თქმუ­ლე­ბა სვიმ­ნიშ­ზე - რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­და ერ­თი სვა­ნუ­რი სო­ფე­ლი ოს­თა ლაშ­ქარს - გზაპრესი

თქმუ­ლე­ბა სვიმ­ნიშ­ზე - რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­და ერ­თი სვა­ნუ­რი სო­ფე­ლი ოს­თა ლაშ­ქარს

მაშინ სოფელი ოცდაათი კომლი მოსახლითა და 22 თეთრად შეფეთქილი კოშკით იწონებდა თავს.

მაშინ ამ პატარა სოფელში იოსელიანები, მარგიანები, ბაბლუანები, გვიდანები და ზურებიანები ცხოვრობდნენ. სოფლის მახვში (თავი) ჭკუა-გონებით გამორჩეული სვიმონ ბაბლუანი ყოფილა, რომლის გარეშეც სოფლის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა არავის შეეძლო.

სოფელი ძლიერი და მჭიდროდ დასახლებული ყოფილა, გვარების მიხედვით. მიწის ყოველი გოჯი სახნავ-სათესად ჰქონიათ გამოყენებული, ჰყოლიათ ბევრი ხარ-ძროხა, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი და ნახირის მწყემსვაზეც მორიგეობა ჰქონიათ დაწესებული. ნახირს ყოველ დილით სოფლის შუაგულში - ქრისდეშის სვიფში უყრიდნენ თავს, რომელსაც ასევე მორიგეობით ასუფთავებდნენ ქალები. ნახირს ლაგვზალიერის მთისკენ მიერეკებოდნენ მწყემსები. ხშირი იყო თავდასხმები და საქონლის გატაცება.

ერთხელაც, გამთენიისას, გუგა გვიდანის ყურადღება მთის ჩრდილოეთით მოფუსფუსე კონტურებმა მიიპყრო და მიხვდა, რომ ეს სიკეთის მომასწავებელი არ იყო. მსწრაფლ დაეშვა სოფლისკენ და მზის პირველ სხივებთან ერთად, მახვშის საცხოვრებლამდე მიაღწია. გაგონილმა მახვში შეაკრთო. წამს ფეხზე წამოიჭრა და ქრისდეშის სვიფში სოფლის თავშეყრა ბრძანა. გონიერი თავკაცი არა მარტო სოფელზე, ნახირის გადარჩენაზეც ფიქრობდა:

- ხალხნო, ნახირს გეზი უნდა ვუცვალოთ, დასავლეთით ჩხელაშისკენ გავრეკოთ. სოფლის ყველა მცხოვრები კოშკებში უნდა ახვიდეთ და იქიდან ადევნოთ თვალყური, არ აჩქარდეთ, ქვის სარქვლები მაგრად ჩამოხურეთ!

მახვშის გადაწყვეტილებას ახალგაზრდები შეეწინააღმდეგნენ, მათ პირისპირ უნდოდათ მტერს გასწორებოდნენ, მაგრამ ჭკვიანი სვიმონი უსისხლოდ ფიქრობდა მტერზე გამარჯვებას:

- ჩვენს მტრებს ისე ეშინიათ გადამდები დაავადების, ისეთ რამეს მოვიგონებ, უკანმოუხედავად გარბოდნენ, მაგრამ თუ არ გამომივა, მაშინ თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ, ტყვია-წამალი არ დაიშუროთ და ქალებმა კოშკის ქონგურებზე დაგროვილი რიყის ქვები დაუშინეთ კოშკებთან ახლოს მოსულ მტერს! - მახვშის სიტყვა კანონი იყო. ყველამ თავ-თავის კოშკს მიაშურა.

მტერმა რომ ნახირი ვერსად ნახა, თხმელნარში დაბანაკდა და სოფლის მახვშს მოციქულები გაუგზავნა.

სვიმონ ბაბლუანი ორ უხუცესთან ერთად ქრისდეშის სვიფში იჯდა და თათბირობდა, გამოსავალს ეძებდა.

მტრის `ელჩებმა~ მოხუცებს თვალი ჰკიდეს, უმალ მიეჭრნენ და ბაშის შემონათვალი სიტყვასიტყვით გადასცეს:

- დიდი ჯარი მომყავს, თავი ქვიშლარის ღელემდეა მოსული, ბოლო კი მაღლა მთიდან დაიძრა. სოფელი დაცალეთ, ხარ-ძროხა ახურებში დააბით, კარიდან გამოსვლა არავინ გაბედოს, ყველანი ნეხვის გადასაყრელი ხვრელიდან გაძვერით, საფუვრის მცველად ყველაზე სულელი დააყენეთ, პურმარილი დაახვავეთ, უბრალო არაყი არ გვაკადროთ, სულ ნათხუმი დაგვახვედრეთ. ქვეშ ბუმბული დაგვიგეთ, ზედ ნაბდები დაგვახურეთ, თორემ ჩემს ჯარს თორმეტი ჯაჭვის საბელი გაუწყვეტია მტერთან ბრძოლაში, სულ ხიშტებით გაგფატრავთ და ცოცხალს არავის გაგიშვებთო!

