რეპორტაჟი "ტუფტა" რთველიდან - გზაპრესი

რეპორტაჟი "ტუფტა" რთველიდან

კახეთში ყველაზე ტკბილი და მადლიანი პერიოდი, რთველი დაიწყო... რამდენიმე მეგობარმა თავისუფალი დრო გამოვნახეთ და თელავში, სოფელ აკურაში, მამა-შვილის, ვასიკო და გიორგი ბლუიშვილების მამულისკენ ავიღეთ გეზი.

იმაზე მეტნი მოვგროვდით, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ მასპინძელს, ვასიკო ბლუიშვილს წარბიც არ შეუხრია და ენამოსწრებულად გვეხუმრა, - მოდით, შვილებო, მაგით ვეღარ გამაკვირვებთ, კომუნისტების დროს, თელავი-ბათუმის რეისზე ვმუშაობდი და ეს ჩემი ავტობუსი ბევრჯერ მომიყენებია ამ ჭიშკარზე, მაგრამ ჩემს დედაკაცს არავინ გაუყრია... მგონი, ახლაც გადავრჩებითო...

სახლის გვერდით დარგული ვაზი მთელ კიბესა და აივნებს ისე ტკბილად არის ჩახუტებული, ალადასტურის უგემრიელესი, დამათრობელი სურნელი პირდაპირ ცხვირში გიღიტინებს. მოსაკრეფად ერთი ხელის გაწვდენაა საჭირო...

რა თქმა უნდა, შევესიეთ...

- დიდი მტევნები მოკრიფე, გოგო, თორემ ეწყინება ვაზს და არც იმ პატარებს მოგაწყვეტინებს, - მა რისთვინ გავისარჯეო... - მაქეზებს მასპინძელი.

ეზოში, ჩვენ გარშემო ერთნაირად ლამაზი, ქერა და ცისფერთვალება, შავტუხა და მაყვალივით შავთვალება, სხვადასხვა ასაკის გოგო-ბიჭები დარბიან და ყიჟინით მიჩვენებენ, რომელი მტევანი ავარჩიო...

კიბის ქვეშ თეთრი და ყვითელი გოგრების დიდი გროვა დგას... აივანზე წითელი სიმინდი და ლობიო ოქროს მარცვლებივით არის მიმობნეული.

ჩვენგან ორ ნაბიჯზე, სახლის გვერდით ბაღჩაში კი, ვაშლებით დახუნძლული ხეები მწვანედ ლივლივებენ...

- ახლა ცოტას დავისვენებთ და მერე ვენახისკენ გაეშურებით. აბა, ძალები მოიკრიბეთ, - გაგვამხნევა ოჯახის უფროსმა.

- შორს არის? - ვეკითხები ახალგაზრდა მასპინძელს.

- ახლოც არ არის, მაგრამ არც შორია, ასე, ერთი კილომეტრი იქნება... ქალაქელებისთვის, შორი იქნება, მანქანით წავალთ, თორემ გზაში თუ დაიღალეთ, იქ რაღას იმუშავებთ?.. - ღიმილით მეუბნება მასპინძელი.

ცხელა. მზე გამეტებით აჭერს, მაგრამ აქ სიცხეზე წუწუნი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერე კახელების ხუმრობას ვერ გაუძლებ... ასე რომ, რაც შეგვიძლია ვითმენთ, მაგრამ ერთს მაინც წამოსცდა, - რა ძალიან ცხელაო, რაზეც მასპინძელმა დინჯად, შეპარული ღიმილით უპასუხა, - აგე, ვენახი ბოლოში ვენტილატორი დგა... მთავარია, იქამდე მიხვიდეო...

საქმეზე გადავედით, ვედროები და მაკრატლები დაგვირიგეს და მასპინძელმა ყველა ჩვენგანს თავისი "პლანი" მიუჩინა. როგორც უკვე ვთქვი, არც ისე ცოტანი ვართ, ჩვენ შორის ყველაზე უმცროსი 7 თვის ალექსანდრეა, რომელიც რთველში პირველადაა და მასპინძლის ჯანიანი ბავშვების ხელიდან ხელში გადადის...

აქვე, 5 წლის ლუკაც ტრიალებს, დიდ მტევნებზე ნადირობს...

- ყურძნის კრეფა გიყვარს-მეთქი? - ვკითხე. - ჭამა უფრო მიყვარსო, - შემომღიმა...

სამთვიან გვალვას თავისი მძიმე კვალი დაუმჩნევია ვენახისთვის, ალაგ-ალაგ, ყურძენი ფოთლიანად ისე ძალიან არის დამწვარი, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო... გიორგი დაკოჟრილი ხელებით ეფერება ვაზს "ჭრილობაზე".

- რაღა მექნა აბა, ვერაფრით ვუშველე. თუ ბუნებამ არ შეგიწყო ხელი, მარტო კაცი ვერაფერს იზამ... - ისე თქვა, თითქოს ვაზის წინაშე თავს იმართლებსო...

არც ისე ენაწყლიან მასპინძელს ვეკითხები, - როგორი მოსავალია-მეთქი?

- არა უშავ რა, ასე 4,5 ტონა იქნება, თუმცა, ამ ვენახში ადრე უფრო მეტიც მოგვიკრეფია, მაგრამ ჩვენ ვერაფრით დავეხმარეთ, გარდა იმისა, რომ შევწამლე... სამ თვეზე მეტია, აქაურ მიწას წვეთი წყალი არ დასცემია და კიდევ კარგა არის ყველაფერი...

