სა­ლო­ცა­ვი ალ­პურ ზო­ნა­ში, ექ­ს­ტ­რი­მით დატ­ვირ­თუ­ლი პი­ლიგ­რი­მუ­ლი ტუ­რი და მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც 12-ჯერ უნ­და გა­და­ლა­ხო - გზაპრესი

სა­ლო­ცა­ვი ალ­პურ ზო­ნა­ში, ექ­ს­ტ­რი­მით დატ­ვირ­თუ­ლი პი­ლიგ­რი­მუ­ლი ტუ­რი და მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც 12-ჯერ უნ­და გა­და­ლა­ხო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მთა რკინის ჯვარი ზღვის დონიდან 2439 მეტრზეა. ეს არის ადგილი, სადაც ლეგენდის მიხედვით, ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში შემოსვლისას ჯვარი აღმართა. რკინის ჯვარს მომლოცველები ყოველ ანდრიაობას სტუმრობენ, ამ დღეს ხარაგაულში ყოველთვის დიდი სამზადისია. მთაზე პილიგრიმები ფერისცვალებასაც ადიან.

იმ დღეს, როცა ბუნება ფერს იცვლის, ალპური ზონა ძალიან ლამაზი სანახავია. ესაა ადგილი, საიდანაც მოწმენდილ ცაზე ზღვისა და კავკასიონის ყველა მწვერვალის დანახვა შეგიძლიათ. ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.

19 აგვისტოს, მეგობრებთან ერთად რკინის ჯვარზე თავადაც ავედი. მოგზაურთა 25-კაციანი ჯგუფი დილის 6 საათზე შევიკრიბეთ, რადგან წინ რთული, 5-საათიანი გზა გველოდა. დაუვიწყარი თავგადასავალი სამხიდიანი მანქანის ძარაზე ასვლიდან დაიწყო.

ამ დღეს ყველაფერი იყო - მხიარულება, ექსტრიმი, სასიამოვნო დაღლა და რაც მთავარია, იმ ბუნებით ტკბობა, რომლის სილამაზის სრულად გადმოსაცემად, ვეჭვობ, სიტყვები მოვიძიო. საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და განიცადოთ, რა ემოციაა, როცა ვეებერთელა მთებს ზემოდან დაჰყურებ, როცა ხან დაბურულ ტყეში ხარ, ხან ნისლში ეხვევი, ხან ღრუბლების ზემოთ ექცევი და ხან კი მწველი მზის სხივები `გსუსხავენ~. ამ ყველაფერს ისეთი შეგრძნებები მოაქვს, გგონია, ასე ახლოს ბუნებასთან არასდროს ყოფილხარ. ალპური ზონა ხომ საერთოდ საოცრებაა, იქ უკვე აღარაფერია დამალული. ბუნების სილამაზე ხელისგულზეა გადაშლილი.

მთა რკინის ჯვარი სწორედ ალპურ ზონაშია, მაგრამ სანამ ამ მთაზე ახვალ, უნდა გაიარო სოფლები: საღანძილე, დიდვაკე, მარელისი, სახვლარი... მიდიხარ საოცრად ლამაზ ხეობაში და უეცრად ხილის ხეები გხვდება. ეს მაისუროვის ბაღია. ივანე მაისუროვი (მაისურაძე) გასულ საუკუნეში ცნობილი მეტყევე ყოფილა. მას განათლება პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტში მიუღია. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობა ჯერ ქუთაისის გუბერნიის სატყეო მეურნეობაში დაუწყია. 1890 წლიდან კი ხარაგაულის რაიონში დამკვიდრებულა. ის ეწეოდა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას. დაუღალავად იბრძოდა ფლორის მოვლა- პატრონობის, შენარჩუნების საქმეში და მეფუტკრეობის განვითარებაში. იმ პერიოდში თურმე ფუტკრის სკა არც არსებობდა. ფუტკარი ყველას მამაპაპურ `კოდებში~ ჰყავდა. თაფლის ამოსაღებად ფუტკარს წყალში ახრჩობდნენ. გარდა იმისა, რომ ამ გზით ფუტკარი უმოწყალოდ ნადგურდებოდა, თაფლი საკვებად დაბალხარისხიანი იყო, სამკურნალოდ - უვარგისი.

მაისუროვის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩარჩოიანი სკების დამზადება, თაფლის საწური მანქანის და ხელოვნური ფიჭის შესაქმნელი სპეციალური დანადგარის შემოტანა...

მან პატარა, მთიანი სოფელი სახვლარი მეფუტკრეობის კერად აქცია, საიდანაც სანიმუშო სკები არა მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც იგზავნებოდა.

