"ეს ის არჩევნებია, სადაც ყველა, გარდა ხელისუფლებისა, დამარცხებისთვის იბრძვის"
font-large font-small
"ეს ის არჩევნებია, სადაც ყველა, გარდა ხელისუფლებისა, დამარცხებისთვის იბრძვის"
გამხეცებული ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის შენაკად თუ გამონაკად "ევროპულ საქართველოს" შორის
არჩევნებამდე ორიოდე კვირა რჩება და კანდიდატებიც სულ უფრო აქტიურდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის სიმპათია მოიპოვონ და საპატიო პირველი თუ მეორე ადგილი ღირსეულად დაიკავონ. წინასაარჩევნო პერიოდმა, ექსპერტების აზრით, საერთო ჯამში მშვიდ ვითარებასა და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წინასაარჩევნო პერიოდისა და კანდიდატთა კამპანიების ძირითად ასპექტებზე, დადებით მხარეებსა და ხარვეზებზე გვესაუბრება:


- პირველი, რაც ამ წინასაარჩევნო შეფასებისას გამოიკვეთა, უდავოდ არის ის, რომ ნაკლებადაა შავი პიარი. განსაკუთრებით, თუ 2012, 2016 წლების არჩევნების წინა პერიოდს შევადარებთ, როდესაც სოციალური ქსელები წალეკილი იყო ოპონენტების მაკომპრომეტირებელი ვიდეოებით და არანაირი მორალური ზღვარი ამ თვალსაზრისით არ არსებობდა. ამ მხრივ, ეს არჩევნები ძალიან კარგი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება აწარმოო წინასაარჩევნო კამპანია ისე, რომ ოპონენტის პირად ცხოვრებას არ შეეხო, მის ოჯახსა და ღირსებას არ გადაუარო. ეს უდავოდ დადებითია. ის, რომ ხელისუფლება არ ზღუდავს არც ერთი პოლიტიკური პარტიის კამპანიას, ფაქტია. საერთო ფონზე კი - ცალკეული ინციდენტები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს.

- რამდენად სწორად იყენებენ პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ამ ხელსაყრელ გარემოს?

- ფონი, თავისთავად ძალზე ხელსაყრელია საიმისოდ, რომ პარტიებმა თუ ცალკეულმა კანდიდატებმა ეფექტური კამპანია აწარმოონ. არანაირი ხელის შეშლა არ ხდება, არც შავი პიარის აგორება, არც ადმინისტრაციული ორგანოებიდან ზეწოლა შეინიშნება და ა.შ. თავად პარტიული, ადამიანური რესურსი იმდენად მწირია, რომ ვერც ერთი პარტია ამ ხელსაყრელ გარემოს ვერ იყენებს იმისათვის, რომ ეს შედეგებზე აისახოს. სრულიად თავისუფალია სივრცე პოლიტიკური საქმიანობისთვის, მაგრამ პრობლემას ქმნის ის, რომ ინტელექტუალური და ადამიანური რესურსის სიმწირის გამო პოლიტიკურ პარტიებს შორის არც კონკურენტული გარემოა წინასაარჩევნოდ შექმნილი. ერთია, როგორი ფონია არჩევნების წინ და მეორე - ადამიანური რესურსი, რომელმაც ეს საკუთარი თავის წარმოსაჩენად უნდა გამოიყენოს. ოპოზიციის შედეგზე ეს ხელსაყრელი გარემო ვერ აისახება.

- რითაა გამორჩეული 2017 წლის არჩევნები?

- კიდევ ერთი ფაქტორი, რაც თვალსაჩინოა: გასაგებია, რომ ყოველ არჩევნებზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთმანეთსაც ართმევენ ხმებს, გარდა ხელისუფლებისა და ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს არჩევნები ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია. ისინი უპირველესად ხმებს ართმევენ ერთმანეთს და ყველაზე ნაკლებად - ხელისუფლებას. რეალურად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ბრძოლა მიდის არა პირველი ადგილისთვის, არა - მერობისთვის ან პროპორციული სიით პირველ ადგილზე გასვლისთვის, ამა თუ იმ ოლქში გამარჯვებისთვის, არამედ მეორე საპატიო ადგილისთვის, რაც მათ ლიდერის პოზიციას მოუპოვებს ოპოზიციურ ფლანგზე. განსაკუთრებით გამხეცებული ბრძოლა მიდის "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის შენაკად თუ გამონაკად "ევროპულ საქართველოს" შორის. მათი რესურსი ერთმანეთის დაძირვისკენაა მიმართული, რომ როგორმე მეორე ადგილს შესწვდნენ. ეს ძალზე თვალსაჩინო ნიშანია ამ არჩევნებისა, რომელიც წითელ ხაზად გასდევს ქართულ პოლიტიკას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული - მაშინაც მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ.