- მორწყვას ვერ ახერხებთ?

- აბა, როგო, აქ ხევის წყალი რომ ჩამოდიოდა, დაშრა, ალაზნიდან "ტოტი" რო იყო, ეგეცა...

- ეს ახალი ვენახია? ადრე როგორ რწყავდნენ?

- ახალი კი არა, თითქმის საუკუნის არის, მაგრამ ადრე ასეთი სიცხეები არ იყო, კომუნისტების დროს კიდევ, სარწყავი სისტემა მოწესრიგებული გახლდათ...

ერთადერთი გამოსავალი წყლის საქაჩი სისტემის გაკეთება და აუზის ჩადგმაა, მაგრამ ძვირი ჯდება...

- რა ღირს წელს ყურძენი?

- ახლა 70 თეთრია... ადრე 80 იყო, მერე ჩამოაკლეს, - ხარისხი არ ვარგაო, ნება მაგათია, როგორც უნდათ, ისე იტყვიან. ისე კი, ქარხანაში გვეუბნებიან, - უხარისხო ყურძენია, ჩვენც რა ვქნათო და მართლაც, რა ქნან? რამდენიმე დღის წინ საფერავი 1,80 ლარი იყო, მაგრამ მზემ დააჭირა და დაწვა. შესაბამისად, ხარისხიც დაუგდო და ფასიც... აგე, მარცვლები როგო საცოდავად არი მიმჭკნარი... ამისგან რა ღვინო უნდა გამოვიდეს? - მპასუხობს გიორგი და ხასიათის გამოსაკეთებლად საფერავის ჯანსაღი მტევნებით დახუნძლულ ჩხას მაწვდის...

- ადრე, როდესაც სიტკბოს საზომი აპარატი არ არსებობდა, როგორ ხვდებოდნენ, როდის უნდა მოეკრიფათ?

გიორგიმ კრეფა შეწყვიტა და ორივე ხელის თითები ერთმანეთს მიადო, - ასე რომ მიადებდნენ თითებსა და ყურძნის წვენის სიტკბოზე თითები ერთმანეთს ეკვროდა, მაშინ იწყებდნენ კრეფას...

"კოფე-ბრეიკი" არ გვექნება?!" "როგორ არა, სახლში, საღამოს, "კოფეც" იქნება, ჩაიც"; "ეჰ, მაყალზე შემწვარ მწვადს რა ვუთხარი, თორემ ამ სიცხეში ასე წვალება იქნებოდა?" "ეს კალია ცალკე დაპატიჟეთ რთველში?" "კიდევ კარგი, კალიაა და არა, აზიური ფაროსანა", "არიქა, არ აწყენინოთ მაშინ"... ისმოდა ვენახის "პლანებიდან".

სიცხე რომ არა, ყურძნის კრეფა, ფოტოგადაღებების ფონზე, მართლაც ძალზე სახალისო იყო...

ყურძნის საკმაოდ დიდი მთა დადგა.

- აბა, რას იტყვით, ბატონო გიორგი, როგორი რთველი იყო? - ვეკითხები მასპინძელს.

- ახლა, სიმართლე თუ ბოლომდე გინდათ, ეს არის "ტუფტა" რთველი, რადგან დღეს დაიწყო. ეს უფრო "რთველისპირულია", მოთელვისთვის... აი, ნამდვილი რთველის დროს ყველანი დაიმალებით, - ეშმაკური ღიმილით მპასუხობს.

იქაურების თქმით, იმას, ვისაც არც ისე დიდი ვენახი აქვს, მეზობლები ეხმარებიან. სხვები მუშებს ქირაობენ და დღეში 25 ლარს უხდიან. მზიდავი უფრო მეტს ითხოვს, - 30-35 ლარს. გააჩნია, როგორი მოსავალია...

შინისკენ წავედით. სახლთან მწვადის სასიამოვნო სუნი გვიღიტინებს ცხვირში... ეს ვასიკო ძია ზრუნავს თავის სტუმრებზე.

ჩვენს დანახვაზე გაიბადრა, - ორივენაირი ღვინო ჩავაციე, რქაწითელიც და საფერავიც და რა ვიცი, თქვენ თითონ გადაწყვიტეთ, რომელს დალევთო...

ახლა გაგანია რთველია კახეთში - დრო, როდესაც საქეიფოდ ყველაზე ნაკლებად სცალიათ. დიდიან-პატარიანად ვენახსა და ბაღებში არიან გაფანტულები, მაგრამ ქართველი კაცისთვის ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი გენეტიკაში კოდივით ჩამჯდარი სტუმარმასპინძლობაა, ჰოდა, ბლუიშვილების ოჯახში გაშლილი გემრიელი სუფრაც, ცხადია, იმ დღის ლოგიკური ფინალი იყო...

- გვიჭირს, თავის გატანა ადვილი არ არის, მაგრამ ღმერთი გვეხმარება და გვატანინებსო, - ისევ სევდიანად გაიღიმა გიორგიმ.

ქართულ სოფელში პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ საწუწუნო სიტყვა არ დასცდენია.

შემდეგი შეხვედრა თათარობას დავთქვით.

- აბა, ვნახოთ, როგორ აასრულებთ სიტყვასო, დაგვანამუსა მასპინძელმა...

მაშ, თათარობამდე, ტკბილო კახეთო...

ლალი პაპასკირი