"სასწრაფო დახმარება" ქართულად ანუ "პახმელიაზე" გამოსვლა ექიმების თანხლებით - გზაპრესი

"სასწრაფო დახმარება" ქართულად ანუ "პახმელიაზე" გამოსვლა ექიმების თანხლებით

ამის დასტურად მხოლოდ აღდგომის დღეებში აღრიცხულ შემთხვევებს გაგაცნობთ: წითელი პარასკევის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო, 276 გამოძახება დაფიქსირდა.

"საყვედური მართლაც ხშირად გვესმის, მადლობა კი - იშვიათად", - გვითხრა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა, შალვა ბრაჭულმა, რომელთანაც გთავაზობთ ინტერვიუს.

- ბატონო შალვა, სად შედის პირველად მოქალაქის ზარი და როგორ ხდება "სასწრაფო დახმარების" ბრიგადების განაწილება?

GzaPress- ზარი პირველად 112-ის სამსახურში შედის. რამდენიმე წლის წინ მოქალაქეთა ზარები უშუალოდ "სასწრაფო დახმარების" სამსახურში შემოდიოდა. აქვე იყო სადისპეტჩერო, რომელიც ამ ზარებს პასუხობდა და ბრიგადას საჭირო მისამართზე გზავნიდა. ეს ერთიანი სამსახური იყო. უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ზარი ანუ გამოძახება ფიქსირდება უნივერსალურ სატელეფონო ნომერზე - 112-ზე. სწორედ 112-ში წყდება, თუ სად, რომელ გამოძახებაზე უნდა წავიდეს "სასწრაფო" და რომელი ზარიც უფრო პრობლემური და საჭირბოროტოა, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც სწორედ იქ იგზავნება. დახარისხებაც 112-ში მიმდინარეობს: ზარები, რომლებიც საჭიროებს მეყსეულ რეაგირებას, მაღალი პრიორიტეტული ზარებია; არის საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ზარები. პირველივე თავისუფალი ბრიგადა იგზავნება იმ პაციენტთან, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

- თქვენს სამსახურს ყველაზე ხშირად დაგვიანების გამო საყვედურობენ. რით აიხსნება ეს? ზოგიერთს ჰგონია, რომ "სასწრაფო" 112-ის გამოც იგვიანებს...

- ზარების მიმღები და გამნაწილებელი ვინ იქნება ან სად იჯდება, მოქალაქისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, პრობლემის დადგენა და ზარზე რეაგირება ოპერატიულად მოხერხდეს. 112-ში გამოჰკითხავენ - რა აწუხებს, რა მისამართზე ცხოვრობს, შემდეგ კი დგინდება, თუ რა სახის დახმარებაა საჭირო. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, ამაში "ნოუ-ჰაუ" ქართველებს ნამდვილად არ გვეკუთვნის. დაყოვნება უმეტესად, ისეთი პაციენტების ზარებზე ხდება, რომლებიც არ საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას.

- როგორც ამბობთ, არამიზნობრივი ზარები სერიოზულად გიშლით ხელს მუშაობაში.

