალურ ტექნიკუმსა და კონსერვატორიაში საგუნდო კათედრაზე მუშაობდა. ამჟამად ჯანსუღ კახიძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში სახელმწიფო კაპელის მომღერლად მუშაობს და ანსამბლ "ბერიკას" ერთ-ერთი წევრია. მისი სამუშაო სფერო არც ამით სრულდება - 15 წლის წინ ზაზამ ბოცვრების ფერმა მოაწყო და ამ მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ფერმერია. მალე მეცხოველეობის ამ დარგის პოპულარიზაციის მიზნით კლუბის შექმნას აპირებს, რომელიც მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს...GzaPress

- ბატონო ზაზა, რამ გადაგაწყვეტინათ სპორტისა და სცენის პარალელურად ბოცვრის ფერმა მოგეწყოთ?

- პირველად ეს იდეა 15 წლის წინ გამიჩნდა. კურდღლები ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს. შესაბამისად, მოსამრავლებელი ცხოველის სახეობაზე ბევრი არ მიფიქრია. გავიგე, რომ ერთ ადამიანს სოფელ კოდაში დიდი ზომის კურდღლები ჰყავდა. წავედი, შევიძინე და მათ მოვლას შევუდექი. მოგვიანებით, კონკრეტული ჯიშები გერმანიიდან ჩამოვიყვანე. დღეს უკვე საკმაოდ გამართული სანაშენე მეურნეობა მაქვს და სუფთა ჯიშების გამრავლებით ვარ დაკავებული. ჯიშების არევას კი სასტიკად ვეწინააღმდეგები. ბოცვრებთან საათობით შემიძლია ვიყო. მათთან ვმშვიდდები. ვესაუბრები, ვუმღერი, სათითაოდ ყველას ხასიათი მაქვს შესწავლილი. თუ განსხვავებული რეაქციები აქვთ, ვხვდები, რომ რაღაც უჭირთ - წყალი ან საკვები აკლიათ. თავადაც ხმაზე მცნობენ, გალიებზე თათებით ამოდიან და მელოდებიან.

- სელექციური ჯიშების გამოყვანის წინააღმდეგი რატომ ხართ?

- საერთოდ, ყველაფერი სუფთა სისხლის მიყვარს. ძაღლიც სუფთა სისხლის, ქართული ყაზბეგური ნაგაზი მყავს. ესეც რომ არ იყოს, ჩვენს პირობებში შეუძლებელია ჯიშების გამოყვანა. ამისთვის ხანგრძლივი და სერიოზული მუშაობაა საჭირო. უცხოეთში ამაზე სპეციალურ ლაბორატორიებში ათწლეულების მანძილზე მუშაობენ. 20-30 წელია საჭირო, რომ ახალი ჯიში დაიწმინდოს.

ხოლო თუ ამას თვითნებურად გააკეთებ, ბაჭიები კარგავენ ყველა იმ სიკეთეს, რაც მათ ჯიშს ახასიათებს... შესაჯვარებელ ბოცვრებს შორის ნათესაური კავშირიც არ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ხშირია ფიზიკური სიმახინჯე, წონის დაკარგვა. ხორცი კარგავს სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს. მე ცალ-ცალკე მყავს დაწყვილებული, რომ არ შემეშალოს და სისხლის აღრევა არ მოხდეს.

- მებოცვრეობა სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ დარგებს შორისაა?

- ნაკლებად. ეს სფერო მივიწყებულია. არასამთავრობოები დევნილებს, მთიან რეგიონებსა და ბუფერულ ზონებში მცხოვრებ ფერმერებს აფინანსებენ. თბილისში, ამ მხრივ, უფრო რთული მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, საქართველოში არ არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული ჯიში, რომელსაც საიდენტიფიკაციო საბუთი ან რაიმე სახის დოკუმენტი ექნება და ამის მიხედვით დადასტურდება, რომ ის ნამდვილად სუფთა ჯიშია. ჯიშების განსხვავება მხოლოდ ვიზუალურად და ინტერნეტში მოძიებული ნორმების მიხედვით გვიხდება. ცოტა ხნის წინ ბაჭიების გაგზავნა აზერბაიჯანიდან მთხოვეს, მაგრამ იმის გამო, რომ ვეტერინარულ ცნობას ვერ ვუკეთებ, გაგზავნა ვერ შევძელი. არის შინაური პირუტყვის რამდენიმე სახეობა, რომელთა ცნობაც ხელმისაწვდომია, კურდღლებზე კი, ჯერჯერობით, არ კეთდება და ეს დიდი ბარიერია საზღვარგარეთთან საქმიანი ურთიერთობის წარმოების თვალსაზრისით. ძალიან მინდა საქართველოში ეს სფერო ისევე განვითარდეს, როგორც ის სხვა ქვეყნებშია წინ წასული. ფერმერთა სახლის დახმარებით მალე მებოცვრეებისთვის კლუბს ჩამოვაყალიბებ, რომელიც დარგს პოპულარიზაციას სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებით გაუწევს. მოეწყობა სემინარები, გამოფენები. ეს დარგი ევროპაში, განსაკუთრებით კი, გერმანიასა და ჰოლანდიაში კარგადაა განვითარებული. მინდა ისეთი სტანდარტული ბოცვრები გვყავდეს, მათით ფერმერები სწორედ ამ ქვეყნებიდან რომ დაინტერესდნენ... ამის სპორტული ჟინი მაქვს (იცინის).GzaPress

- სახელმწიფოს მხრიდან დარგის მიმართ გამოხატული ნაკლები ინტერესი, ალბათ, კურდღლის ხორცის შესახებ საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა და შესაბამისად, ნაკლები მოთხოვნაცაა...

