ხულოელი ეკომიგრანტების სატკივარი - გზაპრესი

ხულოელი ეკომიგრანტების სატკივარი

რეგიონებში არსებული პრობლემების გასაშუქებლად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, გასულ კვირას, ჟურნალისტების ჯგუფი ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებს ვესტუმრეთ. მედიატური მომავალ კვირაშიც გრძელდება, ამჯერად კი თქვენს ყურადღებას 2 სოფლის - დისველისა და ერისიმედის პრობლემებზე შევაჩერებთ.

დისველი

GzaPressწარსული, რომელიც მეწყერმა დაფარა, დუხჭირი აწმყო და ბუნდოვანი მომავალი, - ასეთია დისველში მცხოვრები ადამიანების რეალობა. სოფელი ბოლნისის ცენტრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და ხულოდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებითაა დასახლებული. ეს ადამიანები სტიქიამ 1989 წელს არ დაინდო. მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაზარალებული მოსახლეობა ბოლნისში დაესახლებინა. ხულოელებს მოუნდომებიათ, ახალი სოფლისთვის თავიანთი მიწაში ჩამარხული სოფლის სახელი - წაბლანა დაერქმიათ, მაგრამ მერე შეუტყვიათ, რომ ამ ადგილს ისტორიული სახელი ერქვა: ერეკლე მეფეს აქ მიწები დისთვის უჩუქებია და დისველი დაურქმევია. ხულოელები ნახევრად აშენებულ სახლებში შესახლებულან და ახალი ცხოვრება მომავლის იმედით დაუწყიათ. ამ დასახლებულმა პუნქტმა სოფლის სტატუსი 2011 წელს მიიღო, მანამდე კი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად სოფელში 90 ოჯახი ცხოვრობს. თავს მესაქონლეობით ირჩენენ, მაგრამ არ აქვთ სათიბი, საძოვრები, სარწყავი წყალი, გაზი. სასმელ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. გზა ცუდ მდგომარეობაშია. სოფელში კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს.

ზურაბ შაინიძე, დისველის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

- მოსახლეობის დიდი ნაწილი დღემდე დაუმთავრებელ სახლებში ცხოვრობს. არ გვაქვს წყალი ნათესების მოსარწყავად. სოფლის ბოლოში, დაბლობზე მდინარე ქცია გადის, მაგრამ რთული რელიეფის გამო, წყლის ამოქაჩვა ძვირი ჯდება. 2008 წელს სოფელში უკრაინელი ინვესტორი შემოვიდა და მიწა იყიდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი - მიწების გარეშე დარჩა. სოფელს სულ 245 ჰექტარი მიწა ჰქონდა, აქედან 100 ჰექტარი უკრაინელებმა შეიძინეს.

- სოციალურად დაუცველის სტატუსი რამდენ ოჯახს აქვს?

- სახელმწიფოსგან დახმარებას 25 ოჯახი იღებს.

ირმა ბურდული, დისველის სკოლის პედაგოგი:

- ზამთარში გათბობის პრობლემაც გვაქვს. ტყეში შეშის მოსაჭრელად რომ შევიდეთ, საბუთი უნდა ავიღოთ. ხარჯი 500 ლარზე ადის. ვშრომობთ და მერე ხან რძეს ვყიდით, ხან - საქონელს. მე პედაგოგი ვარ და ხელფასი მაქვს, მაგრამ ბევრ ოჯახს შემოსავალი საერთოდ არ გააჩნია.

- სკოლაში სულ რამდენი ბავშვია?

- საშუალო სკოლაა და 107 მოსწავლე გვყავს.

მედეა ჯაფარიძე, პედაგოგი:

