"აფხაზები პირად საუბრებში, ყოველთვის მეუბნებიან, - გვენატრებით ქართველებიო" - გზაპრესი

"აფხაზები პირად საუბრებში, ყოველთვის მეუბნებიან, - გვენატრებით ქართველებიო"

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო მუხტი არ ნელდება... უკმაყოფილების მიზეზი რამდენიმეა: სოციალური პრობლემები, ეკონომიკა, დაუცველი უსაფრთხოება... თუმცა, არსებობს სხვა მხარე, - რეგიონი და აფხაზი საზოგადოება ცდილობს განვითარდეს, გზა გაიკვალოს და მისთვის საკვანძო საკითხები გააპროტესტოს... როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში ქართველების გარეშე, არსებობს თუ არა "ძველი აფხაზეთის" მონატრება? - ამ და სხვა თემებზე მწერალი გურამ ოდიშარია გვესაუბრება, რომელიც მშობლიურ ქალაქში ყოველწლიურად ჩადის...

- ხშირად მეკითხებიან შერიგების გზებზე. ეს ძალზე რთული პროცესია. ვერ ვიტყვი, რომ ომის შემდეგ რომელიმე მხარემ სწორი ნაბიჯები გადადგა. პირიქით, ბევრი შეცდომა დავუშვით. თუ მივადევნებთ თვალს, თუ როგორი იყო აფხაზების დამოკიდებულება ჩვენი ხელმძღვანელობის მიმართ, - შემიძლია ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას მიმართ სიმპათია არა აქვთ, - მთიდან ჩამოსულ ტომებად მოგვიხსენიებდაო; შევარდნაძეს ვერც უხსენებ, რადგან იმედი ჰქონდათ, იმ ომს თავიდან აიცილებდა; არც მიხეილ სააკაშვილს ენდობოდნენ. მის დროს დაიწყო ჰუმანიტარული პროექტები, რასაც ხშირად აყვედრიდა, - ჩვენთან თუ არ იქნებით, ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილ ჯარს გამოვიყენებთო. ამიტომ, სამკურნალოდ აქეთ გადმოსულები, დაბრუნების შემდეგ არ ამხელდნენ, სად იყვნენ... ახლა, - სასაყვედურო არაფერი გვაქვსო, ამბობენ... თანდათან ვცდილობთ, ურთიერთობებში გაჩენილი ბზარის ამოვსებას. თუ ადამიანის შემორიგება გვინდა, დანაღმულ ველზე სიარული უნდა შეგვეძლოს. ახლა ჩვენ შორის, დანაღმული ველია და ფრთხილად უნდა ვისაუბროთ. თუ არა და, ვილაპარაკოთ სააკაშვილივით, ომზე... სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, აფხაზებთან ერთად ვისწავლე მეგობრობა, ურთიერთობა, ცხოვრება. კარგად ვიცნობ მათ. მსგავსებაც ვიცი და განსხვავებაც. დრო გვჭირდება, ერთმანეთთან მისასვლელად.

- დრო ვის სასარგებლოდ მუშაობს?

