"რომელი ენაც ამ ტექნოლოგიას ვერ მოერგება, ის ენა უნდა მოკვდეს" - გზაპრესი

"რომელი ენაც ამ ტექნოლოგიას ვერ მოერგება, ის ენა უნდა მოკვდეს"

ალბათ მკითხველი დამეთანხმება, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ ამასთანავე - საინტერესო საქმეცაა.

მიხეილ ლაბაძე, ქართველოლოგიის ცენტრის ასისტენტ-მკვლევარი:

- უცხოელებმა საქართველოს შესახებ მხოლოდ ის იციან, რაც თავის დროზე რუსმა ენათმეცნიერებმა აქედან გაიტანეს. მაგალითად, მათი მოსაზრებით, ქართველ ერს ოთხი ენა აქვს: ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური. რასაკვირველია, ეს მართებული არ არის. ენა არის სისტემა, რომელიც ერს "ემსახურება". ქართველ ერს, მათ შორის - მეგრელებს, სვანებსა და ლაზებსაც ქართული ენა "ემსახურება". აქედან გამომდინარე, მეგრული, სვანური და ლაზური - კუთხური დიალექტებია. მათ არ შეიძლება, ენის სტატუსი მივანიჭოთ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ეს სათავისოდ გამოიყენა. ის აცხადებდა, რომ მეგრელები და სვანები ქართველური ტომები არიან და ა.შ. იტალია დიალექტურად საკმაოდ დაქუცმაცებულია. თითოეული დიალექტი სალიტერატურო იტალიურისგან საკმაოდ განსხვავდება, ისე, როგორც, მაგალითად, მეგრული. ისინი ამბობენ, რომ არსებობს მხოლოდ დანტეს ენა, რომელიც დანტემ ტოსკანური დიალექტის საფუძველზე შექმნა, ყველა დანარჩენი კი - დიალექტია, რომელთაგანაც რამდენიმე ფრანგულ ენას უფრო ჰგავს, მაგრამ იტალიურ დიალექტად ითვლება. ჩვენში ასეთი ასოცირებული დიალექტები არ არის. ჩვენთან სუფთა ქართული, ერთიანი ენობრივი სისტემაა, რომელიც გრამატიკულად, ფონეტიკურად ერთიანია და მათ შორის განსხვავება მხოლოდ ლექსიკურ დონეზეა. ამ პრობლემის ძირითადი არსი რა არის? როცა ევროპელი გაიგონებს, რომ მეგრელებს და სვანებს ცალკე ენა აქვთ, ის იტყვის, რომ ესენი ქართველური ხალხები არიან და მათ დამწერლობა უნდა მიეცეთ. ეს მართებული არ არის, რადგან მეგრელები, სვანები და ლაზები თავიდანვე ქართული კულტურის პირველშემოქმედნი იყვნენ. ახლა ვცდილობთ, უცხოელებს გავაგებინოთ, რომ საქართველოში ენობრივი დაქუცმაცება არ არსებობს და ყველა დიალექტი ქართულის განუყოფელი ნაწილია.

- როგორ ახერხებთ უცხოელებისთვის ინფორმაციის მიწოდებას?

GzaPress- თუ რომელიმე უცხოურ ენციკლოპედიაში წერია, რომ საქართველოში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგნენ მეგრელები და სვანები, ამ ენციკლოპედიის მესვეურებს წერილს ვწერთ და ვატყობინებთ, რომ ეს ხალხი ეროვნული უმცირესობა კი არა, ქართველი ერის თემები არიან, ისევე როგორც, მაგალითად, იტალიაში - სიცილიელები.

- გქონიათ შემთხვევა, რომ რომელიმე ენციკლოპედიის ავტორისთვის მსგავსი წერილი გაგეგზავნოთ და მას რეაგირება მოჰყოლოდეს?

- რასაკვირველია. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, რომ სხვადასხვა ენციკლოპედიის ვებ-გვერდზე მითითებული შეცდომები შეასწორეს. მათ, თავის დროზე, ეს ყველაფერი რუსულენოვანი წყაროებიდან ამოიღეს. ამ წყაროებში რუსები ჩვენზე რასაც დაწერდნენ, თქვენც ხომ კარგად იცით? რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენთან ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს ერთიანი ქართველი ერი, ერთიანი დამწერლობითა და ერთიანი კულტურით, მაგრამ - სხვადასხვა დიალექტით. მეგრული, სვანური სიმღერები, მიუხედავად იმისა, თუ რა დიალექტზეა ნამღერი, ეჭვმიუტანელად ქართულია. ჩვენი მტრები ჩვენს დიალექტურ დაქუცმაცებას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ქართულმა ენათმეცნიერებამ ნიადაგი უნდა შექმნას იმისთვის, რომ უცხოეთში ქართველი ერი ერთიან ერთეულად აღიქვან და არა - დაქუცმაცებულ სამყაროდ. ამ სამსახურში სწორედ ის მევალება, რომ ინტერნეტის მეშვეობით მოვიძიო ესა თუ ის გამოცემა ან ენციკლოპედია, სადაც საქართველოს შესახებ მცდარი ინფორმაციაა. მერე მათ არგუმენტირებულ წერილებს ვუგზავნი და მივუთითებ, რომ გარკვეული ინფორმაცია შეცდომით უწერიათ. მერე ამ ინფორმაციის სწორ ვერსიას ვთავაზობ, რასაც სხვადასხვა წყაროს დასახელებით ვამყარებ. წერილის ბოლოს კი ვთხოვ, რომ შეცდომა შეასწორონ. ასეთი სახის წერილი უკვე გავუგზავნე კატალონიის ენციკლოპედიას. ახლა მსგავს წერილს ესპანური ენციკლოპედიისთვის ვამზადებ.

