"ჭიანები" და "მეორეები"...
font-large font-small
"ჭიანები" და "მეორეები"...
ერთ-ერთ იმერულ სოფელს შუაზე ყოფს ყვირილა.
ორივე ნაწილი ისეთი ციცაბოა, კატას ლუკმის გატანა გაუჭირდება. სიმწვანეში სახლები სოკოებივით ამოზრდილა და იშვიათად მოჰკრავთ თვალს შენობებს, რადგან ფერდობზე საშენებლად ვარგისი ადგილი ცოტაა და რაცაა, ისიც გაფანტული. კომუნისტების დროს, როცა დიდი ბულდოზერი შეიძინა კოლმეურნეობამ, მის მერე ფერდობებზე მოზრდილი ტერასების გამოჭრა დაიწყო მოსახლეობამ. წარმოიდგინეთ დაბალი მთა, სადაც ჰორიზონტალურად ტრაქტორს თითქოს, გზა შეჰყავს, სინამდვილეში კი სამოსახლოა: წაგრძელებული, ვიწრო და ვერტიკალზე აღმართ-თავდაღმართით შემოსაზღვრული.
სახნავი ამ სოფელში არ იყო და სათესი, მაგრამ როცა რკინიგზა გაიყვანა რუსეთის "ცარმა", მის მერე აქ მოსახლეობა მომრავლდა. აღმა ჭიათურა იყო, თავდაღმა _ ზესტაფონი. ერთგან შავი ქვა იყო, მეორეგან _ ფერო. ფერდელა სოფლის მოსახლეობა ან ერთგან მუშაობდა, ან _ მეორეგან და თავს ირჩენდა. აი, ნიკოიას შალიკო კი არსად მუშაობდა. მონადირე ძაღლები, ცოლი, სამი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა. იმერული პეწი ჰქონდა შალიკოს: უღიპო, თვალდასადგამი კაცი იყო და გარეთ მტერს უვსებდა თვალს, შინ _ მოყვარეს. ჭიათურაში ვიღაც ხნიერ, რუს ინჟინერ ქალს ჰყვარობდა და საბოლოოდ, ოროთახიანი ბინაც კი დარჩა მისგან. იმერელი კაზანოვა სოფლად ცოლ-შვილს ბედის ანაბარად ტოვებდა, მათაც სხვანაირად ვერ წარმოედგინათ: სწავლობდნენ, წვალობდნენ და იმას სჯერდებოდნენ, რასაც ბუნება უბოძებდათ. ადრიან გაზაფხულზე ეკალა, მეკენძალა და მხალეული უხვად მოიპოვებოდა, მერე ხილს სოკო ჩაენაცვლებოდა გვიან შემოდგომამდე. ცოტა ზამთარი იყო მუცელმშიერა, მაგრამ გაზაფხულის მოლოდინით შიმშილს გადააგორებდნენ ხოლმე ქოხს შეხიზნულები.
უშრომელი შალიკო იღბლიანი კაცი იყო და შვილებსაც ქუდბედი დაჰყვათ. ასული ულამაზესი გოგო გახლდათ და სკოლის დასრულებისთანავე ისეთმა კაცმა შეირთო, სადგისიდან გუთანს რომ გამოიყვანდა. ერთმა ვაჟმა კიდევ, თბილისს მიაშურა, სომხის ქალი შეირთო და ზედსიძედ დადგა. ფრიად ივარგა სომხის ქალმა შვილოსნობაში და შვიდი შვილი გააჩინა (აბორტის შიშის გამო აჩენსო, ასე ამბობდნენ მაზლის ცოლები). მეორემ მეზობელ სოფლიდან ოდნავ თავისზე უფროსი, მაგრამ შრომისმოყვარე და მზითვიანი ქალი, თინა შეირთო, მესამემ კი ჭიათურის ბინა დაიკანონა (ის რუსი ქალი უკვე ცოცხალი აღარ იყო...) და ორ შვილს ზრდიდა უპრეტენზიო ცოლთან ერთად.