- რამდენად კვალიფიციურად წარმოაჩენენ კანდიდატები საკუთარ პერსონას, პროგრამებს?

- პროგრამების წარდგენის თვალსაზრისით, კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა არჩევნებზე. ასევე, საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნაც უფრო მაღალია. თბილისის მაგალითით შემიძლია ვიმსჯელო: ყველას აქვს თბილისის პრობლემების დეტალური ხედვა, საკუთარი მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას დედაქალაქისთვის მწვავე პრობლემები. ზოგადად, საინტერესოა წამყვანი კანდიდატების შემადგენლობა. ჩემი ბავშვობისას პოპულარული იყო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა". ცხონებული გეგა კობახიძე თამაშობდა ერთ-ერთ მთავარ როლს და პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ძირითად კანდიდატებზე თუ შევჯერდებით, ახლა მერობისთვის იბრძვის სამი ჟურნალისტი და ერთი ფეხბურთელი.

- მათ გამოცდილებაზე რომ ვისაუბროთ, ვის როგორი შანსი აქვს გაუძღვეს იმ საქმიანობას, რაც დედაქალაქის მერს ევალება?

- კალაძეს ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს სამეურნეო, მენეჯერული თვალსაზრისით. ზოგადად, მერის კანდიდატურის შეფასებისას, მისი, როგორც მეურნისა და მენეჯერის თვისებებს აფასებენ ხოლმე. ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამოცდილი, ცხადია, კალაძეა, რადგან მენეჯერის პოზიციაზე ენერგეტიკის მინისტრობისას ვიხილეთ. დანარჩენებიდან, მეურნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არავის აქვს, თუმცა, ალეკო ელისაშვილზე უნდა ითქვას, რომ ის თბილისის პრობლემებს კარგად იცნობს. ყველა კანდიდატი თბილისის ლოკალური, ინფრასტრუქტურული, ეკოლოგიური, კომუნალური პრობლემების გადაჭრის ირგვლივ ტრიალებს, თემა - "მშენებლობები და ქალაქის იერსახე", ბუნებრივი და მისასალმებელია, მაგრამ გლობალური ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს თბილისი, როგორც ერთ-ერთი ღერძული ქალაქი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გზაშესაყარზე (თბილისს ამ თვალსაზრისით უნიკალური ფუნქციის შესრულება შეუძლია, როგორც ტექნოლოგიურ მექას, კულტურისა და განათლების გზაჯვარედინს, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ნაკადების შემკრებ ღერძს), ამ თვალსაზრისით კამპანიას, სამწუხაროდ, არავინ აწარმოებს. ერთადერთი, გიორგი ვაშაძეს აქვს ლოზუნგი - "თბილისი ლიდერ ქალაქთა შორის", მაგრამ ვაშაძე კანდიდატთა ლიდერულ პოზიციაზე არ მოიაზრება და შესაბამისად, მისი ეს ძალზე საინტერესო ლოზუნგი და ხედვები ფართოდ რეკლამირებული არ არის. სწორედ კალაძეს შეიძლებოდა ეთქვა: - მიზნად ვისახავ, თბილისი შევიყვანო ევროპის ქალაქთა ჩემპიონთა ლიგაში (ფეხბურთზე არ ვსაუბრობ, ცხადია) და მას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი. მოკლედ რომ შევაფასო, ამბიციური პოლიტიკური პროგრამა არავის აქვს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია. ვიღაცამ ჩააგონა კანდიდატებს, რომ მენეჯერისა და მეურნის ფარგლებსა და ჩარჩოებს არ გასცდეთო. ქართველის ამბიციური ბუნებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა კარგი მენეჯერისა და გლობალურ პოლიტიკაში თბილისის მესაჭის სიმბიოზი. რატომღაც ყველას შეეშინდა, მასშტაბური ხედვის პოლიტიკოსად შეეთავაზებინა საკუთარი თავი. ცალკეული კანდიდატების დახასიათებას მოვერიდებოდი, რადგან თითქმის ყველა ოპოზიციური კანდიდატის განცხადებებიც, ხედვაც და ტაქტიკაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სახასიათო შტრიხები არ იკვეთება, რაც ჩემთვის დიდი ნაკლია. ყველას კამპანია თემატურად, აქტივობისა და ემოციური მუხტის მხრივ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიები გრძნობენ, რომ ამომრჩევლისგან მხარდაჭერა და ემოციური მუხტი ცოტა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში გამოსვლები გამძაფრდა. ეს არჩევნები ყველაზე უფრო ნაკლებად ემოციური არჩევნებია მაშინ, როდესაც საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია.

