უნიკალური ქართული ჩაი - თუშეთის კლდეებიდან ჩინეთისა და გერმანიის ბაზარზე - გზაპრესი

უნიკალური ქართული ჩაი - თუშეთის კლდეებიდან ჩინეთისა და გერმანიის ბაზარზე

წარმოშობით თუში, არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 19 წლის გიორგი სეხნიაიძე უკვე ორი წელია სოფელ შენაქოს კლდეებზე მოკრეფილი ბალახისგან ჩაის აწარმოებს. ჩაი სამკურნალოს გარდა, უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც სულ უფრო მეტად იპყრობს. მალე მას ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კერძოდ, ჩინეთსა და გერმანიაშიც დააგემოვნებენ.

როგორ შეიძლება სასარგებლო, საინტერესო და სახალისო საქმე შემოსავლიანიც გახადო - გიორგი საკუთარი აგროწარმოების შესახებ გვიყვება...

- მცენარეების მიმართ ინტერესი ბებომ გამიჩინა. ის, როგორც ყველა თუში ქალი, ხელსაქმითაა გატაცებული, ქსოვს, ამუშავებს თექას, იყენებს მატყლს და ბუნებრივ საღებავებს. სხვათა შორის, არ არსებობს მცენარე, რომელიც ქსოვილს რაიმე კონკრეტული სახის ფერს არ აძლევს. მცენარეების მოსაგროვებლად ბებოს ხშირად დავყვებოდი, ბალახების შესახებ მისგან ბევრ ინფორმაციას ვიღებდი. ბოლო ორი წელია ამ საკითხს მარკეტინგული კუთხით მივუდექი, მოვიძიე ლიტერატურა, დავამუშავე, შევისწავლე ქართული ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ბალახეული ჩაი ბაზარზე თითქმის არ მოიპოვება. გარდა ამისა, არ მინდა ამ მცენარეების შესახებ ცოდნა დაიკარგოს და შესაბამისად, მათი მოხმარება შეწყდეს. რატომ უნდა ჩაანაცვლოს 100%-ით ქიმიურმა პრეპარატებმა ჩვენი სამკურნალო მცენარეები და საღებავები?! თუშეთში კაფეტერიას ვამუშავებთ, სადაც ბალახეულის ჩაის უცხოელებს ვთავაზობდი. ერთ-ერთი დიდი სტიმული ჩაის წარმოების დასაწყებად ტურისტების მიერ გამოჩენილი მოწონება და ინტერესი იყო. ჩაი ერთნაირად მოსწონთ ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან თუ ამერიკიდან ჩამოსულ მომხმარებლებს. ისინი აღფრთოვანებული და განცვიფრებული არიან როგორც თუშეთის არქიტექტურითა და ლანდშაფტით, ისე სამზარეულოთი.

- ეს მცენარეები თუშეთისთვის ენდემურია?

- ენდემური არ არის, მაგრამ გემოვნური თვისებები აბსოლუტურად განსხვავებული აქვს და გარდა ამისა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ხარობს.

- გარდა სასიამოვნო გემოვნური მახასიათებლებისა, რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ხსენებული ბალახების ნაყენი?

- რამდენიმე სახეობაა და ყველას თავისი დანიშნულება აქვს - ამშვიდებს, არეგულირებს წნევას, შველის კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. მისი სხვადასხვა სახეობა გულის, კბილის ტკივილის, ღრძილების, ჰეპატიტების, ღვიძლის, გამონაყარისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. საწყის ეტაპზე დაფასოებული სახით ბეგქონდარა, თავშავა და კრაზანა წარმოვადგინე. ეს სამი მცენარე მაისიდან აგვისტოს ბოლომდე ყვავის. შევარჩიე ის სახეობები, რომლებიც შედარებით დიდი რაოდენობით მოიპოვება და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.GzaPress

- ამბობთ, რომ ამ მცენარეებს გადაშენების საფრთხე ელით. ამის გამო მათ "მოშინაურებას" ხომ არ აპირებთ?

- გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ, თუკი მოკრეფის წესს დავიცავთ. ამიტომ, ბალახის მოკრეფის მსურველებს ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ის აუცილებლად მაკრატლით მოიჭრას, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს. ძირიანად არ უნდა ამოვიღოთ. ჩვენს თაობებს უნდა შემორჩეთ ეს მცენარეები. მოუფრთხილდნენ, შეისწავლონ. რაც შეეხება მოშინაურებას, არ ვფიქრობ, რადგან მისი უნიკალურობა სწორედ მისი ველურ ბუნებაში არსებობაა. მთავარი ღირებულება ეს გახლავთ. თანაც, ჩვენი მარკეტინგული გათვლა ხარისხზე გადის და არა რაოდენობაზე.

- თავად ბალახის მოპოვების პროცესი რაიმე სირთულესთანაა დაკავშირებული?

- რთულ რელიეფში იკრიფება, კლდოვან ადგილას. ზოგჯერ უფსკრულის პირასაც კი გვიწევს მისი მოძიება. ზოგიერთ სახეობას მაღალ ბალახში ვკრეფთ, რაც არანაკლებ რთული სამუშაოა. საკრეფად დილით ადრე გავდივართ, სანამ ბალახი ცვრიანია. ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა ბალახი შრება, ვიტამინები ფესვურ სისტემაში გადადის. ღოლოს შემთხვევაში, პირიქით, სჯობს, მშრალი დაიკრიფოს. დაკრეფილ ბალახს მე და დედა ვკონავთ და თავდაყირა ვკიდებთ. ერთ კვირაში შრება. ვცდილობთ საქმეში ადგილობრივებიც ჩავრთოთ, ვიბარებთ ქონდარსა და სხვა მცენარეებს. მხოლოდ, მთავარი პირობაა, მცენარეები არ დავაზიანოთ, მათი მოპოვება მათ გადაშენებად არ უნდა დაგვიჯდეს...

- მომხმარებლისთვის ჩაის გაცნობის პროცესი რთული არ იყო?

- ძალიან რთული იყო და შესაბამისად, რეალიზაციაც ნელა ხორციელდებოდა. თანდათან ჩაის შესახებ ბევრმა გაიგო და მისი პოპულარობაც და რეალიზაციის მაჩვენებელიც დღითი დღე იზრდება.

- ამბობთ, რომ ჩაი უცხოელებისთვისაც საინტერესო პროდუქტია. ხომ არ აპირებთ მის ექსპორტზე გატანას?

- მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შემოდგომაზე თუშური ჩაი ჩინეთისა და გერმანიის დახლებზე დაიდება.

- ევრობაზრზე ქართული პროდუქტების გატანის ერთ-ერთი ხელის შემშლელი პირობა პროდუქციის მცირე რაოდენობით წარმოებაა ხოლმე. ჩაის დიდი რაოდენობით არც თქვენ აწარმოებთ. ამ მხრივ არ შეიქმნება პრობლემა?

- ეს არ არის ყოველდღიურად მისაღები ჩაი. გარდა ამისა, პრიორიტეტი, როგორც მოგახსენეთ, ხარისხია და არა რაოდენობა. სწორედ ამ საკითხებზე უნდა შევჯერდეთ საექსპორტო ქვეყნებთან.

- ალბათ, შავ ჩაისთან შედარებით, ბალახეულის ჩაის ღირებულება ბევრად მაღალია...

- საკმაოდ მაღალია, თუმცა, ამის გამო დაბრკოლება არასოდეს შეგვქმნია. ვინც იცის მისი თვისებების შესახებ, ფასის გამო უკან არასოდეს იხევს. GzaPress

- თქვი, რომ პატარა მაღაზიას, სასტუმროს და კაფეტერიას ამუშავებთ, სადაც სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით უმასპინძლდებით. გამოდის, აგროტურიზმის განვითარების მიმართულებითაც მუშაობთ...

- დასანანია, მაგრამ მსგავსი პროდუქტების, თუნდაც, ჩაის შესახებ ქართველებზე ბევრად მეტ ინფორმაციას უცხოელები ფლობენ, რადგან აგროტურიზმი და აგროკულტურა ჩვენს ქვეყანაში ახლა იდგამს ფეხს. გარდა ნატურალური პროდუქტებისა, სტუმრებს იმითაც ვხიბლავთ, რომ ჩვენი სახლიდან ყველა მხარეს თვალწარმტაცი ხედი იშლება.

- არქიტექტურას სწავლობ. ბიზნესის მიმართულებითაც ხომ არ აპირებ სწავლის გაგრძელებას?

- მინდა მთლიანად არქიტექტურას ვემსახურო. როგორც ბუნება, ისე არქიტექტურაც უნიკალური გვაქვს, რასაც ასევე სჭირდება პატრონობა. ძველი შენობების აღდგენის მიმართულებით ვიმუშავებ. როგორღაც უნდა მოვახერხო ამ ორი საქმის ერთმანეთთან შეთავსება. მაისიდან სექტემბრამდე დროს თუშეთში ვატარებ. კაფეტერიასა და სასტუმროს თონესაც ვამატებთ. სასტუმროში მისი გაუმჯობესების მიზნით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მალე ჩაის პარალელურად ახალ პროდუქციას ვაწარმოებთ.

შორენა ლაბაძე