რა პრობლემები აქვს სოფელ საბუეს მოსახლეობას - გზაპრესი

რა პრობლემები აქვს სოფელ საბუეს მოსახლეობას

გასულ კვირას კარის მეზობელმა, თამარ დვალმა შემომთავაზა - ულამაზესი სოფელი მაქვს ყვარელში, ამ დღეებში წასვლას ვაპირებ და შენც დაგიმგზავრებ. მინდა, ჩემი სოფელიც გააცნო ჟურნალ "გზის" მკითხველსო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და არც მინანია - უბრალო, შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანებით სავსე კიდევ ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი სოფელი ვნახე.

საბუე კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 560 მეტრში, მდინარე ინწობას (ეს მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადია) მარცხენა ნაპირზე. სოფელი ისტორიულია, რაზეც დღემდე შემონახული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა სიმრავლეც მეტყველებს. შემორჩენილია VI-VII საუკუნეების წმინდა შიოსა და იოანე ნათლისმცემლის სამგუმბათიანი ბაზილიკები, კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია, წმინდა გიორგის ნიში ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ეზოში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, მუგუდის წმინდა გიორგის ეკლესია. მოიხიბლებით ყადორის ციხის ნანგრევებს თუ ნახავთ (ყადორის უღელტეხილი საქართველოსა და დაღესტანს შორისაა და მისი სიმაღლე 2366 მეტრია. მდინარე ინწობას ხეობიდან მდინარე ორწყლის ხეობაში გადადის საჭაპანო გზა, რომელიც კახეთს დაღესტანთან აკავშირებს). აქვეა კახეთის კარიბჭედ წოდებული თაღი - ციხე და ეკლესიის ნანგრევები. სოფლის ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ადგილია ე.წ. ფიქალები, შეუდარებელია მდინარე ინწობას ხეობაც.

სოფელში 750 კომლი ცხოვრობს, დაახლოებით 1600-მდე მოსახლეა, მაგრამ როგორც ამბობენ, საბუე დღითი დღე ცარიელდება. იქაურებმა ზუსტად არ იციან და არც ისტორიულად არის ცნობილი, რატომ დაერქვა სოფელს საბუე (ამბობენ, თითქოს ბევრი ბუ ყოფილა ადრე ამ ადგილებში), მაგრამ თავიანთ სოფელზე შეყვარებულებს, ერთი უცნობი ავტორის ლექსი ძალიან მოსწონთ: ,,თურმე უხსოვარ დროიდან,/ მამის მამათა ბაბუებს,/ გაღმა, მთისძირა სოფლისთვის/ დაურქმევიათ საბუე./ იქ ბუ და ჭოტი როდია,/ რაც ბულბულია, იქ არის,/ მთებია დევთა სადარი/ და ბევრზე ბევრი ფიქალი./ მთიდან შხუილით გადმოდის/ ზვირთებხტუნია ინწობა,/ მის წყალში ნაბანავები,/ კაცი სად აღარ იცნობა".

თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მასპინძელს გავესაუბრე - დალი დვალს, რომელიც ჩემი კოლეგა და მეტად საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქალბატონი აღმოჩნდა (მას 9 წელი რაიონულ გაზეთში, ხოლო 13 წელი გაზეთ "თბილისში" უმუშავია):

- ეს სოფელი და ეს ეზო ჩემი ბავშვობის მოგონებებს დღემდე ინახავს. ტკივილით სავსე წარსულის მიუხედავად, აქაურობა უსაზღვროდ მიყვარს. მამა - ვახტანგ დვალი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, ტყვედ ნამყოფი. თურმე არაადამიანურად აწამებდნენ. ამიტომაც, წლების მანძილზე ავადმყოფობდა: 7 ნეკნი ჰქონდა გაბზარული, ოთხწელიწად-ნახევარი თაბაშირის არტახებში იყო მოქცეული, რკინის კორსეტს ატარებდა და ამის გამო, სულ ხუმრობდა: არა უშავს, შედუღებული რკინა უფრო მეტხანს ძლებსო. იტალიის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში მიყენებული ტრავმების გამო, ადისონის დაავადება განუვითარდა: ჩვენ თვალწინ ილეოდა, კანის ფერიც შეეცვალა და რომ იტყვიან, ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩა. ძალიან მიჭირს ძველი ამბის გახსენება: მაშინ 5 წლის ვიყავი, ჩემი და კი 3-ის. ფაქტობრივად, უმამოდ ვიზრდებოდით. ერთ დღესაც გვითხრეს, რომ მამა საავადმყოფოდან გამოწერეს და სოფელში ჩამოვიდოდა. დედა მთელი დღე ბედნიერი იყო... სწორედ იმ საღამოს პაპამ - მამაჩემის მამამ გაგვაგებინა, რომ ტყვედ ნამყოფთა ოჯახებს ასახლებდნენ და მათ შორის ჩვენი ოჯახიც იყო. მოკლედ, ომის დამთავრების მეექვსე წლისთავზე გადაგვასახლეს.