- დიახ, ჩვენთვის მთავარი პრობლემა სწორედ ესაა: 112-ში კი ხდება ზარების დახარისხება, მაგრამ მაინც დიდია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ საჭიროებენ ჩვენს დახმარებას. დავუშვათ, ექიმები მიდიან ნაკლებად პრიორიტეტულ გამოძახებაზე: მაგალითად, ამას წინათ 23 წლის ახალგაზრდას სიცხემ აუწია და ამის გამო "სასწრაფო" გამოიძახა. იმ დროს, როცა ასეთ პაციენტს სიცხეს ვუზომავთ და წამლებს ვასმევთ, ვიღაცის სიცოცხლეს შეიძლება, მართლა დიდი საფრთხე დაემუქროს. ჩვენთან უამრავი ისეთი ზარი შემოდის, რომლის გამოც "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა არც ერთ ქვეყანაში თავსაც არ შეიწუხებდა. ჩვენი მოსახლეობა ვერ მიეჩვია, რომ პაციენტმა კეთილი უნდა ინებოს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას მიმართოს. ხშირად ჩვენს ბრიგადებს სწორედ ასეთ მისამართებზე აგვიანდებათ. იშვიათობაა, როდესაც მაღალ პრიორიტეტულ გამოძახებაზე ხდება დაგვიანება და ბრიგადის გვიან გაგზავნა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ ისწავლა ეს ეშმაკობა და ხშირად გამოძახებაზე მისულ ბრიგადას ხვდება ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ადამიანი, რომელსაც ალკოჰოლური თრობა ან ტემპერატურის 38 გრადუსამდე მატება აღენიშნება, მაგრამ იმის გამო, რომ ეზარება ოჯახის ექიმთან მისვლა, იძახებს სამედიცინო სერვისს, რომელიც ოჯახში აკითხავს. ისიც უნდა ითქვას, რომ "სასწრაფოს" ექიმმა წინასწარ არც კი იცის, სად მიდის, ვიდრე მისამართს 112 არ გადმოსცემს. ჩვენ ვართ შემსრულებლები და არ ვწყვეტთ, ვის მივეშველოთ და ვის - არა. მოსახლეობა კი ჩივის, რომ "სასწრაფო" აგვიანებს, მაგრამ ჩვენი ექიმების მაქსიმალური დაგვიანება მოიცავს პერიოდს, რომელიც ავტომობილს პაციენტის სახლამდე მისვლაში სჭირდება. "სასწრაფო დახმარების" ბრიგადის მხრიდან დაყოვნებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

- ბევრი დაგვიანებას საცობებსაც აბრალებს.

- ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ ეს პრობლემა: ხელს გვიშლის ის, რომ მძღოლები გზას არ გვითმობენ, გადატვირთულია გზები და საცობები. განსაკუთრებით მწვავდება ეს პრობლემა პიკის საათებში. წესით, როდესაც ხმოვანი სიგნალი ისმის, "სასწრაფოს" გზა უნდა დაუთმონ, მაგრამ ბევრი ამასაც არ ასრულებს. ეგ კი არა, მოსახლეობისგან საჩივრებიც კი შემოვიდა, რატომ დადიან "სასწრაფო დახმარების" მანქანები ჩართული ხმოვანი სიგნალითო?! როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებასაც პრობლემა აქვს ამ მხრივ: გადართულნი ვართ პაციენტის უფლებებზე და ამ დროს ექიმის უფლებები ყველას ავიწყდება. უფლებაშელახული ექიმი კი ვერც პაციენტის უფლებებს დაიცავს და ვერც მის სიცოცხლეს.

- რადგან ამ საკითხს შეეხეთ, "სასწრაფო დახმარების" ექიმების პრობლემებზეც ვისაუბროთ.

