ცხოვრება კონფლიქტის საზღვართან - გზაპრესი

ცხოვრება კონფლიქტის საზღვართან

ზაფხული ე.წ. ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფლებში ყველაზე დატვირთულია - მოსავლის ერთ ნაწილს - ბოსტნეულს იღებენ, ხილს უვლიან და თან მის რეალიზაციაზე ფიქრობენ... მუდმივი შრომის გარდა სხვა საზრუნავიც აქვთ: რუსი მესაზღვრეები. მათი შიში აქვთ, რადგან მავთულხლართების ხაზი წარამარა იცვლის ადგილს და შესაძლოა, ერთ დღესაც, მათი ბაღის ან ბოსტნის გამყოფიც აღმოჩნდეს და საკუთარი ხეხილის მოსავლელად ბაღში ჩასული ქართველი გლეხი, "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდეს... ასეთი გასახსენებელი ლამის ყველა აქ მცხოვრებს აქვს.

ადგილობრივი ქართველების თქმით, როგორც ე.წ. საზღვრის იქით, ისე აქეთ, ოსები ცხოვრობენ და ისინიც ზუსტად იზიარებენ ქართველი მეზობლების ბედს. მათი თქმით, რომ არა პოლიტიკა და რუსეთის ჩარევა, ისინი ახლაც ისე შემოირიგებენ ერთმანეთს, როგორც ეს 90-იანი წლების ომის შემდეგ მოხდა...

საზღვარზე ცხოვრება რთულია. ბოლო დროს, ცხინვალის ე.წ. ახალი პრეზიდენტი ბიბილოვი ცდილობს, სიახლეები შემოიტანოს და "რეფორმები" განახორციელოს, რაც საზღვრის მიღმა მცხოვრებ ქართველებს სიმშვიდესა და მოსვენებას უკარგავს, რადგან ბოლო წლებია არ იციან, რა იქნება ხვალ.

ადგილობრივებს, "საზოგადო გასაჭირის" ანუ მავთულხლართებისა და მოძრავი საზღვრის გარდა, სხვა ყოფითი პრობლემებიც უხვად აქვთ, მაგრამ სოფლების დატოვებაზე ახალგაზრდების გარდა არავინ ფიქრობს.

ზარდიაანთკარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრისპირა სოფელია და აქ ეთნიკურად ქართველი და ოსი მოსახლეობა ცხოვრობს. ადგილობრივის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. ომის შემდეგ ზარდიაანთკარს ოფიციალურად, ქართული მხარე აკონტროლებდა, თუმცა, ადგილობრივები სახლში იქამდე ვერ დაბრუნდნენ, ვიდრე სოფლის ბოლოს ქართული საგუშაგო არ განთავსდა. სოფელი 30-კომლიანია, აქაურების ნაწილს სხვაგანაც აქვს სახლები, 10 ოჯახი კი სტაბილურად ზარდიაანთკარშია.

მერი, ადგილობრივი მკვიდრი:

- მუშაობა არ გვეზარება, მაგრამ როდესაც არ იცი, რა მოხდება ხვალ, ვის რა წამოუვლის, რა საბუთს მოგვთხოვენ და საერთოდ, როგორ იქნება ჩვენი აქ ცხოვრების საკითხი, ეს უფრო ართულებს ჩვენს ყოველდღიურობას, თუმცა, აქაურობის დატოვებაზე მაინც არ ვფიქრობთ... ახლა ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს, იქ ახალი "პრეზიდენტია" და არ ვიცით, რას იზამს, რა მოუნდება, რას შეცვლის... რაღაც ხმები აღწევს ჩვენამდე, მაგრამ დაზუსტებით არავინ არაფერი იცის. ოსებიც ღელავენ... ცხოვრება, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმეა, რადგან არ ვიცით, ეს მოსავალი, რისთვისაც ახლა ვშრომობთ, ჩვენს ბეღელამდე მოაღწევს თუ არა... საერთოდ, გავყიდით თუ არა... ადრე უფრო ადვილი იყო გასაყიდად "იქით" წაღება. როგორღაც ვახერხებდით, ახლა ეს შეუძლებელია. "იქით" რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებადი ზონაა... ადრე, ქართული პასპორტები არ გვქონდა და ოსური საბუთებით ვსარგებლობდით. კვირაში მხოლოდ 4-ჯერ გიშვებდნენ ცხინვალში, დრო განსაზღვრული იყო, - დილის 9-დან 11 საათამდე შეგვეძლო, უკან - 14-დან 16 საათამდე თუ არ დაბრუნდებოდი, გამშვებ პუნქტში აღარ გაგატარებდნენ... ახლა ეს გზაც მოგვისპეს და ლარსის გავლით ჩავდივართ ვლადიკავკაზში. სეზონზე, ხილი და ბოსტნეული ჩაგვაქვს, იქ უფრო ძვირი ღირს და გვიღირს წვალებად... GzaPress

- თქვენთან ერთად ოსებიც არიან?