- როგორ ფიქრობთ, რის მი­ხედ­ვით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი? რით გამოარჩევს თავის ფავორიტს?

- ამომრჩევლის მიხედვით შემიძლია პარტიებზე გესაუბროთ - ყველას თავისი ამომრჩეველი ჰყავს. უბრალოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მყარი და იდეოლოგიზებული ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც ყველა შემთხვევაში წავა არჩევნებზე და მის ნებისმიერ კანდიდატს აირჩევს, ზალიკო უდუმაშვილი იქნება თუ სხვა. იდეურად შეკრული და ორგანიზებული ჯგუფია. ამ თვალსაზრისით, ერთგვარად სახელისუფლებო ამომრჩეველიც ასეთია: კანდიდატად კალაძე იქნებოდა თუ სხვა, მაინც წავიდოდა არჩევნებზე - განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობენ, ხმას საკუთარი ადგილის შენარჩუნებას მისცემენ და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს კანდიდატის სახელსა და გვარს. ბუნებრივია, ხელისუფლებას არაადმინისტრაციული ამომრჩეველიც ჰყავს. ამ შემთხვევაში კი კალაძის ფაქტორი, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს. ხელისუფლებას მაქსიმალურად შეზღუდული ადამიანური რესურსი ჰქონდა, როდესაც ის მერობის კანდიდატს არჩევდა და ყველაზე ოპტიმალური აარჩია კალაძის სახით. მას ყველაზე მეტად აქვს პიარის შეგრძნება და პოლიტიკური ალღო. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველს, ესეც იდეოლოგიურად შეკრული, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ამომრჩევლის ნაწილია. ალეკო ელისაშვილს ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ამომრჩეველი ჰყავს. იმ ამომრჩეველს, რომელიც თავის დროზე "ოცნების" იყო, იმედი გაუცრუვდა, დღეს სხვა ოპოზიციური პარტიებისკენ არ გადაიხარა და ჩათვალა, რომ არაპარტიული კანდიდატი ელისაშვილის სახით, ყველაზე მეტად იმსახურებს მის მხარდაჭერას. თუმცა, საარჩევნო ლოგიკის ანაბანაა, რომ თუ ამომრჩეველი დარწმუნებული არ არის თავისი კანდიდატის გამარჯვებაში, სახლში დარჩება. თუ გამარჯვების შანსი არა აქვს, საარჩევნო უბნამდე მისვლით თავს არ იღლის. ხმაურიანი კანდიდატებიდან რჩება ინაშვილი, რომლის ამომრჩეველიც ამ 5%-ის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ძალიან პასიურ საპარლამენტო წელს ის კაპიტალიც გაფლანგა, რაც საპარლამენტო არჩევნების წინ ჰქონდა და 5%-თან შეთამაშება შეიძლება გაუჭირდეს კიდეც. მისი ამომრჩევლის სახასიათო შტრიხები იოლად დასადგენია, ის სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ფენა, უფროსი ასაკის ამომრჩეველია, პრორუსულად და ანტიდასავლურად ორიენტირებული, თუმცა, ამ კატეგორიის ამომრჩევლის გაცილებით უფრო მცირე ნაწილი. განსაკუთრებული შანსები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არა აქვს. "ნაციონალური მოძრაობა" ყველა ვარიანტში გადალახავს ბარიერს, ზღვართან შეთამაშების შანსი აქვთ "ევროპულ საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსს". ეს ის არჩევნებია, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი, გარდა ხელისუფლებისა, დამარცხებისთვის მიდის და მეორე, საპატიო ადგილისთვის იბრძვის.


თამთა დადეშელი
ბეჭდვა