წვიმისფერი სევდა - გზაპრესი

წვიმისფერი სევდა

სხვა ეგებ ვერ ამჩნევდა, მაგრამ ანგელინა მასწავლებელს წვიმისფერი თვალები ჰქონდა.

არ ვიცი, ისეთი ადამიანები კიდევ დაიბადებიან თუ არა, როგორიც ანგელინა საცერაძე იყო. გამხდარი, მშვიდი, მუდმივად შავებით შემოსილი, უპრეტენზიო და მოძრავი ქალი გახლდათ ანგელინა მასწავლებელი. თუ არ ვცდები, ექვსი უმცროსი ძმა ჰყავდა და გორის პედინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. მეორე მსოფლიო ომის მერე, საზანოელი ახალგაზრდა ქალი, ჭიათურის სოფლებში გაუნაწილებიათ სამუშაოდ და სულ ბოლო "წერტილი" ჩემი სოფელი იყო. მახსოვს, რომ ამბობდა, 40 წელზე მეტი მაქვს ნამუშევარიო. ერთ დღესაც თქვა, - მომდევნო სასწავლო წლიდან სამსახურს თავს ვანებებო. გასცინებიათ თანამშრომლებს: ყველა ხანდაზმული მასწავლებელი ასე ამბობს, მაგრამ ყოველ სექტემბერს, გაკვეთილების განაწილებისას, გააფთრებით იტვირთავენ თავსო. ანგელინამ კი განცხადება დაწერა და მართლა წავიდა... განა არ შეეძლო გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ მაინც, ასე ამჯობინა. ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნიათ ბავშვებსაც და საქმესაცო. სოფელში ჩურჩულებდნენ, - რაც თავი გვახსოვს, ეს პირველი მასწავლებელია, სამსახურში რომ არ ჩაკვდაო. სკოლიდან წასვლის მერეც, სტატუსი არ შესცვლია, გარდაცვალებამდე ყველასთვის მაინც ანგელინა მასწავლებელი იყო...

კორტოხზე წამოსკუპებულ ორსართულიან სახლში, ახლა რამდენიმე მინა რომ აქვს ჩამსხვრეული, ცხოვრობდა ანგელინა მასწავლებელი. მკითხველთა ნაწილისთვის ძნელი გასაგები იქნება, თუ რა წამლეკავია პატარა სოფლის სიჩუმე მარტოხელა ადამიანისთვის... ანგელინას ერთადერთი ვაჟი ოჯახით თბილისში ცხოვრობდა და მუდამ იქით იწვევდნენ, - წამო, მარტომ როგორ უნდა გაძლო ზამთარშიო? ზამთარი მართლა ვერაგი იცის ზემო იმერეთის სოფლებში: უხვი თოვლი სახლის სახურავსაც ემუქრებოდა, ხეხილსაც ტოტებს უმსხვრევდა და გზებსაც კეტავდა. ასაკის მატებამ ერთხელაც, სამეზობლოში ათქმევინა, - შვილთან უნდა წავიდე ამ ზამთარსო. მეზობელ ახალგაზრდას, თავისი ვაჟის ნათლიას სთხოვა, - თუ მიდიხარ თბილისისკენ, მეც წამოვალ, შენთან ერთად არ გამიჭირდება მგზავრობაო. ნათელმირონობის გარდა, ამ ახალგაზრდას ბევრი რამ აკავშირებდა ანგელინასთან: მისი პროფესია აირჩია სტუდენტობისას, ბნელი 90-იანების დროს სპეციალური ლიტერატურაც გადასცა ყოფილმა მასწავლებელმა საჩუქრად და სუფთა ფურცლებიც (საკონტროლო რვეულის ბოლო, დაუწერელი გვერდები ამოუხევია, აუკინძავს და "შავ საწერ" მასალად მაინც გამოგადგებაო, უთქვამს)!

ჩავიდოდა დეკემბრის დასაწყისში თბილისში ანგელინა მასწავლებელი, ვაჟი სადგურზე დახვდებოდა. მერე, გაზაფხულზე, აღდგომამდე ისევ დაბრუნდებოდა სოფლად და უვლიდა ბოსტანს, მცირე ვენახს, ასნაირი ხილის ჩირს ახმობდა და ლეღვის მურაბას ხარშავდა...

ანგელინას ეზოში, მზიან ამინდში, ზაფხულობით, მწვანე მოლზე დაფენილ ჭილობზე აუცილებლად იდო მუთაქა, მოქარგული პირით. იქ მხოლოდ ბავშვები ან ნათესავები სხდებოდნენ მას შემდეგ, როცა ფეხბურთის თამაშით დაიღლებოდნენ. არავის ისეთი ლამაზი ეზო არ ჰქონდა სოფლად, როგორიც ანგელინას. არ გეგონოთ, რომ განსაკუთრებული მცენარეები ჰქონდა! უბრალოდ, თუთები, მსხლები და ვაშლები ლამაზად იყო განლაგებული...