GzaPress- ავიღოთ თუნდაც აგრესია ექიმების მიმართ. ამ დღეებში მოხდა ძალიან უსიამოვნო ფაქტი: "სასწრაფო" გამოიძახეს და ექიმები მივიდნენ პიროვნებასთან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა ფსიქოტროპულ დამამშვიდებელ პრეპარატს. როდესაც ჩვენმა ექიმებმა სულ სხვა წამალი მისცეს, - ეს რას მიშველისო?! - და წამლების ყუთი დაუმტვრია... როდესაც ვიღაც იძახებს "სასწრაფოს" იმ იმედით, რომ უფასოდ მისცემენ ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ საშუალებას, ხომ უნდა იცოდეს, რომ ასეთი წამალი "სასწრაფო დახმარების" ექიმის ჩანთაში არ არის და არც უნდა იყოს!.. ფიზიკურადაც არაერთხელ გასწორებიან ჩვენს ექიმებს. ბრალდება კი სრულიად აბსურდული იყო და ამის გამო რამდენჯერმე საქმე სასამართლომდეც მისულა. მაგალითად: რატომ არ გაქვთ წამალი, რომელიც ჩემმა ექიმმა დამინიშნაო?!. მარტო სერვისს კი არ ითხოვენ, არამედ ადგილზე მიტანილ უფასო მედიკამენტებსაც. ასეთ რამეს არც ერთი ქვეყნის "სასწრაფოს" არ ავალდებულებს კანონმდებლობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექიმი უცემიათ კიდეც, მანქანაც დაუმტვრევიათ, მერე კი სასამართლოს დამნაშავისთვის ჯარიმა დაუკისრებია. ზოგიერთი ასეთი "პაციენტი" ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ზოგიც - ალკოჰოლური. მერე კი სწორედ ამ ხალხისგან მოდის აგრესია, - რატომ არ მოვიდა "სასწრაფო" დროზეო, მაშინ, როცა ჩვენი ბრალეულობა ამ მხრივ მინიმალურია. 80 ბრიგადა გვყავს. ზამთრის პერიოდში, როდესაც გამოძახებებმა იმატა, დავამატეთ 19, რომელიც 13 საათის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ თუკი ისეთი სახის გამოძახებებზე ვივლით, რომელზეც 80 პროცენტში დავდივართ, რაც უნდა ვზარდოთ "სასწრაფო დახმარების" ექიმებისა და მანქანების რიცხვი, სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ. 16-მილიონიან ჰოლანდიაში ერთი სამედიცინო ბრიგადა 24 ათას მოსახლეს ემსახურება, ჩვენთან კი, თბილისის მასშტაბით, ერთი ბრიგადა ემსახურება 16 250 მოსახლეს. ანუ ევროპული სტანდარტით ეს სავსებით ნორმალურია. ბულგარეთში - 20 ათას მოსახლეზე მოდის "სასწაფო დახმარების" ერთი ბრიგადა, დიდ ბრიტანეთში - 30 ათასზე, ლიტვაში - 16 ათასზე, ხოლო თურქეთში - 33 ათას მოსახლეზე. ჩვენ გაცილებით მეტ გამოძახებაზე გვიწევს მისვლა, ვიდრე განვითარებული ქვეყნების "სასწრაფო დახმარებას" და მადლიერი მაინც არავინ გვყავს. თუ ამ სერვისს რაციონალურად არ გამოვიყენებთ, ჩვენს მოსახლეობას ვერც 80 და ვერც 280 ბრიგადა აუვა. ყველა ჭიშკართან თითო "სასწრაფო" უნდა იდგეს და მოსახლეობაც მხოლოდ მაშინ იქნება კმაყოფილი.

- იმ არამიზნობრივ ზარებზეც მოგვიყევით, რომლის გამოც "სასწრაფოს" იძახებენ.