სვიმონ ბაბლუანმა მოისმინა შემონათვალი, ფეხზე წამოდგა, თავი დაუკრა და მოახსენა:

- თქვენს კეისარს რაც სურს, მოვისმინე, მაგრამ ამ სოფელში სულ სამი მოხუცი დავრჩით და სამივე სნეულები ვართ. გადაეცით მას, რომ მადლობელი ვართ ჩვენს სოფელში მისი მობრძანებით, არ დავაკლებთ, რაც გაგვაჩნია! სადილად კატის ხორცს მივართმევთ, ვახშმად - ღორს დავუკლავთ. ტაბლის თავში თქვენს კეისარს დავსვამთ, ქვეშ ეკალს დავუგებთ, ზედ ჭინჭარს დავახურავთ. სხვა ჩვენ არაფერი გვაბადია...

როცა ბაშმა მახვშის პასუხი მოისმინა, გაცეცხლდა, ლაშქარი წამოყარა და ლახირისკენ ყიჟინით დაძრა. სვიფში მსხდარ მოხუცებს მიეჭრა და სვიმონს მკლავში სწვდა:

- სადა გყავს ასეთი გულადი ვაჟკაცები, მასხრად რომ ამიგდეთ! ახლავე აქ მომგვარეთ, თორემ!.. - ღრიალებდა ცოფმორეული ბაში.

- ეჰ, ჩემო კეისარო, - მშვიდად მიუგო სვიმონმა, - ჩვენს სოფელში ჟამი იყო და გაწყდა ყველა, ვინც შენ გინდა.

ბაშმა ზიზღით უშვა ხელი მახვშს და უკან დაიწია:

- ჟამიო? რაო, რა თქვი?! - უკან-უკან იხევდა შეშინებული. მსწრაფლ უბრძანა ლაშქარს სოფლის დატოვება: - სოფელში ჟამი ყოფილა, ჩქარა უკან გაბრუნდით, თორემ ეს ავადმყოფობა ყველას გაგვწყვეტს და ჩვენი გვამები ღორების საჯიჯგნი გახდებაო!

- ალაჰ! ალაჰ! - ყვირილით გარბოდა მტერი.

ათი დღის შემდეგ სოფელმა გადარჩენა იზეიმა. სოფლის ზემოთ, მთის ძირში აშენებულ მთავარანგელოზის ეკლესიაში საღვთო ხარი აიყვანეს და ილოცეს. დათქვეს, რომ ყოველ პირველ თებერვალს აღენიშნათ ეს გამარჯვება და სოფლის მახვშის, სვიმონის პატივსაცემად მისი სახელი - სვიმნიში ეწოდებინათ.

გავიდა წლები, ალბათ რამდენიმე საუკუნეც და ეს თქმულება თაობებს გადაეცა. ერთ წელს რომ ერთი მეკომლური იყო მოსვიმნიშე, მეორე წელს - მეორე და ასე გადაულოცავდნენ მეზობლიდან მეზობელს.

ამ დღისთვის მოსვიმნიშე ასუქებდა ვაცს, ხდიდა არაყს, პატიჟებდა სოფელს, ასულ-ბადიშს, ნათესაობას. ოჯახის უფროსი დიასახლისი აბგაში ალაგებდა ლემზირებს, ნათხუმს, სალამპრე სოჭის ან არყის ხმელ კონას და ოჯახის უფროსი წინ მიუძღოდა ეკლესიისკენ ვაჟკაცებს, ბადიშებს, ნათესავებს. დიდთოვლობისას ნიჩბებით იკვლევდნენ გზას.

ეკლესიის ეზოში შესვლისთანავე სწირავდნენ ვაცს. თითოეული იღებდა ლემზირებს, ნათხუმს (ნათავედს), ანთებდა სანთელს და ღმერთს ავედრებდა მშვიდობას, სახელოვან ვაჟკაცთა, ჰასვიშ (ასული)-ბადიშთა სიმრავლეს, შეურცხვენელი ლეჩაქის დამხურავ ქალიშვილთა სიმრავლეს. შემდეგ კლავდნენ ზვარაკს და იწყებოდა პურობა და მხიარულება, შაირობა, ცეკვა-თამაში.

საღამო ხანს იმართებოდა წარმოდგენა, რომელიც სვიმონის გონიერებას ეძღვნებოდა. ირჩევდნენ ბაშს, ნახშირით უხატავდნენ დიდ წარბებს, თავზე ცხვრის ფაფახს ახურავდნენ, თხის ქურქს აცმევდნენ, ხელში მოზრდილი ჯოხისგან გამოთლილ შუბს აძლევდნენ. ასევე რთავდნენ მის თანმხლებთაც და ყიჟინით მოემართებოდნენ სოფლისკენ და როგორც მაშინ, ხდებოდა ინსცენირება.

მანამდე კი სოჭის გამხმარ კონებს აწყობდნენ ერთმანეთზე და ანთებდნენ. ცეცხლი ინთებოდა სოფლის სასაფლაოზეც და სვიმონის ხსენებით იხსენიებდნენ სხვა მიცვალებულებსაც.

ნაშუაღამევს ხალხი იშლებოდა და ერთმანეთს მომავალ სვიმნიშობაზე მშვიდობიან შეხვედრას უსურვებდნენ.