სახლში თუ შეიხედავდი, აუარებელ ნაქარგს შეამჩნევდი კედლებზე: ლამაზი ჩიტები, ირმები, შვლები, ხასხასა ყვავილები თეთრი ბამბის ქსოვილზე ცოცხლებივით გამოიყურებოდნენ. გეგონებოდა, ახლა წითელგულა ჩიტი აფრინდება, შავხალებიანი შველ-ირმების ჯგუფი დაფეთებული თვალებით ბალახის ძოვას დაიწყებდა... ულამაზესი ყურთბალიშებიც ჰქონდა ანგელინას. ხევსურული ორნამენტებით დაქარგული პაწაწინა ბალიშები ნებისმიერი მხილველის თვალს იზიდავდა!

ეზოში თითქმის მუდამ იდგა მსუბუქი მაგიდები, რომელზეც თეთრშაქარა ვაშლის ჩირი ივლისის ბოლოს ხმებოდა, მუხურულას ჩირი კი, - ოქტომბერში. ამათ შუალედში კიდევ სხვა ჯიშის ვაშლის ნათლები იბრაწებოდა მზეზე. ისე, ანგელინას ყველაზე მეტი ხილი ჰქონდა სოფლად. ერთხელ, სამარიობო მსხლის კვირტი უცნაურად მოუტანია დედულეთიდან: მწიფე მსხალი გაუჭრია, ამოუღრუებია, ღრუში სანამყენე კვირტი ჩაუდვია და ისე წამოუღია, - არ გახმებაო. იმ ზაფხულზევე გაუხარებია ნამყენი და ასეთი სამარიობო მსხალი არც არავის ჰქონდა ახლომახლო, დიდრონი, წვნიანი და მიმზიდველი!

როცა გაწვიმდებოდა, მაშინ ეზო მოიწყენდა. თითქოს ბუნებაში ჩიტები აღარ არსებობდნენ, თუთის და ზღმარტლის ძირები სამწყემსურში გასული ობოლი კანჭა ბიჭებივით იდგნენ. ღრუბლებიდან დაშვებულ ცივ მწუხარებას ანგელინას სახლის ბუხარი ნაღვლიანად ებრძოდა. ძალიან ცოტა თუ შეამჩნევდა ასეთ დროს მარტოხელა დიასახლისს თვალებში მთელი წლის ნალექს, ერთბაშად მოსულს. დარდობდა გარდაცვლილ ძმებს, ქმარს და ირგვლივ არსებულ საწუხარს. ამ დროს, სულელი წვიმის აბეზარი წვეთები თავდაუზოგავად მორბოდა მიწისკენ და სულ არ ადარდებდა არაფერი!

საოცარი იყო, რომ ანგელინა სკოლაში ასწავლიდა სოციალისტური პათოსით გამსჭვალულ ქართულ ლიტერატურას, მაგრამ სულ სხვაგვარად ახერხებდა ამას. არასდროს უთქვამს, რომ პარტია და ლენინი იყო სიკეთე, სიკეთე ქართული სიტყვის ხიბლში ჰქონდა ნაპოვნი და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით საუბრობდა შუშანიკზე, აბოზე, გრიგოლ ხანძთელსა და ავთანდილზე. კომუნისტურ ეპოქაში მოსწავლის დასჯა არავის უკვირდა. მახსოვს, ბავშვისთვის პანღურებიც ამოუტყამთ, ყურებიც დაუწითლებიათ და მშობლებიც აუგად მოუხსენებიათ. ანგელინას გაბრაზებაც არ ახსოვთ, არათუ სკოლაში, სკოლის გარეთაც. ჩხუბისა და აყალმაყალისთვის სად ეცალა, საქმე ჰქონდა უამრავი...

თუ არ ისწავლიდა მოსწავლე, შეფასებას სათანადოს დაუწერდა, მაგრამ ყველამ იცოდა, ეს შეფასება სამართლიანი იყო! არც მოსწავლეები მიჰყავდა გაკვეთილების მერე თავის ყანაში. მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, მარტოქალი ვიწრო სვეებად ამუშავებდა ნაკვეთს! ზოგჯერ ყოფილი მოსწავლეები თავისი სურვილით, შეშას დაუჩეხდნენ ან სახურავზე კრამიტს შეუკეთებდნენ და თან, ხალისით იხსენებდნენ მოსწავლეობის დროინდელ ამბებს!