- დრო ადამიანმა უნდა გამოიყენოს. აჭარა სამი საუკუნე საქართველოს ფარგლებში არ იყო, მაგრამ ისტორიას მოულოდნელობები ახასიათებს... როდესაც საბჭოთა კავშირი ავღანეთს ებრძოდა, არავის ეგონა, რომ წლების შემდეგ, ამერიკა დაიწყებდა იქ ბრძოლას და რუსეთს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს სთხოვდა... უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება... საერთოდ, შორიდან ყოველთვის რთულია იმის დანახვა, რა ხდება შიგნით, როგორია დუღილი... დიახ, პრობლემები ნამდვილად არის, რეგიონსა და ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ რაღაცები კეთდება. ადგილობრივები ცდილობენ, ქალაქმა ისტორიული იერსახე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაკარგოს, მაღალი კორპუსები არ აშენდეს... მძიმე რეაქცია მოჰყვა სოხუმის ცენტრში რუსეთის "საელჩოს" აშენებას, ასევე, ილორის წმინდა გიორგის მონასტრის გადაღებვას, რომელიც რესტორანს დაამსგავსეს... ხელმძღვანელობას მოქვის ტაძრის რესტავრაციაც უნდოდა, მაგრამ ამის ნება არ დართეს. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ იქ რუსეთი განაგებს ყველაფერს, მაგრამ ასე არ არის. ყოველწლიურად ჩავდივარ ქალაქში და სამხედრო ტექნიკა იქ არასდროს მინახავს. დამსვენებლები - კი ბატონო... კიდევ ერთი, რაც მათ არ დათმეს, ეს არის უძრავი ქონების დაკანონება... რუსებს, ეშერასთან ახლოს სამხედრო პორტის აშენება უნდოდათ, მაგრამ აფხაზებმა უარი უთხრეს; ისევე, როგორც უარი უთხრეს რეგიონში რკინიგზის ერთ-ერთი ხაზის გაყვანაზე. ასევე, რუსებს, სოფელ აიგბაში სამეთვალყურეო პუნქტის აშენება უნდოდათ, საიდანაც მხოლოდ ამიერკავკასიის კი არა, თურქეთის კონტროლიც იქნებოდა შესაძლებელი... მათაც ძალიან ბევრი რამ სტკივათ ჩვენგან ისევ, როგორც ჩვენ. პროცენტულად, მათ მეტი ადამიანი დაეღუპათ, ვიდრე ქართველებს... თუ ისინი გვიყვარს, ნიშნის მოგებით არ უნდა ველაპარაკოთ, შერიგების გზებზე უნდა ვიფიქროთ. თუ არა და, იქ აფხაზების გარეშე არაფერი დაგვრჩენია. აქამდე თავს ვიკავებდი ასეთი საუბრისგან, აწი უნდა ვისაუბრო.

- ქართველების ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი კეთილგანწყობის საპირწონედ მათგან ვერაფერს ვიღებთ...

- ყველას ვურჩევ, წაიკითხოს დაურ ნაჭყებიას წიგნი, "ღამის ნაპირი", სადაც ის წერს, როგორ მაროდიორობდნენ, ძარცვავდნენ და ამაზრზენად იქცეოდნენ ისინი ომის შემდგომ... რომანის მთავარი გმირი, სოხუმის აღების შემდეგ, სანგარში ზის და ომის საშინელებაზე ფიქრობს. პირდაპირ სნაიპერის სამიზნეა. შემდეგ, ჩაჩქანი მოიხადა და სანგრიდან თავი ამოყო, რა დროსაც პირდაპირ შუბლში მოხვდა ტყვია... ანუ თავი მოიკლა და თუ რატომ, - ამ კითხვას აფხაზ საზოგადოებას უტოვებს... ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს მათაც, მაგრამ მთლიანობაში, ქართველებმა და აფხაზებმა ვერ შევძელით ომის თავიდან აცილება. აზერბაიჯანელებმა შეძლეს. ბაქოს სცენარიც დაწერილი იყო მესამე ქვეყანაში, მაგრამ ჭკუა ეყოთ. მაშინდელმა პრეზიდენტმა ელჩიბეიმ და ალიევმა თქვეს, - წვეთი სისხლი რომ დაიღვაროს, წყევლას ვერასდროს მოვიცილებთო... აბულფაზ ელჩიბეი ისე წავიდა, ერთი ტყვიაც არ გაუსვრიათ. ასევე მოხდა სომხეთშიც... საქართველოში სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ...

- მიგვიშვებენ ერთმანეთთან?