- დიახ, ზოგს თავისი ეზოს შემოსავალი მიაქვს, ზოგიც ვაჭრობს, არც იმათ ულხინთ... რამდენიმე დღე ვრჩებით ვლადიკავკაზში და შემდეგ, ისევ ლარსის საზღვრის გავლით, უკან ვბრუნდებით... ადრე, როდესაც ე.წ. გამშვები პუნქტით ჩავდიოდი ცხინვალში და იქიდან ვლადიკავკაზში, ყოფილა შემთხვევა, 5 წუთი დაგვიგვიანებია და აღარ გავუშვივართ. რუს სამხედროებს რაღაც სია ჰქონდათ Yშედგენილი, იქ თუ არ იყავი ჩაწერილი, ვერც ივლიდი... ასე რომ, შეჩვეულები ვართ წვალებას. მთავარია, აქედან არ აგვყარონ... ერთადერთი, რისიც გვეშინია, ეს არის... პირველად, სახლის დატოვება 90-იანი წლების კონფლიქტის დროს მოგვიხდა. უკან დაბრუნებულებს სახლი განადგურებული დაგვხვდა, მაგრამ ცხოვრება თავიდან დავიწყეთ... ჩვენ კი არა, ოსებიც ასე არიან, ისიც ჩვენსავით წვალობენ. ჩვენს მეზობელ ოსებს, 90-იან წლებში ცხინვალში წასვლა მოუხდათ, 2000-იანი წლების დასაწყისში ისევ დაბრუნდნენ, 2008 წელს ისევ ცხინვალში წავიდნენ, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. აქ არის მათი სახლი... მათაც, ჩვენსავით აქ უღვრიათ ოფლი და ცრემლი და ვერ მიდიან... ყველაზე ცოტა ხალხი სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობს და მათ შორის ოსებიც არიან, ჩვენსავით ბევრჯერ წასულ-დაბრუნებული ოსები, რომელთაც გაიზიარეს ყველა დღის ტანჯვა-წვალება და მაინც ამ მიწაზე დარჩნენ... ზარდიაანთკარში ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და კარგად ვიცი იქაურობა, - სულ ორი ოსური ოჯახი ცხოვრობს, ეთნიკურად ოსი 4 ოჯახი კი პოსტის ზედა მხარეს - ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის არის მოქცეული. ერთი ძმა პოსტს იქით, მეორე - პოსტს აქეთ. ბოლო დრომდე ძმები ურთიერთობას ახერხებდნენ. ახლა არ ვიცი, როგორ არის. ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა და უკეთესობისკენ - არა.

კონფლიქტის ზონის საზღვარზე მცხოვრებლების თქმით, სოფელში მატერიალური პრობლემების გარდა, სამედიცინო დაწესებულების არარსებობაც აწუხებთ. მათი თქმით, "საზღვრის" მიღმა მცხოვრებ ქართველებს, ბოლო დროს მუდმივად ესმით "დოკუმენტების მოგვარებაზე" საუბარი...

ზაური, დიცის მკვიდრი:

- ერთი შვილი გორში სწავლობს, ორი თბილისში ცხოვრობს. ჩემი სახლი "იქით" მოხვდა. შეიძლება, ყველას რუსული საბუთებით მოგიწიოთ სარგებლობაო, გვითხრეს... ეს ნიშნავს, რომ ერთ დღეს შეიძლება საერთოდ აღარ გადაგვიშვან. ასე თუ მოხდა, აქაურობის დატოვება მოგვიწევს. არ ვიცით, რა იქნება მომავალში, ძნელია სახლისა და მამულის მიტოვება... სახლს ყველგან ააშენებ, ცხოვრება და შვილები კი ადამიანს ერთხელ ეძლევა და თუკი ჩემს შვილს ვეღარ ვნახავ, რად მინდა ან სახლი, ან სიცოცხლე? მაგრამ იმასაც ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ შეიძლება ყველაფერი მოგვარდეს ამ დროს აქედან წასული რომ ვიყო, ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ-მეთქი. საზღვარს იქით, სასმელი წყლის პრობლემაც გვაქვს. აქეთა მხარეს ჩვენებმა სარწყავიც მოუგვარეს, იქით კი, დასალევი წყალი სოფელში კი არა, ცხინვალში არ არის, - გრაფიკით მიეწოდებათ. ცხინვალის ოსური სოფლები ზამთარში თოვლს ადნობენ და იმ წყალს სვამენ... მათაც ძალიან უჭირთ... ხალხი ძალიან დაიღალა, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხება...

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, ე.წ. ადმინისტრაციულმა საზღვარმა, იქ გაიარა, სადაც მავთულხლართები დვანსა და ოსურ სოფელ მუგუთს ყოფს. იქ ახლა სამი სახლის ნანგრევებია. მთაზე რუსი სამხედროები დგანან და პერიმეტრს აკონტროლებენ. ერთ-ერთი ნასახლარის ეზოში ჭრელნაჭრებშებმული ნატვრის ხე დგას, კანტიკუნტად მოსავალია დარჩენილი და კარგ ამინდში, მიწაზე დაწოლილი წითელი პომიდვრები ჩანს, რომელიც არც კი იცის, საიდან მოვიდა... ხეებზე, "რუსი სამხედროების მტარვალ ხელს გადარჩენილი", ალაგ-ალაგ შერჩენილი ვაშლიც ჩანს.

- ჩემი სახლი აღარც კი ჩანს, ტყედ ქცეული, გაპარტახებული და გაუბედურებულია იქაურობა. ერთი ჰექტარი შემოღობილი ნაკვეთი, 15 ძირი კაკლის ხე, ვაზი, ტყე, ორი წყარო, საკალმახე, ცენტრალური გათბობა და 10 სათავსი. ეს ყველაფერი დაწვეს... ახლა შვილთან ერთად ვცხოვრობ და ყოველდღე ვუყურებ, როგორ დაფუთფუთებენ ისინი ჩემს ნაწვალებ კარ-მიდამოში... ხანდახან მიკვირს, როგორ არ გავგიჟდით მე და ჩემი ცოლი, მაგრამ ამ ყველაფერს ასე უსიტყვოდ რომ ვიტანთ, გიჟები ვართ, აბა, რა... ისე ხშირად მესიზმრება ჩემი სახლ-კარი, სიზმარი და ცხადი არეული მაქვს...

ლალი პაპასკირი