შალიკოს სოფლად დარჩენილ ვაჟს ორი შვილი ჰყავდა და რადგან ჯერ კიდევ ოჯახი წელში არ გამართულიყო, ამიტომ დიასახლისი ხილს ყიდდა ზესტაფონსა და ჭიათურაში. ოთხშაბათი ჭიათურის საბაზრო დღე იყო, პარასკევი და კვირა _ ზესტაფონის. ბაზრობის წინადღეს, დედაკაცი შვილებს აიდევნებდა, ხილს დაკრეფდა, საღამოს გადაარჩევდა და რჩეულს საბაზროდ ჩააწყობდა აკვანა კალათში, ჭიანებს ბავშვებს დაულაგებდა, _ გამოარჩიეთ და ჭამეთო; თან ამუნათებდა, ეგენი იმიტომ დაჭიანდნენ, ყველაზე უკეთესებია და ჭიაც ამიტომ მიეძალაო. ქერათმიანი, მწვანეთვალება ბავშვები პატარა დანებს მოხერხებულად დაატრიალებდნენ, ჭიანაჭამ ადგილებს ოსტატურად მოათლიდნენ ხილს, რჩეულ ნაწილებს მათლაფებზე დაიხვავებდნენ და მიირთმევდნენ. ეს ამბავი სოფლად ყველამ იცოდა და ამიტომაც, ოჯახს "ჭიანები" შეარქვეს. მათ სიახლოვეს თუ ვინმე ცხოვრობდა, ისინი "მეორეები" იყვნენ. ეს იმიტომ, რომ "ჭიანებისგან" განესხვავებინათ.
"ჭიანების" დედაკაცი ძალიან თავგზიანია, არ დააყენა ეს დაქცეულები ფეხზეო?! _ ამბობდა ზოგჯერ ისიდორე. ისიდორე "მეორეებში" ითვლებოდა და თავის ცოლს მუდამ აყვედრიდა, რად არ ხარ "ჭიანისებურად" თადარიგიანიო. ის კიდევ პასუხობდა, _ მაგ ქალს ძმა უწყობს ხელს. ვერ ხედავ, თვე არ გავა, მანქანით არ მოადგეს, ხორაგი არ მოუტანოსო? ისიდორე პასუხობდა, განა როდის ჩავუკეტე შენს ძმას ჭიშკარი, ერთხელაც რომ არ წამოსცდენია ხელი მოსაშველებლადო?
ბიქტორიაც "მეორე" იყო და "ჭიანების" მოპირდაპირედ ცხოვრობდა. მათ ეზოებს ნაკადული ყოფდათ შუაზე, რომელიც ზაფხულში გულშეღონებლად გადადიოდა ლოდებზე, გაზაფხულსა და შემოდგომის წვიმიანში კი მოლიახვობდა. ბიქტორა მოხუცი კაცი იყო, ლიახვი თვალითაც არ ენახა, მაგრამ მისი აზრით, ეგ მდინარე სამყაროში ყველაზე წყალუხვი გახლდათ! ამათი ოჯახი "ჭიანების" დარდით ათენ-აღამებდა. თინას ხელიდან ბარაქა სცვივა და ამ ჩემებს დაღეჭილი ლუკმა თუ არ ჩაუდე პირში, შიმშილით ამოწყდებიან. აი, ბარაქალა დედაკაცი ეგაა, თორემ მაგის ქმარს ან აქამდე რა შეუქმნია, ან აწი რას გააკეთებსო?..
ათას ძირამდე ხურმა და კარალიოკი ჰქონდათ უკვე "ჭიანებს", ამყნობდნენ, ახარებდნენ, კრეფდნენ, ჩირავდნენ, ყიდდნენ და თავიც გაჰქონდათ. საშინელ ფერდობებზე იყო გაშენებული ხეხილი, მაგრამ ვაკე იქ არსად იყო და ფეხმობრეცვით მოჰქონდათ კორტოხებზე დაკრეფილი ხილი "ჭიანებს" სახლისკენ, რომლის ნაწილი ხილადვე იყიდებოდა, ნაწილი იჩირებოდა და "გვერდშელანძღულები" ისევ უნდა გამოერჩიათ პატარა, მოხერხებული დანებით და ეჭამათ! აბა, სახელი ხომ უნდა გაემართლებინათ, "ჭიანები" იყვნენ და...