ორსართულიანი სახლის პირველი სართულის ყველაზე დიდ ოთახში ჰქონდა ანგელინას ბუხარი, სადაც მზადდებოდა საჭმელი. განსაკუთრებულად გემრიელი გამოსდიოდა ნიგვზიანი ერბო-კვერცხი. კვერცხს ათქვეფდა, დანაყილ ნიგოზს შეურევდა და რამდენიმე წუთში, თუჯის ტაფაზე მომზადებულს, სუფრასთან მიიტანდა. მინდვრის მხალსაც, ვგონებ, სოფელში ყველაზე პირველი ამზადებდა ადრიან გაზაფხულზე. წვრილი, მოვლილი თითებით აკურატულად აკეთებდა ყველაფერს. აი, ქსოვა და ხელსაქმე განსაკუთრებულად დახვეწილად გამოსდიოდა. ერთი თვალის გამრუდებასაც კი არ დაუშვებდა ქსოვისას, რთვის დროს ისე ლამაზად "მორბოდა" ძაფი ფთილიდან თითისტარზე დასახვევად, ეს უნდა გენახათ და დაიჯერებდით, რომ კუსტარულ წარმოებას დიდი ხიბლი აქვს! რუსული წარმოების საკერავი მანქანაც სასწაულებს ახდენდა ანგელინას ხელში.

ბაბუამ მასწავლა, ცეცხლში შესაგდებად მცენარის თესლი ცოდვააო, - ამბობდა ანგელინა და სიმინდის მარცვალს, შემთხვევით ცეცხლის პირას დავარდნილს, აუცილებლად "უსაფრთხო" ადგილს მიუჩენდა. დაწვას სჯობს, ჩიტმა აკენკოსო...

ერთხელაც, გელაშვილების ახალგაზრდა რძლებს ხბოები გაჰპარვიათ და როგორღაც, ანგელინას ეზოში შეპარულან. ორ მაგიდაზე გაშლილი ჩირი პირწმინდად შეუჭამიათ, მაგრამ არც ამაზე აუტეხია ამბავი, ისევე, როგორც გრიშას ძროხის მიერ ნაკვეთის გადაღეჭისას (თანაც, გრიშას უთქვამს, - მე არ დამირიგებია ეს დასაკლავი, ანგელინა დააზარალეო!).

80 წელს მიღწეული ანგელინა ბოლო ორ წელს არ დაბრუნებულა სოფლად. სუსტადაა და მისი სოფელში მარტო ყოფნა არ შეიძლებაო. გვიანი შემოდგომის წვიმიანი დილა იყო, როცა შვილმა დარეკა, დედა აღარ მყავსო. უბანმა ერთბაშად მოიყარა თავი ანგელინას სახლთან. ეზო წაბლის, თუთისა და ვაშლის ფოთლებით იყო სავსე, ხეებიდან დაცვივნული რკოებიც უშნოდ ეყარა. ასე არ უყვარდა ამ ეზოს მეპატრონესო და, სასწრაფოდ მიალაგეს იქაურობა ქალებმა. კაცებმა დაკრძალვის სამზადისზე დაიწყეს მსჯელობა. გვარიანად დაღამებული იყო, როცა ცხედარი მიასვენეს სახლში. ყველა მეზობელი მდუმარე მწუხარებით დახვდა ანგელინას დაბრუნებას. არც სიცოცხლეში ბრუნდებოდი ხმაურით, ახლაც ჩუმად მოხვედიო, - წამოიკვნესეს მეზობლის ქალებმა...

ქმრის გვერდით დაკრძალეს ანგელინა. ქელეხის სუფრაც ისეთი იყო, როგორიც ეკადრებოდა. ლამაზად გაწყობილ გლოვის სუფრას ნამოწაფარი ხელმძღვანელობდა და წარმოუდგენელი სიმშვიდე სუფევდა სოფლის სარიტუალო დარბაზში, ზუსტად ისეთი, ანგელინას გაკვეთილზე რომ ახსოვდა მის გაზრდილ თაობებს...

წვიმის სევდა კორტოხზე წამომართულ ანგელინას სახლს ავდრობისას მრისხანედ ეპატრონება. ადრე, როცა გაწვიმდებოდა, საღამოობით, ამ სახლიდან ელექტრონის შუქი და ბუხრის კვამლი ებრძოდა სევდას. დიდი ხანია, ამ სახლს აღარც ელექტრონი ანათებს, აღარც კვამლი მიემართება ცისკენ მოთეთრო სვეტად.

როლანდ ხოჯანაშვილი