- ასეთი მაგალითი რამდენიც გნებავთ, იმდენია: 60 წლის ქალბატონს კარდიოგრამის გადაღება უნდოდა და ამის გამო "სასწრაფო" გამოიძახა. 30 წლის ახალგაზრდა კაცი ფეხების დაბუჟებამ შეაწუხა და დასახმარებლად ჩვენ მოგვმართა. მიზეზები ყოვლად გაუგებარია: ტკივილი წელის არეში, ფეხის ტკივილი; მაღალ ტემპერატურაზე გამოძახება ხომ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ასეთი ზარი უფრო საოცარი და საკვირველი მაშინაა, როცა პაციენტი დაზღვეულია. ამ ცოტა ხნის წინ 31 წლის მამაკაცს აუწია სიცხემ. გამოგვიძახა და აღმოჩნდა, რომ დაზღვეული ყოფილა, მაგრამ რატომღაც ამ დაზღვევით არ სარგებლობდა. სახსრების ტკივილისა და სხეულზე გამონაყარის გამოც გამოვუძახებივართ. იყო შემთხვევა, როცა ადამიანს თავის მოკვლა უნდოდა და "სასწრაფო" გამოიძახა - როგორმე "სიკვდილში დამეხმარეთო"... ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ მიმართონ ექიმს, არანაირი "სასწრაფო დახმარება" მათ არ სჭირდებათ. არ ვიცი, საზოგადოებამ განსაჯოს და ნურავის ეწყინება, თუ ასეთ პაციენტებთან "სასწრაფო დახმარების" ბრიგადას დააგვიანდება. ზოგიერთი ისე ხშირად იძახებს ჩვენს ექიმებს, უკვე სახელითა და გვარით ვიცნობთ, ისინიც გვიცნობენ და რომელი ექიმიც მოსწონთ, დღეების მიხედვით იმას იძახებენ. ყოველდღე რეკავენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფნი. ასეთი რამ ალბათ მხოლოდ ჩვენთან ხდება - ე.წ. "პახმელიაზე" გამოსვლა "სასწრაფოს" თანხლებით. ვიღაცამ ვერ მოზომა, ზედმეტი დალია და როგორც კი თავი ასტკივდება, მაშინვე "სასწრაფოს" იძახებს, - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

- როგორც ამბობთ, კომიკური შემთხვევაც არაერთხელ მომხდარა...

- დიახ, ასეა. არის შემთხვევები, როცა ადამიანი "სასწრაფოს" იძახებს იმის გამო, რომ მარტოა და ეშინია. ჩემი თანამშრომლებისგან ვიცი, რომ ნათურის გამოსაცვლელადაც დაურეკავთ "სასწრაფოში"(!). იყო შემთხვევა, რომ გამოიძახეს "სასწრაფო" და ექიმებს კატლეტი შეაწვევინეს. კბილი სტკიოდა ერთ ახალგაზრდა კაცს და ამის გამო გამოიძახა "სასწრაფო". ქალბატონს გადაუცდა მენსტრუალური ციკლი და დახმარებისთვის "სასწრაფოს" მიმართა... ამგვარი ფაქტების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. 70-80% ამ შემთხვევებისა არის სუფთა პოლიკლინიკური, ამბულატორიული ხასიათის. ჩვენი "სასწრაფო დახმარება" იქცა მოსიარულე ამბულატორიად, რომელიც წამლითა და კარდიოგრაფის აპარატით არის შეიარაღებული. ალბათ დადგება დრო, როცა "სასწრაფო" ყოველთვის გავა დანიშნულებისამებრ, გადაარჩენს სიცოცხლეს და არა იმისთვის, რომ "პახმელიაზე" გამოიყვანოს პაციენტი. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ "სასწრაფო დახმარება" ასეთ შემთხვევებზე არ უნდა ცდებოდეს. შემოსული ზარების 70-80% არამიზნობრივია, მხოლოდ დანარჩენი 20-30%-ია ისეთი, რომელიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. ბოლოს კი ისეთი ხალხი გვსაყვედურობს, რომელსაც სასაყვედურო არაფერი აქვს. სამართლიან კრიტიკას ვიღებთ, ვიღებთ ყველანაირ წინადადებას, მაგრამ დაუმსახურებლად არც ლანძღვა-გინებას ავიტანთ და არც საყვედურებს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს არის გადაუდებელი დახმარება და მას არ ევალება წნევის ან ტემპერატურის გაზომვა, ან წამლის სახლში მიტანა. როდესაც ბავშვს 4-5 დღის განმავლობაში სიცხე აქვს, მშობელმა ის მკურნალ ექიმთან უნდა მიიყვანოს, "სასწრაფოს" კი არ უნდა დაურეკოს, მით უმეტეს, დღის საათებში. ბოლო წლების განმავლობაში "სასწრაფოს" აღებული ჰქონდა პირველადი ჯანდაცვის ტვირთი, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე