ლაშ­ქ­რო­ბა დიდ­გორ­ში ანუ "დიდ­გო­რი დი­დი იმე­დიც არის" - გზაპრესი

ლაშ­ქ­რო­ბა დიდ­გორ­ში ანუ "დიდ­გო­რი დი­დი იმე­დიც არის"

ხშირად ვმოგზაურობ და შთაბეჭდილებებსაც ყოველთვის გიზიარებთ. ამჯერად ჩემთვის საოცნებო და დაუვიწყარ ორდღიან ლაშქრობაზე გიამბობთ, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 50 ადამიანი რომ გაგვაერთიანა და დიდგორში დაგვაბანაკა. თანაც, ეს უბრალოდ ლაშქრობა სულაც არ იყო - იგი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დღეს მივუძღვენით.

გამოცდილი მოგზაური და მოლაშქრე, 27 წლის გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ "გზის" მკითხველებს ერთი წლის წინ გაგაცანით. მახსოვს, მაშინ მოკლედ და მოხდენილად განმიმარტა: თითოეული ლაშქრობა წარმოსახვით საქართველოს რეალურ საქართველოდ გვიქცევს და უდიდეს ინფორმაციას გვაძლევს, გვცდის, გვამდიდრებს, გვაძლიერებს, გვასწავლის მეგობრობის ფასსო. ამიტომაც დავთანხმდი გიორგისა და მისი მეუღლის, ტელერეჟისორისა და საკმაოდ გამოცდილი მოლაშქრის, თიკო მუმლაძის შემოთავაზებას, შევერთებოდი დიდგორის მოლაშქრეებს. 23 აგვისტოს, დილის 9 საათზე ყველანი "დელისის" მეტროსთან შევიკრიბეთ, აუცილებელი სამგზავრო ატრიბუტებით.

გიორგიმ წინასწარ გაგვაცნო მარშრუტი. ყველანი გავეცანით შინაგანაწესსაც: იკრძალებოდა ნაგვის დაყრა, ალკოჰოლური სასმელი, ჯგუფის სიახლოვეს სიგარეტის მოწევა და გასვლის ორგანიზატორთან ურჩობა!

გაოცება ვერ დავმალე, მოლაშქრეთა შორის პატარა ბიჭუნა რომ დავინახე. სანდრო ქუცნიაშვილი 8 წლის აღმოჩნდა, დედას ახლდა და დიდი ბიჭივით მასაც ზურგჩანთა ეკიდა.

- სანდრო, დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ბევრი კილომეტრიც. შეძლებ?

- კი (ომახიანად)! დღეში 25 კილომეტრს დავდივარ და აქაც გავივლი.

- ყოჩაღ! ისე, იცი, რატომაა ჩვენთვის დიდგორი მნიშვნელოვანი?

- იქ ხმლებია ჩარჭობილი, რადგან ქართველი ბიჭები ომობდნენ და იმარჯვებდნენ.

ასაკით ყველაზე დიდი მოლაშქრე კი ცნობილი მარათონელი, 70 წელს მიტანებული ბატონი ზურაბ ლატარია იყო. იგი წლევანდელი საერთაშორისო მარათონისთვის ემზადება და შარშანდელივით, კვლავ 10-კილომეტრიანი დისტანციის გარბენას აპირებს.

ჯგუფში გვყავდა საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, აქაურ მთა-ბარშემოვლილი ახალგაზრდა ბელგიელი რობ ჰუსენსი, რომელიც ლაშქრობაში ქართველმა მეგობარმა, მაია მესტუმრემ წამოიყვანა. GzaPress

ბობ ჰუსენსი, მოგზაური:

- დიდგორზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ წამოსვლის წინ ვიკიპედიაში წავიკითხე. ამდენ მოლაშქრეს კი ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მომწონს კიდეც და ძალიან კმაყოფილიც ვარ. კარგი ადამიანები შეიკრიბეთ.

ძალიან სახალისო გამოდგა სამხედრო "კამაზებით" წოდორეთამდე მგზავრობა - მართალია დავიმტვერეთ, გრუნტიან გზაზე ჯაყჯაყში ცოტათი გვერდებიც დაგვებეჟა, მაგრამ დიდგორელები ვიყავით და ხომ არ დავიწუწუნებდით?! სალაშქროდ დამხმარე მანქანაც გვყავდა, რომელიც საავტომობილო გზით ამოგვაკითხავდა დიდგორის მონუმენტთან და ამოგვიტანდა ჩაის, შაქრის, შესქელებული რძის, პურისა და ტკბილეულის მარაგს. იმავე მანქანით უნდა ამოეტანათ ბიჭებს ჩაცივებული წყლის მარაგიც წყაროდან. თურმე, მასში ეწყო ქაღალდის პარკებში მოთავსებული, თითოეული მოლაშქრისთვის განკუთვნილი კანფეტები, წვენი, ყავა და თითო ჩურჩხელა, რაც წოდორეთშივე დაგვირიგდა ავანსად. მანქანა, რომელსაც ერთ-ერთი ცნობილი მოლაშქრე და ლეგიონერი თორნიკე ხუცაიძე, იგივე "ხუცო" მართავდა, მხოლოდ დამხმარე კი არა, მრავალფუნქციურიც აღმოჩნდა - დიდგორში რამდენიმე მოლაშქრეს უკარვობა არ აგრძნობინა და თავის სალონში ღამეც გაათევინა.

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და შევუყევით აღმართს, თუმცა მანამდე მეთაურმა გიორგიმ ერთ ხაზზე ჩაგვამწკრივა და თავადვე გადავთვალეთ, რამდენი ვიყავით. დიდგორელების რაზმს გვყავდა რაციით შეიარაღებული გზამკვლევი, "წინა კაცი" - კობა სალუქვაძე, ასევე ჩამკეტი, "უკანა კაცი" - გიორგი ბუტიკაშვილი, იგივე "ბუტიკა" და რამდენიმე დამხმარე მეთაური, რათა ორგანიზებულად ავსულიყავით მონუმენტზე. მივუყვებოდით ბილიკს და ხან მზე გვაჭერდა, ხან ჩრდილით ვნებივრობდით, ხან ავჩქარდებოდით, ხან შევანელებდით სვლას, ხან ვიღლებოდით და სულს ვითქვამდით. დაახლოებით 5 საათისთვის მივაღწიეთ მიზანს, არემარე მოვათვალიერეთ, საკარვე ადგილებიც შევარჩიეთ, ბიჭებმა მანქანით წყალიც ამოიტანეს, რამდენიმემ იქვე, კილომეტრის მოშორებით, პატარა გორაზე მდგომი ეკლესიაც მოვილოცეთ - საბედნიეროდ, კარი ჩარაზული არ აღმოჩნდა, ოღონდ მე კინაღამ დამტოვა ჩვენმა "წინა კაცმა" ტაძარში. ვერ შემნიშნა, კუთხეში რომ ვლოცულობდი და რკინის პატარა ნაჭერს რომ უყრიდა კარის საკეტს, მაშინ ავხმაურდი, აქ ვარ-მეთქი.

ბანაკში დაბრუნებულებს საინტერესო სანახაობა დაგვხვდა: მოლაშქრეები პატარა ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და ბაგირის გადაქაჩვაში ჩემპიონატი მოეწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენც შევუერთდით და საკმაოდ შედეგიანადაც - კობას მეთაურობით, გოგონების ერთმა გუნდმა ვაჟების ერთ-ერთი გუნდი დავამარცხეთ! GzaPress

ბინდდებოდა, კიდევ ერთმა ცნობილმა მოლაშქრემ, დათო წივწივაძემ, იმავე "წივწივამ" რომ ამოგვაკითხა და ნაყინი ამოგვიტანა. გვარიანად ციოდა, მაგრამ ნაწილმა მაინც დააგემოვნა, მე კი ვერ გავრისკე - აშკარად მივეყინებოდი მონუმენტს. სხვათა შორის, სწორედ დათოს ამოტანილმა პლედმა მიხსნა სიცივისგან. ბიჭებმა კოცონი დაანთეს და ნაკვერჩხალზე სარდელებიც შეწვეს, ვივახშმეთ, ჩაი-ყავაც მივირთვით და დროულად დავბინავდით კარვებში. წინ "დიდი დღე" გველოდა - 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავად თბილისიდან ორგანიზაცია "ლაშქრობის" დიდი გულშემატკივარი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ბარბაქაძე უნდა ამოსულიყო და დიდგორის მონუმენტთან თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს კონსტიტუცია უნდა გადმოეცა. ესეც პროექტის ავტორების ინიციატივა იყო. ის დილა მართლაც ამაღელვებელი გახლდათ. ბატონი ალექსანდრე მონუმენტის თავში იდგა, აქეთ იქით, საქართველოს დროშით ხელში, ახალგაზრდა ვაჟები ედგნენ, ჩვენ კი სათითაოდ ავრბოდით (შეძლებისდაგვარად) მრავალსაფეხურიან კიბეზე და სტუმრისგან საჩუქრად ვიღებდით ერთ წიგნში მოქცეულ კონსტიტუციას - ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონს.

ნადიდგორალი მოლაშქრეები ორდღიან ემოციას სოციალური ქსელითაც უზიარებდნენ ერთმანეთს.

ზურაბ ლატარია:

- გიორგი, უღრმესი მადლობა, რომ ორი ასეთი ლამაზი დღე მაჩუქე და გამატარებინე ასეთ კარგი ახალგაზრდების გარემოცვაში. სათითაოდ ყველას, ამ დიდგორის ლაშქრობა-ზეიმის მონაწილეს, ბედნიერება და წარმატებები.

ხათო გოგუაძე:

- მადლობა "ნაზღას", რომელიც ყველაზე ზრუნავდა. 49-ვე ადამიანს ცხელი ჩაი დაალევინა და თვითონ ცარიელი ჭიქით იდგა გაზთან. ღამე გარეთ დაიძინა, რომ უკარვო მოლაშქრეებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა, ჩვენ კიდევ გვითხრა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება მიყვარსო.

თიკო მუმლაძე, ორგანიზაცია "ლაშქრობის" დამფუძნებელი:

- დასამახსოვრებელი გასვლა გვქონდა. იგრძნობოდა ერთიანობა და მიზნის მიღწევის დაუოკებელი სურვილი. ისიც შესამჩნევი იყო, როგორ მამაცურად მიუყვებოდით აღმართს და თითოეულს, მის სიახლოვეს მიმავალი მოლაშქრე მუხტავდა, აძლიერებდა და უბიძგებდა, ბოლომდე "შებრძოლებოდა" სიცხესა და გრავიტაციას. მთლიანობაში, ძალიან ლამაზი ორი დღე შევქმენით და ეს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებით შევძელით, რომ ყველამ ერთად მოვინახულეთ საპატიო, საამაყო, შთამბეჭდავი ადგილი. მიხარია, რომ თქვენი გუნდის წევრი ვიყავი, ორმოცდაათო ადამიანო!GzaPress

გიორგი ნაზღაიძე, ორგანიზაცია "ლაშქრობის" დამფუძნებელი:

- ჩემი პირველი 2-დღიანი ლაშქრობა 2009 წელს დიდგორის მონუმენტზე მოეწყო, ყოველთვის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო დიდგორი და ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობით მივდივარ ამ მარშრუტზე სალაშქროდ. დაახლოებით 30-35 ჯერ ვიქნები ფეხით ასული, მაგრამ არასდროს მბეზრდება. დიდგორი არის ჩვენი დიდი გამარჯვება და ამ გამარჯვების სიმბოლო. გისურვებთ მსგავსი გამარჯვების სიხარულს ჩვენც მოვსწრებოდით. ახლა, მცირე შეჯამებას გავუკეთებ ჩვენს გასვლას: შევგროვდით ზუსტად იმდენი მონაწილე, რამდენიც უნდა ვყოფილიყავით, ანუ ორმოცდაათი (50-ე იყო "წივწივა" - "კაცი ნაყინი"). ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა ფიზიკური შესაძლებლობისა და ასაკის მოლაშქრეებისგან, ზოგი ძალიან გამოცდილი მოხეტიალე იყო, ზოგიც, ვფიქრობ, პირველად ან მეორედ წამოვიდა, თუმცა მრავალფეროვნება ყოველთვის საინტერესოა. აბსოლუტურად ზუსტად ჩავეტიეთ დროში, როგორც ასვლისას, ასევე - ჩამოსვლისას. ტაბარუკის აღმართმა ბევრი დაქანცა, თუმცა სხვა მონაწილეებს არ დაეზარათ ზედმეტი წონის გადანაწილება და ოდნავ უფრო მეტად დაღლილი თანამოლაშქრეების დახმარება. ასეთი ჟესტი ყოველთვის მისასალმებელია. ავედით მონუმენტზე. ბანაკის "საქმებიც" ფრიად წარმატებით დაძლია ჩვენმა ჯგუფმა. აშკარად გვეტყობოდა რომ "გადაქაჩვობანას" თამაშის მერე უფრო დავახლოვდით. წამოწყება "სარდელმა" და ჩაისა თუ ყავის ერთად დალევამ კიდევ უფრო დაახლოვა მოლაშქრეები, ასე რომ, დაძინებისას თამამად შეგვეძლო გვეთქვა: "კონსტიტუციის სალაშქრო ჯგუფი" შედგა. დილით შევუტიეთ ტკბილეულის მარაგს, მოვაწყეთ ლამაზი და სიმბოლური დაჯილდოება მონუმენტის გორაზე, წამოვიღეთ სხვისი დაყრილი ნაგავი (პენოპლასტების 4-5 შეკვრა), ავბარგდით და დავეშვით წოდორეთისკენ. მართალია, ცხელოდა, მაგრამ ჯგუფი ყოჩაღობდა და კარგი ტემპით უახლოვდებოდა დედაქალაქს. ზოგიერთებს ეგონათ, რომ წოდორეთთან ტრანსპორტი დააგვიანებდა, მაგრამ - ნურას უკაცრავად! ყველაფერი გერმანული სიზუსტით დავასრულეთ. ბოლოს გულმხურვალედ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენი ორდღიანი ლაშქრობაც დამთავრდა.

მადლობა თითოეულ მოლაშქრეს! კარგები ხართ, კმაყოფილი ვარ თქვენი დისციპლინით, მონდომებითა და გამძლეობით. იმედია, წინ კიდევ ბევრი ერთობლივი ლაშქრობა გველის.

ირმა ხარშილაძე