- ბოლო წლებია მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მაღაზიებში გაჩნდა ინტერესი და შესაბამისად, იზრდება მიწოდებაც. ერთ-ერთ მაღაზიაში თვეში 200 კილოგრამი კურდღლის ხორცი იყიდება. ადამიანები მიხვდნენ, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცპროდუქტების შეძენას ადგილზე წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა, უქოლესტერინო, ანტიალერგიული ხორცის მირთმევა სჯობს.

- ბოცვრის სასურველი ჯიშები რომელი ქვეყნებიდან შემოგყავთ?

- ძირითადად, გერმანიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. უკვე მოლაპარაკებული ვარ და მალე ჩამოვიყვან უიშვიათეს ჯიშს, ლურჯ ფლანდრს ჰოლანდიიდან. ბოცვრის ეს სახეობა, ჯერჯერობით, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ფერმერს ჰყავს.

- რაც შეეხება ბეწვის რეალიზაციას?

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბეწვისა და თივთიკის გადამმუშავებელი ქარხანა არ არსებობს. შესაბამისად, ბეწვის, უბრალოდ, გადაყრა გვიწევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მინიქარხანაც საკმარისი იქნებოდა, რომლის მოსაწყობად, დაახლოებით, 15.000 აშშ დოლარია საკმარისი.

- ბოცვრის ნაწარმის საზღვარგარეთ ექსპორტისთვის, ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმეს ბევრმა ფერმერმა მიჰყოს ხელი.

- რა თქმა უნდა. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ მიზნით მსურს კლუბის ჩამოყალიბება. მსურს სახელმწიფო დავარწმუნო დარგის პერსპექტიულ მომავალში. მართალია, მეკურდღლეობა ჩვენთვის არატრადიციული დარგია, მაგრამ ფეხს იკიდებს და განვითარების სერიოზული პოტენციალი აქვს. დღევანდელი მონაცემებითა და განვითარების დინამიკის მიხედვით, ორ წელიწადში სულ სხვა სურათი გვექნება.

- საქართველოში, ძირითადად, რომელი ჯიშებია გავრცელებული?

- კალიფორნიული, თეთრი ზელანდიური, წითელი ზელანდიური, ვერცხლისფერი პოლტავური და ბელგიური ფლანდრი. ეს მეხორცული, სწრაფმზარდი ჯიშებია. თანაც, წელიწადში 6-7-ჯერ მრავლდება.

- მებოცვრეები ხშირად აღნიშნავენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი ბოცვრის საკვები საკმაოდ ძვირია...

- გაგიკვირდებათ და, ფასი თითქმის ორმაგია. კლუბის ამუშავებასთან ერთად ვეცდები, სახელმწიფო კურდღლის საკვების საწარმოს შემოსავლიანობასა და საჭიროებაში დავარწმუნო. შემიძლია გავცე გარანტია, რომ თვეში, მინიმუმ, 50 ტონა საკვების რეალიზაციას მოვახდენ.

- ალბათ, კლუბი ბოცვრის კერძების პოპულარიზაციის მიმართულებითაც იმუშავებს...

- დიახ. რუსეთში კურდღლის ხორცისგან 30 დასახელების კერძს აკეთებენ. ჩვენთან, ძირითადად, წვავენ ან ჩახოხბილს აკეთებენ. არაჩვეულებრივია კურდღლის ჩაქაფული, ასევე, უკრაინული კერძი - კურდღელი რეჰანში. ხშირად ვამზადებთ ღვინოსა და შავ პილპილთან ერთად.

- ფერმის გაფართოებას და სხვა ცხოველების მოშენებას ხომ არ აპირებთ?

- ბოცვრების რაოდენობას მუდმივად ვზრდი, თუმცა, ფართობი დიდი ფერმის მოწყობის საშუალებას არ მაძლევს. რაც შეეხება სხვა დარგებს, უკვე მყავს უნგრული ჰაშბეს ჯიშის ქათმები. დედალი 4 კილომდე, მამალი კი 6 კილომდე იზრდება და გარდა იმისა, რომ მეხორცულია, კვერცხს ყოველდღე, ზამთარ-ზაფხულ, მათ შორის, ყინვაშიც დებს. მალე მოვიყვან მწყრებს. მინდა, მათი კვერცხი მქონდეს. შაქრიანი დიაბეტის, ფსორიაზისა და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის უზმოზე მწყერის უმი კვერცხის მირთმევა არაჩვეულებრივია.

- ურჩევთ თუ არა დამწყებ ფერმერებს, რომ მეცხოველეობის კონკრეტულად ამ დარგით დაინტერესდნენ?

- რა თქმა უნდა. ყველაზე სწრაფი შედეგის მქონე დარგია. ბოცვერი მთელი წლის მანძილზე მრავლდება და თითო ჯერზე 6-12 ბაჭიას ყრის. უბრალოდ, ჩემი რჩევა იქნება, თავიდან 10-20 ცალი ბაჭიით დაიწყონ. გამოუცდელობის გამო ბაჭიებს რამე რომ შეემთხვეს, დიდი ზარალი არ იქნება. გარდა ამისა, დიდი ბოცვრის მოვლა უფრო მეტ ცოდნას საჭიროებს. ბაჭიის შემთხვევაში კი, დამწყები ფერმერი საჭირო გამოცდილებას მის ზრდასთან ერთად შეიძენს.

შორენა ლაბაძე