- კატალონიელები და ესპანელები რას წერენ საქართველოზე?

- კატალონიელებს ეწერათ, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში იყო. მერე კი მოსკოვის დაქვემდებარებაში გადავიდა. როცა შეცდომაზე მივუთითეთ, მაგალითად ევროპული წყაროები მოვიყვანეთ, საიდანაც მტკიცდება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კატალონიელებმა ეს არ იციან, რადგან მათ აქამდე ინფორმაცია მხოლოდ რუსულენოვანი წყაროებიდან და არააკადემიური ხასიათის ნაშრომებიდან ჰქონდათ. საერთოდ, საქართველოზე რომ ინფორმაციის ნაკლებობაა მსოფლიოში, ეს საბჭოთა ხელისუფლების ბრალია, რადგან ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ ისე წარმოაჩენდა, როგორც თვითონ აძლევდა ხელს. საბჭოთა კავშირშიც კი ხალხს ისე აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორც სახელმწიფოს სურდა. მაშინ არც სოციალური ქსელი არსებობდა და არც ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალება.

- როგორ ახერხებ ამ ინფორმაციის მოძიებას? ზუსტად ხომ არ გეცოდინება, ვის რა შეცდომა შეიძლება ჰქონდეს დაშვებული?

- რამდენიმე საცნობარო ხასიათის ვებ-გვერდი არსებობს. იქ შევდივარ და ვამოწმებ, რა წერია საქართველოზე. კატალონიის ენციკლოპედიიდან ამონარიდი უნივერსიტეტში მოგვაწოდეს... კატალონიის ენციკლოპედიაში კი წერია, რომ ქართული ანბანი მესროპ მაშტოცმა შექმნა. არსებობს მთელი რიგი ისტორიული დოკუმენტებისა, სადაც დასტურდება, რომ მას ქართული ანბანი არ შეუქმნია. ეს მოგვიანებით, ზოგიერთი სომეხი გადამწერის მიერ ჩამატებული ინფორმაციაა. "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენას მთელი გამოკვლევების ჩატარება დასჭირდა, რომ გარკვეულიყო, რა დაწერა შოთა რუსთაველმა და რა ჩაამატა გადამწერმა...

- გარდა ამისა, კიდევ რა კუთხით მუშაობს ქართველოლოგიის ცენტრი?

