ყველაზე პოპულარული ქართული ქალაქები - გზაპრესი

ყველაზე პოპულარული ქართული ქალაქები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18, 9%-ია. ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჰყავდა. საკმაოდ აქტიურობდნენ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრებიც. განსაკუთრებით, ნიდერლანდების, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

ჩვენ დავინტერესდით, რომელი ქალაქებია უცხოელი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული, რის გარკვევაშიც საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი დაგვეხმარა:

თბილისი

ჩვენი დედაქალაქი სტუმრებს ძველისძველი ტაძრებითა და ჩუქურთმებით მოქარგული, აივნიანი სახლებით იზიდავს. თანაც, საქართველოს სტუმრები ჯერ თბილისში ჩამოდიან და აქედან იფანტებიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ძველი თბილისი, შარდენის ქუჩა, ნარიყალა, თუმცა ზოგიერთს ქალაქის თანამედროვეობაც ხიბლავს. ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა რუსი ტურისტების რიცხვმა. ამის დასტურია ის, რომ 2016 წელს თბილისი რუსი ტურისტების ყველაზე საყვარელი ქალაქების ტოპსამეულში მოხვდა.

მცხეთა

საქართველოს ძველი დედაქალაქი, მცხეთა, თბილისთან ახლოს მდებარეობს და როგორც "იუნესკოს" ძეგლი, ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარმა იცის, რომ მცხეთა მათ მარშრუტში აუცილებლად იქნება. ჯვარი, ზედაზენი, წმინდა ნინოს ეკლესია, არმაზის ციხე, ღვთისმშობლის ეკლესია - ეს ტურისტებისთვის საყვარელი ადგილებია. მცხეთა თავისი სიძველეებითა და განუმეორებელი ეგზოტიკით უამრავ მნახველს იზიდავს.

ბათუმი, ქობულეთი

ბათუმში უნიკალური პირობებია ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისათვის. გარდა ზღვისა, ამ მხარეში უამრავი საინტერესო რამ არის. ამიტომ, ბოლო წლებში აჭარაში ტურიზმის ისეთი სახეობები ვითარდება, როგორიცაა ეკოტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სამთო-სათხილამურო ტურიზმი და ა.შ. ეკოტურიზმი აჭარაში ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა. უცხოელი სტუმრების დიდ ნაწილს აჭარაში სწორედ ეკოტურიზმი იზიდავს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი კიდევ ერთი ღირსებით არის დაჯილდოებული: აქ "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია", სადაც ყოველწლიურად ათასობით ფრინველი გადაიფრენს ხოლმე. ამ ადგილის უნიკალური მდებარეობა ბერდვოჩინგის უამრავ მოყვარულს იზიდავს. 2012 წლიდან აქ ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბათუმში ამ დროს უამრავი სტუმარი ჩამოდის.

სიღნაღი, თელავი, ყვარელი

კახეთი და მისი ქალაქები უცხოელი სტუმრებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ისტორიული ქალაქები - თელავი და ყვარელი, ულამაზესი ბუნებითა და ძველი ეკლესია-მონასტრებით უამრავ მნახველს იზიდავს. ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა თბილისიდან ასიოდე კილომეტრში მდებარე ძველი ციხე-ქალაქი - სიღნაღი, რომელიც დღეს, ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად ითვლება. მას შემდეგ, რაც ქალაქში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, აშენდა სასტუმროები და კვების ობიექტები, იქ ჩამსვლელ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. სიღნაღს არა მარტო უცხოელები სტუმრობენ, არამედ მის მოსანახულებლად საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიან.

ქუთაისი

ქუთაისი ტურისტებისათვის ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილია. ამას მისი ადგილმდებარეობა და მრავალსაუკუნოვანი წარსული განაპირობებს. ქუთაისში ჩასული სტუმარი დასავლეთ საქართველოს ცენტრში ხვდება და იოლად უკავშირდება ყველა რეგიონს. ეს მხარე მდიდარია ტურისტული ღირსშესანიშნაობებით. ქუთაისს განსაკუთრებით ამშვენებს გელათის და ბაგრატის სამონასტრო კომპლექსები. იქვეა სათაფლია და პრომეთეს მღვიმე, რომლებსაც უამრავი სტუმარი ჰყავს.

ბორჯომი

ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქს აღმოსავლეთიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ესაზღვრება, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს. ბორჯომში განთქმული მინერალური წყლების საწარმოა. ეს ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, რომლის ჰავა და კლიმატი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ბორჯომთან ახლოს მდებარეობს ულამაზესი დაბა ბაკურიანი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ იზიდავს დამსვენებლებს და ასევე მნიშვნელოვანი კურორტია.

ახალციხე

მართალია, ტურიზმი ახალციხეში რაბათის ისტორიულ კომპლექსთან ასოცირდება, მაგრამ აქ სანახავი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს უძველესი ციხე. ახალციხის გარშემო უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია, ახალციხეში უამრავი სასტუმრო და გასართობი დაწესებულებაა. ტურისტს შეუძლია ერთ დღეში დაათვალიეროს რაბათის ულამაზესი კომპლექსი, მოინახულოს ახალციხის ტბა, ეკლესიები და ულამაზესი პარკები. ამის შემდეგ კი, ვარძიას და სხვა უნიკალურ ადგილებს ეწვიოს, სამცხე-ჯავახეთში ასეთი ადგილების პოვნა რთული ნამდვილად არ არის.

ყაზბეგი, მესტია, გუდაური

- ეს მშვენიერი, პატარა დაბები ბოლო წლებში ნამდვილ ტურისტულ ცენტრებად იქცა. აქაური სასტუმროები ყოველ წელიწადს, ზამთარ-ზაფხულს უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ზამთარში ეს დაბები განსაკუთრებით მოსწონთ სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყაზბეგი ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების ათეულში მოხვდა.

ხათუნა ჩიგოგიძე