"აფხაზეთიც საქართველოა!" - ქალი, რომელიც ენგურის ორ მხარეს აერთიანებს - გზაპრესი

"აფხაზეთიც საქართველოა!" - ქალი, რომელიც ენგურის ორ მხარეს აერთიანებს

სექტემბრის ბოლოს ბულაჩაურის "მწვანე ცენტრში" "ნიკო კეცხოველის პრემია 2018"-მა 18 რჩეულ პედაგოგს მოუყარა თავი. მასწავლებლები "სიმწვანის" ხარისხის მიხედვით შეარჩიეს. ერთ დღეს ეკოტურისტულ დაგეგმარებაზე მუშაობდნენ პედაგოგები და ბოლოს, პრეზენტაციაც გამართეს. ენგურის ხიდამდე "მივიდა" ერთი ჯგუფი და მერე, ეფექტურად ჩაირთო სიმღერა აფხაზეთზე! შეხვედრის ყველა მონაწილეს თვალები აუცრემლიანდა. ყველაზე მეტად ქერა, ცისფერთვალება ელმირა მირცხულავას დაეტყო ემოცია. ელმირა ყოველ სასწავლო დღეს ენგურის გადაღმიდან ზუგდიდში გადმოდის, რათა ქართულ-აფხაზური გაუცხოება დაამარცხოს მომავალი თაობების გულში...

ელმირა თაგილონელია. სამურზაყანოში ბევრი გამორჩეული სოფელია და თაგილონიც მათ შორისაა. სოფლის სახელი მეგრულ სიმკვირცხლეს და ხასიათს ამჟღავნებს: თქმულების მიხედვით, სახლისკენ მიმავალ კაცს გზად ხიდი ჩასტყდომია, გადავარდნილა. "თაქ გინოლ" ნიშნავს "აქ გადავარდას". დროთა განმავლობაში, "თაქ გინოლ" თაგილონად იქცაო...

ელმირას თუ ჰკითხავთ, თავის სოფელზე ბევრ რამეს მოგიყვებათ. დაუზარებლად გეტყვის, რომ გალიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული, ზღვის დონიდან 80 მეტრის სიმაღლეზეა, ესაზღვრება ჭუბურხინჯი, სიდა, ნაბაკევი და შამგონა. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ოკუპირებულია და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე იქ 600 კომლი ცხოვრობდა...

თუ კიდევ მეტის გაგება გინდათ თაგილონზე, მაშინ თვალი გაადევნეთ ამ ინფორმაციას: სოფელ თაგილონში ძველი წელთაღრიცხვის XI-X საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი. ყველაზე ადრეული მასალები "წიფურიაში" აღმართულ "დიხა გუძუბაზეა" აღმოჩენილი. არქეოლოგებს უნახავთ ბრინჯაოს ქვაბში ჩაწყობილი კოლხური ცულის ჩამოსასხმელი სპილენძის ორსაგდულიანი ყალიბი, მეორე ასეთივე ცულის ჩამოსასხმელი ყალიბის ფრაგმენტი, ბრინჯაოს დიდი სეგმენტური იარაღი, კოლხური ცული და ფირფიტის ნატეხი. შედარებით "ახალგაზრდაა" მდიდრული სამარხის ინვენტარი - I-II საუკუნეებს რომ განეკუთვნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სამარხი მამაკაცისა იყო და სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს 1930 წელს, თაგილონის მახლობლად. აღმოჩენილი ნივთები მართლაც, საამაყოდ დიდებულია: ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ნაწილები, მახვილის ვადის ოქროს გარსაკრავები, რკინის ლაგამი, სარტყლის ან ცხენის ავშარის შესამკობელი ოქროს მძივი, ირმის სარიტუალო ოქროს ქანდაკების თავი, ვერცხლის 14 ჭურჭელი და მათი ნატეხები! აი, ეს ჭურჭელი ცალკე ყურადღების ღირსია: ცილინდრული, ნახევარსფერული და კვერცხისებრი სასმისები, ქუსლიანი და ორყურა თასები, ლამბაქი, ლანგრებისა და ემბლემიანი პინაკის ნატეხები... ვერცხლის ჭურჭელი I საუკუნის რომაული ნაწარმია და ბოსკორეალესა და ჰილდესჰაიმის განძების ჭურჭლის მსგავსი გახლავთ. თაგილონის განძის ოქროს ნივთების უმრავლესობა მდიდრულადაა შემკული და ასეთი ოქროს ნაწარმი ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიისა და ყუბანისპირეთისათვის. თაგილონის საგანძურის ნახვა თუ გნებავთ, მაშინ ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში უნდა მიბრძანდეთ და ნახავთ, რანი ვიყავით უწინ! თურმე, ერთ დროს თაგილონში მოღვაწეობდნენ: არქანჯელო ლამბერტი, ჯუზეპე ჯუდიჩე, კრისტოფორო დე კასტელი... GzaPress

ელმირა მასწავლებელს საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ ჟურნალისტები "მტერს გადაეკიდნენ". ამ გადაკიდებით გავიგე, რომ დაიბადა თაგილონში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ ელმირას გარდა, კიდევ სამი შვილი ღირსეულად გაზარდა. ოთხივემ უმაღლესი განათლება მიიღო. ელმირამ დონის სამედიცინო სასწავლებელი და ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. სტუდენტობისას ჰყავდა აფხაზი მეგობრები და მათთან გასაყოფი არასდროს არაფერი ჰქონია! ახლაც აგრძელებენ მეგობრობას, რადგან სეპარატიზმზე ძლიერია მეგობრობა... სამშობლოში მაშინ დაბრუნდა, როცა აფხაზეთი სრულად იყო ოკუპირებული - 1997 წელს... თაგილონის სკოლაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ 1998 წლიდან სკოლამ გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოინაცვლა გასაგები მიზეზების გამო. ახლა აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მასწავლებელი და ეკოკლუბის ხელმძღვანელია. ბოლო სამი წელია, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში აიყოლია მოზარდები და საარაკო გაბედულებით იკვლევენ, წერენ, ფორიაქობენ და საწადელს აღწევენ! 2010 წლიდან არასამთავრობო სექტორის აქტიური წარმომადგენელია და სულ ძიებაშია თავის პატარა მეგობრებთან ერთად. სწორედ ასე ნახეს სრულიად უცნობი ტაძრის ნანგრევები თაგილონში. ეს ტაძარი იმდენად ძველია, რომ სოფლად არც ერთ ადამიანს, თუნდაც ყურმოკვრით, მასზე არა გაუგია რა... ნახეს წარწერიანი ქვაც, რომლის გაშიფვრა ჯერ ვერავინ შეძლო...

ახლა, როცა წვიმიანი სეზონი იწყება აფხაზეთში, სეზონი ჩაის სმისა და მუხლებზე პლედების გადაფარების, ელმირა მასწავლებელი თავის უსაზღვროდ ლურჯი თვალებით ცას ხშირად გახედავს, იმ ცას, რომელიც ვერავინ გაყო... წვიმას თოვლი მოჰყვება. ნესტიან ზამთარში, ღუმელში შეშის ტკაცუნს გაჰყვება ელმირას სევდის კრიალოსანი, რადგან მომდევნო დღეს ისევ ენგურის ხიდის გადაღმიდან ხიდგადმოღმა გადმოვა ბავშვებთან შესაგებებლად... მერე რა, რომ ამრეზით უცქერენ იქეთური მესაზღვრეები? მერე რა, რომ ხშირად პირტიტველა რუსის ჯარისკაცები ყალბ ისტორიას უყვებიან? ელმირამ ხომ იცის, რომ ოდესმე მაინც ერთ საზღვარში მოექცევა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული... ასე სჯერა ელმირა მასწავლებელს და ამას აჯერებს თავის "მწვანე" მოსწავლეებს...

ელმირას დედა ახლა 82 წლისაა. თაგილონს ვერ ელევა, ფუსფუსებს და შრომობს. ადვილი არაა ამ დროში აფხაზეთში ცხოვრება, მაგრამ აფხაზეთი უფრო მეტია, ვიდრე ცხოვრება მისთვის! როდემდე იკმარებს ნეტავ ელმირას მსგავსი ადამიანების რესურსი, რომ კარგად გვახსოვდეს, აფხაზეთიც საქართველოა!

როლანდ ხოჯანაშვილი