- ამდენი წლის განმავლობაში შევძელით საერთო სივრცის პოვნა? ვიფიქრეთ ამაზე? არა! ერთმანეთის კრიტიკით ვართ გართულები... დიახ, აფხაზეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ იქ ჩასულს აუცილებლად გეტყვიან, - იმ სახლიდან, სადაც მეპატიჟები, ხშირად ჩხუბის ხმა ისმის და მე რატომ უნდა მოვიდე, ჩემი პრობლემებიც მეყოფაო... ამას წინათ გავრცელდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სერგეი შამბას წერილი, სადაც ის არსებულ ვითარებაზე საუბრობს...GzaPress

- დაბოლოს, აფხაზებს მიმართავს, - ნუ დავემსგავსებით ჩვენს მტრებს ცუდის კეთებაშიო...

- შამბა აფხაზეთის პატრიოტია. მან გაცილებით მეტი რამ უთხრა თავის ხალხს, ვიდრე ბოლოში ქართველებზე გაკეთებული "გადახვევა" იყო... იმ სიტყვების შემდეგ, ბოლოში თუნდაც ბალანსის დასაცავად, ქართველები უნდა გაეკრიტიკებინა, თორემ რადიკალები მაშინვე იტყოდნენ, - ქართველების დოლარებზე გაიყიდაო... ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. სხვებზეც ხშირად ამბობენ. ომის შემდეგ, აფხაზებმა ქართველების სახლებისა და ავეჯის გამო ერთმანეთი დახოცეს. მაშინაც თქვეს ვიღაცებმა - ქართველებს ვემსგავსებითო, რადგან ჩვენებიც ძარცვავდნენ მათ სახლებს და ერთმანეთისასაც... ცუდშიც და კარგშიც ვგავართ ერთმანეთს, თვისებებით, ცხოვრების წესით, თუნდაც, სამზარეულოთი... ეს მათაც იციან და ამბობენ კიდეც, - რუსებთან საერთო არაფერი გვაქვსო. "ეტი რუსსკიე" - ამით ყველაფერია ნათქვამი. აფხაზები პირად საუბრებში, ყოველთვის მეუბნებიან, - გვენატრებით ქართველები, ის დრო გვენატრებაო, თან დასძენენ, - ყველა ქართველი არ გვენატრებაო...

- რამდენიმე დღის წინ, სოხუმი ქალაქის კოლორიტ ადამიანს, "მარადონას" დაემშვიდობა. აფხაზებმა იხუმრეს კიდეც, მისმა სიკვდილმა სურკოვის ჩამოსვლა გადაფარაო. თქვენ გახსოვთ ის?