გარდა ამისა, მაისუროვმა დიდი შრომა გასწია მებაღეობა-მებოსტნეობის განვითარების საქმეშიც. მისი გამოყვანილი ხილის ახალი და უნიკალური ჯიშები ბაღში დღესაც ხარობს, ნაწილი განადგურებულია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაცულ ტერიტორიაზე შესვლას რეინჯერები აკონტროლებენ. მათ ჩვენც შეგვაყოვნეს, მძღოლთან გასაუბრების შემდეგ შესვლის ნება დაგვრთეს და გვითხრეს, რომ იმ დღეს ჩვენი მანქანა მე-12 იყო, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე შევიდა. საგუშაგოდან შედარებით რთული გზა დაიწყო, ერთ მონაკვეთზე მანქანიდან ჩამოსვლაც გახდა აუცილებელი, მაგრამ მძღოლმა მამია კალანდაძემ, გამოცდილების წყალობით, ყველანაირი სირთულე დასძლია.

რკინის ჯვარზე რომ ახვიდე, მდინარე 12-ჯერ უნდა გადალახო. შემდეგ კი ფეხით გასავლელი მცირე მანძილი რჩება. გზად ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფი შეგვხვდა, რომლებიც სალოცავისკენ ცხენებით მიდიოდნენ.GzaPress

დაახლოებით 5-საათიანი მგზავრობის შემდეგ მთაზე აღმართული ჯვარი გამოჩნდა. ერთკილომეტრიანი აღმართი ფეხით ავიარეთ, სანთლები ავანთეთ და სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ. ვისაც მსგავს ადგილებში ერთხელ მაინც უმოგზაურია, დამეთანხმება, მთამ მონატრება რომ იცის. ეს დღე კი თითოეულ ჩვენგანზე იმდენად დიდი შთაბეჭდილების მომხდენი იყო, მომავალ წელს, რკინის ჯვარზე ხელმეორედ ასვლის სურვილი ბუნებრივად დაგვებადა.

ბერიკა თურმანიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი:

- ლეგენდის თანახმად, ამ მთაზე ანდრია პირველწოდებულს ხის ჯვარი აღუმართავს. რა ერქვა ამ ადგილს მანამდე, უცნობია, ისტორიულ წყაროებში ის ამ სახელწოდებით X საუკუნიდან იხსენიება. 1991 წელს მთაზე ავიდნენ მამა ზაქარია ფერაძე, მისი და - ანა ფერაძე, მამა გიორგი მსხილაძე (რომელიც ნანა ფერაძის მეუღლეა) და მამა არჩილ მინდიაშვილი. ის რკინის ჯვარი, რომელიც დღეს იქ გვხვდება, სწორედ მათ აღმართეს.

პერიოდულად ამ მთაზე ხარაგაულიდან პატარა ჯგუფები ადიოდნენ. დაახლოებით 15 წლის წინ, ხარაგაულელი შოთა ხარატიშვილი 2 მეგობართან ერთად ავიდა და ამის შემდეგ 12 მაისს, ანდრიაობას რკინის ჯვარზე ასვლის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. წელს 450-მდე მომლოცველი იმყოფებოდა.

დაცული ტერიტორია 107 000 ჰექტარს მოიცავს, სადაც 14 ტურისტული ბილიკია.

მთისკენ მიმავალ გზაზე ბოლოს სოფელი სახვლარია, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს. იქ 7-8 თვის განმავლობაში რჩებიან, მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას ეწევიან. ეს არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მეფუტკრეობის განვითარებისთვის.

ამ ხეობაში მნიშვნელოვანია მდინარე ტეფურის 2-კილომეტრიანი კანიონი ველურ ბუნებაში, საიდანაც ლომის მთაზე ასვლა შეიძლება, ეს შედარებით რთული ბილიკია. ამ ტერიტორიაზეა რამდენიმე უძველესი სალოცავი და თამარ მეფის ქვაფენილი, რომელიც რკინის ჯვრიდან სამეცხვარეოს მთისკენ მიმავალ გზაზეა.

- თამარ მეფის სახელს რატომ ატარებს?

- გადმოცემის თანახმად, ეს გზა თამარ მეფის დროს მოეწყო. დღეს სახეცვლილია, რა თქმა უნდა აღდგენა შეიძლება, დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

სამეცხვარეოს მთასთან ახლოსაა ადგილი, რომელსაც ტბებს ეძახიან. ამ პატარა ტბებთან აღმოაჩინეს გიგანტური ადამიანის ძვლები, ამ თემაზე სამუშაოდ `დისქავერიდან~ იყვნენ ჩამოსულები.

მდინარეები ჯოლიხევი და არჯულა, რომლის გადალახვაც 12-ჯერაა საჭირო, სათავეს შავი სერებიდან იღებენ. ტეფურის კანიონში შედარებით თეთრი ფერის წყალია.

ტურისტებისთვის ღამის გასათევად პარკში რამდენიმე კოტეჯია განთავსებული. მაისუროვის ბაღში მდებარე კოტეჯში 12 საწოლია, მეორე კოტეჯი რკინის ჯვრამდეა, სადაც 2 საწოლია და შემდეგი კოტეჯი სამეცხვარეოზე დგას, იქ არის მწყემსების ბინებიც.GzaPress

- ხარაგაულის ცენტრიდან რკინის ჯვრამდე რამდენი კილომეტრია?