- საკმაოდ პატარა ყოფილხართ და მაინც კარგად გახსოვთ გადასახლების დღე?

- რა დამავიწყებს?! დეკემბრის სუსხიანი დილა იყო. ღიაძარიან მანქანაზე შეყარეს ჩვენი ბარგი. მთელი სოფელი ტიროდა ჩვენი ცოდვით. მახსოვს, ჩემმა მასწავლებელმა თავის გოგონას ქურქი გახადა და ზემოთ, მანქანაზე შემოაგდო, - დაგჭირდებათო. მეზობლის კაცებმა ღორები დაკლეს და ძარაზე შეყარეს: იქნებ შიმშილით სიკვდილს მაინც გადავარჩინოთ ბავშვებიო... ასეთი გულისხმიერი ხალხი ცხოვრობდა უწინ სოფელში. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ შედგა ბორანზე ჩვენი მანქანა და თანდათან ეფარებოდა თვალს საბუე. დედამ ღმერთს შესთხოვა: ღმერთო, თუ ჩემი ქმარი სამშობლოს წინაშე დამნაშავე იყოს, დაე, ბორანი ჩაწყდესო! ასე დაიწყო ოცდარვადღიანი მოგზაურობა ეშელონით შორს, ყაზახეთისკენ ისე, რომ მამის ნახვაც ვერ შევძელით. მამას კიროვაბადში ფრონტელ ამხანაგთან ჩასვლა გადაუწყვეტია და სწორედ იქ შეუტყვია ეს ამბავი. გამოქცეულა კიროვაბადის ვაგზალზე - გაგონილი ჰქონია, რომ საქართველოდან გადასახლებულები მოჰყავდათ. სწორედ მაშინ დავინახე მამა: აი, თურმე როგორი ყოფილა-მეთქი, ვფიქრობდი. დღემდე თვალწინ მიდგას მისი სასოწარკვეთილი და ფერმკრთალი სახე. დედამ ფანჯრიდან დაუძახა: ყაზახეთში გვასახლებენ, გამაგრდი, მოგწერთ და შენც ჩამოდიო. მართლაც ჩამოვიდა. მისამართი დედამ შეატყობინა, ჩამოსვლა კი მისთვის არავის აუკრძალავს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი უცნაური კანონები იყო მაშინ.

- როგორი იყო გზა თქვენი სოფლიდან იმ სოფლამდე - კრასნი ოქტიაბრამდე, სადაც დაბინავდით?

- ვაგონში ჩვენ და ხოსროშვილების ოჯახი ვიყავით. ისინი მეზობელი სოფლიდან იყვნენ: დედა, მამა და შვილები. მთელი კასრი კარაქი ჰქონდათ წამოღებული. ვაგონში ძალიან ციოდა და დროდადრო, ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე. მე და ჩემი და გათოშილ ხელებს ვუშვერდით ცეცხლს და თითქოს, აღარ გვციოდა. ლოგინები სველი იყო და მის გაშრობას ვერ ვახერხებდით, ამიტომაც გავცივდით და ფილტვების ანთება დაგვემართა. ჩემმა პატარა დამ უფრო მძიმედ გადაიტანა ავადმყოფობა, რამაც მოგვიანებით თავისი შედეგი გამოიღო: მან საერთოდ დაკარგა სმენა. ოცდამერვე დღეს ყაზახეთში, პახტარალის რაიონში ჩავედით. დროებით მოხუცი მღვდლის სახლში დაგვაბინავეს. ჩვენ მას "დედუშკას" ვეძახდით. ყოველდღე რძეს აძლევდა დედას ჩვენთვის და თბილ რუსულ ღუმელზეც გვაძინებდა. მერე მამაც ჩამოვიდა და ერთი პატარა სახლი ვიყიდეთ. მამა მებამბეობის მეურნეობაში ქართველების ბრიგადის ხელმძღვანელად დანიშნეს, მაგრამ არ კარგავდა საქართველოში, თავის სოფელში დაბრუნების იმედს. აგზავნიდა დეპეშებს, განცხადებებს მოსკოვის მისამართით და წერდა, რომ დამნაშავე არ იყო. მართლაც, სამი წლის შემდეგ გაგვათავისუფლეს და დავბრუნდით. მამამ უკვე მერამდენედ დაიწყო ცხოვრება თავიდან...