- როგორ არა, მაგრამ ომის შემდეგ ვერ ვნახე. ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა მომცა მარადონას ომის დროს გადაღებული ფოტო, რომელიც ჩემს წიგნში დავბეჭდე. მერე მარადონას ეს წიგნი დაჰქონდა თურმე სოხუმში და ყველას ეუბნებოდა, - ქართველები ჩემზე წიგნებს წერენ, თქვენ კი არ მაფასებთო... ერთი სოხუმელი კაცი იყო, ქართველი, მეტსახელად ბაჯა ერქვა. აფხაზი მეგობარი ჰყავდა, დღე და ღამე ერთად იყვნენ... ქართველი წამოვიდა, აფხაზი სოხუმში დარჩა... ერთ-ერთი ჩასვლისას, იმ ქუჩაზე მომიხდა სტუმრობა ჩემს აფხაზ მეგობრებთან. უცებ შეჩოჩქოლდნენ. - რა მოხდა-მეთქი? - ვიკითხე. ბაჯას მეგობარმა ჩამოიარა თურმე. - ეს ახლა დათვრება, მერე ბაჯას სახლს მიადგება და ისევ გაახურებსო, - მითხრეს... იმ ბაჯას სახლში ვიღაც აფხაზი ცხოვრობს. ბაჯას მეგობარს რომ შემოაწვებოდა იმ წლების მოგონებები, დათვრებოდა, მიადგებოდა ძველი მეგობრის სახლს და ღამის 2-3 საათზე, ბოლო ხმაზე ეძახდა, - ბაჯა, ბაჯა!.. გამოვა ეს აფხაზი და უყვირის - "უბირაისა ატსიუდა, ზდეს ბაჯა ნე ჟივიოტ, ონ უეხალ ვ ტბილისი, იდი ტამ იში"... ეს კიდევ უფრო ბრაზდება ამაზე, - "ბაჯა ტამ ჟილ, ტამ ჟივიოტ ი ბუდეტ ჟიტ"... სცემენ, გაკოჭავენ, წაათრევენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ბრუნდება... წლებია, ასე გრძელდებაო... როდესაც შერიგებაზე ვიწყებთ საუბარს, ასეთ ამბებს უნდა ჩავეჭიდოთ და არა იმ რამდენიმე რადიკალს, რომელიც ვითომ მთელი აფხაზეთის აზრს გამოხატავს... დავით დასანიას, რომელსაც ერთი წლის წინ, ოჯახის წევრი ჰყავდა თბილისში ჩამოყვანილი სამკურნალოდ, არ შეარგეს ის პოზიტიური პოსტი, რომელიც გუდაუთაში დაბრუნებულმა ქართველებზე დაწერა... არადა, დათო პირველად მაშინ არ ჩამოსულა, 1998 წელსაც იყო ის თბილისში, ვაჟკაცი ბიჭია და უბრალოდ, ჩამოვიდა. ცხინვალიდან გადმოვიდა... ამ ამბის დაჯერება ბევრს უჭირს, მაგრამ რეალობაა, - ჯერ საზღვარზე გადარეულა მესაზღვრე, - აფხაზი ხარო? - დიახ, თბილისის ნახვა მინდაო, უთქვამს. ეს მესაზღვრე აფხაზეთში ნაომარი დევნილი ყოფილა, მაგრამ პირველი ემოციის შემდეგ, ტაქსიში ჩაუსვამს და მძღოლისთვის უთქვამს, - თბილისში ისე ჩაიყვანე, თმის ღერი არ ჩამოუვარდესო... აქ ჩემთან მოვიდა... ძალიან გამიხარდა... შემდეგ, ჩემმა მეგობარმა რესტორანში დაგვპატიჟა და იქიდან ჩემი უძველესი, ომგამოვლილი მანქანით წამოვედით, გზად "გაიმ" გაგვაჩერა. მეც ნასვამი ვიყავი და გულწრფელად ვუთხარი, - აფხაზეთიდან სტუმარი მყავს და ნასვამი ვარ-მეთქი... გაოცდა. შემდეგ დათოს ჰკითხა, აფხაზი ხარო? - დიახო. - "ტაგდა ვამ ზელიონაია დაროგა", - გვითხრა... დათომ მოულოდნელობისგან სახეზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო... რამდენიმე დღის შემდეგ, დათო გაეროს თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო. ჩვენს მეგობარ მხატვართან, ლადო ფოჩხუასთან იყო სტუმრად. ერთ ღამეს ლადომ დამირეკა: - გურამ, დათოს მეტროში პასპორტი, ფული და ყველაფერი მოჰპარეს, ვიღაც პატარა ბიჭმა ამოაცალა ჯიბიდან. ბოლო კუპიურის ამოცლისას წავუჭირე ხელში, მაგრამ იქვე ბიჭები ისხდნენ და ისინი გამოესარჩლნენ, - ჩვენი მეგობარია, რატომ აბრალებთო? ლადოს სადგურში ამოუყვანია ყველა ერთად და აუხსნა თურმე, - ეს კაცი თბილისში აფხაზეთიდან ჩამოვიდა, ხვალ უნდა გაფრინდეს და თუ საბუთები არ ექნება, ვერ წავაო... იმ ბიჭებს უკლებლივ ყველაფერი უკან დაუბრუნებიათ. დათო გაოცებული იყო, - "გურამ, ვი ეტო ვსო პადსტროილი, და?" - მკითხა... ასე რომ, იმ პოზიტიური პოსტის შემდეგ, მან ქართული სიმღერებიც დადო.

ლალი პაპასკირი