- აბა, ბოსტნის ჭიქითა და ბოთლით მორწყვა შეიძლება? არ მინდა, ეს სოფელი ამოიძირკვოს, მაგრამ აქ გაჩერება თანდათან უფრო გაუსაძლისი ხდება. დისველის მიწა მოსავლიანია, მაგრამ თუ არ მოირწყა, არაფერი მოდის. სკოლაში იცით, რა ხდება? როცა წვიმს, ბავშვები "კალოშებით" მოდიან და სკოლასთან იცვლიან. აქ საოცრად მშრომელი ხალხი ცხოვრობს. ჩემს მოსწავლეებს ხელებზე ეტყობათ, როგორც შრომობენ. დილაადრიან დგებიან, სათოხარში მიდიან და სკოლაში უკვე შრომით დაღლილები მოდიან. მაინც უჭირთ, მაინც ბევრი რამ აკლიათ. მათთვის არც ცეკვის მასწავლებელია, არც მუსიკის, არც საბავშვო ბაღია, არც მაღაზია, არც - ბიბლიოთეკა. არადა, ზოგს რაგბიზე სიარული უნდა, ზოგს - კალათბურთზე და ცოდოები არ არიან? ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი მოზარდზე თავისებურად აისახება, კომპლექსს აჩენს. მეტირება... მოდით, მათი ხელები ნახეთ და გადაიღეთ. ერთი კეთილი კაცი გამოჩნდა, რომელმაც 300 ლარი გამოგვიგზავნა, - ბავშვებისთვის მხატვრული ლიტერატურა შეიძინეთო. გაგიჟდნენ, ისე გაუხარდათ.

GzaPressხალხს რწმენა აქვს დაკარგული. ყველამ იცოდეს, სოფელს მიხედვა სჭირდება. რა ვქნათ, დავანგრიოთ ეს ქართული სოფელი? ახალგაზრდა ბიჭები აქ აღარ ჩერდებიან, რადგან უნდათ, ოჯახი შექმნან და თავის რჩენის საშუალება არ აქვთ.

ამ სოფელში ყოფითი პრობლემებით ბავშვებიც კი იმდენად დამძიმებული და დათრგუნვილები არიან, რომ ფერადი მათი ოცნებებიც არ არის. თვალებში ჩამდგარი სევდა რეალობის ყველაზე კარგი ანარეკლია. "ისეთ პირობებს ხომ არ ვითხოვთ, როგორშიც ქალაქელი ბავშვები ცხოვრობენ? მაგრამ ჩვენთან XIX საუკუნეა", - მეუბნება ქრისტინე ქედელიძე.

"ამ სოფელში ჩვენნაირი ცუდი მდგომარეობა არც ერთ ოჯახს არ აქვს, სხვები საკუთარ სახლებში მაინც ცხოვრობენ, მე კი სახლიც არ გამაჩნია", - ამბობს ქრისტინეს მამა, ბატონი მერაბი და ოჯახში მეპატიჟება.

- აქ სახლები ხომ ყველას აუშენეს და თქვენ სხვის სახლში რატომ ცხოვრობთ? - ვეკითხები გზად მიმავალი.

- 4 ოთახის კედლებია ამოყვანილი, მაგრამ გადახურული არ არის. მასალა რომ მომცენ, თავად მივხედავდი. წინა ხელისუფლებასაც არაერთხელ მივმართე, ახალ ხელისუფლებასაც ვთხოვ და ვემუდარები, დამეხმარონ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება, - ბიუჯეტში თანხა არ არისო. არც სამსახური მაქვს, არც - მიწის ნაკვეთი. მეზობლის სახლში, 20 კვადრატულში 5 ადამიანი ვცხოვრობთ. მთავრობები იცვლება, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება.

ქედელიძეები ხულოდან არიან, ამ სოფელში კი 5 წლის წინ დასახლდნენ. სახნავი მიწები უკვე დარიგებული იყო და აღარაფერი შეგვხვდაო, - ამბობენ. მიწა რომ ჰქონდეთ, აღარ იდარდებდნენ, რადგან შრომა არ ეზარებათ. სხვის ყანებს დღეში 5 და 10 ლარად ვთოხნით და საკუთარს როგორ არ მივხედავდითო? - მეუბნებიან. 5-სულიანი ოჯახის შემოსავალი თვეში 250 ლარია.

ზურაბ შაინიძე:

- მიწების პრივატიზაცია შევარდნაძის დროს მოხდა. მას შემდეგ კიდევ 10 ოჯახი ჩამოსახლდა, მაგრამ ისინი მიწის გარეშე დარჩნენ. ჩვენ გვაქვს მიწის სარეზერვო ფონდი - 10 ჰექტარი. ახლა ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა ანუ მოსახლეობამ მიწა სამინისტროსგან უნდა გამოისყიდოს.

- ეს როდისთვის მოხდება?

- ზუსტ დროს ვერ დავასახელებ. იმედია, მომავალი წლიდან საკუთარი მიწების დამუშავებას შეძლებენ.