- 44 კილომეტრია, კოტეჯიდან კოტეჯამდე - 10 კილომეტრი. 12 მაისს გზის სირთულის გამო, ბევრი წამოსვლას ვერ ახერხებს, არადა, ყველა ხარაგაულელს აქვს სურვილი, წელიწადში ერთხელ მაინც ავიდეს და ეს მთა მოილოცოს. ამიტომ მთაზე 19 აგვისტოს ადიან, ამ დროს შედარებით ადვილია. შარშან ფერისცვალებას მეუფეც იყო წამობრძანებული, მოძღვრებიც ხშირად მოდიან.

- გადმოცემის თანახმად, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ანდრია პირველწოდებულმა ჯვრები რამდენიმე ადგილზე აღმართა, ერთ-ერთი ადგილი რკინის ჯვარია, დანარჩენი ადგილები ცნობილია?

- ამბობენ, რომ ერთი ასეთი მთა ბაღდადშია... რკინის ჯვართან ახლოსაა სამეცხვარეოს მთა, ის ზღვის დონიდან 2630 მეტრზეა განთავსებული, ეს არის ყველაზე მაღალი მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

როდესაც მოწმენდილია, რკინის ჯვრიდან ზღვის დანახვაა შესაძლებელი, პირადად მე კავკასიონის ყველა მწვერვალი მაქვს დანახული.

დღის განმავლობაში ამინდი ყოველ საათში იცვლება. ერთხელ ისეთი ნისლი იყო, 2 მეტრში ადამიანი არ ჩანდა. იმ ადგილიდან, სადამდეც მანქანით მივდივართ, ერთი კილომეტრი ფეხითაა გასავლელი. მსვლელობა ხელჩაჭიდებულებმა სავარაუდო მიმართულებით დავიწყეთ. წამიერად მოიწმინდა, მხოლოდ ჯვარი გამოჩნდა, დავინახე, რა მიმართულებით უნდა გვევლო და ისევ ნისლი ჩამოწვა. მაისში თოვლი ხშირად დაგვხვედრია, ამ დროს სერები აჭრელებულია, საოცარი სილამაზეა.

- ამჟამად დაცულ ტერიტორიაზე ხარაგაულის მხრიდან უცხოელი ტურისტების შესვლა არ ხდება. რატომ?

- ეს პრობლემა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ნამდვილად არსებობს. საშვებს არ იძლევიან, მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მდინარეებზე ხიდები არ არის. შესვლის შემთხვევაში, უცხოელებს ხელწერილს აწერინებენ, რომ თავის თავზე პასუხისმგებელია. 2 წელია სეზონი ჩავარდნილია. ჩემი აზრით, ტურისტი, რომელიც ამ მარშრუტს ირჩევს, ის უკვე ექსტრიმის მოყვარულია და მუხლამდე წყალში გასვლა, მისთვის პრობლემა არ იქნება. სააგენტოში გვპირდებიან, რომ ხიდებს გააკეთებენ. ცენტრალურ გზაზე, სოფელ ძირულაში, იქ, სადაც ხარაგაულის გადმოსახვევია, უნდა იდგეს ტრაფარეტი, რომელზეც მითითებული იქნება, რომ ამ გზით შესაძლებელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შესვლა. კოპიტნარის აეროპორტი დატვირთვით მუშაობს, ამ პარკში შემოსასვლელად ტურისტი ქუთაისიდან ბორჯომში ჩადის, როცა ძალიან მარტივად იმავეს გაკეთება, ხარაგაულიდანაც არის შესაძლებელი.

- ხარაგაულის ტურისტული პოტენციალი ძალზე დიდია. სამომავლოდ რა იგეგმება?

- ტურისტული პოტენციალი მართლაც დიდია, მაგრამ ჯერ ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ბევრი რამ გასაკეთებელია.

იგეგმება მიწისძვრის შედეგად წარმოშობილი ცაშეკრულას 900-მეტრიანი კანიონის მოწესრიგება. ცაში ორი ლოდი იკვრება და სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. იგეგმება ასევე, ხიდების, მოაჯირების გაკეთება, განათება, საპიკნიკე ადგილების მოწყობა. ეს კანიონი არა მხოლოდ ხარაგაულში, არამედ დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იქნება.

მოყვარული მეკლდეურებისთვის ხანდების კლდეებზე მოეწყობა საცოცი ადგილები. სხვადასხვა ორგანიზაციის ძალისხმევით გადაწყდა, აქ გაკეთდეს 50-მდე საკარვე ადგილი, ჩაიდგმება კოტეჯი, მოსასვენებელი, საშხაპეები, საკოცონე და საპიკნიკე ადგილებიც მოეწყობა. ჯომარდობისთვის იქნება ნავები. მარტიდან ივნისის შუა რიცხვებამდე და ოქტომბერ-ნოემბერში მდინარე ჩხერიმელა საჯომარდოდ იდეალურია.

თამუნა კვინიკაძე