- აქ გვყავს ფერეიდნელი ქართველები, რომლებსაც ქართულს ვასწავლით. მათ ქართული კი იციან, მაგრამ მხოლოდ დიალექტური და სურთ თანამედროვე, სალიტერატურო ენის შესწავლა. ირანში 40 000 კაცია, ვინც ქართულად ლაპარაკობს. ამ ხალხის რჩეული ნაწილი, ვისაც სწავლა-განათლება უნდა, სწავლის დაწყებამდე ქართულის სამთვიან ინტენსიურ კურსს გადის და უნივერსიტეტში სწავლას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს. გარდა ამისა, ჩვენი ცენტრი ექსპედიციებსაც აწყობს. გასულ ზაფხულს ლაზეთში გახლდით. სხვადასხვა სოფელში ქართულ მეტყველებას ვიკვლევდით, მერე ეს ყველაფერი შევაჯერეთ და მივხვდით, ამა თუ იმ კუთხისა თუ სოფლის მეტყველებას შორის რა სხვაობაა, ესა თუ ის სიტყვა რა სიხშირით გამოიყენება და რა ფონეტიკური თავისებურებები ახასიათებს. მაგალითად, თუშეთში ისეთი სოფლებია, სადაც ქალები სხვა დიალექტით საუბრობენ, მამაკაცები - სხვა. ქალები სახლებს არ ტოვებენ, ძირითადად, ოჯახებში საქმიანობენ, კაცები კი მწყემსები არიან, სახლიდან გადიან და ამიტომ მათი მეტყველება კახური დიალექტი უფროა. კაცებს ესმით ქალების თუშური დიალექტი, მაგრამ კახურად პასუხობენ. ეს თუშეთის სოფლებისთვის ძალზე დამახასიათებელია. საინტერესო ის არის, რომ იქ ბავშვი საუბარს ქალური დიალექტით იწყებს, მერე კი, 15-16 წლის ასაკში, როცა მეცხვარე ხდება, უკვე კაცურ ენაზე იწყებს ლაპარაკს. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ლაზეთში ქალები უფრო წმინდად და ხშირად ლაპარაკობენ ლაზურად, ვიდრე - მამაკაცები. იქ პირველად 2004 წელს ჩავედით. როდესაც კაცს ლაზურად ელაპარაკები, თურქულად გპასუხობს. მას ესმის ლაზური, პასუხის გაცემაც შეუძლია, მაგრამ თურქულად ურჩევნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქულ ენაზე ფიქრობს. ეს ყველაფერი ქართულ ენათმეცნიერებაში ჯეროვნად არ ყოფილა შესწავლილი, რადგან აქამდე ტრადიციულ ენათმეცნიერებას მივყვებოდით. ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი ტარიელის თაოსნობით ვცდილობთ, ქართული ენათმეცნიერების კვლევის მეთოდებში მაქსიმალურად გამოვიყენოთ თანამედროვე ენათმეცნიერების მიღწევები, დავნერგოთ სოციალური სიახლეები და ა.შ. ქართული კარგად არის შესწავლილი და მისხალ-მისხალ გამოკვლეული, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ და რა მეთოდით. მსოფლიო როგორც განვითარდება, ჩვენც ისე უნდა განვვითარდეთ. უბრალოდ, არ უნდა დავკარგოთ ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა... გარდა ამისა, ამჯერად ჩვენთვის ტექსტური კორპუსების შექმნაა აქტუალური. ეს არის ტექნოლოგიური ინოვაცია, ტექსტის კოდირების სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ აპარატში ჩვენი ლაპარაკი პირდაპირ ტექსტის სახით ჩაიწერება, რომელიც გრამატიკულადაც შესწორდება და სრულფასოვან ტექსტს მივიღებთ. დასავლეთში ამაზე უკვე მუშაობენ. პრობლემა კი ის არის, რომ რომელ ენაზეც ეს ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეიქმნება ანუ რომელი ენაც ამ ტექნოლოგიას ვერ მოერგება, ის ენა უნდა მოკვდეს. მაგალითად, თუ ასეთ ტექნიკურ საშუალებაში ყველაფერი ინგლისურად ჩაიწერება და ქართულად ჩაწერის საშუალება არ გვექნება, ძალაუნებურად, ნებისმიერი ქართველი არჩევს, რომ ტექნოლოგიური თვალსაზირისით მომგებიანია, ინგლისურზე გადავიდეს და რა ტექსტიც უნდა დასჭირდეს, ინგლისურად ჩაწეროს; შესაბამისად, ქართულს მხოლოდ საშინაო სასაუბრო ენად გამოიყენებს, რის გამოც ქართული ე.წ. "შეკავებული ენა" გახდება. "შეკავებული" ენიდან მის გაუქმებამდე - ერთი ნაბიჯია. მაგალითს მოგიყვანთ: ციმბირის ენებს დამწერლობა არ ჰქონდა და ეს ენები კვდება, რადგან ციმბირელები სასაუბროდ რუსულს იყენებენ. იქ განათლების სისტემაც რუსულ ენაზეა აგებული, ოჯახშიც რუსულად მეტყველებენ. აქედან გამომდინარე, ქართული ენისთვის აუცილებელია, რომ ახალ ტექნოლოგიას მოერგოს. ტექნოლოგიურად რაც გაკეთდება ინგლისურისთვის, გერმანულისთვის თუ ფრანგულისთვის, იგივე უნდა გაკეთდეს ქართულისთვისაც. ამისთვის კი ქართულის გრამატიკული სისტემის ძირისძირობამდე გამოკვლევა და დაზუსტებაა საჭირო, რომ მერე მანქანური თარგმანი და შესწორება განხორციელდეს და მანქანას შეცდომა არ მოუვიდეს. დღევანდელი ქართული გრამატიკა, ევროპულ ენებზე გადაწყობილი გრამატიკაა. მაგალითად, გვარის კატეგორია ევროპული ნიუანსია. ჩვენი გამოკვლევით, ქართულ ენას გვარის კატეგორია არ ახასიათებს. ასევე არ ახასიათებს არც მწკრივი და სერია. ეს ინდოევროპული გრამატიკის ტერმინებია. როცა ქართული ენის პარადიგმას ვაკეთებთ, ზმნაში 4000-ზე მეტი ერთეული გამოდის. როცა ეს მანქანა ქართულად თარგმნას დაიწყებს, მას ეს 4000-ვე ერთეული ციფრულად განლაგებული უნდა ჰქონდეს, რომ შეცდომა არ დაუშვას. ეს საკმაოდ რთული საქმეა. მართალია, ამ ტექნოლოგიის საქართველოში დაფუძნება ცოტა შორეულ პერსპექტივად მიმაჩნია, მაგრამ ჩვენ ვერგებით თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ქართული ენა კიდევ უფრო განვითარდეს...

ნათია ჟივიძე