ბევრი უსამართლობა იწვნია ჩვენმა ოჯახმა, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა: დღემდე კარგად მახსოვს, მამა რომ ამბობდა მეგობრებთან: "დამთავრდა ომი და მეგონა, ყველაფერი გადავიტანე - შიმშილიც, ტყვეობაც, არაადამიანური წამებაც და ისიც, ფაშისტებმა მავთულების მსხვილი შეკვრა რომ გადამალეწეს ზურგზე. მეგონა, აღარასოდეს გამითენდებოდა და მაშინ იცით, რა ვინატრე? - თონეში ჩაკრული დედას პური..." აი, მისი ამგვარი სიყვარულისა და დამოკიდებულების გამო ვერ გავიმეტე აქაურობა გასაპარტახებლად. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე და შევძელი, რომ უკვე დანგრევის პირას მისული მამაპაპისეული სახლი აღმედგინა და აქაურობისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა. თვითონაც ხომ ნახეთ, როგორი ლამაზი სოფელია საბუე, როგორი ტყეა, როგორი მთაა, რა ჰაერია აქ...GzaPress

გიორგი მიჩილაშვილი, 67 წლის:

- წარმოშობით შილდიდან ვარ. დედაჩემი, პირველი ქმარი რომ დაეღუპა, აქ გამოთხოვდა, მაშინ 2 წლის ვიყავი. 2 ბავშვი დახვდა დედას გასაზრდელად და მეოთხეც გააჩინა. მაშინ ძალიან უჭირდა ხალხს, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე დღეს. პური არ იშოვებოდა. 200 გრამი რომ მოეტანა სახლში, ეგეც დიდი ამბავი იყო. შინდის ან ზღმარტლის უცხიმო შეჭამანდში პურს რომ ჩაიყრი და შეჭამ, ეგ არის გაჭირვება. გოროველას ეძახდნენ - ხორბალში ერია, იმას ფქვავდნენ და აცხობდნენ. გოროველას პური მძაღე იყო და მალე ობდებოდა. მერე მესიმინდეობა შემოვიდა, ქერის თესვაც დაიწყეს და უკვე ქერის პურს აცხობდნენ. ისეთი მაგარი იყო, ნაჯახს რომ დაარტყამდი, არ იჭრებოდა. აი, ასეთ გაჭირვებაში ვიზრდებოდით... კინოები გადიოდა კოლმეურნეობის ეზოში. მახსოვს, პატარებს წაგვიყვანდნენ, მაგრამ გვეძინებოდა. ზაფხულში მთელი დღე მდინარეზე ვიყავით, ვთევზაობდით, კარგად ვატარებდით დროს ბავშვები. ახლა სულ არ აინტერესებთ თამაში და გართობა. ორი შვილი მყავს, თბილისში ცხოვრობენ ოჯახებით და ჩემი შვილიშვილები კი არ ჩამოდიან ზაფხულობით დიდი ხნით: ინტერნეტი არ არისო.

- გარიგებით დაოჯახდით?

- 29 წლისამ მოვიყვანე ცოლი. მეზობელ სოფელში - ალმატში ცხოვრობდა. გარიგებით არ მომიყვანია, "დანახვით" მოვიყვანე (იცინის). შევხედე და მომეწონა. მეორე-მესამე დღეს უკვე დავქორწინდით და ქუთაისში წავიყვანე.

- ქუთაისში რატომ?

- მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ავტოშემკეთებელი-ზეინკალი ვარ პროფესიით და წლების მანძილზე ვმუშაობდი ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში. 38 წელი დავყავი იქ და დრო რომ აირია, თბილისში წამოვედი. ავტომანქანის ძრავებს ვაკეთებდი და გამქონდა თავი. მახსოვს, 12 მანეთით წავედი სოფლიდან. ბევრჯერ "პავიდლოსა" და შავ პურზე გადავდიოდი, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება ის წლები. სიბერეში მე და ჩემი ცოლი სოფელში დავბრუნდით. საკარმიდამო ადგილი გვქონდა და იმ ფულით, რაც წლების მანძილზე მოვაგროვე, სახლის აშენება დავიწყეთ. ავაშენეთ კიდეც და დღემდე აქ ვართ.

- აქაურებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?

- უმეტესობა ქალაქშია წასული. აი, რომ ამოჰყვები დვალების უბნიდან, გუშინაც დავითვალე და მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, უმეტესობა - მოხუცები არიან. ახალგაზრდები არ ჩერდებიან აქ, სამუშაოს არქონის გამო. სახნავ-სათესი მიწები გვაქვს, საქონელი გვყავს და საკარმიდამო ნაკვეთებში ვთესავთ ბოსტნეულს. ზოგი მეფუტკრეობასაც მისდევს. დღე და ღამე გავარდნილები ვართ გარეთ, მიწაზე სამუშაოდ, რომ რაღაც მოვიყვანოთ. ახლა უფრო გაჩნდა სამუშაო, რაც ივანიშვილმა და სხვებმა ვენახები შეისყიდეს. ბრიგადები დაჰყავთ ყოველდღიურ სამუშაოზე, დღეში 25-30 ლარს უხდიან. ბევრი დადის და მუშაობს, ბევრიც - არ კადრულობს. 70 თეთრი ღირს საფერავი, არადა, რამდენი წვალება უნდა ვენახის მოვლას? წელს გვალვისგან ძალიან დაიწვა ვენახები და რა მოსავალი იქნება, არ ვიცი.

- სხვა რა პრობლემები გაწუხებთ სოფელში?

- გაზის შემოყვანა ახლა დაიწყეს, პრობლემა წყალზეც ხშირად გვექმნება. ამხელა მთებია ირგვლივ, მთებიდან წყალი მოდის და წყალი არ გვაქვს. ვისაც მიაკითხავ, ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო, - გაიძახიან. მოვლენ, გადათხრიან ყველაფერს და დატოვებენ საქმეს შუა გზაზე - ყოველ ზაფხულს ასეა. თანაც, წყლის სათავე სადაც არის, საქონელი პირდაპირ შიგ დადის და აი, იმ წყალს ვსვამთ. ამას წინათ გველი ამოვიყვანეთ წყლის მილიდან. შეიძლება ასეთი რამ? მარტო არჩევნებზე ახსენდებათ ხალხი. ხმას თუ ამოიღებ, გემუქრებიან და გეუბნებიან: ჭკვიანად იყავიო.

- ჩემი სოფელი მიყვარსო, - მითხარით. პირველ რიგში, რას ისურვებდით თქვენი სოფლის საკეთილდღეოდ?

- ჩემი სოფელი ყველაფერს მირჩევნია. სხვაგან ვერ გავძლებ. კარგი იქნება, იყოს კინო, თეატრი, გართობა, რომ ახალგაზრდები დაუბრუნდნენ სოფელს და სხვები აღარ გაიქცნენ აქედან. დასაქმებას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება. კომუნისტების დროს, თუ არ იმუშავებდი, გიჭერდნენ, ახლა იმაზე გიჭერენ, დასაქმებას რატომ ითხოვო?..

81 წლის სონია ბაწილაშვილიც გაჭირვებაზე წუხს. მოხუცისთვის ახლახან სოციალური დახმარება შეუწყვეტიათ და სასოწარკვეთილს საუბრისას ცრემლები ახრჩობდა. გაჭირვებას შვილის ავადმყოფობაც დაემატა თურმე და ამან უფრო გაანადგურა. ამდენი საფიქრალის მიუხედავად, გულიანად მიგვიპატიჟა სტუმრები და საუბარიც არ დაგვამადლა:

- ბაწილაანთ ქალი ვარ, გენაცვალე, სოფელი ალმატიდან მიქელაშვილებში გამოთხოვილი. მეუღლე - გურამი 17 წლის წინ გარდამეცვალა. სამი შვილი მყავს, სამივე გათხოვილი. ერთ-ერთს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა შარშან, თელავში გაუკეთეს პირველი ოპერაცია. თვე-ნახევარში სამი ოპერაცია დასჭირდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ზონდით აყლაპებდნენ საჭმელს. ვერც ლაპარაკობდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. თურმე კვდებოდა, მე კი არაფერი გამიმხილეს შვილებმა... ქმარი მოუკვდა, შვილი არ ჰყავს და ახლა ჩემთან არის. სხვა ვინ უპატრონებს, შვილო, ყოველთვის მეზობლები ხომ ვერ მიხედავენ? "ქიმიების" შემდეგ ისე ცუდად არის, რომ ფეხზე ძლივს დგას. თან, დიაბეტიც აქვს. ეჰ, რა ვიცოდი, რა მელოდა თორემ... 20 წლის ვიყავი, გარიგებით რომ გავთხოვდი, ოჯახში მოვიდნენ ხელის სათხოვნელად და არც კი შემიხედია, ისე ვთქვი ჰოობა, მე უტვინომ... GzaPress

- ასე რატომ ამბობთ, სონია ბებო?

- არა, განა ცუდი ადამიანი იყო, კარგი კაცი აღმოჩნდა, მაგრამ თვალდახუჭული რომ გამოვყევი?.. მეკითხებიან, ძველი დრო გერჩივნა ახლანდელსო? რა თქმა უნდა, ძველი დრო სჯობდა - მაშინ უფრო იყო გაგება, დღეს კი ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ყველა თავის ჭკუაზე წყვეტს და აკეთებს ყველაფერს. სოციალური დახმარება მომიხსნეს 80 წლის მარტოხელა ქალს. ასე მითხრეს: შვილები ვალდებულები არიან, გინდაც საზღვარგარეთ იყვნენ, რომ შეგინახონო. იქნებ შვილებს საკუთარი თავი გასჭირვებიათ? მაღალი ქულები რომ მომივიდა, სოციალური მომსახურების სააგენტოში მივედი და მოადგილესთან შეხვედრა ვითხოვე. შემიყვანეს მასთან და როდესაც ჩემი გაჭირვება ავუხსენი, ყვარელში დარეკა, რის შემდეგაც კვლავ მოვიდნენ ჩემთან შესამოწმებლად და დამინიშნეს დახმარება, მაგრამ ამ წლის თებერვლიდან ისევ მომიხსნეს... ჩემი შვილი მივიდა გამგეობაში: მაინტერესებს, დედაჩემს საცხოვრებელი პირობები ისე როგორ შეეცვალა ამ რამდენიმე თვეში, რომ დახმარება მოუხსენით? მით უმეტეს, რომ შვილის ავადმყოფობაც დაემატა მის გასაჭირსო?.. სოციალურმა აგენტმა მითხრა, "ფორმა 100" მოიტანე და ხელმეორედ შეგამოწმებენო. მაღალი ქულები დაგიწერეს, რადგან მარანი, ბოსელი და საქათმე გაქვსო... რა მაქვს და რა მყავს იმ ბოსელსა და მარანში, ვერ ნახეს? პენსიის იმედად ვარ და მე თუ არ მეკუთვნის დახმარება, სხვებს რატომ ეხმარებიან? იმათ ვგულისხმობ, ვისაც სახლ-კარიც კარგად აქვს მოწყობილი და ვაჟკაცებიც ჰყავთ პატრონად. 82 წლის გავხდები ოქტომბერში. ისე ვარ წელში მოხრილი, ცხვირი ლამის მიწაზე მიდევს და ფიზიკურად მუშაობა მიჭირს. მწვანილი თუ მომყავს ეზოში, სხვას ვერაფერს ვთესავ. ძნელი ყოფილა სიბერე, შვილო, მაგრამ უკვე აღარც სიბერეს ვუჩივი და აღარც გაჭირვებას - ჩემი შვილის ავადმყოფობამ ერთიანად მომიღო ბოლო და გამანადგურა. დღესაც, ექიმთან არის და შიშით ველოდები მის დაბრუნებას...

აი, ასე სევდიანად დავასრულე სონია ბებოსთან საუბარიცა და საბუეში სტუმრობაც, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მავანნი და მავანნი უფრო მეტი კეთილსინდისიერებითა და გულისხმიერებით მოეკიდებიან ამ მოხუცისა და საერთოდ, ხალხის საწუხარსაც...

P.s. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სოფელიც გამორჩეულია და იქ საინტერესო ხალხი ცხოვრობს, თუ გინდათ, გაგიცნოთ სხვა კუთხის წარმომადგენლებმა, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(51) 14.68.50. დაგვპატიჟეთ და აუცილებლად გესტუმრებით.

ნინო ჯავახიშვილი