სოფლის რწმუნებულის სიტყვები დამაიმედებელია, მაგრამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვა რამ მოვისმინეთ.

დავით ასპანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

GzaPress- ამ ეტაპზე დისველში სოფლის დახმარების პროგრამით სავარგულების შემოღობვაა გადაწყვეტილი. საქონელი გადადის ნათესებში და მერე პრობლემები იქმნება. ზუსტად არ ვიცი, დისველში მიწების სარეზერვო ფონდი თუ არსებობს. მაშინ, როცა მოსახლეობას მიწა უნდა შეესყიდა, არ იაქტიურეს. მოვიდა უკრაინელი ინვესტორი და ეკონომიკის სამინისტრომ მას მიჰყიდა. ახლა მოითხოვენ, ინვესტორი წავიდესო. ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის, სასამართლოს გადასაწყვეტია. რა ვქნათ, მუნიციპალიტეტი დავაში ვერ ჩაერევა. მოსახლეობის პრობლემები თანდათან მოგვარდება, ამისთვის ვმუშაობთ. თანაც, ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული.

- მთავარი პრობლემაა, ამ სოფელმა მიგრაცია არ განიცადოს.

- სახსრებს ვიძიებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობის მიგრაცია არ მოხდეს.

- პირველ რიგში, რის გაკეთებას აპირებთ?

- სერიოზული გეგმები გვაქვს.

- უფრო კონკრეტულად?

- მიწის ნაკვეთებს მორწყვა სჭირდება და ამას უნდა მივხედოთ.

- პროექტი გაქვთ?

- პროექტი - არა, მაგრამ გვაქვს სერიოზული მიდგომა. გვინდა, იოლი გზა გამოვნახოთ, რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას.

ბესო რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის უფროსი:

- თუ დისველში მოსახლეობას მიწები არ აქვს, ეს მათი ბრალია. თავის დროზე მოქმედი კანონმდებლობით შეეძლოთ, იჯარით აეღოთ, მაგრამ ითხოვენ, რომ სახელმწიფომ უსასყიდლოდ დაურიგოს. გვთავაზობენ, სახნავ მიწას სათიბის კატეგორია მიანიჭეთო, ასეთი რამ კი არასდროს მოხდება.

დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია, დისველის მოსახლეობა კი სახელმწიფოსგან შველას ელის. არცთუ ისე ბევრია საჭირო, რომ ერთი ქართული სოფელი მიგრაციას გადაურჩეს.

ერისიმედი

ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემავალი საზღვრისპირა სოფელია. იგი ცენტრიდან 65 კილომეტრით არის დაშორებული და სოფელში შესვლისთანავე, "ბილაინის" აბონენტები იღებენ შეტყობინებას: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში". ვიდრე სოფლამდე მიხვალ, მესაზღვრეების პოსტია. ინტერესდებიან: ვინ ხარ, სად და რატომ მიდიხარ?

3 წლის წინ ერისიმედში ტრაგედია დატრიალებულა: 16 წლის ახმედ გაურგაშვილი საქონელს მწყემსავდა. ერთ ძროხას საზღვარი გადაუკვეთავს. ბიჭი გადმოსაყვანად უკან გაჰყოლია. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გაფრთხილებაც კი არ მიუციათ, უსვრიათ და მოუკლავთ.

იური ხოზრევანიძე, ერისიმედის მკვიდრი:

- ახლა საზღვარს მხოლოდ ეს ხის ბოძებისგან გაკეთებული ღობე ჰყოფს, მისი სიგრძე 5-6 კილომეტრი იქნება. 16 წელია, აქ ვცხოვრობ.

- სოფელში რამდენი კომლი ცხოვრობს?

GzaPress- 82. 2-3 კომლი კახელები, 10 ოჯახამდე ქისტი ცხოვრობს, დანარჩენები კი ხულოელი ეკომიგრანტები ვართ. ჩვენი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. პრობლემას რა დალევს, მაგრამ რიგი საკითხები თანდათან გვარდება. წყალი არ გვქონდა და ეს პრობლემა წარსულში დარჩა. გზა დაიგრუნტა. სამდურავს ვეღარ ვიტყვი.

- მესაზღვრეებთან პრობლემები გექმნებათ?

- არა. ახლა სადაც ვართ, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა. დემარკაციის ხაზი აქვე, რამდენიმე მეტრში გადის.

ბუნებრივია, ის ოჯახიც მოვიკითხე, რომელსაც მესაზღვრეებმა ბიჭი მოუკლეს. ერისიმედელებმა მითხრეს, - ოჯახმა აქაურობა დატოვა და პანკისში წავიდნენ, დუისში ცხოვრობენო.

სოფელში არის საშუალო სკოლა, სადაც 74 მოსწავლეა და ამბულატორია, სადაც ექიმი სხვა სოფლიდან დადის. ამ სოფელში ქრისტიანები და მუსლიმანები გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არასდროს მომხდარა.

- "ყველაზე საშიში ურწმუნო კაცია", - მეუბნება დავით შავაძე.

- 1989 წლიდან აქ ვცხოვრობ, ხულოდან ვარ. ჩემი ძმებიც აქ ცხოვრობდნენ, მაგრამ წალკაში წავიდნენ და იქ დასახლდნენ.

- ამ ხნის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი როდის გქონდათ?

- "მხედრიონი" რომ დათარეშობდა, იმ პერიოდში საზამთრო წავიღე გასაყიდად. გზაში გამაჩერეს, ფული წამართვეს და სიკვდილს როგორღაც გადავურჩი... აქ თავს მესაქონლეობით ვირჩენ. სამსახური არ მაქვს.

- ხულოში რაიმე დაგრჩათ?

- არაფერი, მაგრამ იქაურობა ძალიან მიყვარს. ხომ გაგიგონიათ: "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ..."

- როგორ ფიქრობთ, თავის დროზე ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ხულოელები აქ ჩამოგასახლათ?

- იყო საშუალება, იქაც დაგვესახლებინეთ, მაგრამ ეს ყოფილა ჩვენი ბედი... თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შევეგუეთ.

- ამბობთ, წლების წინ უარესი მდგომარეობა იყოო. ერისიმედში ხალხს იმედი დაჰბრუნებია, - მეჩვენება თუ მართლა ასეა?

- იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!

- მთავარ პრობლემად რა რჩება? პირველ რიგში, რის გაკეთებას ისურვებდით?

- საქონელი საზღვარზე თუ გადავა, ვეღარ ვიბრუნებთ. გასულ წელს ერთი ჩვენი სოფლელი ბაქოში საქართველოს ელჩსაც შეხვდა, მაგრამ ამ პრობლემას არაფერი ეშველა. აზერბაიჯანელების საქონელი რომ გადმოდის, ლამის მათი პრეზიდენტი ჩამოვიდეს, - უკან დააბრუნეთო.

- საზღვრისპირა სოფლებზე სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს. მთავრობის წევრები ან მათი წარმომადგენლები მოდიან, ყურადღებას გაქცევენ?

- ალბათ გამგებელთან მოდიან, მაგრამ მოსახლეობას არავინ შეხვედრია.

ერისიმედში დღემდე პრობლემად რჩევა "ლიბერთი-ექსპრესი". ადგილობრივ პენსიონერებს კუთვნილი თანხის ასაღებად ჩასვლა წნორში უწევთ.

ის იყო, ერისიმედის დატოვებას ვაპირებდით, როცა ნათელა სურმანიძე გავიცანით:

- აქ 23 წლის წინ დავსახლდი. ანწლისა და კოღოს გარდა, არაფერი იყო. აჭარელი ქალებიდან პირველი მე მოვედი. სკოლაში ჩემი შვილები პირველი მოსწავლეები იყვნენ. კარგი იქნება, თვეში ერთხელ "ლიბერთი-ექსპრესი" თუ მოვა და პენსიას ადგილზე მოგვიტანს. სამწუხაროდ, არც აფთიაქი გვაქვს. პირველადი მოხმარების წამლების შესაძენადაც კი წნორში გვიწევს წასვლა.

ქალბატონ ნათელას შვილიშვილი ახლდა - 5 წლის, ვარდისფერკაბიანმა ლიზი სურმანიძემ დიდი, ლამაზი თვალებით გამოგვაცილა, თავად კი თანატოლებთან ერთად ერისმედში დარჩა, ერის იმედად.

P.S. მედიატურის ფარგლებში მომზადებულ მასალებს ჟურნალის შემდეგ ნომრებშიც შემოგთავაზებთ.

თამუნა კვინიკაძე