როცა კარალიოკის ბაღი სრულ მსხმოიარობაში შევიდა, მერე ჭიანი და უვარგისი კი არა, ძალიან კარგი ნაყოფებიც ხეზე ურჩებოდათ. სად იყო მაგდენი შეძლება, ტონობით ხილი დაკრეფილიყო და ბაზრამდე მიეტანათ?! უკვე ჭიანს ღორებსა და აპეტელებულ თხებს აჭმევდნენ, მაგრამ სახელი ისევ იმადვე დარჩა ოჯახს...
"ჭიანების" თინას მეზობლებთან სალაპარაკოდ არ ეცალა ხოლმე. თუ უბანში დიდი სუფრა იმართებოდა, მჭადებს დააცხობინებდნენ. ისეთი მჭადები გამოსდიოდა, სტუმრებს ფურნის ღუნღულა, თეთრი პურებისკენ გახედვაც არ უნდოდათ. აი, მაგ დროს, როცა სიმინდის ფქვილს ცრიდა და ზელდა, "მეორეების" ქალებს სიტყვაძუნწად გამოელაპარაკებოდა. ზოგჯერ ამაყად იტყოდა, _ მზითევში 38 წყვილი ფეხსაცმელი მომყვაო. აბრეშუმის საბან-გობანი ცალკე თემა იყო და მომინანქრებული 40-ლიტრიანი ქვაბი, რომელიც მაშინ გაცილებით უფრო იშვიათი იყო, ვიდრე ახლა ზნეობრივი პოლიტიკოსი... თინა უმცროს ძმას აქებდა ძალიან, _ უფრო უკეთესი არც ვინ იქნება დედამიწაზე, ეგ რომ მე მყავსო. მოსუფრეების აშლის მერე, სოფლის დედაკაცობა ჭურჭელს აალაგებდა, თან ხორხოცობდნენ და მაგიდაზე სასწაულებრივად გადარჩენილ კანფეტებს მალულად იჩურთავდნენ წინსაფრის ჯიბეებში. აი, "ჭიანების" თინა არ იღებდა არაფერს, არც მასპინძლის შეთავაზებული "ნამცეცობა" მიჰქონდა სახლში, _ ჩემებს რაც აქვთ, ისიც ეყოფათო.
ბნელი 90-იანები რომ დადგა, იმ დროს ამ სოფლიდან ბევრი გაიკრიფა. "ჭიანების" სახლში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ, შვილებმა უკეთესი ადგილებისკენ გაუტიეს, ისევე, როგორც "მეორეების" შთამომავლობამ. ახლახან ღამით მომიწია ამ სოფელზე გამოვლამ და ელექტრონი სადღაც-სადღაც კიაფობდა. მივხვდი, სოფელში მოსახლეობა უფრო შეთხელებულიყო. 20 წლის წინ აქ ბევრად უფრო მეტი ხალხი იყო, წვალებით რომ ირჩენდნენ თავს, მაგრამ მაინც ამაგრებდნენ ყვირილასპირეთს. ორი "ჭიანი" და რამდენიმე "მეორე" დარჩა სოფლადო, _ შემთხვევითმა გამვლელმა მითხრა. გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც, უკეთეს ადგილას თუ გადასახლდნენ, ნაკლები წვალება ექნებათ-მეთქი, მაგრამ შემოდგომაზე, როცა სიმწვანე მხოლოდ თხმელურს შერჩება, "ჭიანების" კარალიოკის ხეები კი საყვარელ ჭიისფერს გადაითალხავს, დაგენანება უკაცრიელობისთვის იქაურობა...

როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვა